რა ინფორმაციას სძალავდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3 და 7 წლის გოგონებს პოლიციელები კანფეტებისა და წითელი „ტუფლების” სანაცვლოდ
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრება აღსავსე იყო განსაცდელით, ფათერაკებითა თუ ცხოვრებისეული გამოცდებით. ისტორიამ ის თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს სიმბოლოდ შერაცხა.
ქაქუცა, იგივე ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო დედისერთა ნინო მეღვინეთუხუცესი, ილია მეღვინეთუხუცესისა და ანა ავალიშვილის ქალიშვილი. მათ იქორწინეს 1913 წელს. ქაქუცას და ნინოს 2 ქალიშვილი შეეძინათ – ციცნა და ქეთევანი.
1921 წელს საქართველოს ეროვნული უბედურება დაატყდა თავს – რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო. მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისთვის. მოსალოდნელ ბრძოლებზე თბილისში მოელაპარაკა ილია ჭავჭავაძის დისშვილს, კოტე აფხაზს. შემდეგ კახეთში წავიდა და პირველი მებრძოლების ჯგუფი შეადგინა, რომლის წევრებსაც „საქართველოს შეფიცულები“ ერქვათ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დაგზავნა. საქართველოში ტერორი მძვინვარებდა. საეჭვო პირებს იჭერდნენ, განსაკუთრებით სამხედროებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი დასაჭერთა სიაში პირველი ეწერა. ის იძულებული გახდა, თავის შეფიცულებთან ერთად 1922 წლის 12 მარტს ტყეში გასულიყო.
აი, რას წერს ალექსანდრე სულხანიშვილი თავის მოგონებებში შეფიცულთა რაზმზე: „ფიცი გვქონდა დადებული, რომ საერთოდ არ უნდა დაგველია სასმელი. ჩვენ ეს წესი მტკიცე ტრადიციად დავდეთ და მიუხედავად იმისა, რომ იმდენი ღვინოს მიღება შეგვეძლო, რამდენსაც მოვისურვებდით, იშვიათად თუ მოჰქონდათ ჩვენთან, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თვითონ შევუთვლიდით. ღვინოს რომ მოგვიტანდნენ ხოლმე, მეტწილად დღესასწაულებზე, თითო ან ოროლა პაწია ყანწის მეტს არ შევსვამდით. ისეთნაირად გავატარეთ მთელი ჩვენი ბრძოლები, ეს ფიცი თითქმის არავის გაუტეხავს.
ასევე იყო ქალებთან დამოკიდებულებაშიც. შეფიცულებს ხშირად უხდებოდათ ოჯახებში შესვლა სანოვაგის ან საცვლების გამოსატანად. ვაი იმის დღეს, თუ რომელიმე მათგანი ცუდის თვალით შეხედავდა ვისიმე ცოლს, ქალიშვილს, ანდა დას. ამნაირად, ჩვენს რაზმში რიგიანად იყო დაცული დისციპლინა“.
1922 წლის ივნისში ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა საქართველოს მრავალწლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
ამავე წელს აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. წითელმა არმიამ ხევსურეთი გადაწვა, მაგრამ ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის მოხელთება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილოკავკასიელებთან გაება კავშირი. ჩეჩნეთიდან რამდენიმე თვეში დაბრუნების შემდეგ, მას ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილები. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გოგონები 3 და 7 წლისანი ყოფილან. ისინი სახლში დაურიგებიათ, არაფერი მოუყვეთ, მარტო ტყუილი უთხარით პოლიციელებსო. თურმე, ისინი ჰპირდებოდნენ: კანფეტებს მოგცემთ, წითელ „ტუფლებს“ გიყიდით, ოღონდ მოგვიყევით მამა თუ მოდის ხოლმე სახლშიო.
ქაქუცას უთვლიდნენ: ცოლ-შვილს მოგიკლავთ, ციცნას ცეცხლს წავუკიდებთ, ქეთიას დავახრჩობთო... ქაქუცამ შემოუთვალა: მაგ ბინძური წესებით ნუ მეომებით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო! მოკლედ, სამივენი გადაიყვანეს მეტეხის ციხეში და ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტია, რომ პატარა ქეთიას, თურმე ციხის სარკმელთან, რაფაზე აყენებდნენ. მას გისოსებს აქეთ მთელი ნათესაობა ტაშს უკრავდა, ქეთია კი მათ საკნიდან უმღეროდა და ცეკვავდა.
