კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-50(729) 

 

„ელისოს თავისი მამიდაშვილი, ხუთი წლით უმცროსი ნინიკო გადაეკიდა და, როგორც იქნა, დაითახმა, ორკვირიანი შვებულება აეღო სამსახურიდან და გუდაურში გაჰყოლოდა.

– აი, ნახავ, მერე მადლობას თუ არ მეტყვი, – უთხრა მანქანაში ნინიკომ და უკანა სავარძელზე დაწყობილ ნივთებს გადაავლო თვალი, ხომ არაფერი დამრჩაო, – მით უმეტეს, რომ თანრიგოსანი ხარ თხილიმურებით სრიალში. როგორ ძლებ, აზრზე არა ვარ. მე შენთან შედარებით ძლივს დავბობღავ და მაინც სულ აქეთ მომიწევს გული.

– თანრიგოსანი კი არა, იმდენი ხანია, არც ბაკურიანში ვყოფილვარ და არც გუდაურში, ასე მგონია, ვეღარ დავდგები თხილამურებზე, – თქვა ელისომ და უცბად იგრძნო, როგორი მონატრებული ჰქონია ეს ყველაფერი.

– დადგები, ნუ გეშინია. მთავარია, რომ გამოვღლიტე შენი თავი  ჩვენ ნაცრისფერ დედაქალაქს. რა გაძლებინებს, გოგო, თბილისში მთელი წელიწადი! რამდენი წელია, შვებულება არ აგიღია და არსად წასულხარ?

– ალბათ, სამი თუ ოთხი, – დამნაშავესავით უპასუხა ელისომ.

– მერე, ნორმალურობა ჰქვია შენს საქციელს? – გაბრაზდა ნინიკო, რადგან, გაახსენდა, რომ სწორედ ამდენი ხნის წინ გაშორდა ელისო ქმარს, – ის არ გეყო, რაც გაგამწარა და ახლა მთელი ცხოვრება იმ კრეტინს უნდა შესწირო?

– არავის არაფერს არ ვწირავ, უბრალოდ, ასე მოხდა, – ისევ იმართლა თავი ელისომ, – ცოტა დეპრესია, ცოტაც – სხვა მიზეზები და...

– მოკლედ, დამთავრდა შენი დეპრესია და მიზეზები, ახალ ცხოვრებას იწყებ! ასე რატომ უნდა დაიმარხო თავი ასეთმა ახალგაზრდა და ლამაზმა ქალმა? შენნაირი გარეგნობა რომ მქონდეს, კაცებს თვალებს დავათხრევინებდი, – რაღაც ძალიან კეთილად თქვა ნინიკომ და გადაიკისკისა, – თუმცა, არც ახლა ვაკლებ. მაგრამ, ამჯერად შენთვის უნდა მოვიცალო.

– ჯერ საკუთარი ცხოვრება აიწყვე და მე მერე მომხედე, – ღიმილით უთხრა ელისომ, თან ჩანთა გახსნა, რომ მობილური ამოეღო და უცებ შეჰყვირა: – ვაიმე! კატოსთვის ბილეთების მიცემა დამავიწყდა!

– რა ბილეთების? – შეწუხდა ნინიკო.

– გუშინ საღამოს კატოსთან ვიყავი და დეიდა ლიანამ მთხოვა, შენ კარგი ხელი გაქვს, ხუთი ცალი „ლოტოს“ ბილეთი გამიტარე, დანარჩენი ფულით კი სხვადასხვანაირი ლატარია მიყიდეო.

– ფული რამდენი მოგცა?

– ოცდაათი ლარი. არ ვართმევდი, მაგრამ, თავი მოიკლა – ლატარიის ყიდვა სხვისი ფულით არ შეიძლებაო. ციფრებიც თვითონ დამიწერა ფურცელზე. ამ დილით უნდა მიმეტანა და უცებ ამომივარდა თავიდან.

– გათამაშება როდის არის?

– სამშაბათს.

– დღეს შაბათია. არა უშავს, მანამდე რამეს მოვიფიქრებ. ბოლოს და ბოლოს, გუდაურიდან ვინმე წავა თბილისში და გავატანთ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ ვუყუროთ გათამაშებას და, თუ რამე მოიგო, შევატყობინოთ.

– არა, მთელი მუღამი იმაშია, რომ თვითონ უნდა გათამაშების ყურება. საწყალი ქალი, ამაზე აყოლებს გულს და, თან, სხვა რომ არაფერი შეუძლია, იმედი აქვს, რაღაცას მოიგებს და ამით დაეხმარება რძალსა და შვილიშვილებს.

