კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიკვეთა ნოდარ ჯავახიშვილის ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან პირველად და რა „განრიგი“ ჰქონდა მას პატიმრობის დროს ციხეში

ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო სამსახურს ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ დაუბრუნდა –  ცნობილ ბანკირს ახლა უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის რანგში მოუწევს საქმიანობა.  მის ახალ პოსტს საზოგადოებაში ახალი  მითქმა-მოთქმაც მოჰყვა:  სახელისუფლებო ელიტა უნდა გააკონტროლოსო.  ასეთი ხმები მის ცხოვრებაში უკვე ჩვეულებად იქცა –  ბოლო წლებში, რაც ექსპრემიერმა საკუთარი ბანკი ანდო,  ყველაზე გავლენიანი კაცის იმიჯი აქვს.  თუმცა, ამაზე და კადრს მიღმა დარჩენილ  მისი ცხოვრების იმ ისტორიებზე, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი დღემდე ვერ შეელია, ის თავად გიამბობთ. 

 ნოდარ ჯავახიშვილი: იმის მიუხედავად, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე კომერციულ სტრუქტურაში მუშაობა მომიწია, შინაგანად მაინც უფრო ჩინოვნიკი ვარ, ჩინოვნიკი, რომელიც სახელმწიფოს უნდა ემსახუროს. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პოსტზე წარუმატებელი ვიყავი, მაგრამ მე უფრო შედეგიანი სახელმწიფოს სამსახურში ვარ.  მახსენდება ის პერიოდი,  როცა წლების წინ სახელმწიფო ბანკიდან მომიწია წამოსვლა. მაშინ ჯერ ეროვნული ბანკი არ არსებობდა, წელიწად-ნახევარი ვიმუშავე „ბინსოცბანკის” ისნის  განყოფილების  მმართველად.  ბანკის მმართველი ორიენტირებული უნდა იყოს, რომ მოგება მიიღოს. მე ვიჯექი და ინსტრუქციებს ვწერდი, რომელსაც ვუგზავნიდი ეროვნულ ბანკს, თუ რა უშლიდა ხელს ბანკის საქმიანობას.   ჩემთვის ქვეყნის მომგებიანობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონკრეტული კომერციული სტრუქტურის.  ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბანკში მაქვს გატარებული. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა პრაქტიკაზე გამიშვეს  სახელმწიფო ბანკის რუსთავის განყოფილებაში. იქაურმა მმართველმა, ბატონმა გივი გვასალიამ, რომელიც მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული აღმზრდელია და  სწორ გზაზე სწორედ მან  დამაყენა, პრაქტიკანტს ძალიან სერიოზული საკავშირო დავალება მომცა. რუსთავში იყო ქარხანა ცენტროლიტი და ამ ქარხნის ზარალიანობის მიზეზების შესწავლა და ანალიზი უნდა გამეკეთებინა. რა ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი პირველი „გამოცდა” – გავაკეთე შესანიშნავი ანალიზი, რომელიც ბატონმა გივიმ თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ჩემი ანალიზი რომ ნახეს, გაოცდნენ.  როცა თბილისიდან დაურეკეს ბატონ გივის, რომელმაც ჯერ არ იცოდა, კარგს ეუბნებოდნენ რამეს თუ ცუდს, მან  ცოტა „იეშმაკა” და მათ უთხრა:  შეუძლოდ ვიყავი,  ერთი პრაქტიკანტი მყავს, იმას დავავალე ამ ანალიზის გაკეთებაო.  თბილისიდან უთხრეს,  რას ამბობთ, რა პრაქტიკანტი, ეგ ბიჭი აქ გამოაგზავნეთო.  მაშინ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა ოჯახში. პირველი ბავშვიც გვყავდა, ძალიან გვიჭირდა. ამ ანალიზის წყალობით, ბატონმა გივიმ შტატშიც ჩამსვა და სამუშაოდ თბილისშიც გადმომიყვანეს.   უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როცა  ახალციხეში გამაგზავნეს სამხედრო კურსებზე, მე  უკვე რესპუბლიკური ბანკის უფროსი ეკონომისტი ვიყავი,  მქონდა ხელფასი – 135 მანეთი  და ზოგიერთი სტაჟიანი თანამშრომელი გულზე სკდებოდა, როგორ მისცეს ამხელა ხელფასიო (იცინის).

