ავადმყოფ ვახტანგ ნინუას „ყაჩაღი“ მნახველები
ეზოდან მივდივარ მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელთან. ფანჯრიდან ეზოს გადმოსჩერებია ბატონი ვახტანგი და მეძახის:
– მოდი აქ შენ, მოდი!
– რა იყო, ბატონო ვახტანგ?
– რა იყო და რა ძმაკაცებიცა გყავს, მოგიყვები. კინაღამ მომკლეს შენმა ძმაკაცებმა. ხალხი ხართ თქვენ?
– ბატონო ვახტანგ, ძმაკაცებს ჩემთვის არაფერი უთქვამთ!
– სირცხვილით როგორ გეტყოდნენ, ბიჭო, იმ საქციელს, რაც მათ ჩაიდინეს!
– ვისზეა ლაპარაკი?
– ვისზეა და, თენგიზ არჩვაძეზე და ზურაბ ლაფერაძეზე – შენი ძმაკაცები ხომ არიან? კარგ ბიჭებად რომ მოგაქვთ თავი, რას ჰგავხართ, თქვე უპატრონოებო?
ფანჯრიდან მსახიობებმა გადმოყვეს თავები, ეზოშიც მოგროვდა ნაწილი – ყველას ჭინკები დასთამაშებს სახეზე, უყურებენ სეირს. მე ძმაკაცებიანად მიწასთან მასწორებენ.
– რა იყო, რა ქნეს ასეთი?
– რა და, საავადმყოფოში მოვიდნენ სანახავად. საგანგებო ოთახში ვიწექი შლანგებზე მიერთებული. გვერდზე გადაბრუნება რა არის, ის არ შემიძლია, ვერ ვინძრევი! მერე შემოვიდნენ შენი ძმაკაცები. რა იქნებიან შენი ძმაკაცები? – მხეცები და ნადირები! კი არ მკითხეს, როგორა ხარო? გამარჯობაც არ უთქვამთ, სასმელს დაუწყეს ძებნა და ნახეს ორი ბოთლი ღვინო, წამლად მასმევდნენ კოვზით, მიხდებოდა. ნახეს ჭიქაც, დასხდნენ და დაიწყეს დალევა. ღვინო რომ მოამთავრეს, კარადაში შეძვრნენ, კიდევ დაიწყეს ძებნა. კონიაკი ნახეს, ისიც გამოიღეს და დაიწყეს სმა. მე ვწევარ გაჭიმული გაუნძრევლად. სადღეგრძელო მაინც მითხრან. არა, ვინ გელაპარაკება?! დაამთავრეს ეს კონიაკიც, მერე ერთი ერთი მხრიდან მოადგა ჩემს საწოლს, მეორე – მეორე მხრიდან და ლეიბქვეშ დაიწყეს ხელების ფათური – რაღაცას ეძებენ. მე ვფართხალებ ლოგინზე – მაგდებენ რა, ლოგინიდან.
– მიშველეთ! – ვყვირი, მაგრამ, არავინ ჩანს. ექიმმა შემოიხედა, ამათი სიფათები რომ დაინახა, გაიღიმა და უკან გაბრუნდა.
– რა გინდათ, რას ეძებთ?
მე არ მელაპარაკებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან – ეს ისეთი ვინმეა, მნახველებისგან ფულიც ექნებაო. გაწამაწიაში მყოფმა ძლივს გავაჩერე – მაქვს ფული, მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთ. მანდ არ არის, სადაც ეძებთ, აგერ არის, თავქვეშ, ასწიეთ ბალიში და დაინახავთ-მეთქი. ასწიეს ბალიში, თავი გადამაგდებინეს, ორმოცდაათი მანეთი ნახეს და წავიდნენ – კარგად იყავიო. ისიც არ უკითხავთ, როგორ მიდის მკურნალობა, როდის გამოხვალო – აპა, აპ, აპ, აპ, მსგავსი არაფერი! აი, შენი ძმაკაცები რა მნახველები არიან. თქვენ ხომ ადამიანები არა ხართ, თქვენ მხეცები და ნადირები ხართ!
ზურაბ ქაფიანიძის მოგონებებიდან