რატომ მოკლა არასრულწლოვანმა გოგონამ 35 წლის მამაკაცი და რის საფუძველზე გაათავისუფლეს ის
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ 35 წლის მამაკაცი მოკლა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, მან კი, თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც იმ უბნის მცხოვრებლები ამთბობენ, დანაშაული დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. მოკლული 35 წლამდე იქნებოდა. მისი ვინაობა მათთვის უცნობია; ასევე, არ იციან მიზეზი, რის გამოც გოგონამ მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილმა თავდაპირველად ტაქსი გააჩერა და დახმარება ითხოვა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას, გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თამაზ ჭიღაძე (ადგილობრივი მცხოვრები): „რომ გადმოვიხედე, სამართალდამცველები მუშაობდნენ, სურათებს იღებდნენ. მერე ტაქსის მძღოლს შევეკითხე, შენ დაარტყი-მეთქი? არა, მე გამომიძახეს, ვეღარ ჩაჯდა მანქანაში და აქვე გარდაიცვალაო. ყვირილიც არავის გაუგია“.
ჯუმბერ თოდაძე (ადგილობრივი მცხოვრები): „ვიკითხე, რაში იყო საქმე. მითხრეს, რომ ბიჭია დაჭრილი, ტაქსი გააჩერა და, ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, გარდაიცვალაო, სხვა არაფერი ვიცი“.
თინა ბეჭვანია (ადგილობრივი მცხოვრები): „როგორც გავიგე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. თავად არ მინახავს არაფერი, მეც ხალხისგან მოვისმინე. კიდევ თქვეს, რომ გოგონას მოუკლავს. არც ერთს არ ვიცნობ, ჩვენს უბანში არ ცხოვრობენ“.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქუჩაც გადაკეტილი ჰქონდათ. მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, რა მუხლით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს და არც დამნაშავისა და გარდაცვლილის სახელებს ახმაურებენ.