კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყეული სამხილი

სტივ მაკკეინს ცოლის მოკვლა კარგა ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ დორინის გვერდით ძალიან უბედური იყო. დორინს ერთ პოპულარულ ქალთა ჟურნალში საავტორო სვეტი მიჰყავდა – „როგორ ვიცხოვროთ იაფად და მარტივად“ – და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდათ. მაგრამ, უბედურება ის იყო, რომ დორინი რეალურ ცხოვრებაშიც იყენებდა მკითხველისთვის მიცემულ რჩევებს, რაც სტივს შოკში და სრულ აპათიაში აგდებდა. ფული საკმარისზე მეტი ჰქონდათ, თუმცა, უგემურად და მათხოვრებივით ცხოვრობდნენ. მაგალითად, პლედი, რომელიც დივანზე იყო გადაფარებული, სტივის ძველი ჯემპრეებიდან და პიჯაკებიდან ამოჭრილი ნაგლეჯებით იყო შეკერილი. იატაკზე კი ეფინა ხალიჩა, რომელიც დორინმა სხვადასხვა მაღაზიებიდან წამოღებული ნიმუშებით შეკერა... მსგავს სიმახინჯეს სხვაგან ვერსად ნახავდით და სტივი უკვე სიძულვილით უყურებდა ცოლს, რომელიც ორი წლის წინ სიყვარულით შეირთო... როგორ უნდოდა, მის ცოლს სახეზე გათქვეფილი ნაღები და საზიზღარი ფაფები კი არა, ნამდვილი კოსმეტიკა წაესვა, თუნდაც ძვირად ღირებული; თმაც ყველა ნორმალური ქალივით სალონში შეეღება; წასულიყვნენ ძვირად ღირებულ რესტორანში, ეჭამათ ლობსტერები და არა პლასტმასის თეფშებზე დაწყობილი სენდვიჩები იაფფასიანი ქაშაყით... 

დორინს საბანკო ანგარიშზე ძალიან დიდი თანხა ჰქონდა შეტანილი – ის ხომ ძალიან ბევრს გამოიმუშავებდა. სისულელეს გააკეთებდა, თუკი გაშორდებოდა, მაგრამ, თუ დორინი მოკვდებოდა... – ო, აი, ეს სულ სხვა საქმე იყო. თუმცა, სტივ მაკკეინს ციხეში ყოფნის პერსპექტივა არ ხიბლავდა... რამე ისეთი რომ მოეფიქრებინა, მაგალითად, მკვლელობის ვერსია, კვალს რომ არ დატოვებდა, ისეთი...

– შემომხედე, სტივ, აღიარე, რომ ძალიან მაგარი გამოგონებაა, – ცოლის ხმამ მაკკეინი ტკბილი ფიქრებიდან გამოარკვია. ზღურბლზე დორინი იდგა, წელზე შებმულ სარტყელზე სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცის რულონი ჰქონდა ჩამოკიდებული

– რა არის ეგ? – კაცმა გაოგნებულმა შეხედა აშკარა სიმახინჯეს.

– პრაქტიკული მიგნება დიასახლისისთვის. სულ რომ წინ და უკან არ ირბინოს ხელების შესაწმენდად და არა მხოლოდ ხელების შესაწმენდად, ხელსახოცი მუდმივად „აქტიურ რეჟიმშია:“ დაგჭირდება? – წამში მოხევ და მაგიდას გადაწმენდ... ერთი სიტყვით, ამ ნომრისთვის ძალიან სასარგებლო რჩევა მზად მაქვს.

– ანუ, ახლა სახლში  წელზე ხელსახოცჩამოკიდებულმა უნდა იარო?

– რატომაც არა?! შენ ფიქრობ, მე ჩემს მკითხველს ვატყუებ და ვაჩეჩებ იმას, რასაც მე თავად არ ვიყენებ?

სტივმა ამოიოხრა:

– დორინ, ჩვენ საკმარისზე მეტი ფული გვაქვს, ძალიან ბევრიც კი იმისთვის, რომ ასე არ ვიცხოვროთ. არ შეიძლება, ერთხელ მაინც წავიდეთ კარგ რესტორანში? შენ მაღაზიაში ნაყიდ კაბას ჩაიცვამ და არა შენი ხელით შექმნილ მორიგ საოცრებას... რა გვიშლის ხელს, ნორმალური ადამიანებივით რომ ვიცხოვროთ?

ქალი თვალებგაფართოებული უსმენდა კაცის მონოლოგს, მერე გაიცინა:

– იხუმრე, სტივენ? მითხარი, რომ იხუმრე. რა არ მოგწონს? – სასადილოს ნარჩენებისგან გემრიელ და ნოყიერ ვახშამს ვამზადებ, თან, ეკონომიას ვაკეთებ; ქალაქის საუკეთესო რაიონში, საუკეთესო სახლში, პენტჰაუზში ვცხოვრობთ; არ გშია, არ გცივა; არც უშნო და უჭკუო ცოლი გყავს – იმდენს ვშოულობ, სიბერე უზრუნველყოფილი გვექნება. შენ თავადაც არ იცი, რა გინდა...

