კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები ექმნება საქართველოში ქველმოქმედებას და რატომ აკეთებდა ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სიკეთეს ჩუმად

ურჩევნიათ,  სიკეთე ჩუმად აკეთონ...

ლეონიდ ჩერნოვეცკი – კიევის ყოფილი მერი, ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი უკრაინაში, ევროპასა და საქართველოში, საქველმოქმედო საქმიანობით  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან არის  დაკავებული. მისი ინიციატივით  დაარსდა  საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ყოველდღიურად,  ასობით სხვადასხვა საჭიროების მქონე, საქართველოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხმარება –  მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, პენსიონერებს...

ბატონი ლეონიდი  არ ეწევა ბიზნესსაქმიანობას საქართველოში. თუმცა, 35 წელზე მეტია,  დაკავშირებულია საქართველოსთან და ძალიან ბევრი რამ გააკეთა მისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კიევის მერი იყო, მან დააფინანსა კიევში შოთა რუსთაველის ძეგლის მშენებლობა. 

 მისი, როგორც კიევის მერის ბრძანებით, საქართველოს საელჩოს უფასოდ გადაეცა მიწა კიევის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას საელჩოს მშენებლობისთვის.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან პირველივე დღიდან, შემოწირულობის სახით საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტზე დახარჯა მილიონ ლარზე მეტი. 

„თბილისელები” ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტს, გიორგი ქვრივიშვილს ესაუბრა.  

 

– გიორგი, როგორ აღმოჩნდი ბატონ ლეონიდთან? მართლა ასეა შეყვარებული საქართველოზე, როგორც ეს გარედან ჩანს?

– ბატონი ლეონიდი საქართველოში ოთხი წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად,  თუმცა მანამდეც არაერთხელ იყო საქართველოში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს ქვეყანასთან. პირველი მეუღლე ჰყავდა ქართველი. ძალიან კარგად იცნობს ქართველებს, მისი ორი შვილი სისხლით ქართველები არიან. მას უყვარს საქართველო, უყვარს საქართველოს  ბუნება.  ის, რომ მერის პოსტის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა, არ ყოფილა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, გააზრებული ნაბიჯი იყო. დიდ პატივვს სცემს ქართველებს და მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საქართველოსადმი. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საშუალება ექნება, მას ესაუბროს, მიხვდება, თუ როგორ უყვარს მას საქართველო. არასოდეს ფარავდა ამ ქვეყნისადმი დიდ სიყვარულს და მოტივაციას, საქართველოში მნიშვნელოვანი  საქმეები ეკეთებინა. მე უკვე დიდი ხანია, აღარ მიმაჩნია, ბატონი ლეონიდი საქართველოს სტუმრად. ის უკვე ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, ერთ-ერთი ქართველია. ასეთი მოტივაცია უცხოელისთვის კი არა, საქართველოს მოქალაქეებს შორისაც კი, ძალიან იშვიათია.

ეს არის ადამიანი, რომელიც გარდა მილიონობით ლარისა, რომელსაც ქველმოქმედებაში ხარჯავს, ათულობით მილიონის ინვესტირებას აკეთებს ყოველწლიურად. მის ფონდში და საინვესტიციო კომპანიაში დასაქმებულია უკვე 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. ბატონი ლეონიდი მიიჩნევს, რომ საქართველო იდეალური ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად და ყოველთვის ლობირებს საქართველოს მის კოლეგა ინვესტორებთან – როგორც ქვეყანას, იდეალურს საინვესტიციო საქმიანობებისთვის.

  მე როგორ  აღმოვჩნდი მასთან? (იღიმის) ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც ემსახურებოდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესკომპანიებს. ეს იყო ბიზნესკონსალტინგური მომსახურება მათთვის, ვინც დაკავებული იყო ბიზნესით და ინვესტიციებით  საქართველოში. ერთ- ერთი კომპანია გახდა ჩემი რეკომენდატორი ბატონ ლეონიდთან.  რამდენჯერმე შევხვდით, ვისაუბრეთ. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა სფეროში ვმუშაობდი, არასდროს მიფიქრია, ასეთი მასშტაბით თუ ჩავერთვებოდი საქველმოქმედო საქმიანობაში და საქართველოს ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი ვიქნებოდი. 

– ანუ, თავიდანვე გითხრათ, რომ მისი საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი იქნებოდით?

– არა,  რა თქმა უნდა.  პირველი ჩვენი ურთიერთობა მისთვის და მისი ოჯახისთვის სახლის აშენებით დაიწყო, ის ფლობს სუპერფეშენებელურ ვილას ქალაქ ქობულეთში, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს. 

რაც შეეხება მის საქველმოქმედო საქმიანობას, უკრაინაში ამას ჩვიდმეტ წელზე მეტია, ეწევა. მისი ფონდი უკრაინაში დღეში 2 000 ადამიანს აჭმევს და უწევს სხვადასხვა დახმარებას. მისი უკრაინული ფონდი ევროპის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია, დღეში გაწეული დახმარებების მიხედვით. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული  და როცა დაიწყო საუბარი, მის საქართველოში განხორციელებაზეც, თავიდან ცოტა ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე. დღესაც კი, ქველმოქმედება საქართველოში სამოყვარულო და სინდისის დონეზეა.  ისე არ არის, რომ ადგე და ფული მისცე ადამიანს, რომელსაც უჭირს. ამით შეიძლება, იმაზე მეტი დაუშაო, ვიდრე უფულობით სჭირდა.  ქველმოქმედებას უნდა სწორი გათვლა და მიმართულებით ზუსტად წარმართვა. ადამიანს, უპირველესად, ფულის სწორად დახარჯვა უნდა ასწავლო და პრიორიტეტები დაანახვო – რა უფრო სჭირდება. შეიძლება ადამიანს შიოდეს და შენი მიცემული ფულით მობილური იყიდოს. 

– გიორგი, შენ უკვე დიდი გამოცდილება გაქვს ამ საქმეში, უამრავ გაჭირვებულ ადამიანს შეხვედრიხარ საქველმოქმედო ფონდში მუშაობის ფარგლებში...

– 5 წლის  წინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა საქველმოქმედო ფონდი ჩამოყალიბდებოდა. თავისით მოხდა ყველაფერი. ბუნებრივად გამოვიდა ასე. 

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბატონი ლეონიდი დაინტერესდა, როგორ ცხოვრობს ხალხი საქართველოში. ჩემთან ერთად მოიარა თბილისში და მის შემოგარენში არსებული ბავშვთა სახლები და სრულად აღჭურვა ყველა სახლი კომპიუტერებით, თითო ბავშვს თითო კომპიუტერი და ასევე ტანსაცმელი და საჭირო ნივთები უყიდა. საერთოდ, სოციალური სიდუხჭირე და პრობლემები მისთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა. რა არის ნამდვილი საქართველო – შაბათ-კვირას გავსებული რესტორნები, თუ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვები და გაყინულ ქოხში შეყუჟული მრავალშვილიანი დედა, რომელსაც პურის ფულიც არა აქვს. ამ ყველაფრის დანახვასაც ნიჭი სჭირდება. მარტო უცხოელები კი არა, ზოგჯერ ჩვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ვერ ვამჩნევთ, გაჭირვებულ ადამიანებს ჩვენს გვერდით, მათ ყოფას, ცხოვრებას რომ ვერ დაარქმევ. ზოგადად, ბატონ ლეონიდს ახასიათებს პრობლემაში სიღრმისეული წვდომის უნარი. შეუძლია წვრილმანების დანახვა. ზოგადად ყველა მიმართულებაში, სადაც ვმუშაობთ, დეტალურად არის ჩართული მართვაში და ყველა მისი ორგანიზაცია არის მკაცრად კონტროლირებული, დეტალური მენეჯმენტით. მეც ამიყოლია ამაში. ერთად ვეძებთ მათი გადაჭრის გზებს, რომ უბრალოდ, საკვები კი არ მიუტანო ადამიანს, არამედ საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნო. ისე დააყენო ფეხზე, რომ დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება.

– საკმაოდ რთული იქნება ეს ყველაფერი.