მოგვიანებით, ნინო ლავრენტი ბერიას დაუბარებია, რომელიც იმხანად არ იყო მაინცდამაინც დიდი და ცნობილი ჩინოვნიკი. მას ნინოსთვის უთქვამს: შენ დახვრეტა გემუქრება და ისევ და ისევ ბავშვების სასიკეთოდ, პატარები ჩვენ გადმოგვეციო. მათაც არ უნდოდათ ბავშვები ციხეში. ნინოს მოფიქრების დრო მისცეს. ნათესაობაში ჯანდიერის ქალი ყოფილა, მას უთქვამს: არაფრით არ დათანხმდე ბერიას წინადადებას, ბავშვებს ვერაფრით ვერ წაგართმევენო. ნინო ასეც მოიქცა. ცოტა ხანში კი ლენინის ბრძანებაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც, კონტრრევოლუციონერების ოჯახებზე შურისმაძიებლური ქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ამის შემდეგ, ნინო ციხეში დარჩა, შვილიშვილები კი ილია მეღვინეთუხუცესმა წაიყვანა. დაახლოებით ორ თვეში ილია სახლიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს. ბავშვები უპატრონოდ დარჩნენ. პატარები მალულად საქათმეში დამალა ილიას მოურავმა და გააფრთხილა: თუ ვინმე მოვიდა, უთხარით, რომ თქვენით შემოიპარეთ და დაიმალეთ ამ საქათმეშიო. გარკვეული ხნის განმავლობაში ასე მალავდა, – უზიდავდა პურს, გუდის ყველს... მთელ ნათესაობას გული უკვდებოდა და ბავშვების დახმარებას ვერავინ ბედავდა. ამის შემდეგ გამოჩნდა ილიას მეუღლე ანეტა. მან წაიყვანა ბავშვები თბილისში. მალე ნინოც გაათავისუფლეს.
1924 წელს ჩოლოყაშვილი მანგლისის მიდამოებში დაბანაკდა. ამავე წლის 24 აგვისტოს თბილისიდან მის ბანაკში გადავიდნენ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ და გენერალი ჭავჭავაძე. 28 აგვისტოს ქაქუცამ აჯანყების დროშა ჩაიბარა. 1924 წლის 29 აგვისტოს დაიწყო აჯანყება საქართველოს თავისუფლებისთვის, მაგრამ აჯანყება დამარცხდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი მებრძოლები იძულებულნი გახნენ, სამშობლო დაეტოვებინათ.
1924 წლისთვის, ბოლო მომენტში მთელი დამკომი ქაქუცასთან ყოფილა ტყეში ასული და როგორც ალექსანდრე სულხანიშვილი ყვებოდა, შეუთავაზებიათ: ფული ამათ არ დაუტოვოთ, თან წაიღეთო. ქაქუცას უთქვამს: ისედაც ცდილობენ, რომ გაგვაშაონ, ბანდიტებს გვეძახიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. ეს რომ გავაკეთოთ, შეიძლება, ვეღარც მოვიშოროთ სამარცხვინო ლაქაო. ამიტომ ქვეყნიდან საერთოდ უფულოდ გასულან.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 30 თანამებრძოლთან ერთად ტრაპიზონში ჩავიდა, საიდანაც გეზი საფრანგეთისკენ აიღო. საფრანგეთში ის ცხოვრობდა საქართველოს ემიგრირებული მთავრობის რეზიდენციაში. ამის შემდეგ 6 წელი იცოცხლა საფრანგეთში. გარდაიცვალა 1930 წელს, 41 წლის ასაკში. ის ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.
სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალექსანდრე სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისთვის გადაეცა. ქაიხოსროს სურვილი იყო, მისი ცხედარი დაეწვათ, რათა ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.
გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ ასრულდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოცნება. 2005 წლის 21 ნოემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.