ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რამდენად სარისკოა ბაზარში ლეკვის ყიდვა?
პასუხი: ნამდვილად სარისკოა, რადგან, ბაზარში არასტერილური გარემოა და ათასი გადამყიდველის ხელში გადადის ძაღლი. ასე რომ, ჯობია, ცხოველი ვეტერინარის თანდასწრებით, ან შერჩევით შეიძინოთ. ასევე, ასეთ ადგილებში სათუოა სუფთა ჯიშის შეძენაც, რადგან ბაზარში ყველა ტიპის ძაღლი იყიდება – ჯიშიანიც და უჯიშოც. ამიტომ, ამ საქმეში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კომპეტენტური პირის რეკომენდაცია და მისი თანდასწრებით შეიძინოთ ლეკვი.
კითხვა: მაინტერესებს, ადამიანის სხეულის რა ნაწილზეა უფრო საშიში ძაღლის ნაკბენი?
პასუხი: თუ ძაღლი დაგკბენთ, უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ ეს. საშიში ადგილები კი სხეულზე ნამდვილად არსებობს და ესენია: ხელის თითები, ცხვირ-სახე, თავი, გამრავლების ორგანოები, ნერვული დაბოლოებები. დანარჩენი კი მეორე კატეგორიის დაინფიცირებად ითვლება.
კითხვა: ჩემს ძაღლს ქერტლი გაუჩნდა და ვერაფრით ვეღარ მოვაშორე. თუ შეიძლება, მითხარით, რა უჩენს ძაღლს ქერტლს და როგორ უნდა მოვაშოროთ?
პასუხი: ერთი მხრივ, ქერტლის დროს ცხოველის გარეგნულ შესახედაობას არ აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი და იმავე დაავადების შემთხვევაში, შეიძლება, სხვადასხვა ცხოველს ქერტლი სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სახით გაუჩნდეს. ქერტლი არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მაგალითად: პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ვირუსული დაავადებების, ასევე, კერატიზაციის დარღვევის შემთხვევაში, ცუდი მოვლა-შენახვის პირობებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება მკურნალობას, უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც ცხოველს დაათვალიერებს, სათანადო დიაგნოზს დაუსვამს და მკურნალობასაც დაუნიშნავს.