ინტიმური საუბრები
დავივიწყოთ ყველა პირადი პრობლემა და გასაჭირი
წარმომიდგენია, რა ლანძღვა-გინების კორიანტელს გამოუშვებენ ჩემკენ მკითხველები, როცა ჩემი წერილის შინაარსს გაეცნობიან. კიდევ კარგი, მისამართს არ ვწერ, თორემ, ალბათ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლში მომივარდებოდა და, ალბათ, შუაზე გამგლეჯდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვაცხადო, რომ ახალი წელი ჩემთვის სულაც არ არის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული დღესასწაული. თუ ჩემი არ გჯერათ, აბა, კარგად დაფიქრდით: რას ვზეიმობთ, დასასრულის მოახლოებას? რა, ასე არ არის? ყოველი გასული წელიწადი ხომ ერთი წლით გვაახლოებს დასასრულთან?
ვიცი, რომ ძალიან პესიმისტურად ჟღერს ჩემი სიტყვები და, შეიძლება, ვიღაცამ მეტიჩრობაში ჩამითვალოს, მაგრამ, ყველა ოპტიმისტი ხომ ვერ იქნება?! მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, თავისთავად, რისგან შედგება ჩვენი ზეიმი? – ჩაზნექილი სუფრებისგან (აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ოჯახის სუფრა თითქმის ერთი და იგივე კერძებისგან შედგება და უკვე გული გერევა საცივისა თუ „ოლივიეს“ დანახვაზეც კი). მთელი ორი კვირის განმავლობაში სიმთვრალით გამოშტერებული, შეწითლებულ-შეშუპებული მამაკაცებისა და გაზქურასთან ტრიალით დაღლილი, გამოუძინებელი დიასახლისების სახეებისგან. განსაკუთრებით კი, იცით, რა მაღიზიანებს წინასაახალწლო და ახალი წლის პირველი-ორი კვირის განმავლობაში? ახლავე გეტყვით და, იმედს ვიტოვებ, რომ ამაში მაინც დამეთანხმება თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი: მაღიზიანებს ვითომდა საზეიმოდ მორთული ჩემი დედაქალაქი: მთავრობის სასახლის წინ დადგმული გაურკვეველი წარმომავლობისა და გარეგნობის უზარმაზარი „მახინა“, რომელსაც, რატომღაც, „ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე“ დაარქვეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადად ხესთან და, კონკრეტულად – ნაძვთან; ქუჩებში ჩამოკიდებული უზარმაზარი ჭაღები, რომლებიც მოწყენით ბჟუტავენ, რადგან, დანაგვიანებული რუხი ქუჩებისა და მოქალაქეთა ასევე რუხი გამომეტყველების ფონზე, სულაც არ ეხალისებათ, იჩახჩახონ და ნაძალადევი, ხელოვნური მხიარულება მოჰფინონ დღესასწაულისთვის უცხო სიჩუმეს, რომელიც თბილისის დაცარიელებულ ქუჩებში გამეფებულა...
მაპატიეთ, ჩემო თანამოქალაქეებო, სევდიანი განწყობა თუ შემოვიტანე თქვენს გულებში ამ საახალწლო დღეებში, მაგრამ, ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ მინდა, საახალწლო დღეები და საახალწლო განწყობა მაინც იყოს სხვანაირი ჩემს თბილისში და მთლიანად საქართველოში.
ვზეიმობთ ახალ წელს? კი ბატონო, ვიზეიმოთ, ოღონდ, ასე უღიმღამოდ, ასე ფორმალურად, ასე გოიმურად კი არა, ვიზეიმოთ მთელი გულით, მთელი არსებით; თუნდაც ორი დღით დავივიწყოთ ყველა პირადი პრობლემა და გასაჭირი, კარი გამოვუკეტოთ დარდსა და მწუხარებას; გამოვიდეთ გარეთ, ვიცინოთ, ვიმღეროთ მთელი ხმით და გავაცინოთ და ავამღეროთ ისიც, ვისაც სულაც არ ეცინება და ემღერება; ვიცეკვოთ და ვაცეკვოთ ისიც, ვისაც არ ემღერება; ნაცნობს და უცნობს მთელი გულით მივულოცოთ ახალი წლის დადგომა, ფართოდ გავუღიმოთ და იმედი ჩავუნერგოთ, რომ ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება და, ეგებ, მართლაც შეიცვალოს მერე ყველაფერი; ეგებ ჩვენს ქუჩაზეც დადგეს გაზაფხული – მაშინ, მეც აღარ ვიქნები პესიმისტი; მაშინ ყველაზე მხიარული და ბედნიერი კაცი გავხდები და ჩემს ბედნიერებას მთელ საქართველოს გავუნაწილებ.
