რა უნდა მოვიმოქმედოთ ახალ წელს 12 საათზე და 2 იანვრის მაგიურ ღამეს, რომ ბედნიერი წელი გვქონდეს
ყოველ ახალ წელს ადამიანები იმედითა და უკეთესი მომავლის რწმენით ხვდებიან. ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან, ძველ წელს აცილებენ და სამომავლოდ, სურვილების ახდენას ელიან. ყველა ოჯახში ტრადიციულად იშლება სუფრა, ოჯახის წევრები ერთმანეთს ულოცავენ ახალი წლის დადგომას, უძღვნიან საჩუქრებს, ელოდებიან ფეხბედნიერი მეკვლის მოსვლას და დილამდე მხიარულობენ.
ახალ წელს, უძველესი დროიდან, დიდი მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეს სწორედ ის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებიც სამომავლოდ თქვენი და თქვენი ახლობლების წარმატებასა თუ ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.
თუ როგორ დავიბედოთ სიკეთე, ბედნიერება და სასურველი მომავალი, რა გავითვალისწინოთ საახალწლოდ, ამ თემებზე გვესაუბრება და სასიკეთო რჩევებს მოგვაწვდის, დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი. თუ მის რეკომენდაციებს და რჩევებს ყურადღებას მიაქცევთ, დარწმუნებული იყავით, მომავალი 2015 წელი თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდება.
ლალი: ახალი წლის დადგომა, ყველასთვის იმედებსა და სანუკვარი ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. ვცდილობთ, ძველი დარდი და ნაღველი ძველ წელს გავატანოთ და ახალი იმედებითა და ოცნებებით დავხვდეთ – ახალს. აუცილებელია იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში, რა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისა და პირადი, ოჯახური თუ კარიერული წინსვლისთვის. ახალ წელს, დიდი მაგიური დატვირთვაც აქვს. ასე რომ, თუ გსურთ, 2015 წელი თქვენთვის ფეხბედნიერი და წარმატებული იყოს, გაითვალისწინეთ ის ელემენტარული რჩევები, რომლებიც თქვენსავე ბედნიერებაზე აგებს პასუხს.
– მაგალითად, როგორ დავიბევოთ ბედნიერება და სასურველი მომავალი, რა მოვიმოქმედოთ 12 საათის ჩამოკვრისას?
– როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, შინაგანად, ქვეშეცნეულად ახალი წლისგან ყველანი სასწაულს ველით. თანაც, გვავიწყდება დარდი და ტკივილი. ვცდილობთ, ამაღლებული განწყობით შევხვდეთ, რომ მერე მთელი წელი ასეთი განწყობა გვქონდეს. მოკლედ, თუ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდებით, მოგეცემათ შანსი, მთელი წელი ასეთი განწყობით გაატაროთ. ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას. დააკვირდით, რას გირჩევენ ასტროლოგები – რა უნდა გეცვათ, გეკეთოთ და ამის მიხედვით შეარჩიეთ სამოსი თუ აქსესუარი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომელი ცხოველია ამ წლის მბრძანებელი და მის პატივსაცემად, შესაბამისად, გააწყვეთ საზეიმო სუფრა. თან, ამ ცხოველის შესაბამის ფერებში გამოეწყვეთ. ეს მას ძალიან მოეწონება და იღბალიც გაგიღიმებთ. საახალწლოდ აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი, როგორც ოჯახისთვის, ასევე თქვენთვის. არ არის აუცილებელი, ეს ავეჯი, ფარდები, კაბები ან ჩექმები იყოს. მაგალითად, სახლისთვის შეგიძლიათ ჭიქა, სტატუეტი