ზეგანკვეთურის ეშხით
სანახაობის მოლოდინში
სავარაუდოდ, გამომდინარე ოკუპანტური შეგონებიდან: „ხოროშო ჟიტ ეშჩო ლუჩშე“, ამ ჩვენი დედაქალაქის საკრებულომ, თქვენ წარმოიდგინეთ, ბიუროს წევრთა უმრავლესობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა „ზეგეგმური შრომისთვის“ დანამატი მიიღონ. –
ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარემ ბ-ნმა ალიბეგაშვილმა წამოჭრა და, თუმცა საკრებულოსვე ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ქ-ნმა სამნიძემ განგაშის ზარები დაარისხა, ამ დოკუმენტის მიღებით საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლი დაირღვაო, გადაწყვეტილება მიღებულია.
აქვე შევნიშნავ, რომ ქ-ნი სამნიძე თანახმაა, დანამატი აპარატის თანამშრომლებს მიეცეთ. არადა, მიღებული გადაწყვეტილებით, დანამატს მიიღებენ, სახელდობრ, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე, ასევე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები (იმიტომ, რომ მუშაობით წელი მოსწყდათ).
ამ გადაწყვეტილებით, აგრეთვე, უკმაყოფილოა თბილისის ყოფილი ვიცე-მერი და აწ საკრებულოს რიგითი წევრი, ქ-ნი სევდია უგრეხელიძე, შესაძლოა, იმიტომ, რომ თავად ვერ მოხვდა დანამატიანთა სიაში, ვინაიდან, აქამომდე ხელისაუკანკალებლად იღებდა დანამატ-პრემიებს.
მართალია, ჩვენ „გვეშინია, ბატონო, არ გაგისკდეს მუცელი“, მაგრამ თავად ზეგანაკვეთურის მიმღებები, უშიშნი, ვითარცა უხორცონი, მზად არიან ამ მსხვერპლისთვის და უბნობენ – „ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიიღონ დანამატი“.
მე არ შევუდგები იმის გარჩევას, რომ ამ ჩვენს სახმოხელეებს არც პატივის ეშინით და არც პატიჟის, მაგრამ, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, მოვთხოვოთ, მიჰბაძონ პარლამენტარებს (რომლებმაც გასულ კვირას ძალა არ დაიშურეს ამომრჩევლისთვის წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად) და ერთი სანახაობა თბილისის საკრებულობმაც შემოგვთავაზოს ზეგანაკვეთური ანაზღაურების ეშხით. –