პაატა, 30 წლის.
ამ ახალ წელს სასწაულს ველი
ბავშვობიდან მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა და დამჯერ ბავშვებს ყველა ოცნებას უსრულებდა, თუმცა, ძალიან დიდი სურვილის მიუხედავად, ვერცერთხელ ვერ გავუგზავნე წერილი, რადგან, მე თვითონ არ ვიცოდი, სად და როგორ უნდა გამეგზავნა, მშობლებს კი ვერ ვეკითხებოდი, რადგან, მეშინოდა, არ დაეცინათ. ამიტომ ეს ოცნება განუხორციელებელი დამრჩა, ამის გაკეთების სურვილი კი დიდობაშიც გამომყვა, თუმცა, რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუის არსებობა აღარ მჯეროდა, მაგრამ, ახალი წლის ღამეს თუ არა, მეორე დღეს მაინც, სასწაულის მოხდენას ნამდვილად ყოველ 31 დეკემბერს ველოდი. მერე მივხვდი, რომ ეს სასწაული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ რაღაცას ძალიან-ძალიან მოვისურვებდი. ყველაზე დიდი სასწაული კი ის იქნებოდა, რომ რამდენიმე წლის წინ ოჯახიდან წასული მამა დაბრუნებულიყო და ისევ ერთ ოჯახად გვეცხოვრა. ისე შემიპყრო და ამიტაცა ამ სურვილმა, რომ დეკემბრის ბოლო რამდენიმე დღე მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი და ამ ფიქრებით დავიძინე 1 იანვრის გამთენიისას. სიზმარში რა ვნახე, არ მახსოვს, მაგრამ, მახსოვს, როგორ შემიხტა გული სიხარულისგან, როცა ძილში მამაჩემის ხმა ჩამესმა. ჯერ მეგონა, მესიზმრება-მეთქი და შიშით თვალებს ვერ ვახელდი, რომ ეს სიზმარი არ გამქრალიყო, მაგრამ, როცა თავზე ხელის გადასმა და შუბლზე კოცნა ვიგრძენი, მაშინვე დავაჭყიტე თვალები და, ჩემს სახესთან დახრილი მამას ალერსიანი მზერა რომ დავინახე, უცებ გამიარა მღელვარებამ და დიდი ადამიანივით მშვიდად ვუთხარი: ვიცოდი, რომ დღეს მოხვიდოდი. ეს მე დაგიძახე და ახლა არსად აღარ გაგიშვებ-მეთქი. მართლაც, მამა ჩვენგან აღარ წასულა და დღემდე ტკბილ ოჯახად ვცხოვრობთ.
მას შემდეგ ათი წელი გავიდა. მაშინ 13 წლის ბავშვი ვიყავი, ახლა კი 23 წლის ვარ და სულ სხვა სასწაულს ველი – მინდა, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს ბიჭი, რომელიც მთელი გულით შემიყვარებს. უფლისწული და თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი კი არ მინდა, ველი ჩვეულებრივ, ნორმალურ და წესიერ, ნამდვილ მამაკაცს, რომელსაც ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ და მეყვარება ისეთი, როგორიც იქნება. ზოგი გოგოსთვის შეიძლება, ეს სულაც არ იყოს სასწაული და შეიძლება, ბევრმა დამცინოს კიდეც ამ წერილის წაკითხვისას, მაგრამ, იცინონ, რამდენიც უნდათ და, თუნდაც გამამტყუნონ, რომ ასეთ რამეს საქვეყნოდ ვწერ, მაგრამ, მე სულაც არ მრცხვენია არც ჩემი ოცნებისა და არც ჩემი გრძნობის. ვინც გამკილავს და გამამტყუნებს, თავისი ნებაა, რაც უნდა, ის უქნია, მაგრამ, მე სულაც არ მრცხვენია არც ჩემი ოცნების და არც ჩემი გრძნობების, რადგან მათში ცუდი არაფერი იმალება.
ვინც გამკილავს და გამამტყუნებს, თავისი ნებაა, რაც უნდა, ის უქნია, მაგრამ, ვინც გამიგებს, ვუსურვებ, მასაც ისევე აუხდეს ყველაზე მთავარი ოცნება, როგორც მე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს სულ რაღაც ერთ კვირაში მოხდება.
თათა, 23 წლის.