ან რაიმე დეკორატიული ნივთი, ხოლო თქვენთვის, რაიმე აქსესუარი შეარჩიოთ. მოკლედ, ახალ წელს თქვენც და თქვენი საცხოვრებელიც ახალი ნივთით, ან აქსესუარით უნდა შეხვდეთ. აქვე, ერთ წესს გაგანდობთ და, თუ ამას გაითვალისწინებთ, ბედი ადვილად გაგეხსნებათ, თანაც უახლოეს მომავალში. მოკლედ, ახალ წლამდე, დაახლოებით 10 წუთით ადრე, დედამ გასათხოვარი გოგონა საახალწლო მაგიდის ქვეშ სამჯერ უნდა გააძვრინოს, შემდეგ სამჯერ დაატრიალოს, სამჯერ წელზე მიარტყას ახალი ცოცხი და გარეთ გაუშვას, თან თქვას: „ჩემი გოგო გავიდეს სახლიდან და ისეთი საბედო ნახოს, როგორიც ჩვენ გვსურს; ისეთი დოვლათიანი, როგორც ჩვენ ვეგებებით ახალ წელს; ისეთი სუფთა გრძნობების, როგორც ეს ცოცხია და ისეთი მხიარული განწყობის, როგორც ჩვენ ვხვდებით ახალ წელს.“ ამის შემდეგ, გოგონა დედამ გარეთ უნდა გაუშვას და სანამ თორმეტი საათი არ გახდება, სახლში არ შემოუშვას. თქვენ წარმოიდგინეთ, უმეტესობამ ბედი, სწორედ იმ წელს ნახა და გათხოვდა, როცა ეს რიტუალი შეასრულა.
– ტრადიციულად, გამიგია, რომ საახალწლო ნაძვის ხეზე კიდებდნენ ისეთ ნივთს, რომლებიც ოჯახის ბარაქასა და ბედნიერებაზეა გათვლილი. ამაზე რას გვეტყვით?
– ახალ წელს აუცილებელია, ყველა ოჯახში დაიდგას ნაძვის ხე და მასზე დაიკიდოს ის სათამაშოები, თქვენს პირად ცხოვრებას, ოჯახის წევრების კეთილდღეობასა და ოცნებების ასრულებას რომ შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, ამიტომ, თუ ბედში ცვლილებები გსურთ, ვაშლი აუცილებლად დაკიდეთ ნაძვის ხეზე. კვერცხი ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ასე ჰარმონიული და ნაყოფიერი იყოს, შეღებეთ კვერცხი ნარინჯისფრად და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. ასევე, წელს, წლის მბრძანებლის პატივსაცემად, აუცილებლად დაკიდეთ ნაძვის ხეზე ხორბლის მარცვლით სავსე ტომსიკა. ეს ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოა. მთავარია, იმოქმედოთ, გქონდეთ იმედი, რომ მომავალ წელს ყველაფერი რიგზე იქნება. რწმენით შეასრულეთ ყველა რიტუალი და სასიკეთო ცვლილებები უახლოეს მომავალში აუცილებლად გექნებათ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როგორც კი დადგება 2015 წელი, გამოაღეთ ფანჯრები, რათა ძველი წელი გავიდეს და ახალი შემობრძანდეს.
– გამიგია, რომ მეკვლემ ახალი წლის ღამეს, გარკვეული სახის ძღვენი უნდა შემოიტანოს სახლში, გარდა იმისა, რომ მარჯვენა ფეხს შემოდგამს. ამ მხრივ რა უნდა გავითვალისწინოთ?
– მეკვლე, მომავალი წლის ბედნიერების, წარმატებისა და იღბლის მაცნედ მოიაზრება. ამიტომ, მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ უჩივის უფულობას, მშობლებიც ცოცხალი ჰყავს და არც გასულ წელს დაღუპვია ოჯახის რომელიმე წევრი. რაც შეეხება ძღვენს, ბრინჯით, ხურდა ფულითა და ტკბილეულით, მას ჩვენს ოჯახში ბარაქა შემოაქვს, სიტკბოსა და ფინანსურ უზრუნველყოფას გვპირდება მთელი წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, მთავარია, ის წრფელი გულით, ტკბილეულითა და მარჯვენა ფეხით შემოვიდეს ოჯახში. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ მეკვლეს საჩუქარი თქვენც დაახვედროთ.
