რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „აუდი A4“, ამერიკული ვერსია. საწვავის ავზის სახურავს რომ ვხსნი, იქიდან საკმაოდ დიდი რაოდენობისა და წნევის ბენზინის ანაორთქლი ამოდის. საშიშია თუ არა ეს და როგორ მოვიქცე?
პასუხი: საშიში არაფერია, მაქსიმუმ, დაზიანებული იქნება ბენზინის ავზის საჰაერო სარქველი. ხშირად, ეს სარქველი სპეციალურად, გარკვეული წნევის შესაკავებლად არის დარეგულირებული და, თქვენს შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი გამშვები სარქველით აღჭურვილ ავტომობილზე გვაქვს საუბარი. თუ მოძრაობისას რამე პრობლემებს არ გრძნობთ, მაგალითად, ბენზინის გადამეტებულ წვას და სხვა მსგავს გაუმართაობებს, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი რიგზეა.
კითხვა: მყავს 1994 წლის „ფორდ-მონდეო“, რომელსაც დილით დაქოქვა უჭირს, მაგრამ, შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში კარგად დადის და პრობლემას არ მიქმნის. აკუმულატორი წესრიგშია, ანუ, ეს პრობლემა მისი ბრალი არ არის. რის გამო შეიძლება ხდებოდეს ასე?
პასუხი: რამდენიმე პრობლემა შეიძლება არსებობდეს: პირველი – ეს შეიძლება იყოს, ეგრეთ წოდებული, „ვსპრისკის“ ბრალი, რომელიც, ან გამოსაცვლელი იქნება, ან, მხოლოდ გაწმენდა ეყოფა; მეორე – შესაძლოა, ეს იყოს ფეთქების სანთლების, ეგრეთ წოდებული „სვეჩების“ ბრალი. ასევე, შეიძლება, გამოსაცვლელი იყოს „ბენზონასოსი“. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილი დიზელის საწვავით მუშაობს, შესაცვლელი იქნება სპირალი. ამის გასარკვევად უნდა მიმართოთ ავტომობილის ელექტროგაყვანილობის ხელოსანს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა-სივიკი“, 160-ცხენისძალიანი, ორვალიანი „ვიტეკის” ძრავით. შევამჩნიე, რომ მას აშკარად დააკლდა სიჩქარე. გაზის პედლის ბოლომდე დაჭერის შემდეგ ის უფრო ღმუის, ვიდრე მიდის. მითხრეს, რომ მიზეზი „ბენზონასოსის“ წნევის ბრალი იქნებაო; შევცვალე, მაგრამ, არ უშველა. გადამოწმებისთვის მთლიანად შევცვალე ელექტროსისტემა, „ტრამლიორი“, „ბაბინა“, „კომეტატორი“, ნაწილები, მაგრამ, ამანაც არ იმოქმედა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი ავტომობილის საწვავის ჩამფრქვევ სისტემაში, ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორებში,“ საჭირო წნევა არ რჩება. ამას აკონტროლებს საწვავის უკან, ავზში დამაბრუნებელი სარქველი, ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანი“. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია: დაქოქილ ავტომობილზე სარქველი გაზის „ტროსის“ მოქაჩვით ავტომობილს რამდენჯერმე მიეცით ძრავის მაღალი ბრუნი. დაიმახსოვრეთ, რამდენად ჯანსაღად და სწრაფად განავითარა მან ბრუნები, ხოლო შემდეგ, ბრტყელტუჩას მეშვეობით, გადაკეტეთ მილი, რომლის საშუალებითაც საწვავი უკან ავზში მიედინება (ის, უშუალოდ, ეგრეთ წოდებული „აბრატნი კლაპანიდან“ გამოდის). ამის შემდეგ გაზის ტროსის სწრაფი მოქაჩვით, იმავე რიტმში მოსინჯეთ ძრავის ბრუნის განვითარება. თუკი ძრავამ ბევრად სხარტად და ჯანსაღად დაიწყო მაღალი ბრუნვების აკრეფა, ესე იგი, ჩვენი სავარაუდო დიაგნოზი სწორია და თქვენ მხოლოდ ამ პატარა დეტალის შეცვლა მოგიწევთ. ის „ჰონდას“ ყველა მოდელს ერთნაირი აქვს და არც ისე ძვირი ღირს.