ჭეშმარიტი სარწმუნოება
დასჯილი მოძულე
კიევის ლავრაში სხვათა შორის ცხოვრობდა ორი ბერი – მღვდელ-მონაზონი ტიტე და დიაკონი ევარგი. რამდენიმე წელიწადს ისინი ისე მეგობრულად ცხოვრობდნენ, რომ სხვა ბერებს უკვირდათ მათი ერთობა... მაგრამ კაცთა ნათესაობის მტერი ძველი დროიდან სთესს ღვარძლს იფქლთა შორის! მან დათესა მათ შორის მტრობა, რისხვით და სიძულვილით ისე დააბრმავა ისინი, რომ ზიზღით უყურებდნენ ერთიმეორეს. ღვთის მსახურების დროს ერთი რომ საცეცხლურით აკმევდა ეკლესიაში, მეორე განზე მიდგებოდა, რომ საკმევლის სუნი არ ეგრძნო და თუ ეს ხანდახან თავის ადგილზე დარჩებოდა, პირველი რაც შეიძლება შორს გაუვლიდა. მათ შორის სიძულვილმა დიდხანს გასტანა. ისინი შეურიგებლად ბედავდნენ ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლის შეწირვას. ბევრი ურჩიეს მათ სხვა ბერებმა, რომ დაეტოვებინათ შური, მტრობა და ეცხოვრათ მშვიდობიანად და თანხმობით, მაგრამ ყოველმა რჩევამ ამაოდ ჩაიარა. ერთხელ მღვდელ-მონაზონ ტიტეს მძიმე ავადმყოფობამ დარია ხელი. მან დაკარგა გადარჩენის იმედი, დაიწყო ტირილი თავისი შეცოდების გამო და შეუთვალა თავის მტერს, რომ შერიგებულიყვნენ. ევარგიმ არც კი მოისმინა შენათვალი და დაუწყო მას საშინლად წყევლა. სხვა ბერებს ამის გამო გული სტკიოდათ და ძალით მიიყვანეს ევარგი მომაკვდავთან. ტიტემ დაინახა თუ არა თავისი მტერი, სხვების დახმარებით ადგა ლოგინიდან, დავარდა მის წინ და ცრემლით სთხოვდა შეცოდების მიტევებას. მაგრამ, ევრაგი ისეთი შეუბრალებელი იყო, რომ ზურგი შეაქცია მას და მრისხანედ წამოიძახა: „არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში არ მინდა მაგის შერიგება“. ის გამოუსხლტა ბერებს ხელიდან და მიწაზე დაეცა.
ბერებს მისი წამოყენება უნდოდათ, მაგრამ როგორ განცვიფრდნენ, როცა ნახეს, რომ ის მკვდარია და ისე გაშეშებულიყო, რომ თითქოს რამდენიმე ხნის წინ მომკვდარაო. მათი განცვიფრება გაორკეცდა, როდესაც დაინახეს, რომ ტიტე იმავე დროს სრულიად განკურნებული წამოდგა ლოგინიდან თითქოს ავად არასოდეს ყოფილიყოს. ამ არაჩვეულებრივი შემთხვევით თავზარდაცემული ბერები გარშემოეხვივნენ ტიტეს და ერთიმეორეს ეკითხებოდნენ: „რას ნიშნავს ეს?“ ტიტემ უთხრა მათ: „როცა მძიმედ ავად ვიყავი, სანამ მე ცოდვილი გულძვირად ვიყავ ჩემს ძმასთან, ვხედავდი: ჩემგან გაბრუნდნენ ანგელოზნი და ტიროდნენ ჩემი სულის დაღუპვაზე, ხოლო ბოროტნი სულნი ხარობდნენ – აი, მიზეზი, ყველაზე უფრო რისთვის მოვინდომე შერიგება მისი. როცა ის აქ მოიყვანეთ, მე თავი დავუკარ და მან წყევა დამიწყო, მაშინ დავინახე: ერთმა მრისხანე ანგელოზმა დასცა მას ცეცხლის ალის ლახვარი და საცოდავი მიწაზედ მკვდრად დაეცა. იმავე ანგელოზმა მომკიდა მე ხელი და ამაყენა ცხედრისგან სნეულებისა“.
ბერებმა იტირეს ევარგის სასტიკი სიკვდილი და იმ დროიდან უფრო ყურადღებით იყვნენ, რომ არავის ერთმანეთში გულძვირობა არ ჰქონოდა. გულში ძვირის ჩანერგვა არის საშინელი ბიწიერება და იმდენადვე საძაგელ არს ღვთის წინაშე, რამდენადაც მავნებელი საზოგადოებაში. ქრისტიანენო! კაცი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. რა უპირატესობაა! მაგრამ დარწმუნდით, რომ გულში ძვირის მატარებელს არ აქვს ხატება და მსგავსება ღვთისა: ის უფრო მხეცს წააგავს, ვინემ კაცს.
„უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან, ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი“ (მათე 6, 14-15).
„ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმა თვისი, იგი კაცის მკვლელი არს“ (1 იოანე 3,15).