–  ბოლო ორი წელია, ხმები, რომ ძალიან გავლენიანი  ხართ ბიძინა ივანიშვილის კარზე,  ლეგენდებად იქცა. თქვენი აქ გადმოყვანაც სახელისუფლებო ელიტის  გაკონტროლების მცდელობას დაუკავშირეს. მართლა  ასეა ეს ამბავი?  

–  ხმები, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემთან თათბირობს ყველაფერზე, ძალიან გაზვიადებულია.  ჩვენს  ურთიერთობაზე მოგახსენებთ, მაგრამ  იქამდე გეტყვით, რომ მე კაცის კაცი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ იყო ამის მცდელობა.  სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე ეროვნული ბანკი დავტოვე, ესეც იყო, რომ მე არავის კაცი არ გავხდი.  მე ძალიან ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის ნდობას, მაგრამ, ამის მიუხედავად,  ჩემთვის ძნელია საკუთარ თავს დავუძახო ბიძინას მეგობარი. თუმცა, ეს პიროვნება მიყვარს და მისგან ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდი. ჩვენ მანამდე არანაირი ურთიერთობა არ გვქონია, ბიძინა ივანიშვილი თვალით არ მყავდა ნანახი. ჩვენი გზები პირველად გადაიკვეთა წლების წინ, როცა მე  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი. ბატონმა ბიძინამ   დამირეკა მოსკოვიდან. ბანკი „ქართუ” ახალი შექმნილი იყო, პატარა პრობლემები  გაჩნდა  კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებით. ბატონმა  ბიძინამ მთხოვა, ფულს მალე ჩამოვრიცხავ, იქამდე, ეგებ  ბანკს სანქცია არ მიუყენოთო.   ვუთხარი, მე საერთოდ არ გიცნობთ, მაგრამ ჩემს ქვეყნას სჭირდება ისეთი  ბანკი, რომლის უკანაც ფინანსურად ძლიერი ადამიანი დგას-მეთქი.  ეს იყო და ეს.  იმ  ცნობილი განცხადების შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა, მე დამიკავშირდა მისი ძმა, ალიკო, რომელიც ჩემი უნივერსიტეტისდროინდელი მეგობარია.  რვა წელი იყო გასული, რაც უმუშევარი ვიყავი.  მე ჩავთვალე, რომ ბანკში კი არ მივდიოდი სამუშაოდ, ეს იყო რეალური შანსი, გვერდით დავდგომოდი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ კაცს. რომელ პოსტს შემომთავაზებდნენ, ამას ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა.    

–  მას ღამღამობით მართლა ხვდებით სოლოლაკის სასახლეში „საიდუმლო თათბირებზე”?

– არა,  რამდენი ხანია, მასთან შეხვედრა ვერც კი მოვახერხე. როცა ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა, რომ მე ამ პოსტზე ვჭირდები, მოსაფიქრებლად ორი დღე მოვთხოვე. არ ვარ იმ ასაკში, ახალი ცხოვრება დავიწყო. ჩემი მისიაა, შევისწავლო ტენდერები, დავხვეწო ეს სისტემა უკეთესად, ვიდრე დღესაა და როცა ჩავთვლი, რომ  გასაკეთებელი გავაკეთე, წავალ, იმიტომ რომ, ეს არაა ჩემი საქმე.  ჩემთვის ახლა ზედმეტია ასეთი დატვირთვა, მაგრამ როცა გეუბნებიან, საჭირო ხარო და არ უნდათ არგუმენტის მოსმენა, რომ იმდენი აღარ შემიძლია რაც შემეძლო, სხვა გზა არაა. 

– თქვენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდებიც, მაშინ, როცა დაგატოვებინეს ეროვნული ბანკი. 

–  ეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. როცა პირველად თანამდებობა დავტოვე 1992 წელი იყო. რთული დრო იყო ქვეყნისთვის, გაუგონარი რამეები ხდებოდა. ჩავთვალე, რომ სახელმწიფო ბანკში, საიდანაც ფული  ტომრებით გაჰქონდათ  გაუგებარ პიროვნებებს,  მე არ უნდა მემუშავა.  ეტყობა, ძალიან გულუბრყვილო ვიყავი, მე წამოვედი, თუმცა  პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ იმ ფულის გამო, ამის გამო და არც არავინ დასჯილა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, კარგა ხანს „მეთამაშა” აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძე – არც გავუთავისუფლებივარ ეროვნული ბანკიდან და  არც დამამტკიცა. შვიდი წლის ვადით ის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად არ დამამტკიცებდა, იცოდა, რომ მერე ჩემი გამოშვება იოლი არ იქნებოდა.  ორწელიწად-ნახევარი ვიყავი  ეროვნული ბანკის დაუმტკიცებელი  პრეზიდენტი, ოღონდ კანონი უკვე შეცვლილი იყო და ეს ხდებოდა უკანონოდ.  სულ ვხუმრობდი, რომ გინესის რეკორდების წიგნში ვარ შესაყვანი-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ქართულ ლარს ხელი მოაწერა და მიმოქცევაში გამოუშვა, ფულადი რეფორმა ჩაატარა ადამიანმა, რომელიც იურდიულად და ლეგიტიმურად არაფერს წარმოადგენდა და ფაქტობრივად, უმუშევარი იყო.   

–  2004-2005 წლებში ექვსი თვე გაატარეთ პატიმრობაში, ამბობენ, რომ საპატიმროშიც გავლენიანი პატიმარი იყავით და საკანში თქვენი წესებიც კი გქონდათ. 

