როდის წარდგებიან ქართველი მაყურებლის წინაშე პატარა ვირტუოზები და რას გეგმავენ ისინი სამომავლოდ
11 წლის ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე ქალბატონ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ და მიშელ-სონის ფონდ „სოს ტაილენტის“ სტიპენდიანტები, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები არიან. მათ არაერთხელ ასახელეს საქართველო და სხვადასხვა ქვეყანაში მსმენელი თავიანთი შესრულებით გააოცეს.
– ილია, საინტერესოა, როდის და როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა – პირველად პიანინოსთან როდის დაჯექი?
ილია: შვიდი წლის რომ ვიყავი, მშობლებმა ხალხურ სიმღერაზე შემიყვანეს. იქ ფორტეპიანოს პედაგოგმა, ქალბატონმა ნანა სუთიძემ მომისმინა. მან გადაწყვიტა, რომ ფორტეპიანოზე მევლო და სულ რამდენიმე თვეში, კულტურის სამინისტროში, ქალბატონ ელისო ბოლქვაძის მიერ ჩატარებულ მოსმენაზე გავედი. ქალბატონმა ელისომ „სოს ტაილენტის“ ფონდში ჩამრიცხა.
– ახლახან საფრანგეთში, კონცერტზე იყავით. იქ რა ხდებოდა.
– ბატონ მიშელ-სონის „სოს ტაილენტის“ ფონდიდან წარგვადგინეს. კონცერტზე სულ ოთხი ბავშვი გამოვედით: მე, ბარბარე და ორიც – ლიტვიდან. „სოს ტაილენტის“ კონცერტებში ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ახლაც ძალიან კმაყოფილები ჩამოვედით. კონცერტი მარსელ დასის სასახლეში გაიმართა. ძალიან ლამაზი დარბაზებია, კედლები თითქოს მოოქრულია.
– რომელ კონკურსებში გაქვს მიღებული მონაწილეობა?
– ვმონაწილეობდი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე, მათ შორის თბილისის მერიის კონცერტზეც, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. ასევე, ნოდარ გაბუნიას სახელობის მუსიკის პირველ კონკურსზე, თბილისში გრანპრი დავიმსახურე. ფრანკფურტში კი ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონცერტზე „ოქროს კლავიშის“ მფლობელი გავხდი.
– რომელი კონცერტი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და რატომ?
– გასულ წელს საფრანგეთში, ბატონ მიშელ-სონის ფონდის „სოს ტაილენტიდან“ საფრანგეთში ვიყავით. იქ გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ავადმყოფ ადამიანებს. გვითხრეს, ისე უნდა დაუკრათ, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენო. კარგად დავუკარით და დიდი ოვაციებიც მოჰყვა. ახლახან საფრანგეთში რომ ვიყავით, იმ კონცერტიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო და მითხრა, რომ ჩვენმა გამოსვლამ ერთი ადამიანი უკვე გამოაჯანმრთელა. ძალიან გამიხარდა და ამით ბედნიერი ვარ.
– ბარბარე, შენ როდის დაიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა?
ბარბარე: ფორტეპიანოზე ხუთი წლის შევედი. ჩემი პირველი პედაგოგი იყო ნანა ჭყონია. 6 წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე შოპენის სახელობის კონკურსში, სადაც გავიცანი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. მას შემდეგ გამოვედი ახალგაზრდა პიანისტთა მეოთხე კონკურსზე, სადაც გადმომეცა იტალიის საელჩოს სპეციალური პრიზი და დავხურე გალა კონცერტი. წარმატებით დავუკარი ლიტვაში, კაუნასის ფესტივალზე. 2010 წლიდან ვარ ფონდ „სოს ტაილენტის“, ხოლო 2012 წლიდან ფონდ „ლირას“ სტიპენდიანტი. ამ ფონდების დახმარებით ვმონაწილეობ კონცერტებსა და მასტერკლასებში საქართველოსა და უცხოეთში.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– 5 თებერვალს იგეგმება კონცერტი ამსტერდამში, რომელზედაც საკმაოდ დიდი პროგრამა გვექნება. 17 თებერვალს კი მივფრინავთ ჟენევაში – კონცერტი გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება. იქ უკვე მეორედ დავუკრავთ. საგაზაფხულოდაც ბევრი გეგმა მაქვს.