რატომ მოიყვანა ცოლად ორმა იმპერატორმა ბაგრატ მეოთხის ასული
ძველად სამეფო ოჯახებს შორის დანათესავება პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვადასხვა ქვეყნის სამეფოები ასე აგვარებდნენ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას. ეს ერთგვარად, ზავის საშუალებაც იყო და ურთიერთაღიარებისაც. გარდა ამისა, ერთგვარი ვალდებულებაც გახლდათ – მეფეს მეფური წარმოშობის ასული უნდა მოეყვანა ცოლად და არა ქვეშევრდომი.
ბაგრატ მეოთხე 1027 წელს მცირეწლოვანი იყო, სულ 7–8 წლისა, მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებით უნდოდა, ესარგებლა ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე მერვეს, ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელის ძმას. მან საქართველოს წინააღმდეგ გააგრძელა თავისი ძმის აგრესიული პოლიტიკა. მისი გარდაცვალების მერე, 1028 წელს ტახტზე ავიდა რომანოზ მესამე არგირი, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე, ცოლად მოაყვანინეს კონსტანტინე მერვეს მეორე ასული, ზოია.
ბაგრატ მეფის დედა, დედოფალი მარიამ არწრუნი, (ვასპურაკანის სომხური სამეფოს მეფის, სენექერიმ არწრუნის შვილი) გაემგზავრა ბიზანტიაში და დაალაგა ურთიერთობები თავისი მცრეწლოვანი შვილის მაგივრად.
ბაგრატ მეოთხეს კურაპალატის წოდება მიანიჭეს და ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ მესამის ძმის, ბასილის ასული – ელენე მოჰგვარეს ცოლად. ქორწილი შედგა 1030 წელს, ბანაში.
სამწუხაროდ, ელენე დედოფალი მალე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ბაგრატ მეფემ ცოლად ითხოვა ოსთა მეფის, ურდურეს ასული და მომავალი მეფის, დორღოლელის და – ბორენა. ეს ნაბიჯიც პოლიტიკური იყო, ოსური სამხედრო რესურსის გამოყენების მიზნით, რაც მერე მართლაც კარგად გამოიყენა საქართველომ განძასთან ბრძოლაში. მეფე-დედოფალს – ბაგრატს და ბორენას შეეძინათ უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი მეორე) და პრინცესა მართა (და შეიძლება, კიდევ ერთი ასული მარიამი).
ბაგრატის პირველი ცოლის, დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ, ბიზანტიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ბიზანტია მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ბაგრატ მეოთხის მოწინააღმდეგე ფეოდალს, ლიპარიტ ბაღუაშს, რომელმაც რამდენჯერმე დაამარცხა თავისი ხელმწიფე.
ამ დროს მცირე აზიას შემოესივნენ თურქ-სელჩუკები. 1048 წელს ბიზანტიის იმპერიის ჯარები, რომელთაც ეხმარებოდა ლიპარიტ ბაღუაში, დაამარცხეს თურქებმა. ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა და ხორასანში წაიყვანეს.
ბაგრატ მეფემ ლიპარიტის ტყვეობით ისარგებლა, დაატყვევა ლიპარიტის ვაჟები – ივანე და ნიანია და დაიკავა უფლისციხე. შემდეგ ივანე გაათავისუფლა, ნიანია კი მძევლად დაიტოვა. ამასობაში ლიპარიტი თურქებმა გამოუშვეს. ის ანისში მივიდა და იქიდან გაემგზავრა ბიზანტიაში. რადგან იმპერატორისთვის ტყვედ ჩავარდა, დაუფასეს და საქართველოს შიდა არეულობისთვის ფულიც და ჯარიც მისცეს. მას ვეღარ აღუდგა წინ საქართველოს მეფე.
დაახლოებით 1052 წელს ბაგრატ მეფე იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყნის საქმეების მოსაგვარებლად ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მეცხრე – მონომახთან, რადგან ბიზანტიელები სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევდნენ მის მოწინააღმდეგე ლიპარიტ ბაღუაშს. მეფეს თან ახლა დედა-დედოფალი, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატი. წასვლის წინ ბაგრატ მეფემ თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი მეორე ქუთათისში თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.
მეფე და დედა-დედოფალი კონსტანტინოპოლში სამი წელი გააჩერეს „საპატიო“ მიზეზებით. პრინციპში, არც ბიზანტიის სამეფო კარს ჰქონდა დალაგებული სიტუაცია თავის სახელმწიფოში. იქ კიდევ უარესი მდგომარეობა იყო და სულ იცვლებოდა დინასტიები.
მეფე ბაგრატისა და დედა-დედოფალ მარიამის სანახავად ათონის წმიდა მთიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც საქმეებიც ჰქონდა კონსტანტინე მონომახთან.
მეფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს ასეთი წმიდა ადამიანის ხილვით. რა თქმა უნდა, ქართველ მეფეს ეხმარებოდა საქართველოს ეკლესიის დიდი მნათობი. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიაში.
დაემოწაფა დედოფალი მარიამი გიორგი ათონელს და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. მეფე ბაგრატმა სთხოვა გიორგი მთაწმინდელს ჩაებარებინა ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრა, სადაც თავისი საძვალე ეგულებოდა, მაგრამ წმინდა მამამ უარი უთხრა. მისი მთავარი მიზანი ქართველთა ბიბლიოთეკების საღვთო წიგნებით გამდიდრება იყო. გარდა ამისა, ამქვეყნიურ პატივს და მღვდელმთავრობას გაურბოდა.
ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ, – იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულმა, თავისი განსვენებული დის, ზოიასა და მისი მესამე ქმრის, იმპერატორ კონსტანტინე მეცხრის თანამმართველმა, კონსტანტინე მეცხრის გარდაცვალების მერე კი ერთპიროვნულმა იმპერატრიცამ, შესთავაზა ბაგრატ მეფეს, მე გავზრდი თქვენს ასულ მართასო. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს, ეს სიხარულით მიიღო ჩვენმა მეფემ, თუმცა, შესაძლოა, პატარა ქართველ პრინცესას, ერთგვარად, მძევლად დატოვება უნდოდათ ბერძნებს.
ამ დროს მოხდა საინტერესო რამ. როცა პატარა მართა ბაგრატიონი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იმ დღეს გარდაიცვალა დედოფალი თეოდორა. იმ მომენტში ბაგრატის დედა, მარიამ დედოფალი სასახლეში იყო. გიორგი მთაწმინდელიც იქ ყოფილა. სწორედ იმ წუთებში 6 წლის მართა ბაგრატის ასული სასახლეში მიუყვანიათ კონსტანტინოპოლის პორტიდან.
ეს რომ იხილა საქართველოს ეკლესიის მნათობმა, ყველას გასაგონად თქვა:
– „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“!
მართა ბატონიშვილი ცოტა ხანს გააჩერეს კონსტანტინოპოლში. ბაგრატ მეფეს იმპერიაში მიანიჭეს კურაპალატზე მაღალი ნობელისიმუსის, მერე კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ.
1056 წელს ბაგრატი სამშობლოში დაბრუნდა და დაამარცხა ლიპარიტი.
1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე მეათე დუკა. 1065 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ, თავისი შვილისა და მემკვიდრის, მიხეილისთვის მართა ბატონიშვილის ხელი ითხოვა.
ამ დროს ბაგრატ მეფე ძალიან საჭირო გახდა ბიზანტიისთვის, რადგან აღმოსავლეთში დიდი მარცხი განიცადეს ბერძნებმა თურქ-სელჩუკებისგან. ამ რეგიონში კი უძლიერესი ქრისტიანი ხელმწიფე ბაგრატ მეოთხე გახლდათ.
ყველას, ვისაც ახსოვდა გიორგი ათონელის სიტყვები 6 წლის ბატონიშვილ მართას შესახებ დედოფალ თეოდორას გარდაცვალების დღეს თქმული, უკვირდა ასე ახდენილი წინასწარმეტყველების.
1067 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე მეათე დუკა, მართას მამამთილი. მის დედამთილს მოეწონა ლამაზი აღნაგობის სახელგანთქმული მეომარი რომან დიოგენი და ქმრად დაისვა. მას რომან მეოთხე უწოდეს. ის სახელგანთქმული სარდალი იყო და ბიზანტია მასზე ამყარებდა იმედებს თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში. მან რამდენჯერმე მართლაც დაამარცხა სელჩუკები, მაგრამ 1071 წელს დუკებმა უღალატეს მანასკერტის ბრძოლაში და თურქებმა იმპერატორი რომან მეოთხე ტყვედ ჩაიგდეს. მართალია, მერე გამოუშვეს, მაგრამ ვერ შეძლო ტახტის დაბრუნება. იმპერატორი გახდა მიხეილ მეშვიდე დუკა, მართა ბაგრატიონის მეუღლე. ასე გახდა მართა ბაგრატიონი ბიზანტიის დედოფალი. მას მარიამი უწოდეს. ის განსაკუთრებულად ლამაზი ყოფილა – ძალიან განათლებული და კეთილი ადამიანი, საქართველოს დიდი პატრიოტი.
მარიამ დედოფალს და მიხეილ დუკას 1074 წელს შეეძინათ ვაჟი კონსტანტინე, რომელსაც პორფიროგენეტი უწოდეს.
