ფლორის სამყაროში
კითხვა: რა ტემპერატურაა სასურველი სინგონიუმისთვის?
პასუხი: კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში მცენარეს მაღალი ტენიანობა სჭირდება. მიწა მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა უნდა აცადოთ.
კითხვა: როგორ გავამრავლო ეონიუმი?
პასუხი: ამ მცენარის გასამრავლებლად საჭიროა მოაცალოთ როზეტები და ტენიან, ქვიშიან ნიადაგში ჩარგათ. როდესაც გაიზრდება, მყარად რომ იდგეს, მოზრდილ და მძიმე ქოთანში მოათავსეთ.
კითხვა: ვერაფრით ვერ გავზარდე კალათეა. მაინტერესებს მიზეზი, ან, მირჩიეთ, რა პირობები შევუქმნა, რომ გაიზარდოს?
პასუხი: კალათეა უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს. ამ მცენარეს, ასევე, არ მოსწონს სიცხე და სიმშრალე. თუ მზის გულს მოარიდებთ და ფესვებს ხშირად დაუტენიანებთ, კალათეა მშვენივრად გაიზრდება და პრობლემებს აღარ შეგიქმნით. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად ხშირად გაწმინდეთ ხოლმე, კერძოდ, წმენდისას მცენარე ამოაყირავეთ და ფოთლები წყლიან ჯამში გაავლეთ.
კითხვა: რომელ მცენარეს მირჩევდით ჩაბნელებულ ადგილებში დასადგმელად?
პასუხი: ერთი შეხედვით, შეიძლება, შეუძლებელი გეჩვენოთ ისეთი მცენარის პოვნა, რომელიც ბინის იმ ადგილას იხარებს, სადაც განათება სუსტია ან სულ არ არის, მაგალითად, კიბის ქვეშ ან ჰოლში. მაგრამ, დიდი და მუქი ფოთლების მქონე ზოგიერთი მცენარე მიჩვეულია ბუნებაში მაღალ მეზობლებთან ცხოვრებას და ამიტომ ის მშვენივრად ერგება ოთახის ჩაბნელებულ კუთხეებს. ასეთი მცენარეებია: დრაცენა, ასპიდისტრა, ადიანტუმი და მონსტერა.
კითხვა: რისთვის არის საჭირო ნერტერას დანამვა?
პასუხი: დანამვა საჭიროა მცენარის ნაყოფის განვითარებამდე. ეს პროცესი მას უფრო მოუმატებს ტენს. რაც ხელს შეუწყობს ნერტერას ყვავილობასა და კენკრის სწრაფად დამწიფებას. ყვავილობის პერიოდშიც და განსაკუთრებით – ზაფხულში, მცენარის ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს.
კითხვა: როგორ იტანს მანდევილა სიმშრალეს?
პასუხი: მანდევილას ნიადაგი არასდროს მშრალი არ უნდა იყოს. ზრდის პერიოდში რეგულარულად უნდა მორწყათ ხოლმე. მას მიწა ყოველდღიურად უნდა შეუმოწმოთ, რომ არ გამოშრეს. მართალია, ზამთარში იშვიათად სჭირდება მორწყვა, მაგრამ, ნიადაგი ამ დროსაც არ უნდა იყოს მშრალი. ტენი მანდევილას მარადმწვანე ფოთლების შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
კითხვა: ფინიკის პალმაზე ჩრდილი ცუდად ხომ არ მოქმედებს? ვამჩნევ, რომ კარგად ვერ ხარობს.
პასუხი: თუ თქვენ ჩრდილში გიდგათ ეს მცენარე, ის მართლაც ვერ გაიხარებს. მისი გამძლე ფოთლები მზეს იტანს, მაგრამ ჩრდილს – ვერა, ამიტომ, კარგად განათებულ ადგილას უნდა დადგათ. გირჩევთ, რომ ფინიკის პალმა ზამთრის ბაღში გადაიტანოთ.
კითხვა: ბინაში მაქვს საკმაოდ კარგად გახარებული სენეციო. მეშინია, რომ ზამთრის სიცივემ არ დააზიანოს. ხომ ვერ მეტყვით, რა ზომები მივიღო?
პასუხი: სენეციოს სითბო და მზეზე ყოფნა ნამდვილად მოსწონს. საერთოდ, მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ეცადეთ, რომ ზამთარში 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, რათა ზედმეტმა სიცივემ მცენარე არ დააზიანოს. გრილ დღეებში ერიდეთ მის ხშირ მორწყვას.