– ძალიან უჭირთ?

– ჰო, საკმაოდ. თან, მგონი, ბინა ჰქონდათ დაგირავებული და ბანკი ართმევს. ამაზე კატო არაფერს გვეუბნება – არ უყვარს, როცა ვინმეს ეცოდება; მაგრამ, ვხვდებით, რომ ასეა და, არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ. ისეთ მდგომარეობაში არიან, მაგათ ახლა ჯეკპოტი თუ უშველის, – ჩაფიქრებით თქვა ელისომ, – მაგრამ, ყველანაირი ლატარია სისულელე და აფერისტობა მგონია.

– შენ რა ლენინივით ლაპარაკობ, – გაეცინა ნინიკოს.

– ლენინი რა შუაშია? – ვერ მიხვდა ელისო.

– ლენინმა არ თქვა, ლატარია ოპიუმია ხალხისთვისო?

– ეგ რელიგიაზე თქვა იმ სატანამ, შე სულელო, – სიცილი აუტყდა ელისოს.

– ჰო?! მაგრამ, ლატარიაზეც თქვა რაღაცა და ვერ ვიხსენებ. თუ გამახსენდა, გეტყვი.

– ერთი, ლენინის დედაც არ ვატირე? რაში მაინტერესებს, რაზე რა თქვა, უფრო სასიამოვნო თემა აღარ გვაქვს? – თქვა ელისომ და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, – ფანჯარა ჩამოსწიე, უნდა მოვწიო.

– იცოდე, ეს ბოლო ღერი იქნება, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ თბილისში დავბრუნდებით. აქ ჯანმრთელი ცხოვრების წესია და შენც უნდა დაიცვა. პროტესტს არ მივიღებ! – მკაცრად გააფრთხილა ნინიკომ.

– შენ აღარ ეწევი? – გაუკვირდა ელისოს.

– უკვე ორი წელი ხდება და, იცი, რა კარგად ვარ? მართალია, ცოტა მოვიმატე წონაში, მაგრამ, სამაგიეროდ, თავისუფლად ვსუნთქავ. აღარაფერი მაწუხებს და, თან თვეში ას ორმოცდაათ ლარამდე ეკონომია გამომდის.

– მაგარია, – დაუფარავი შურით თქვა ელისომ, – მეც უნდა მოგბაძო!

უცებ ელისოს ტელეფონმა დარეკა. ნომერს რომ დახედა, ისე გაუხარდა, მთელი ხმით ჩასძახა ყურმილს:

– ჰო, ქეთა, გისმენ, ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, ნუ გეშინია. ერთი კარგი სიურპრიზი მოგიმზადეთ, მაგრამ, ვერ მოვითმინე და დაგირეკე, რომ გაგახარო.

– რა სიურპრიზი?

– ორშაბათ დილას მე და ნათიაც მოვდივართ გუდაურში ბავშვებით და...

– ეგ ხომ ვიცოდი? ეგ რა სიურპრიზია?

– ჰო, მაგრამ, კატოც დავითანხმეთ და ისიც მოგვყავს შვილებთან ერთად.

– მართლა?! – გაუხარდა ელისოს, – როგორ მოახერხეთ?

– „შეთქმულება“ მოვაწყვეთ: მე, ნათია, რეზო, ივიკო, კატოს შვილები და დედამთილი „შევეკარით“ ერთმანეთს, მერე ერთიანი ძალებით შევუტიეთ და დაგვნებდა, – სიცილით უთხრა ქეთამ, – მაგრამ, რომ ჩამოვალთ, არ შეიმჩნიო, ვითომ არაფერი იცი.

– კარგი, ბატონო, არ შევიმჩნევ, – გაეცინა ელისოსაც, – მაგრამ, კაცმა შენ უნდა განდოს რამე საიდუმლო...

– მე არასდროს გამიცია საიდუმლო, – ცოტათი ეწყინა ქეთას, – უბრალოდ, ისე გამიხარდა, რომ გულში ვეღარ დავიტიე.

– ნუ გწყინს, გეხუმრე, – მოუბოდიშა ელისომ, – კარგი გოგო ხარ, რომ დამირეკე. აბა, თქვენ იცით, დროზე ჩამოდით, გელოდებით, – ელისომ ყურმილი გათიშა და ნინიკოს მიუბრუნდა, – კატოც მოჰყავთ ბავშვებით.

