რატომ აღარ მონაწილეობს გელა ჩარკვიანი არანაირი სახის ბრძოლებში და რა არ გაუმხილა მან ცოლს ბოლომდე
ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს.
– გაგვეცანით, თუ შეიძლება.
– გელა ვარ ჩარკვიანი.
– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან.
– პირველი შეგრძნება მახსოვს, 2 წლის რომ ვიყავი – ნემსი გამიკეთეს. იმაზე მძაფრი ბავშვობაში არაფერი განმიცდია და, მერე – როგორ არა.
– დაახასიათეთ საკუთარი თავი.
– მთლიანობაში მომწონს, არა ვარ უკმაყოფილო ჩემი თავით (იცინის).
– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.
– მდიდარიაო (იცინის), სახლს იშენებსო ვაკეში.
– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?
– დიახ. საერთოდ, მე ერთი კარგი თვისება მაქვს – თითქმის არ მჩვევია შეცდომების დაშვება.
– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– არ მომწონს ის, რომ ზოგჯერ მრცხვენია, ადამიანს გავუმხილო ჩემი გრძნობები. მაგალითად, ძალიან ვნანობ და განვიცდი, რომ მეუღლისთვის არასდროს ბოლომდე არ მითქვამს, თუ როგორ მიყვარდა. ეს ვერ ვუთხარი, რაღაცა მაკავებდა ყოველთვის. ეს მახასიათებს – ბოლომდე არ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ეს ემოციურ სფეროს ეხება მხოლოდ.
– ყველაზე მეტად გიყვართ...
– ზრდილობიანი, კარგად აღზრდილი ადამიანები.
– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით და რას გააკეთებდით?
– არ ვიცხოვრებდი სხვა ცივილიზაციაში, რადგანაც, ეს არის ცივილიზაცია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად იძლევა შენი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას. ამიტომ, არ მინდა სხვა ცივილიზაციაში ცხოვრება. მე მელიორისტი ვარ, ანუ მწამს, რომ კაცობრიობა ყოველთვის უკეთესი და უკეთესი ხდება და, დღეს ის უკეთესია ვიდრე ოდესმე იყო, მიუხედავად ყველაფრისა.
– დღეს იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?
– დღეს მე არსად აღარ ვარ, ანუ, არ ვმონაწილეობ არანაირი სახის ბრძოლაში – არც პოლიტიკურში, არც ინტელექტუალურში. მე ახლა ვარ, ალბათ, იქ, სადაც ჩემი ადგილია ამ ასაკის ადამიანისთვის, ანუ, ტრიბუნებზე ვზივარ და ვუყურებ, როგორ მიმდინარეობს – ინგლისურში ასეთი სიტყვაა „რეტ რეის” – „ვირთხების ჯირითი” – და ამას ვუყურებ სიამოვნებით.
– საერთოდ, ფიცხი ხართ?
– მთლიანობაში ეს ალბათ ნაკლია, მაგრამ, ცოტათი ფიცხი მაინც ვარ. არის სიტუაციები, როცა ვხდები ფიცხი. თუმცა, ჩემს თანამშრომლებს, ვისთანაც მიმუშავია, ძალიან ფიცხი ვუნახივარ, ოღონდ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ძალიან იშვიათად.
– როგორი ხართ გაბრაზებული?
– გაბრაზებული ადამიანი არ შეიძლება კარგი იყოს და არც მე ვარ კარგი, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ სტრესულ მდგომარეობაშიც კი რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებ.
– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?
– ადამიანების უმადურობა და უზრდელობა – ეს ორი რამ არის, რაც თავს მაკარგვინებს; დანარჩენი: თაღლითობა, ეშმაკობა, ადამიანების სწრაფვა, რომ თავის სასარგებლოდ რაღაც გააკეთონ და შენ დაგიშავონ – ჩემზე არ მოქმედებს, იმიტომ, რომ ადამიანურია ძალიან. ისიც კია ადამიანური, მაგრამ, რატომღაც ჩემს საშინელ გაღიზიანებას იწვევს.
– გაღელვებთ...
– მაღელვებს კარგი მუსიკა.
– კომფოტულად მაშინ გრძნობთ თავს, როცა...
– კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა არსად მეჩქარება.
– ხშირად თუ დამთვრალხართ და როგორი ხართ ამ დროს?
– ნამდვილი სიმთვრალე იშვიათად მქონია. ძალიან დიდი ხანია ასეთი რამ აღარ ყოფილა. ერთხელ საჭესთან დავჯექი მთვრალი – აი, ეს იყო სისულელე.
– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ, ანუ მაშინ, როდესაც არავის ელით?
– თუ მე მარტო ვარ სახლში და, ამ ბოლო ხანებში უმეტესად მარტო ვარ, გამოიყურება ნორმალურად. მაგრამ, თუ ჩემი შვილიშვილი, პატარა ნანა აქ არის, მაშინ ძალიან ცუდად გამოიყურება (იცინის).
– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?
– გამომადგა ზიგმუნდ ფროიდის ფორმულა ბედნიერებისა, იმიტომ რომ, ეს ყველაფერი მას ძალიან უბრალოდ აქვს ნათქვამი: „ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შრომობ და გიყვარს.”
– ცხოვრებამ გასწავლათ, რომ...
– ერთადერთი მტერი, რომელიც ცოცხალ არსებებს გვყავს, არის სიკვდილი, ამიტომ, სიცოცხლის ყველა ფორმასთან სოლიდარული უნდა ვიყოთ. ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, უნდა მოვუფრთხილდეთ სიცოცხლეს. ამიტომ, მიყვარს ცხოველები და, მეტირება, როცა ავტომანქანებით გადატვირთულ ქუჩაში მოსიარულე კატის კნუტს ვხედავ.
– გინდათ, ყველამ იცოდეს, რომ...
– ადამიანისთვის ყველაზე დიდი ღირებულება არის თავისუფლება.
– რისთვის ღირდა ცხოვრება?
– არ ვიცი, ღირდა კი საერთოდ? (იცინის) მე მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება კარგი იყო, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, თუ არ ჩავთვლით იმ ტრაგედიებს, რომლებიც დამემართა. მაგრამ, მთლიანობაში მე არ ვუყურებ ადამიანის ცხოვრებას, როგორც რაღაც ღირებულს. ზოგჯერ ასეც ვამბობ: პროექტი „კაცობრიობა” ჩავარდა! იმიტომ რომ, ბედნიერების ჯამი, გამოყოფილი ამ პროექტისთვის, არის ძალიან მცირე და, თუ ყველას გადაუნაწილებ, თითოეულს თითქმის არაფერი შეხვდება.
– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?
– ვერ მოვკლავ, დღეს უკვე ვერანაირ ცოცხალ არსებას, თუმცა, ახალგაზრდობაში ვნადირობდი კიდეც.
– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?
– კარგ ღვინოსა და შოტლანდიურ ვისკიზე.
– რა მიგაჩნიათ საკუთარ მიღწევად?
– მიზანსწრაფულობა და სტაბილურობა ყველაფერში, მათ შორის – სიყვარულში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდ მიღწევად მიმაჩნია, რადგან, სიყვარული ყველას არ შეუძლია და, თუმცა ეს საჩუქარია, რომელიც ყველას არ შეხვდება, მაგრამ, ამაში ალბათ შენი როლიც მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახური ცხოვრება მიმაჩნია მიღწევად – სიყვარული მეუღლის მიმართ, ნიჭიერი და ლამაზი შვილების მიმართ.
– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ.
– ალბათ, ის, რომ წავედი „გეპეიდან” და გადავეიდი უცხო ენების ინსტიტუტში. ამან მომცა რაღაცა უფრო ვიწრო სფეროდან გადასვლა გაცილებით უფრო ფართო ასპარეზზე, რაშიც უკვე შედიოდა პოლიტიკაც, ისიც... მანამდე არქიტექტორი ვიყავი.
– რითი ხართ მდიდარი?
– ნამდვილად არ ვარ მდიდარი მატერიალურად, მდიდარი ვარ მოგონებებით, ეს უკვე კარგია და, კიდევ, ამ მოგონებებთან დაკავშირებული ემოციებით.
– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში?
– შეიძლება, არც არაფერი დაწერონ და ამაზე დიდად არ ვდარდობ, რომ გითხრათ მართალი. თუმცა, რჩება ჩემი დაწერილი რაღაც წიგნები, რაღაც მუსიკა და ვიღაც ექსცენტრიკული პიროვნება და, ოდესმე, ვთქვათ, ორი საუკუნის შემდეგ, რომელიღაც ოჯახში უცბად აღმოაჩენენ ჩემს საფორტეპიანო მინიატურებს ან რომელიმე წიგნს და, ეს ვიღაც გადარეული იტყვის: ვა, ვინ იყო ეს გელა ჩარკვიანი, ნეტავ? (იცინის) ის კი არა, შეიძლება, ჩემი მიუზიკლი „ნარგიზაც” დადგას – ძალიან ბევრჯერ, მომხდარა ასეთი რამ ისტორიაში, ასე რომ, ვინ იცის...