„ეს ულვაში მომპარსეთ“
წვერის ტაქტიკური როლი
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორები იკვლევენ წვერის ტაქტიკურ მნიშვნელობას. ეს საკითხი კი აქტუალური ერაყისა და ავღანეთის ოპერაციის შემდგომ გამხდარა.
სულ პირველად ჩვენი დასავლელი პარტნიორების სპეცდანაყოფებს წვერი შენიღბვისთვის გამოუყენებიათ – ადგილობრივ მოსახლეობას რომ დამსგავსებოდნენ. მიზანი კი მრავალმხრივი ჰქონია: წვერი სახეს იცავს ქარისგან, მოყინვისგან, მტვრისგან და, ამასთანავე, წვერის პატრონს მძვინვარე გამომეტყველებითაც აჯილდოებს.
მეტიც, პენტაგონის კვლევით, წვერს, თურმე, პირდაპირი კავშირი აქვს საბრძოლო ეფექტიანობასთან. კერძოდ, კვლევით ჯგუფს (Xegis Solutions) გამოუკვლევია 100 სპეცრაზმელი: 25 წვერიანი, 25 უწვერო, 25 რეგულარული არმიის წევრი, რომელშიც აკრძალულია წვერი და 25-ც იმავე რეგულარული არმიიდან, რომლებსაც დართეს წვერის მოშვების ნება. შედეგი კი გამაოგნებელი მიუღიათ: საბრძოლო მოქმედებებისას არცერთი წვეროსანი არ დაჭრილა!
თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც კი ამბობენ, რომ წვერის ტარება ზრდის ტესტესტერონის დონეს ორგანიზმში (ტესტესტერონი, მოგეხსენებათ, მამაკაცური ჰორმონია), რაც იწვევს ენდოკრინული სისტემის სტიმულირებას, რის შედეგადაც წვერიანი მამაკაცები ფიზიკურად უფრო ძლიერებიც არიან და უწვეროებზე ზუსტ და ეფექტიან გადაწვყეტილებებს იღებენ; ზედაც, გაცილებით ადეკვატურად იქცევიან სტრესულ სიტუაციაშიო.
ამის გათვალისწინებით, ამერიკულ ჯარში წვერის ტარება თითქოს სავალდებულო უნდა გახდეს. ხოლო, თუ ჩვენც დავუჯერებთ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორების გამოკვლევას, იქნებ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც ეშველოს რამე, თუკი ჩვენებურ სამხედრო მოსამსახურეებს წვერ-ულვაშს მოვაზრდევინებთ, მით უფრო, რომ ღარიბები ჭარბთმიანობით ბუნებამ უშურველად დაგვაჯილდოვა?! –