– გავიგონე. ისე კიოდა ეგ შენი ქეთა, მგონი, ტელეფონის გარეშეც მოგაწვდენდა ხმას.

– ჰო, ეგეთი ემოციურია, მაგრამ, უკეთილესი გოგოა.

– საერთოდ, ძალიან მაგარი დაქალები გყავს. სიმართლე გითხრა, ცოტათი მშურს კიდეც. მე არ მიმიღებთ თქვენს სასტავში? – ჰკითხა ნინიკომ და წინ გაჩერებულ მანქანას მიუსიგნალა.

– რატომაც არა. ჩვენ კარგ ხალხს უარს არ ვეუბნებით.

– მიღება როგორ ხდება, რამე გამოცდა უნდა ჩავაბარო თუ ტესტებს მომცემთ? – გაიხუმრა ნინიკომ.

– გამოცდაც და ტესტიც ის იქნება, როგორ მოერგები ჩვენს დაუწერელ წესებს და როგორ შეგეთვისებიან გოგოები.

– ანუ, რაღაც გამოსაცდელი ვადის მაგვარი იქნება?

– ჰო, ცოტა უხეშად თუ ვიტყვით, დაახლოებით ასე გამოდის. დროს კი არ ვნიშნავთ, უბრალოდ, ვთქვათ, ორი-სამი თვის შემდეგ თვითონვე მიხვდები, გახდი თუ არა „ჩვენიანი“ და ჩვენც აღმოვჩნდით თუ არა „შენიანები“. მოსულა?

– მოსულა, – გაუხარდა ნინიკოს, – მეც არ მყავს ცუდი მეგობრები, მაგრამ, ცოტა ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...

– როგორი – „ისეთი“? – დაინტერესდა ელისო.

– როგორ გითხრა... თითქოს ყველანი კარგად ვართ ერთმანეთთან, არც ჩხუბი და უსიამოვნება მოგვსვლია არასდროს, არც ერთმანეთისთვის გვიწყენინებია, მაგრამ, რაღაცნაირი, „მერე მე არაფერი მომივა?“ ურთიერთობა გვაქვს, – ნინიკომ უცბად იუხერხულა, რომ თავის მეგობრებზე მთლად კარგ რამეებსაც არ ამბობდა და გაჩუმდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ განაგრძო: – არ გეგონოს, რომ ჩემი გოგოები არ მიყვარს...

– არ მგონია, – გაუღიმა ელისომ, – მაგრამ, „მე არაფერი მომივა“ რას ნიშნავს?

– ახლა, ისე გამოვიდა, რომ ვჭორაობ მათზე, მაგრამ, იცი, რა მომენტები მაქვს ხოლმე ხანდახან? ასე მგონია, რამე ძალიან სერიოზული რომ გამიჭირდეს და ნებისმიერ მათგანს რომ დავურეკო, მოდი და მიშველე ან გამამხნევე მაინც-მეთქი, შეიძლება, არცერთი არ მოვიდეს.

– რატომ? – აღშფოთდა ელისო, – არცერთს არ ადარდებ?

– არა, როგორ არ ვადარდებ, ძალიანაც შეწუხდებიან, მაგრამ, შეიძლება, იმ მომენტში რაღაც საქმეს აკეთებენ, ვთქვათ, სადილს; ან, სახლს ალაგებენ, ან ქმარს უნდა გაჰყვნენ სადღაც და იმ საქმეს არ შეწყვეტენ.

– მერე, როგორ  მეგობრობ ისეთ ადამიანებთან, ვისაც, პრაქტიკულად, ფეხებზე ჰკიდიხარ?

– არა, მთლად მასეც არ არის საქმე და, თან, მარტო ჩემ მიმართ კი არა, ერთმანეთის მიმართაც ასეთივე პოზიცია აქვთ და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ, რის გამოც მე მუდმივად ვგრძნობ რაღაც დანაკლისს, სადღაც შიგნით, აი, აქ, – ნინიკომ გულზე მიიდო ხელი, – თუმცა, ძალიან, ძალიან მიყვარს და, ერთი დღეც რომ ვერ ვნახო, ყველა უზომოდ მომენატრება ხოლმე.

