რა შოკი და ფოიერვერკი ელოდება მოსკოვს 2015 წელს მარია მათურელისგან და რატომ დადიან რუსეთის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მის შოუ-რუმში
მარია მათურელი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ, უკვე ძალიან წარმატებული ფოტოგრაფი და დიზაინერია. მისი ბრენდი, MATURELLI, მოსკოვში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ნიჭიერი ქართველი დიზაინერის ულამაზეს ექსკლუზიურ კაბებს არაერთი რუსი ვარსკვლავი იცვამს. მუდმივად სიახლეების მოყვარული მარია მხოლოდ ფოტოგრაფიითა და დიზაინერობით არ შემოიფარგლა და ფერწერასაც მოჰკიდა ხელი. მისი საკმაოდ საინტერესო ნახატები ღრმა შინაარსითა და ფერთა ორიგინალური შეხამებით გამოირჩევა.
მარია მათურელი: ძალიან მომენატრა ჩემი საქართველო, თბილისი. რამდენიმე დღეა, აქ ვარ და ვტკბები არქიტექტურით, ბუნების ფერებით და ეს ყველაფერი ჩემი შთაგონება ხდება. თან, ჩემს შემოქმედებაში ახალი ეტაპია – დავინტერესდი ფერწერით. შეიძლება, ეს ჩემი ფესვებია, რომელიც სისხლში მაქვს და ნელ-ნელა ვლინდება, რადგან, ჩემი მამა და ბიძა მხატვრები არიან, ანუ, მამის მხრიდან შტო – ყველანი ხელოვანები არიან. მე ჯერ ფოტოგრაფიით დავიწყე, შემდეგ დიზაინით დავინტერესდი, ახლა კი, უკვე – ხატვით. ხატვაში ჯერჯერობით ვეძებ ჩემს სტილს, საკუთარ თავს და ეს პროცესია გრძნობა და ემოციები. ამ კუთხით საკუთარ თავს ვსწავლობ. თითოეული ადამიანი დამოუკიდებელი პლანეტაა და მასში ბევრი მრავალფეროვნებაა. ჩვენ ხშირად ისიც კი არ ვიცით, ჩვენ შიგნით რა არის.
ახლა ვმუშაობ როგორც ფოტოსურათების, ასევე, ფერწერული ტილოების გამოფენაზეც. ეს იქნება დიდი პროექტი, რომელზეც დიდ ხანს ვფიქრობდი. უკვე შევარჩიე ნახატები და ფოტოები, მუშაობის პროცესში ვარ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, 24 საათი არ მყოფნის, ღამითაც ვხატავ. როდესაც ხატავ რეალობას, ამ სამყაროს ეთიშები, თითქოს სხვა განზომილებაში გადადიხარ და დროც მიფრინავს. ყველაფერი, რითიც ვარ დაკავებული, არ არის მხოლოდ ჩემი სამსახური, ეს ჩემი ცხოვრებაა, ის, რაც ჩემ შიგნით არის. ახალი კოლექციაც, რომელზეც ახლა ვმუშაობ, სულ სხვა სტილია, სხვა დიზაინი. ვფიქრობ, გაგაოცებთ.
– ესეც შენი სტილი და ცხოვრების წესი გახდა – მუდმივად აოცებ ხალხს, მთელი მოსკოვის გაოცება და შოკირებაც მოახერხე. ალბათ, ყოველთვის დიდია შენი შემოქმედების მიმართ ინტერესი.
– მიყვარს ადამიანების გაოცება და დაინტრიგება. ჩემთვის ადვილია მოსკოვის გაოცება – მე ხომ პროფესიონალი ვარ ინტრიგებში. ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვთ: რას შევთავაზებ, რას გავაკეთებ. შემოქმედებაში პატარა პაუზა მქონდა, დაახლოებით ერთთვიანი, თუმცა, ეს, შეიძლება, მხოლოდ მე ვიგრძენი და სხვებს არც უგრძნიათ, რადგან, მუდმივად ვმუშაობთ, სულ ჩართულები ვართ; უბრალოდ, მე „შიგნით” მქონდა გარკვეული პაუზა და სწორედ ამ პაუზამ განაპირობა ის, რომ ჩემში მხატვარმა გაიღვიძა – ალბათ, ეს იყო რაღაც ახლის დასაწყისი... რაც შეეხება გამოფენას, მოეწყობა მოსკოვში, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო საგამოფენო სივრცეში.
– ვფიქრობ, არ არის ადვილი, ქართველი დიზაინერი ასეთი ცნობილი და წარმატებული გახდეს მოსკოვში. როგორც ვიცი, სხვადასხვა წვეულებაზე რუსი ვარსკვლავები „მათურელის“ სამოსით მიდიან; შენი სამოსი იბეჭდება OK-ში, HELLO-ში; შენ შესახებ ხშირად წერს რუსული პრესა, აშუქებს ტელევიზია. ისიც გავიგე, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობი მარინა ორლოვა „ჰოლივუდში“ ჟურნალებისა და პუბლიკაციებისთვის შენი კაბით პოზირებდა; ასევე, ვიცი, რომ „ოსკარებზეც“ აპირებ ერთ-ერთი მსახიობისთვის „მათურელის” კაბის ჩაცმას, რაც ძალიან მცირე დროში შეძელი, თან, საკმაოდ პატარა ასაკში.
