როგორ შეიძლება გახდეს აირბაგი სერიოზული ავარიის მიზეზი
ძალიან ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს ჩვენს ავტომობილებში ჩამონტაჟებული აირბაგები, რომლებიც, ზოგჯერ გვიცავს, ზოგჯერ კი სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს. როდის არის ყველაზე ეფექტური აირბაგის მოქმედება და რა უნდა ვიცოდეთ დამცავი საშუალებით აღჭურვილი მანქანის ყოლის შემთხვევაში, ამის გარკვევას პროფესიონალ მრბოლელთან, მევლუდ მელაძესთან შევეცადეთ: უდავოა, რომ ავტომობილში ჩამონტაჟებული აირბაგი უსაფრთხოებას ზრდის – უამრავი ტესტით, ექსპერიმენტით არის შემოწმებული მისი ავკარგიანობა. აირბაგის გამოგონება მანქანების წარმოებაში რევოლუციის ტოლფასი იყო, მაგრამ, „პირველყოფილი“ აირბაგები ძალიან ბევრ უბედურ შემთხვევას იწვევს. იყო შემთხვევები, როდესაც აირბაგმა წინა სავარძელზე მჯდარი ბავშვი მოკლა, მას ისეთი სიმძლავრით დაეჯახა. ამის შემდეგ უკვე დაიწყო ამ მოწყობილობის დახვეწა და იდეალურობამდე მიყვანა. როდესაც ავტომობილი რაღაცას ეჯახება, მანამ, სანამ ინერციით წინ წასული ჩვენი სხეული ავტომობილის რომელიმე დეტალს შეეჯახება, გაშლილი აირბაგი ამ ინერციას ასწრებს და დაჯახებამდე იკავებს ადამიანს.
– რა არის აირბაგი, რისგან შედგება ის?
– ეს არის საკმაოდ ძლიერი, სქელი ქსოვილი, შეიძლება ითქვას, ბრეზენტის მსგავსი, ოღონდ, უფრო დახვეწილი. ის გარკვეული სახეობის გაზით იბერება, რომელიც ნელ-ნელა იწყებს დაჩუტვას. იმისთვის, რომ გაზი დროზე ადრე არ გამოიპაროს ბალიშიდან, ის გარკვეულ ფხვნილსაც შეიცავს, რომელმაც, შეიძლება, თავბრუც დაგვახვიოს. ალბათ, ყველას გვითამაშია, სველი პირსახოცით, ბოლოს რომ შემოიქნევ და ძალიან მტკივნეულად მოგხვდება; ასევეა აირბაგი, როდესაც შენც წინ ხარ წაწეული, მაშინ „გემრიელად” გეფინება სახეზე, სხვა შემთხვევაში კი, სახეზე პატარა სილურჯეებს დაგვიტოვებს. ეს იმის ბრალიცაა, რომ საქართველოში ძველი, გარემონტებული ავტომობილებით დავდივართ, ასეთ დროს კი აირბაგის სენსორები ირევა და მას უჭირს დარტყმის სიმძლავრის გამოცნობა. ძალიან ბევრი მძღოლი ანთებული აირბაგებით დადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდნავი შეხებაც კი საკმარისია მისი ამოქმედებისთვის, ან, პირიქით, შეიძლება, საერთოდ არ გაიხსნას.
– როდის მოქმედებს აირბაგი ცუდად?
– აირბაგი უპრობლემოდ ეხმარება ჩვენს უსაფრთხოებას, მაგრამ, ის არასწორად არ უნდა გამოვიყენოთ. პირველია ის, რომ, როდესაც ჩვენ ღვედი არ გვაქვს შეკრული, დარტყმა არასწორი კუთხით ხდება. არ მბეზრდება იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეკრული ღვედი თუნდაც ქალაქში მოძრაობისას. ასეთ შემთხვევაში, დარტყმის დროს, შეიძლება, გვერდზე გადავარდეთ და, გარდა ამისა, აირბაგმა იმდენად შეგიცვალოთ მიმართულება, რომ სავალალო შედეგებამდე მიხვიდეთ. გვერდიდან დარტყმა ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა. თუ, ვთქვათ, დარტყმა გვერდიდან იყო, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, გავითიშოთ და ავტომობილმა კონტროლის გარეშე განაგრძოს სვლა მანამ, სანამ რაღაც არ გააჩერებს, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის. მცდარია ის მოსაზრება, რომ, თუ ღვედი არ შეიკარი, აირბაგი არ იხსნება. აირბაგი ნებისმიერ შემთხვეაში იხსნება, უბრალოდ, ღვედი მის სწორად მუშაობას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი რაღაც უნდა დავამატო ღვედთან დაკავშირებით: ზოგს, უბრალოდ, „უტყდება“ ღვედის შეკვრა; ზოგი ამბობს, ისე სწრაფად არ დავდივარ, რომ ღვედი მჭირდებოდესო. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. თბილისში, მინიმუმ, 50 კილომეტრ საათში სიჩქარით ყველა დადის, მით უფრო – სანაპიროზე. ვთქვათ, ჩვენ ამ სიჩქარით მივდივართ სანაპიროზე და საპირისპირო მხარეს იმავე სიჩქარით მოდის ავტომობილი, რომელსაც შემთხვევით რომელიღაც სავალი ნაწილი გაუფუჭდა და, იმის მაგივრად, რომ გვერდით ჩაევლო, პირდაპირ ჩვენ გვეჯახება – „მკვდარ დარტყმას” ახორციელებს, ანუ, ცხვირი ცხვირშია. გამოვიდა, რომ მისმა ორმოცდაათმა და ჩვენმა ორმოცდაათმა, ასი კილომეტრ-საათი სიჩქარე შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი სისწრაფეა ადამიანისთვის. გვერდიდან შეტაკება იმდენად საშიში არ არის – შეიძლება გავარტყათ რაღაცას, შემოგვაბზრიალოს, და კიდევ რაღაცას შევეჯახოთ, მაგრამ, საბოლოო დარტყმა დაბალ სიჩქარეზე ხდება. ამიტომ, მწარმოებლები ცდილობენ, რომ უსაფრთხოება მანქანის წინა მხრიდან დარტყმის დროს გაზარდონ, რადგან, მსგავსი შეჯახებისას, შესაძლოა, ორმაგი სიჩქარე აღმოჩნდეს. შესაბამისად, აირბაგიც ისეა მოწყობილი, რომ პირდაპირი დარტყმის დროს მოქმედებს ზუსტად. ავტომობილის წინა მხარეც კარგადაა გამაგრებული. ამიტომ, როდესაც ან მოვცურდებით, ან სხვა რამე გამოუვალი მდგომარეობა იქნება, როდესაც უკვე შეჯახება გარდაუვალია, მაქსიმალურად ეცადეთ, დარტყმა წინა მხრიდან განახორციელოთ – ამ დროს აირბაგიც კარგად იმოქმედებს.