უკუსვლა
aანუ სამხრეთული დეჟავუ
ის-ის იყო, მოვინელეთ, რომ ამ ჩვენი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტმა უგანა ათა თურქის გზას და იმასაც შევეჩვიეთ, რომ მისი მეუღლე თავსაფრით დადის და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ისიც კი უდრტვინველად მივიღეთ, რომ სტუდენტებს თმის შეღებვა, მაკიაჟი და ტატუც აუკრძალეს, რომ ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა ახალი ინიციატივით გაგვაოცეს.
კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ კონტრაცეფციის გამოყენება, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ღალატია!
და, შესაბამისად, მოსახლეობას მოუწოდა, რომ თითო ოჯახმა, მინიმუმ, სამ-სამი შვილი იყოლიოს თურქეთის დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად.
მომყავს ციტატა მისი გამოსვლიდან: „მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა ღალატი – კონტრაცეფციის გამოყენება. ამით ცდილობდნენ ჩვენი ჯიშის გამრავლების შეჩერებას. არადა, შთამომავლობა აუცილებელია როგორც ეკონომიკურად, ისე სულიერად“.
უფრო ადრე, იმავე ბ-ნმა ერდოღანმა ბრძანა, რომ ქალი კაცის თანასწორი ვერ იქნება და ფემინიზმიც გააკრიტიკა. 2012 წელს ცდილობდა აბორტისა და საკეისრო კვეთის აკრძალვას (ნეტავ, საკეისრო კვეთამ რაღა დაუშავა?!), თუმცა, ამაოდ.
მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ამასაც მოახერხებს.
იმის გათვალისწინებით, რომ, სავარაუდოდ, თურქეთი იმას უბრუნდება, საიდანაც გამოვიდა, იბადება რიტორიკული კითხვა: ყოველწლიურად 80 გოგო-ბიჭს არ მოგვთხოვდეს ხარკად და, სახელდობრ, თურქეთის მოქალაქეების მიერ სქესობრივი აქტის კონტრაცეფციის გარეშე ჩატარებას როგორმე გადავიტანთ. –