კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შედგა ვირტუალური ინტერვიუ ნიკო გომელაურთან და რა არის მისთვის ქართველობა

... ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა

და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს...

სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს,

მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს...

რაც ამ რუბრიკას მივყავი ხელი, მას შემდეგ სულ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ინტერვიუ, რომელსაც ნიკო გომელაურთან ჩავწერდი...

სამწუხაროდ, ნიკო დღეს აღარ არის. მაგრამ ცოცხლობენ და ადამიანებივით სუნთქავენ მისი ლექსები... ჩანაწერები... ჩემს კითხვებზე პასუხებიც სწორედ მათში ვიპოვე...

– რას ნიშნავს, იყო ქართველი... ვინ ვართ ჩვენ – ქართველები და არის ამაში რამე განსაკუთრებული?!

– ჩვენ ვართ ყოველთვის მართლები, როგორც ცხოვრებამ გვაჩვენა...

თუ ხარ ნამდვილი ქართველი, ოსტატს მოსჭერი მარჯვენა!

გვაქვს ჭეშმარიტი წადილი, ერს სამუდამო ხსნილი აქვს,

თუ ხარ ქართველი ნამდვილი, მიდი, ესროლე ილიას!

ყველაზე მწვანე – მდელოა! ყველაზე ბრძენი – ნახირი!

თუ ნაღდი საქართველოა, ძმისთვის ალესე მახვილი!

ერი რა გადაღლილია ნაცარში ქექვას განაგებს...

ვინც საქართველოს შვილია, ის მახათს არ დააბლაგვებს!!!

... ახლა ზუსტად იმ ასაკში ვარ, ყველაფერზე ერთად ვფიქრობ. ასე ვთქვათ, მწიფე ასაკი მაქვს, 39 წლის ვარ. ზუსტად ის პერიოდია, როცა არც მოხუცი ხარ, მაგრამ არც ახალგაზრდა და მთელი მსოფლიოს პრობლემები გაწუხებს... თუმცა ეს საინტერესო პროცესია, რომელიც არანაირად არ მთრგუნავს...

– რა გთრგუნავთ... ანუ, ჩვენი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ...

– ხშირად, ჩვენ ქრისტიანობას გაუაზრებელი პირჯვრის გადაწერითა და სანთლის დანთებით გამოვხატავთ. არადა, მთავარია, ის გავაკეთოთ, რასაც ათი მცნება გვასწავლის.

– ამბობენ, რომ დღეს ქართველებს ძალიან გვაკლია სიყვარული.

– სიყვარული არის ყველაფერში, რასაც უნდა აკეთებდე. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია. სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია – უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები... თანაც, არა მგონია, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ბევრი სიტყვა იყოს საჭირო. ადამიანებს თვალებში გვაქვს სიყვარულის მუხტი და ამის გასხივება უსიტყვოდაც შეგვიძლია. მე სიყვარულს ლექსით ვუხსნი, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს ლექსი სიყვარულზე იყოს.

– ჩვენი, ქართველების მთავარი შეცდომა...

– რა შტერიო – დააბრალა ძმას... 

დავთვერიო – დააბრალა სმას...

მეხვევაო – დააბრალა ქალს...

ვერ  ხვდებაო – დააბრალა ხალხს...

არ მყოფნისო – დააბრალა ფულს...

მაყვირებსო – დააბრალა პულსს...

კარგიაო – დააბრალა ცუდს,

ნაღდიაო – დააბრალა ცრუს...

მოკლედ, ყველაფერი ასე, დააბრალა სხვას...

ვინღა აღარ მომიტყუებია – ქალი, ბავშვი... ერთი ღმერთი ვერ მოვატყუე ვერაფრით... ადამიანი ხომ მთელი ცხოვრება ცდილობს, ღმერთი მოატყუოს. მერე კმაყოფილი სახით დაიარება იმ ილუზიით, თითქოს გამოუვიდა. როცა იტყუები, უპირველესად, საკუთარ თავს ატყუებ და ბოლოს პირადი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გრჩება. როცა საკუთარი თავით, საქციელით უკმაყოფილო ხარ, ეს ყველაზე ცუდია. ყველაზე კარგად თვითონ იცის ადამიანმა, რომ ცუდად მოიქცა. ეს კი საშინელი შეგრძნებაა...