მაგრამ, სტივმა იცოდა, რაც უნდოდა: რომ დორინს ნორმალურად ჩაეცვა და ფართხუნა, უშნო კაბებით არ ევლო; თმა სალონში შეეღება და შეეჭრა – იქნებ, სიმპათიურადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ, ეს ქალი  საშინელება იყო უკან, დუნდულებთან მოქანავე ქაღალდის რულონით და, სტივსაც, მის შემხედვარეს, მხოლოდ საშინელი აზრები მოსდიოდა

საღამოს დორინი რედაქციაში წავიდა. სტივმა დრო იხელთა და იმ პატარა ბარში შევიდა, ხანდახან რომ შეივლიდა ხოლმე ვისკის დასალევად. ეს მისი ერთადერთი სიამოვნება იყო. მაგრამ, იქ ლეისი დახვდა – გრძელფეხება, პლატინისფრად თმაშეღებილი, ლამაზმკერდიანი ქალიშვილი. ამან კიდევ უფრო მოუშხამა გუნება და თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნა.

სახლში რომ დაბრუნდა, სასტუმრო ოთახის ფანჯარა გააღო, რაფაზე კი იატაკის საწმენდი ჯოხი დადო, ისე, რომ მისი ბოლო კარგად ყოფილიყო რაფიდან გარეთ გადაცდენილი და ფანჯარა ისე მიხურა, ჯოხი რომ დამაგრებულიყო... ქუჩას რომ გადახედა, მუხლებში სისუსტე იგრძნო – ადამიანები და მანქანები მათი ბინის ფანჯრიდან ტარაკანებივით მოჩანდნენ... შემობრუნდა, ცოტა სული მოითქვა და სახურავზე ავიდა. ძალიან ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს, თან ქვემოთ იყურებოდა და ჯოხს ეძებდა... როგორც იქნა, დაინახა მისი გაშვერილი ბოლო, ჩაიმუხლა და ბინიდან წამოღებული მარკერით ის ადგილი მონიშნა.

დორინი რომ დაბრუნდა, სტივი უკვე მზად იყო განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.

– მთელი დღე უსაქმურობდი? – ჰკითხა ცოლმა.

– შენ წარმოიდგინე, არა. სახურავზე ვიყავი და, როგორ გგონია, რა ვნახე? – გაზიანი სასმელის ლითონის ქილისგან გაკეთებული ფლუგერი. ვიფიქრე, რომ კარგი იდეაა შენი სვეტისთვის.

ქალმა ეჭვით შეხედა:

– არ მატყუებ?

– რას ამბობ, საყვარელო! ავიდეთ სახურავზე და ახლავე განახვებ.

სახურავზე დორინმა კიდევ ერთხელ ჰკითხა ქმარს:

– სად არის შენი ფლუგერი? თუ მომატყუე, ვერ გადამირჩები.

– არა, რას ამბობ, ახლავე დაინახავ. აი, იქ, მოპირდაპირე სახლის სახურავზეა. ოდნავ მარჯვნივ წამოდი, კიდევ ერთი ნაბიჯი... ახლა კი ოდნავ წინ გადაიხარე...

სტივმა აღარ გადაიხედა ქვემოთ – არ უნდოდა, ასფალტზე გაბრტყელებული და ათქვეფილი დორინის გვამი დაენახა. ბინაში დაბრუნდა, სასტუმრო ოთახში ფანჯარა გააღო, იატაკის საწმენდი ჯოხი აიღო, ოთახი კარგად დაათვალიერა და პოლიციაში დარეკა.

ლეიტენანტმა გასტონმა კიდევ ერთხელ გადაიხედა ფანჯრიდან და სავარძელში მჯდარ სტივს ყურადღებით მიაჩერდა.

– ესე იგი, თქვენ ისევ იმეორებთ, რომ თქვენი ცოლი ფანჯრიდან გადახტა?

– დიახ. ჯერ დამემუქრა, გადავხტებიო, რადგან, ვუთხარი, რომ უნდა გავშორებულიყავით. მშვიდად და ცივილიზებულად ავუხსენი, მაგრამ, იცოდე, თავს მოვიკლავ, გადავხტებიო... როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდა!

– აჰა, ესე იგი, ეს უბედური შემთხვევა იყო?

– დიახ...

– კარგი, მისტერ მაკკეინ, გამომყევით, მინდა, რაღაც განახვოთ.

უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი სტივი ლეიტენანტს გაჰყვა. ლიფტით ქვემოთ ჩავიდნენ და ქუჩაში გავიდნენ.

– ძალიან მიმძიმს, თუ ამოცნობაზე მიგყავართ. ეს საჭირო არ არის, ის დორინის გვამია, ჩემ თვალწინ გადახტა ფანჯრიდან.

– ვიცი, მესმის, რომ მძიმეა თქვენთვის, მაგრამ, მე სხვა რამე მინდოდა მეჩვენებინა – თუკი თქვენი მეუღლე ნამდვილად ფანჯრიდან გადმოხტა, ამას როგორ ახსნით?

სტივმა მაღლა აიხედა და ლამის ძარღვებში სისხლი გაეყინა, სახურავიდან მიწამდე, მთელ სიგრძეზე, ამაყად ფრიალებდა სამზარეულოს ქაღალდი – როგორც ჩანს, მისი ბოლო იქ რაღაცას გამოედო, როცა დორინს ხელი ჰკრა და გადმოაგდო...

სტივი განაჩენს სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ საკანში მარტო ელოდა და ფიქრობდა: კარგი იქნებოდა, დორინი ცოცხალი ყოფილიყო – ის აუცილებლად მოიფიქრებდა რამე რჩევას საკანში მარტო მყოფთათვის და ასწავლიდა, დრო როგორ გაეყვანა.

скачать dle 11.3