– გავლენიანის რა მოგახსენოთ,  ექვსი თვე ვიჯექი ციხეში, მაგრამ  არც ერთ ბადრაგს უბატონოდ ხმა არ გაუცია, ყველა პატივს მცემდა. ეს იქამდე უნდა მოიპოვო, სანამ დაგიჭერენ.  სხვა მხრივ  არანაირი შეღავათი არ მქონია,  ორთაჭალაში ვიხდიდი სასჯელს, შვიდი პატიმარი ვიყავით ერთ საკანში.  მაშინ საჭმლის შეგზავნა, ეგრეთ წოდებული „პერედაჩი” შეუზღუდავი იყო.  ჩემს მეგობრებს  და ახლობლებს  ერთი პრობლემა გაუჩნდათ.  ციხეში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ: შენს ცოლთან ჩაგვიწყე საქმე, „პერედაჩის“ შემოტანაზე, გვეუბნება,  ყველა დღე დაკავებულიაო.  ასე იყო ეს და კარგად მახსოვს.  ერთი საიდუმლოც უნდა გაგანდოთ, ხანდაზმულობის ვადა გასულია და ვერავინ მომედავება ამის გამო – კარგი კვება  კი არა,  ციხეში ორჯერ ღვინოც კი გამოვხადე ვაშლისგან.  ჩვენს კამერაში იჯდა ზესტაფონის ღვინის ქარხნის მფლობელი და დირექტორი, თორნიკე ბარბაქაძე.  ერთადერთი, რაც  იქ გვენატრებოდა, იყო ღვინო. სულ  ორჯერ მოახერხეს ღვინის შემოგზავნა – ერთხელ ჩემი შვილიშვილის დაბადება აღვნიშნეთ, ჩემმა ბიჭმა შემოგვიგზავნა  სამი ლიტრი ღვინო; ერთხელ თორნიკეს შვილებმა მოახერხეს სამი ლიტრი ღვინის შემოგზავნა. მე ქიზიყელი კაცი ვარ. ვერ ვიტყვი, სასმელზე ვგიჟდები, მაგრამ კაცმა ექვსი თვე ღვინო არ დალიოს, წარმოუდგენელია. სულ ვეუბნებოდი თორნიკეს, კაცო, ღვინის ქარხნის დირექტორი ხარ, ღვინის დაყენება კი ვიცით  და რამე მოვიფიქროთ-მეთქი. მე ძალიან მიყვარდა ვაშლის ღვინო – სიდრი.  ფულის ბეჭდვის პერიოდში ხშირად მიწევდა ჩასვლა საფრანგეთში და პირველად იქ გავსინჯე მაღალი ხარისხის სიდრი.   საკანში ვაშლის მეტი რა გვქონდა, მოვატანინე კიდევ უფრო მეტი. კამერაში ახალგაზრდა ბიჭები გვყავდა. ვუთხარი, აბა, ახლა ეს ვაშლი უნდა გავხეხოთ-მეთქი.  ციხეში წყლის  პრობლემა იყო, სასმელ  წყალს ყველას სახლებიდან გვიგზავნიდნენ.  ცარიელ ხუთლიტრიან ჭურჭელს ვინახავდით, ამ ჭურჭელში ჩავასხით გაწურული ვაშლი.  სიცივეში ვერ  დადუღდებოდა, გადავაფარეთ „ადიალები” და ასე შევინახეთ.  კამერის ყველა წევრი ვალდებული იყო, თუ ნარიდან ადგებოდა, ერთი ჩაიდანი ცხელი წყალი შეედგა ღვინისთვის. გასათბობად.  უნიკალური ღვინო გამოგვივიდა, ლიტრიანებში დახუფული შევინახეთ.  ბუნებრივად დაიგაზა, შამპანურივით იყო. მათი  გახსნის უფლება კამერაში ჩემ გარდა  არავის  ჰქონდა – თითო ბოთლს თხუთმეტი წუთი ვხსნიდი, რომ არ დაღვრილიყო.   ერთხელ გავხსენით ერთი ბოთლი. დავთქვით, რომ მხოლოდ ერთი  ბოთლი უნდა დაგველია, მაგრამ იმ საღამოს ცხრავე ბოთლი დავლიეთ. (იცინის) 

– ამბობენ, რომ მიწაზე მუშაობა ძალიან გიყვართ  და გლდანში, სადაც ცხოვრობთ,  ნამდვილი წალკოტი მოგიწყვიათ.