მიხეილ მეშვიდე დუკა სუსტი იმპერატორი ყოფილა. 1078 წელს ის აიძულეს ბერად აღკვეცილიყო. ალექსი კომნენისა და კონსტანტინოპოლის არისტოკრატიის დახმარებით, ბიზანტიის კეისარი გახდა ნიკიფორე მესამე ბოტინიატე (1078–1081). ის უკვე საკმაოდ ასაკიანი იყო. გადატრიალებას რომ კანონიერი სახე ჰქონოდა, მან ცოლობა სთხოვა მარიამ დედოფალს და სამაგიეროდ შეჰპირდა ,მისი შვილი, კონსტანტინე პორფიროგენეტი გამოეცხადებინა მემკვიდრედ. მანამდე ნიკიფორე ორჯერ იყო დაქორწინებული.
მარიამ-მართას სხვა რა გზა ჰქონდა და დათანხმდა.
სამი წლის მერე, 1081 წელს ალექსი კომნენმა (კომნენოსმა) ნიკიფორე მესამე დაამხო და თავი ბიზანტიის კეისრად გამოაცხადა. მარიამ დედოფალს ალექსი კომნენი აშვილებინეს. ქართველი დედოფალი უკმაყოფილო იყო ნიკიფორე ბოტინიატეზე, რომელიც მის ვაჟს ტახტის თანამმართველად არ აცხადებდა. როგორც ჩანს, შვილის ინტერესების გამო, დედოფალი დაეხმარა ალექსი კომნენს. ახალმა იმპერატორმა, მართლაც, მარიამ ბაგრატიონის ვაჟი, კონსტანტინე დუკა თანამოსაყდრედ გამოაცხადა და როგორც კი ქალიშვილი, ანა კომნენი შეეძინა, მასზე დანიშნა.
კონსტანტინე უფლისწულის შესახებ შემდეგში ანა კომნენი წერდა: „ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ... როგორც ბუნების ძეგლი, ისეთი იყო ის ყმაწვილი და ღვთის ნახელარი საჩუქარი, თუ შეიძლება ასე ითქვას. თუ კი ვინმეს დაუნახავს მაინც, იტყოდა, რომ ეს ოქროს მოდგმის ნაშიერი არისო, როგორც ეს ელინურ მითებშია მოთხრობილი. ასეთი უბადლო სილამაზისა იყო“...
უფლისწულის აღზრდაზე ზრუნავდა ცნობილი ღვთისმეტყველი და მწერალი, წმიდა თეოფილაქტე ბულგარელი. ლიტერატურულ-დიდაქტიკური ტრაქტატიც კი დაუწერია მას უფლისწულის აღსაზრდელად – „სამეფო დარიგებანი“. სამწუხაროდ, კონსტანტინე დუკა სუსტი ჯანმრთელობის ყოფილა.
კონსტანტინეს თანამეფობა გაგრძელდა 1087 წლამდე. როცა ალექსის შეეძინა ვაჟი, ანასთან ნიშნობა გაუქმდა. კონსტანტინე პორფიროგენეტს კი ჩამოართვეს ტახტის მემკვიდრის უფლებები და დაითხოვეს სასახლიდან. მარიამ დედოფალი აიძულეს მონასტერში წასულიყო. თუმცა, ის არ ნებდებოდა და 1094 წელს ალექსი კომნენის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ.
მარიამ დედოფალი უცხოურ წყაროებში მარიამ ალანელის, ალანის სახელითაა ცნობილი, ალბათ იმიტომ, რომ მისი დედა ბორენა დედოფალი ოვსთა (ალანთა) მეფის ასული იყო. მის სილამაზეზე ანა კომნენოსი წერდა:
„დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა – ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას... ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ“.
დედოფალ მარიამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ ბერებთან და პოლიტიკოსებთან. ის უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისთვის. შესაწირავს უგზავნიდა ათონის ივერთა მონასტერს, სადაც სააღაპე წიგნში მისი მოსახსენიებელი შეიტანეს. დედოფალი მეგობრობდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან, აღმოსავლეთის დიდ დომესტიკოსთან, რომელმაც მის ძმას, საქართველოს მეფე გიორგი მეორეს ციხე-ქალაქი კარი (ყარსი) გადასცა. მარიამ დედოფალს უძღვნა თეოფილაქტე ბულგარელმა „იოანეს სახარების განმარტება“.
მარიამ დედოფალმა გააგრძელა დედამისის, ბორენა დედოფლის დაწყებული საქმე და სიონის მთაზე მშენებარე კაპათას მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა.
1096 წელს გარდაიცვალა მარიამ-მართას ერთადერთი ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი.
1104 წელს რუის-ურბნისის კრების დროს მართა-მარიამ დედოფალი საქართველოში ყოფილა თავის სათაყვანებელ ძმასთან, გიორგი მეორესთან და ძმისწულთან, დავით აღმაშენებელთან. გარდაიცვალა დაახლოებით 1118 წელს.