– ასეთი მოზომილი და გამოთვლილი მეგობრობის არ მწამს, მე ასეთებთან ვერ ვიდაქალებდი. საბედნიეროდ, ჩვენ სულ სხვა ურთიერთობები გვაქვს. ოფიციალურად არასდროს გამოგვიცხადებია, მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ მუშკეტერების პრინციპით ვცხოვრობთ.

– „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“? – გაეღიმა ნინიკოს, – ასეთი რამეები პატარა ბიჭებმა იციან ხოლმე.

– ჰო, პატარა ბიჭებმაც და ზოგჯერ დიდმა გოგოებმაც, – დაეთანხმა ელისო, მაგრამ, არ გითქვამს, შენ როგორი მეგობარი ხარ მათთვის..

– არ ვიცი, ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხო. ისე კი, ჩემთვის სხვა საქმე არ არსებობს, როცა მეგობარს უჭირს და დახმარებას ან თანადგომას გთხოვს. თუმცა, შეიძლება, მეც ბევრი რამ შემშლია.

– კარგი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, – ელისომ კიდევ ერთი ღერი ამოიღო ჩანთიდან და მოუკიდა.

– რა გითხარი მე შენ? – თვალები გადმოუბრიალა ნინიკომ.

– დღესაც და, ხვალიდან აღარ მოვწევ, – პატარა ბავშვივით შეეხვეწა ელისო.

ნახევარი საათის შემდეგ გოგოები უკვე სასტუმროში იყვნენ და თავიანთ ნივთებს ალაგებდნენ.

– დღესვე წავიდეთ სასრიალოდ? – ჰკითხა ელისომ და თხილამურები ჰოლის კუთხეში მიაყუდა.

– დღეს ვეღარ მოვასწრებთ, ხვალ დილიდან კი, ალბათ, დაძინებამდე აღარ შემოვალთ ჩვენს ნომერში, – უპასუხა ნინიკომ და აბაზანისკენ გასწია, – თუ არ გეწყინება, ჯერ მე გადავივლებ წყალს.

თავი რომ მოიწესრიგეს და სახლიდან წამოღებული საუზმით წაიხემსეს, ნინიკომ მობილური მოიმარჯვა.

– ვის ურეკავ? – დაინტერესდა ელისო.

– ჩემი მეგობრები არიან აქ, გუშინწინ ჩამოვიდნენ და, მინდა, გაგაცნო. დავურეკავ და ყავა დავლიოთ ერთად.

– აქ კაფე არ არის?

– როგორ არ არის, მაგრამ, დღეს აქ დავლიოთ.

– ვინ მეგობრები, ისინი, წეღან რომ მელაპარაკე?

– არა, სხვა სასტავია – ბიჭები, გოგოები... მოკლედ, გაიცნობ, რა. ბიჭები განსაკუთრებით კარგი ტიპები არიან, ჩემზე უფროსები, ნაღდი ქალაქელები, მობოჰემო-მოინტელიგენტო ტიპები, ოღონდ, ყველა საქმიანი და შემდგარი კაცია. მე მგონი, მოგეწონება. სხვათა შორის, ერთის გარდა, ყველა „ხალასტოია“ და, თუ კარგად მოიქცევი, ეგებ, შაჰის ცოლობასაც გამოჰკრა ხელი, – თვალი ჩაუკრა ნინიკომ.

– შენ ჩემს მაჭანკლობას აღარ უნდა დაანებო თავი? – ხუმრობით შეუწყრა ელისო, –  ვეღარ გაიგე, რომ ამ საქმეში არაფერი გამოგდის? მე რომ ბედი მქონდეს, აქამდეც ვიპოვიდი ვინმეს, სხვების დაუხმარებლად.

– ეძიებდე და ჰპოვებდეო, არ გაგიგონია? არ ეძებ და სად უნდა გეპოვა? – შეეკამათა ნინიკო, – თანაც, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან...

– კარგი, გეყოფა, ნუ შემაწუხე ამ ანდაზებითა და ბრძნული გამონათქვამებით, დარეკე, თუ რეკავ და დაუძახე,  თორემ, ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ცხელი ყავის დალევა, – თქვა ელისომ და ნერწყვის ყლაპვით გადახედა გაწყობილ ფინჯნებს, მერე უცებ წამოდგა, „მინუტკაში“ წყალი ჩაასხა, ყავა ჩაყარა და სასწრაფოდ მოიდუღა თავისთვის, – იმათ მოსვლამდე გული წამივა, რომ არ დავლიო. როცა მოვლენ, ზა კამპანიუ, კიდევ დავლევ, – ფინჯანი ფრთხილად აიღო და დახარბებულივით მოსვა ქაფქაფა ყავა, მერე თვალები მინაბა და ნეტარებით წარმოთქვა: – ღმერთო ჩემო, რა კაიფია... – და ასე თვალებდახუჭულმა დაცალა ჭიქა, მერე ისევ სიგარეტი ამოიღო და ისე მადიანად გააბოლა, კინაღამ ნინიკოსაც წაუცდა ხელი.

