მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ ავირიდოთ თავიდან ძილის დროს მოგვრილი ცუდი სიზმრები?
პასუხი: ძილის წინ შეინანეთ თქვენი ცოდვები, ილოცეთ და მოიხმეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც გაღვიძებამდე დაგიფარავთ.
კითხვა: სასურველია თუ არა ბავშვის ოთახში ხატის დადება?
პასუხი: ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვის საძინებელ ოთახში დააბრძანებთ ხატს ან მოაწყობთ ხატების კუთხეს. მართლმადიდებელ ოჯახებში ძველთაგან არსებობდა ტრადიცია – ბავშვის საწოლის თავზე მისი მფარველი წმიდანის ხატი ეკიდა, პატარებს სულ მცირე ასაკიდან აჩვევდნენ ხატთან დამოკიდებულებას, მასთან მოწიწებით მიახლებასა და მთხვევას.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ლოცვის დროს უარყოფითი აზრები არ ანებებს თავს?
პასუხი: ეკლესიის მამები ასეთ დროს ორგვარ რჩევას გვაძლევენ – ან არ უნდა შეწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩაუღრმავდეთ მას, ან შეწყვიტეთ ლოცვა, მოიკრიბეთ ნებისყოფა, სთხოვეთ უფალს, რომ განგარიდოთ ბოროტი აზრები და ფიქრები და შემდეგ განაგრძეთ ლოცვა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ორსული ქალისთვის მარხვის შემსუბუქება, ეს მას ცოდვაში ხომ არ ჩაეთვლება.
პასუხი: ამ საკითხზე ორსული ქალი უნდა დაელაპარაკოს თავის მოძღვარს და მასთან შეთანხმებით, რასაკვირველია, შეიძლება მარხვის შემსუბუქება. ეს მას ცოდვაში არ ჩაეთვლება.