– თუ არსებობს კონკურენცია, ესე იგი, არსებობს ზრდაც. ყველა განსხვავებულად ფიქრობს და მეც ასე ვარ. ყოველდღე და ყოველთვე ვიძენ ახალ მეგობრებს, ესენი არიან მსახიობები, მომღერლები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. ჩვენ მოსკოვის ცენტრში გვაქვს შოუ-რუმი. როდესაც ვარსკვლავები მოდიან, ვცდილობ, მათ პირადად შევხვდე, სხვა შემთხვევაში, ჩემი თანაშემწე მყავს, რადგან, ძალიან დაკავებული ვარ. თითქმის მთელმა რუსულმა შოუ-ბიზნესმა იცის ჩვენ შესახებ. ელემენტარულს გეტყვით: სალონში ვიჯექი, ფრჩხილებს ვიკეთებდი და ვსაუბრობდით. ერთმა გოგონამ მკითხა: რა ბრენდია? „მათურელი“-მეთქი. მე ეს ბრენდი ვიცი, – მიპასუხა მან. ასეთ კითხვებს ხშირად მისვამენ: როგორ გახდით ასეთი პოპულარულები – შოუ-რუმიც გაქვთ, ბრენდიცო. ჩემი პასუხი ასეთია: არ ვიცი. მე მიყვარს ხალხი, რადგან, ხალხი შთამაგონებს. ოპტიმისტი ვარ ბუნებით და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გვირაბის ბოლოს ყოველთვის ვხედავ სინათლეს. ჩემს ძალას, ენერგიას ვაძლევ გარშემო მყოფებს. არტისტები, ისინი ვინც „მათურელს“ იცვამენ, ამას გრძნობენ, რადგან, ჩვენ მაინც ერთ ტალღაზე ვართ: ვსაუბრობთ, ერთად დავდივართ სპექტაკლებზე, შემდეგ კი ამას განვიხილავთ კულისებში, ვიცინით.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში შევედი და რუსულ საიტებზე ვნახე საუკეთესო ქართველი დიზაინერების ტოპ-ათეული თუ ოცეული, ზუსტად აღარ მახსოვს. რუსულ საიტებზე ხშირად არ წერენ ქართველი დიზაინერების შესახებ, თუ ბოლო წლებს არ ჩავთვლით. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ პირველ ადგილზე ჩემი გვარი ეწერა, ჩემი ბრენდი. მაშინვე ჩემს პიარ-მენეჯერს დავურეკე – ეს შენ გააკეთე-მეთქი? არაო. თავად გაუკეთებიათ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი იყო, ხშირად ისმოდა „ნამიოკები“: იქნებ, არ თქვა, ქართველი რომ ხარ, თქვი, რომ რუსი დიზაინერი ხარო, მაგრამ, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი: რატომ უნდა ვთქვა ეს? ჩემთვის სულერთია, ამას როგორ მიიღებთ, მე ქართველი დიზაინერი ვარ.
– როგორი იქნება შენი კოლექცია და სად აპირებ მის ჩვენებას?
– ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სტილის კოლექცია, სულ სხვა მიმართულების, რომელიც ყველას გააოცებს. ვფიქრობ, 2015 წელში იქნება ბევრი შოკი და ფოიერვერკი, რადგან, თავად ვარ შოკირებული. ყველაფერი იქ იბადება, სადაც მე დავიბადე – საქართველოში, ამიტომ, ეს ახალი კოლექციაც საქართველოში იქმნება, გადაღებებიც საქართველოში მექნება. ახლაც ვიღებ სარეკლამო, საიმიჯო ფოტოებს ნინო ცქიტიშვილის მოდელებთან – მე მხოლოდ მათთან ვმუშაობ. მისი მოდელები საუკეთესოები არიან, ნინო კი – საოცარი ადამიანი. კოლექციის პრეზენტაცია კი თბილისის მოდის კვირეულზე მოხდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ეს გავაკეთო თბილისში და ჩემი შემოქმედება ვაჩვენო ჩემს საყვარელ ხალხს, ქართველებს. ხშირად მეკითხებიან, მოსკოვის მოდის კვირეულზე რატომ არ გამოდიხარო. არ ვიცი, არ მიზიდავს. მე ხომ შემოქმედი ადამიანი ვარ, ხასიათების, განწყობის. ჯერ არ მაქვს მოდის კვირეულში მონაწილეობის განწყობა; როცა მექნება, გამოვალ. შემოთავაზებები ყოფილა, მაგრამ, ჯერჯერობით, უარს ვამბობ. მქონდა დახურული ჩვენებები და პრეზენტაციები, მაგრამ, „ფეშენ-ვიქზე” არ გამოვსულვარ და, მინდა, ამ მხრივ თბილისში მქონდეს დებიუტი. გარდა ამისა, სექტემბერში მინდა პარიზში მივიღო მონაწილეობა გამოფენაში, რომელიც ხშირად მოდის კვირეულის პარალელურადაც ტარდება. ამაზე ახლა ვმუშაობთ, ვურთიერთობთ და მალე ყველაფერი მოგვარდება; ლონდონშიც შეიძლება რაღაცეების გაკეთება – მინდა, საერთაშორისო დონეზე გავიდეთ, ერთ ადგილზე არ მიყვარს გაჩერება და არც ვაპირებ.