***

ნინიკოს მეგობრები მართლაც კარგი ტიპები აღმოჩნდნენ და ელისომ უცებ იგრძნო, რომ თავისიანებს შორის მოხვდა. გოგოები ცოტას მეტიჩრობდნენ და იპრანჭებოდნენ – ცოტა „სვეცკური“ ეჭირათ, ბიჭები კი მართლაც „დასტოინად“ იქცეოდნენ, ყოველგვარი ზედმეტი „პაკაზუხობის“ გარეშე.

„გოგოებისა რა მოგახსენო, მაგრამ, ეს ბიჭები ჩემს სასტავსაც ძალიან მოეწონებოდა“, – გაიფიქრა ელისომ და უცებ დიდი მადლობის გრძნობა გაუჩნდა ნინიკოს მიმართ, აქ წამოსვლაზე რომ დაითანხმა.

გვიან ღამემდე ისხდნენ. ათას რამეზე ისაუბრეს, ცოტა იმღერეს, ცოტა დალიეს, მერე ბიჭებმა ისეთი ანეკდოტები მოუყვნენ გოგოებს, სიცილისგან ყველას ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. ბოლოს დილის 9 საათზე სათხილამურო ტრასაზე დათქვეს შეხვედრა და დაიშალნენ.

– ხომ კარგები არიან? – კარის მიხურვისთანავე ჰკითხა ნინიკომ.

– ძალიან მაგრები. უკვე გიხდი მადლობას, აქ რომ წამომიყვანე. პირველივე საღამოს ვიგრძენი, როგორ მომეხსნა ბორკილები და როგორ ავფარფატდი ცაში, – კმაყოფილი ღიმილით უთხრა ელისომ და გადაკოცნა.

– ჯერ სადა ხარ, კიდევ ბევრჯერ მეტყვი მადლობას, – შეიფერა გახარებულმა გოგომ და ფინჯნები სააბაზანოში გაიტანა გასარეცხად. მერე ლოგინები გაშალა, ღამის პიჟამა ჩაიცვა და პატარა ბავშვივით შორიდან ისკუპა საწოლში.

– ისევ ისეთი გიჟი და გადარეული ხარ, როგორიც იყავი, – გაეცინა ელისოს, – მაგრამ, მინდა გითხრა, რომ სწორედ ამიტომაც მიყვარდი გამორჩეულად.

– მეც გამორჩეულად მიყვარხარ მთელ ბიძაშვილ-მამიდაშვილობაში, მაგრამ, მართლა არ ვიცი, რატომ, – თქვა ნინიკომ და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ დაამატა: – ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან უპრობლემო და უკომპლექსო გოგო ხარ, ყოველთვის უგებ სხვებს და ადვილად შეგიძლია, აპატიო ადამიანს, ეს ყველაფერი ერთად კი ნამდვილად არ არის ცოტა. 

– ამდენს ნუ მაქებ, თორემ, თავში ამივარდება და გავყოყოჩდები, – გაეცინა ელისოს, თუმცა, გულში მაინც ესიამოვნა მისი შეფასება.

– შენ არასდროს არ გაყოყოჩდები, – ნინიკო მხრებზე მოეხვია საწოლზე ჩამომჯდარ ელისოს, – რომ იცოდე, რა მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს, როცა შენთან ერთად ვარ, ალბათ, გვერდიდან არ მომიშორებდი.

– კარგი, გეყოფა ხოტბის შესხმა, შე პატარა მლიქვნელო, თორემ, მართლა დავიჯერებ ყველაფერს და მერე ნახავ, რაც დაგემართება. ახლა კი დავიძინოთ, მართლა ძალიან დავიღალე.

ნინიკომ ლოყაზე აკოცა ელისოს, შუქი ჩააქრო და საბნის ქვეშ შეძვრა, ხუთი წუთის შემდეგ კი ოთახში ორი ახალგაზრდა ქალის მშვიდი ფშვინვა ისმოდა.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3