– ახალი წელი განსაკუთრებული მაგიური თვისებებით ხასიათდება. თუ არსებობს იმის შანსი, რომ სწორედ ამ დროს, რაიმე წესით, მომავლის წინასწარმეტყველება შევძლოთ?
– მომავლის წინასწარმეტყველებისთვის, ახალი წლის ღამე ზედგამოჭრილია. მაგალითად, თუ რაიმე კითხვაზე გსურთ პასუხის გაგება, მაგრამ ვერ ახერხებთ, თორმეტ საათს რომ ერთი წუთი დააკლდება, აიღეთ ფურცელი და ფანქრით დაწერეთ ის სურვილი. შემდეგ მოუკიდეთ ცეცხლი და თან, გულში იმეორეთ: „თუ 12 საათამდე დაწვა მოასწრო, ამიხდება, თუ ვერ მოასწრო, არ ამიხდება“. დააკვირდით, რა მოხდება. თუ ბოლომდე დაიწვა, დარწმუნებული იყავით, სურვილი, ამ წელს ნამდვილად ახდება.
– 2 იანვარს ბედობაა. ამბობენ, ამ დღეს ნანახი სიზმარი ყველაზე უტყუარ ინფორმაციას იძლევა მომავალ ბედზეო.
– დიახ, 2 იანვარი ბედობაა და ამ დღეს დაბედებული, აუცილებლად, მთელი წელი იმოქმედებს თქვენზე. თუ საბედოს ნახვა გსურთ, 2 იანვრის მაგიური ღამე ამის საშუალებასაც გაძლევთ. მოკლედ, ისე რომ ვერავინ დაგინახოთ, როგორც კი დაღამდება და დადგება 2 რიცხვი, ნაძვის ხიდან მოხსენით ერთი სათამაშო, გადით გარეთ, დაანახვეთ ის ცას და თქვით: „ცაო მაღალო, იდუმალო და უძირო, ამ ბედობა დღეს, ჩემი ბედი დამასიზმრე“, შემდეგ შედით საძინებელში და ის სათამაშო ბალიშის ქვეშ დაიდეთ. თქვენს საბედოს აუცილებლად ნახავთ. მოკლედ, საბედოს წინასწარ სანახავად, 2 იანვარი მართლაც მაგიური დღეა. ასევე, თუ გსურთ, გაიგოთ, ამ წელს გათხოვდებით თუ არა, აიღეთ ღამის თორმეტ საათზე უხმარი გამჭვირვალე ჭიქა, მასში ნახევრამდე ჩაასხით იმ ონკანის წყალი, რომლიდანაც წყალი არ გაქვთ დალეული. წინ დაუდეთ სარკე, რომელშიც ჯერ არ ჩაგიხედავთ და ჩააგდეთ ჭიქაში ოჯახის წევრის ქორწინების ბეჭედი. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, გეჭიროთ ხელში და ხან ჭიქაში იყურეთ, ხან სანთელს დააკვირდით როგორ იწვის, თან სარკეში მის ანარეკლსაც ადევნეთ თვალი. ნახევრად რომ ჩაიწვება სანთელი, ჩაუშვით ჭიქაში და ასე ჩააქრეთ. დააკვირდით სარკიდან ჭიქაში იმ ადგილს, სადაც ბეჭედია და მის შუა სივრცეში აუცილებლად დაინახავთ როგორ გაჩნდება ფიგურები და ადამიანის სახეები. თუ მათგან ერთი მკვეთრად გამოისახა, ჭიქაში გაიშალა და დაინახეთ მამაკაცის ან გოგონას სახე, ესე იგი, ის თქვენი მომავალი ცხოვრების მეგზურია.