დაავადების დამარცხებაში სისხლის გაწმენდა დაგეხმარებათ
ორგანიზმის გაწმენდა გულისხმობს წიდების გამოდევნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლიდან, თირკმელებიდან და სისხლიდან. სისხლში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოდევნილი უნდა იყოს ორგანიზმიდან და ესენია მიმოცვლის უსარგებლო და საზიანო პროდუქტები. თუ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის, სისხლში მათი შემადგენლობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუარესებს.
პირველად იმ ორგანოს უნდა უმკურნალოთ, რომლის გამოც არის ეს გამოწვეული. მაგრამ, პერიოდულად სისხლის გაწმენდა რეკომენდებულია თუნდაც იმიტომ, რომ, ლიპიდური ბალანსის დარღვევისა და სისხლში ქოლესტერინის მომატების შედეგად, ის ზედმეტად სქელდება, ვეღარ ახერხებს უწვრილეს კაპილარებში გავლასა და უჯრედების კვებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ეს საშიშროება 35-40 წლის შემდეგ თითქმის ყველა ადამიანს ემუქრება.
ხალხურ მედიცინაში სისხლის გაწმენდის რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგალითად: 2 ჭიქა ნატურალური ღვინო, 1 ჭიქა დანაყილი კამის თესლი, 2 სადილის კოვზი ვალერიანის დანაყილი ძირები თერმოსში ჩაყარეთ და დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ასე გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ერთი თვის განმავლობაში.
სისხლს კარგად წმენდს სამკურნალო ბალახებიც, რომელთაგან ზოგიერთს სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. კერძოდ, მინის ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და დადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.
აადუღეთ 6 ჩაის ჭიქა წყალი, ჩაყარეთ მასში 1 ჩაის კოვზი ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი და კიდევ ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ 2-2 ჩაის კოვზი მინდვრის სამყურა, ანწლის ნაყოფი და ბაღის პიტნის ფოთლები, 5 წუთი გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში, შემდეგ კი გადაწურეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი. სვით ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ. ეს ნაყენი, გარდა იმისა, რომ სისხლს წმენდს, ასევე, კარგად მოქმედებს კუჭზე, ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.
სისხლის გასაწმენდად ეფექტურია წითელი ხილ-ბოსტნეულის ჭამა: მიირთვით შტოში, ჭარხალი, ალუბალი, ყურძენი, მაყვალი და ასე შემდეგ.
შტოში ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა. კარგია შტოშის წვენის მიღების სამკვირიანი კურსი: პირველ კვირაში სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ; შემდეგ კვირაში – ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, მესამე კვირას კი – ნახევარი ჭიქა ერთხელ დღეში.
ნებისმიერი დაავადება გაცილებით უფრო სწრაფად იკურნება, თუ ერთდროულად სისხლსაც გაიწმენდთ. ამიტომ, სამკურნალო ნახარშებს დაუმატეთ სისხლის გამწმენდი ერთი ან ორი სახის ბალახეული, მაგალითად, მინდვრის სამყურა, ანწლის ყვავილი, ჭინჭარი. მათი დოზები კი იგივეა, როგორც სპეციალურ გამწმენდ ნაკრებში.
აუცილებლად გაითავისუფლეთ ორგანიზმი შხამებისგან
ადამიანზე ყოველდღიურად ბევრი უცხო ნივთიერება ზემოქმედებს. ისინი ორგანიზმში სუნთქვის, საკვების, წყლის ან წამლის მეშვეობით ხვდებიან, რომელთაგან ბევრი მათგანი ძალიან მავნე და შხამიანია.
როცა ორგანიზმი ტოქსინების ნეიტრალიზაციასა და გამოდევნას ვერ ახდენს, ისინი ილექება, რასაც სამედიცინო ენაზე ინტოქსიკაცია ეწოდება. ტოქსინების შემოტევებისას ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, უღონობას, უხასიათობას, გულისრევის შეგრძნებას, ნაწლავების აშლილობას, სუნთქვის გაძნელებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას და ასე შემდეგ. ამ დროს თავს იჩენს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც ფარულად მიმდინარეობს.
შხამებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდაში მცენარეები დაგეხმარებათ. მაგალითად, ნიტრატები, ქლოროფორმი და ქლორი ორგანიზმიდან კრაზანის, კალენდულას, უკვდავასა და ცაცხვის ნაყენებით გამოიდევნება; რადიონუკლეიდები კი – მწვანე ჩაის, ახალგამოწურული წვენების, მრავალძარღვას, ცირცელისა და ორკბილას ნაყენებით და, ასევე, წითელი ღვინის მეშვეობით; ტყვიის მარილები ეფექტურად გამოიდევნება ორგანიზმიდან შვიტას, ნახშირისა და ნივრის მიღებით.
შხამები ძალიან აზიანებს ღვიძლს, მის დაცვაზე ზრუნვა კი ყველამ უნდა შეძლოს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე კარგია ჭვავის ნაყენი – ის იცავს ღვიძლის უჯრედებს და მათ მუშაობას ააქტიურებს.
იმისთვის, რომ ორგანიზმში შხამები არ დაგროვდეს ან მათი ზემოქმედებისგან დაიცვათ თავი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
* რაც შეიძლება დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე; ძილის წინ – მინიმუმ ნახევარი საათი;
* სწორად შეარჩიეთ საკვები რაციონი და ისე იკვებეთ, რომ ნაწლავებში ტოქსინების დაგროვება არ მოხდეს.
* აიმაღლეთ იმუნიტეტი;
* ორგანიზმის გაწმენდის კურსი მცენარეული ნაყენებით წელიწადში რამდენჯერმე ჩაიტარეთ;
* ჭამეთ ბევრი ახალი ხილი, სეზონური ბოსტნეული, პარკოსნები და მარცვლეული;
* მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებას.
რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა სადილზე და საუზმეზე
ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორად იკვებოთ.
ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილსა და ბოსტნეულს, იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან მათში სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდი ნაწილი იკარგება.
სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ – ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
თუ მოინდომებთ, იოლად შეძლებთ უარი თქვათ პურზე, საქონლის ან ღორის ხორცზე და მათ გარეშე გაძლოთ – ეს თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.
ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს ორგანიზმს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან, ადამიანი, რომელიც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე, ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.
რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილობასა თუ ვახშამზე სუპების ჭამაც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია, თან, სუპის ჭამის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდხანს აღარ შეგაწუხებთ.
კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით და უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ; ლანჩზე, შეგიძლიათ, უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ და ერთი ჭიქა კეფირი დააყოლოთ.
სადილად ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მიირთვით; ვახშმის დროს კი – ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.
ასევე, ბევრი იმოძრავეთ – ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ.
ქრისტესისხლა აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას
ცდებით დადგინდა, რომ ქრისტესისხლას შემცველ პრეპარატებს აქვს ფუნქციის სტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედების თვისება ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ. მასში არსებული ნივთიერება ჰელიდონინი მორფინის მსგავსად მოქმედებს, ამიტომ მისგან დამზადებული პრეპარატების ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად მიღება არ არის სწორი, რადგან გადაჭარბებული დოზით მიღება ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლასაც იწვევს.
კლინიკურმა გამოკვლევებმა ისიც დაადასტურა, რომ ქრისტესისხლა აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას, ამიტომ, რეკომენდებულია კიბოს ოპერაციის შემდგომ გამოსაყენებლად, მეტასტაზების განვითარების შესაფერხებლად. კვლევის დროს ქრისტესისხლას შემცველმა პრეპარატებმა კარგი შედეგი გამოიღო, ასევე, სიმსივნისწინა მდგომარეობის ანუ პოლიპოზების შემთხვევაში, განსაკუთრებით – გარეგნული სიმსივნეების მკურნალობის დროს.
ხანში შესულმა ადამიანმა შავი ჩაი ხშირად უნდა სვას
ჩაი უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტია. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს.
* ჩაი საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას;
* ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;
* ამცირებს გულის შეტევის ალბათობას;
* ელასტიკურობას ჰმატებს არტერიებს და წმენდს მას ქოლესტერინული, ეგრეთ წოდებული ფოლაქებისგან.
* ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს;
* საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;
* ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა; წყურვილსაც კლავს და, ამავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.
ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. მის შემადგენლობაში, ასევე, შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ღრძილებს ამაგრებს.
ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორებიცაა: ეთერზეთები, ალკოლოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.
შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ, ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის კი დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი.