ესროლეთ პირდაპირ ფეხებში!
„ვეცი გახელებით ყმას თუ მებატონეს“
შესაძლოა, იმიტომ, რომ პირველობა ჩამოართვეს, გასულ კვირას თავი (უფრო ზუსტად – კუნთოვანი ქსოვილი) უმცირესოელმა ხალხის რჩეულმა აკაკი ბობოხიძემაც გამოიდო (არადა, უკვე ჩაწერილია ოქროს ასოებით მისი სახელი და გვარი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, რადგან, კუნთების თამაში ისეთი უნდა, ეს ჩვენი რჩეული ბ-ნი ბობოხიძე რომ ათამაშებდა წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ხელის შემბრუნებლად თითქმის არავინ ჰყავდა ოპოზიციის მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე).
ჰოდა, რაკი ისე მოხდა, რომ გასულ კვირას ყველა შეხლა-შემოხლამ მისი მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, ისეთი „სპიჩი“ „დაარტყა“ (მარტივად რომ ვთქვა, არაკორექტული სიტყვების გამოყენებით), რომ დეპუტატები, თავდაპირველად, სიტყვიერად შეებნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი საქმეში ხელ-ფეხიც ჩართეს. საქმე თვით იქამდეც კი მივიდა, რომ ერთურთს თავში მიკროფონები ურტყეს და თვით „სასწრაფო დახმარებაც“ გამოიძახეს. –
ხოლო, რაკი ჩხუბი იყო პრინციპით: ყველა – ყველაზე, სავსებით ბუნებრივია, რომ მანდატურებმა გაშველება ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ცოტანი არიან და, მეორეც, იმუნიტეტიანის გაშველება რავარია (ხელი რომ უშნოდ წაევლო)?!
განსაკუთრებით ყოფილმა მოჭიდავემ, ზვიადაურმა გამოიჩინა თავი – ის არაკორექტულსიტყვა კოლეგა ბობოხიძეს, არც მეტი, არც ნაკლები, თავზე დაახტა (არადა – პარტერი არ აჯობებდა?!), რაც გასაგებს ხდის, თუ რატომ უნდა გყავდეს ერთი მარკშეიდერი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მოჭიდავე, საარჩევნო სიაში (იმას გარდა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტის ხალხის რჩეულმა ზვიადაურმა ამ ნახტომით 2008 წლის მოწვევის იმ ხალხის რჩეულთა „სისხლიც აიღო“, ბ-ნი ბობოხიძე რომ უპრაგონოდ უბრაგუნებდა პირდაპირ ეთერში).
აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, აუცილებელია, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას მანდატურების ნაცვლად სესიათა დარბაზში ჩავაყენოთ სპეცრაზმი ან მანდატურები აღვჭურვოთ ელექტროხელკეტებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნათელი მიზნით, რომ ეს ჩვენი რჩეულები ვადის ამოწურვის ბოლოს დაუზიანებლები ჩავაბაროთ ოჯახის წევრებს. –
P. S. ზემოთქმული მოწმობს, რომ ოცდამეერთე საუკუნის ქართული „მუხამბაზის“ მოტივია არა ის – „აბა, ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ“, არამედ – აბა, დეპუტატის სკამზე მნახე, ვინა ვარ…