– კიდევ რა გვჭირს ქართველებს საშინელი?

– მოიწყინა ქვეყანამ უკვე კარგა ხანია,

სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ, ვეღარც ნაღდი ბანია.

ვეღარ გაგვირჩევია უცნობი და ნაცნობი,

მომავალი ჩვენია – მომავალი ღვარცოფი!

მომავალი მეხია! მომავალი გვალვაა!

მუმლი გადაგვეხვია! წინ – ჩირგვებში მალვაა!..

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს...

გულწრფელობის გვრცხვენია...

და ამ ჩემს კარგ ქვეყანას, მასზედ მოუწყენია...

ბევრჯერ მიტირია. სამშობლო მატირებს ყველაზე მეტად. ფიზიკურ ტკივილს ვუძლებ, ემოციას – არა. ვტირი, როცა ჩემი სამშობლოს ძალის მოკრება მახარებს და მაშინაც, როცა მის სისუსტეს ვხედავ.

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!

ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!

– ქართველის მთავარი ნაკლი...

– ირგვლივ რომ ვიყურები, მაოცებს ეს ნაცია – ჩემი ჩათვლით, უკლებლივ, სუყველა ზარმაცია.

მოზრდილსაც და მოხუცსაც, ქალია თუ კაცია,

დაუკარგავს ნამუსი, მასთან ერთად გრაცია.

მაგრამ ვერ გავამტყუნებ, გვშია და შეგვაცია.

ალბათ, რას არ იკადრებ, ძონძები თუ გაცვია...

– ანუ, ჩვენი მთავარი პრობლემა სოციალური გარემოა და ხშირად ცუდებიც ამიტომ ვართ?

– ღმერთს არ სცალია, თავში რომ გვირტყას, რომ დაგვიმტკიცოს: რა მართალია, 

გულმოწყალეა! დაგვიგდებს სიტყვას, უცოდველობით გადამთვრალია...

ჩვენ კი გვცალია, რომ ვიმეტიჩროთ... რა გვეჩქარება? რა გვენაღვლება?

სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ? – უკვე შეირჭო „ცოდვის ამღებმა“...

– საქართველო... სა-ქარ-თვე-ლო... ემოცია, რომელიც ამ სიტყვიდან მოდის...

– ჩემი ქვეყანა – მზიანი, კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...

ჩემი ქვეყანა მუჭში ეტევა... ჩემი ქვეყანა – გულის შეტევა...

ჩემი ქვეყანა ხელგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...

ჩემი ქვეყანა – ჯართის დარაჯი... მე ვრჩები, შენ კი, თუ გსურს, გაა...

P. S. ასე მითხრეს – ცოტა ბევრი სლენგიაო. ასე მკითხეს – ავანგარდიზმია თუ პოსტმოდერნიზმიო... მგონი, უბრალოდ, პატრიოტიზმია...

– პატრიოტიზმზეც მინდოდა მეკითხა... რა არის ეს? ვართ კი პატრიოტები, სწორად გვესმის მისი მნიშვნელობა... და გაოცებენ ადამიანები?

– ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს. შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს.

აქ ხომ შავი საყვარელი ფერია. აქ შენი ძმა, თურმე, შენი მტერია.

აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი. აქ ტაძრებში შეიტანეს ნაგავი.

აქ სიზმრები აღარ არის ფერადი. აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი.

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში. აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში.

აქ მესევა მათხოვრების არმია. აქ სიყალბე უმთავრესი შარმია.

აქ უნიჭო სიმღერები ხიტია. აქ „ბებერი ალაზანში კიდია” (?!)

აქ პოეტებს გაურბიან მუზები. აქ გესვრიან, თუ არ წაიკუზები...

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა!

– მართლა ასე ცუდად არის ყველაფერი? არაფერი გვაქვს, რითიც ვიამაყებდით და ვიტყოდით – ჩვენ ქართველები ვართ!

– კავკასია! კავკასია! მზიასია! ზეზვასია!

ქართველობა სხვა ფასია! ქართველობა – ეს კლასია!

ეს პასია!... ეს თასია!..

ქართველობა ყველასია!

скачать dle 11.3