–  პატარა, საოჯახო, მაგრამ კარგი ფერმა მაქვს. ქათმებიც მყავს, ღორებიც. ინდაურებიც მყავდა, მაგრამ რატომღაც ყველა დაიხოცა. მხოლოდ  ერთი ცალი გადარჩა, რომელიც დავკალით და ახლა მაცივრის საყინულეშია „შენახული”.  ჩემი მეგობრები ხშირად მაშაყირებენ, თოხის და ბარის კაცი ხარო. 20 წლის წინ, ალბათ, ინფარქტს მივიღებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, გლდანი რომ არ მქონოდა. ბავშვობის დიდი ნაწილი გლდანში მაქვს გატარებული. დედა გლდანელი მყავს,  იქაა დასაფლავებული. ძალიან მინდოდა, მის სიახლოვეს მიწა და სახლი მქონოდა.  ამიტომაც ვიყიდე  ეს ნაკვეთი  თავისი სახლით.  გზის მეორე მხარეს გაჩეხილი ტყე იყო, შემოვღობე იქაურობა, რომ ძროხა არ გადასულიყო  და მუხის ამონაყარი არ გაეფუჭებინა.  მთელი ჩემი საძმაკაცო დამცინოდა – მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი. მეხვეწებოდნენ, დიღმის გზაზე რამდენიც გინდა, იმდენ მიწას მოგცემთო, უარი ვთქვი, ის ხრიოკი ადგილი ვამჯობინე, სადაც ახლა კარგი ტყეა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი და იმ დროს სოფელში ნახირში ვარ ნამყოფი.  სოფელში ვისაც ძროხა ჰყავს, მორიგეობით დადის ნახირში, ამიტომ მეც მომიწია ნახირში წასვლა ბიძაჩემთან ერთად. შესანიშნავად გავატარე ის კვირა ბუნჩულა საქონელთან ერთად ტყეში. მამაჩემი სხვა სფეროში მოღვაწეობდა, მაგრამ მიწა მასაც უყვარდა. ყოველდღე სამსახურის შემდეგ სახლში გავივლი, ვივახშმებ და მერე გლდანში მივდივარ. ჩემს შვილიშვილს, პატარა ნოდარ ჯავახიშვილს უყვარს ძალიან იქაურობა.  ახლა ცუდი დროა, გვიან თენდება, თუმცა შვიდ საათზე მაინც ფეხზე ვარ.  ზაფხულობით ხუთ საათზე  ვდგებოდი, ვვარჯიშობდი, მერე საათი, საათ-ნახევარი წავიმუშავებდი და ისე მივდიოდი სამსახურში. შაბათ-კვირას მთლიანად გლდანში ვატარებ. ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი ვარ, მაგრამ ჩემს ნაკვეთში  ისეთი მიწაა, ხანდახან ერთი ორმოს ამოთხრას მთელი დღე ვუნდები. ჩემს ნაკვეთში კიტრიც მომყავს, პომიდორიც, ჩემი ხელით გაშენებული ტალავერი მაქვს, ცოტა ღვინოსაც ვწურავ ოჯახისთვის.

– დიდი მეოჯახე ყოფილხართ.        

– უფრო კარგი პაპა ვარ, ვიდრე – მეოჯახე ვიყავი ოდესმე. მშვიდი და სიყვარულით აღსავსე მეუღლე მყავს, არასდროს გამოუხატავს პრეტენზია. მე არ ვფიქრობ, რომ მეუღლეში გამიმართლა, თავიდანვე გააზრებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. ჩემ გვერდით ცხოვრება არ იყო იოლი, მაგრამ მეუღლეს ყოველთვის ესმოდა ჩემი. შვილებიც ისე გავზარდე, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული კი არა – ღირსებაა. ერთი ორჯერ კი მითხრეს  საყვედურივით – ყველაზე მეტად როცა გვჭირდებოდი, მაშინ არ იყავი ჩვენ გვერდითო. მაგრამ მგონია, გავიდა დრო და მიხვდნენ, რომ მათი მამა არ იყო შეჭიდებული იოლ საქმეებს. არ  შეიძლება, შვილებს ეს არ ეამაყებოდეთ. ჩემი ქალიშვილი ლონდონში ცხოვრობს. იქ დაამთავრა ორი უნივერსიტეტი, იქვე გათხოვდა და ზრდის შვილებს. უნიჭიერესი გოგონაა, მეგონა, მარგარეტ ტეტჩეტი გახდებოდა, რადგან ჰქონდა ამის მონაცემები. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო დიასახლისად და დედად დარჩა. ჩემი ვაჟი ამ შენობაში მუშაობს.

– ნეპოტიზმში არ დაგადანაშაულონ. 

–  ნაციონალები ამას რომ გაიგებენ, შეიძლება, თქვან კიდეც ასე, მაგრამ ვერ მომედავებიან.  ამ შენობაშია „თი ბი სი ბანკიც,” სადაც ჩემი ვაჟი მუშაობს.  ისიც ბანკირია, მახსოვს, ძალიან უნდოდა იურისტობა, მაგრამ მერე ჩემი გზა აირჩია. ჩემზე კარგი მასწავლებელი ვინ იქნებოდა მისთვის. ერთხანს ბიზნესში წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ ცხვირი წაიმტვრია, ისევ ბანკს  დაუბრუნდა და საბოლოოდ, მაინც ჩემი გზა გააგრძელა.    

скачать dle 11.3