„არ იმრუშო“
ანუ შეჩვეულს ნუ გადააჩვევ
იმას უკვე შევეჩვიეთ, რომ რუსი „დუმელების“ ტვინში ერთმანეთზე საოცარი საკანონმდებლო ინიციატივები მწიფდება, მაგრამ გასულ კვირას აწ უკვე რუსულმა ეკლესიამაც გაგვაკვირვა (ისედაც უკიდეგანოდ გაკვირვებულები).
სახელდობრ, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუს ქალებს მოუწოდა, მაგალითი მუსლიმანი ქალებისგან აიღონ.
კერძოდ, მოსკოვის საპატრიარქოს ოჯახის, დედებისა და ბავშვების დაცვის კომისიის თავკაცმა დმიტრი სმირნოვმა რუს ქალებს მოუწოდა, დაიცვან მცენება – არ იმრუშო (არადა, ეს იგივეა, მოუწოდო რუს მამაკაცებს, არ დალიოთო – ).
სასულიერო პირმა შენიშნა, რომ პირველად ისტორიაში მუსლიმანთა ოჯახური ზნეობა აღემატება მონათლულთა ზნეობას. ზედაც, დააკონკრეტა, რომ მუსლიმანი ქალები, როგორც წესი, ქალწულები არიან, მაშინ, როდესაც ჩვენთან (ანუ რუსეთში) ეს ამბავი სულ ბოლოს1945 წელს ხდებოდაო (დიდად მეეჭვება).
ასეა თუ ისე, რუსი სასულიერო პირები დარწმუნებულები ბრძანდებიან, რომ, თუკი რუსი ქალები მკაცრად დაიცავენ მეშვიდე მცნებას, თითოეული რუსი ქალისთვის რიგში 20 მამაკაცი დადგება (რათა 20? მაშ, რამდენი? – 100) და მათგან შეეძლება, აირჩიოს მომავალი ქმარი.
ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებენ თუ არა რუსი ქალები მოსკოვის საპატრიარქოს შეგონებას და გაიხდიან თუ არა თავიანთი პარტნიორსავსე ცხოვრების დევიზად მეშვიდე მცნებას, მაგრამ, ის კი აშკარაა, რომ ამ ჩვენს სამხრეთით და ჩრდილოეთით ერთი მიმართულებით ამოძრავებულან. –