– ძალიან რთულია. გაცილებით ადვილია, ქუჩაში მათხოვარ ბავშვს ფუნთუშა უყიდო, ან ფული მისცე და სინდისი დაიმშვიდო, რომ კეთილი საქმე გააკეთე. რეალურად კი, ბევრმა ბავშვმა, რომელიც ქუჩაში გამვლელებისგან დახმარებას ელის და ითხოვს ფულს, შეიძლება დღეში იშოვოს 100 ლარამდე, რომელსაც შემდეგ გაუკონტროლებლად – სიგარეტში ან ნარკოტიკებში დახარჯავს, ან კაცმა არ იცის, რაში. ასეთი ბავშვების გამოსწორება შემდეგ ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენი მიზანია, ბავშვი ქუჩაში არ მოხვდეს და ჩავერიოთ მანამდე, სანამ გავა ქუჩაში და ასეთ ცხოვრებას მიეჩვევა.  არც  დახმარება საკვებით, არ არის ცუდი, მაგრამ ხვალ ის ბავშვი ისევ ქუჩაში გავა და ისევ იმათხოვრებს. სწორედ ამ ყველაფრის გაანალიზებით, გაფართოვდა ფონდი და სერიოზული მასშტაბები მიიღო. ზოგადად, ყოველთვის გვირჩევნია, ჩვენი საკეთებელი ჩუმად ვაკეთოთ.  დავიწყეთ მოხუცების შინმოვლის პროგრამით და ბავშვთა სახლების დახმარებით. ვნახეთ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. რა სჭირდებოდათ, რა პრობლემები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, არცერთ ბავშვთა სახლში არ იყო კომპიუტერი ბავშვებისთვის. როგორ უნდა განვითარდეს დღეს ბავშვი, თუ მას კომპიუტერი ნანახიც კი არ ექნება?! ვუყიდეთ კომპიუტერი ყველა ბავშვს, ყოველ კვირას  მიგვქონდა ტანსაცმელი, საჭმელი. ძალიან დიდი მოცულობის პირველადი დახმარება გავუწიეთ სამივე ბავშვთა სახლს. მერე მივხვდით, რომ ესეც არ იყო საკმარისი. ბავშვთა სახლში გაზრდილი ბავშვი არ უნდა განსხვავდებოდეს ნორმალურ ოჯახში გაზრდილი ბავშვისგან. პრობლემები, ბავშვთა სახლებში ისევ რჩებოდა და მაშინ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა საჩვენებელი ბავშვთა სახლი, რომელიც გახდებოდა საქართველოში არსებული ბავშვთა სახლებისთვის სტანდარტი. ანუ, თუ ვინმეს გაუჩნდებოდა ამის მერე,  საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გახსნის სურვილი, ჩვენი სახლი მაგალითად გამომდგარიყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით თანამედროვე სტანდარტები და დავნერგეთ ზღვარი, რომელმაც არ უნდა დაიწიოს. სახლის არჩევის, ლიცენზირების პროცედურებმა ძალიან დიდი დრო წაიღო. ბევრი ვიფიქრეთ, სად უნდა ყოფილიყო სახლი, როგორ გარემოში, ეზო უნდა ჰქონოდა თუ არა. ანუ, კომპლექსური მიდგომა გვქონდა და ვიპოვეთ ისეთი, როგორიც გვინდოდა. ბუნებაში, დასახლებულ პუნქტთან და სკოლასთან ახლოს, დიდი ეზოთი.  

– ეს ის სახლია, რომელიც ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ნახა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა?

– დიახ, სწორედ ის სახლია. ძალიან ბევრი რამ გავითვალისწინეთ. ათი ბავშვი ცხოვრობს იქ და მიმაჩნია, რომ თამამად შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რაც გაკეთდა. იმიტომ  არა, რომ იქ კარგი პირობებია. ესეც არის, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ბავშვები წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთლიანად შეიცვალნენ. თერთმეტი წლის ბავშვმა კითხვა არ იცოდა. ეს თავიდან გაგვიკვირდა, თორემ უამრავი ასეთი ბავშვია. 10-12 წლის ბავშვებმა მიმატება გამოკლება არ იციან და ეს არის რეალობა თბილისში. რეგიონების პრობლემები კიდევ სხვა თემაა, გაცილებით მძიმე. ამ სახლმა მოახერხა ის, რომ ათ ბავშვს შეუცვალა ცხოვრება და ქვეყანას მისცა ათი სრულფასოვანი, კონკურენტუნარიანი მოქალაქე. როდესაც მათ 18 წელი შეუსრულდებათ, ქუჩაში არ დარჩებიან. ჩვენი სახლიდან  რომ წავლენ, მათ ძალიან კარგად ეცოდინებათ ინგლისური ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ექნებათ უკეთესი მომავლის პერსპექტივა.  მეცხრე კლასიდან სპეციალური „ტოიფელის” „აი ელ თი სი” და სხვა პროგრამა უნდა გაიარონ  ინგლისურ ენაში, რომლის ჩაბარების შემდეგ,  მსოფლიოს წამყვან  ტოპ-უნივერსიტეტებში შეუძლიათ, მოეწყონ. გზა ხსნილი ექნებათ ყველა მიმართულებით და აღარასოდეს დაბრუნდებიან იმ უპერსპექტივო სიტუაციაში, საიდანაც წამოვიყვანეთ. ამავე დროს იქნებიან მათი მშობლების კარგი დასაყრდენი და ეს ბავშევბი იზრუნებენ მშობლებზე – გააძლიერებენ და მოუვლიან მათ. ეს ბავშვები არც უსაქმურები იქნებიან და არც კრიმინალები.  დღეს მათ სხვა ღირებულები და სხვა პრიორიტეტები აქვთ.  მთავარი სიკეთე ამ სახლის, სწორდ ეს არის და კიდევ ის, რომ ბავშვები ბედნიერები გახდნენ. მათ ჯანსაღი მიზნები და ამბიციები აქვთ. გუნდი, რომელიც ამ სახლში მუშაობს, უზარმაზარ ენერგიასა და ადამიანურ რესურსს ხარჯავს თითოეულ ბავშვზე. თან, ხარჯავს სწორად. 

– გიორგი, მოხუცების დახმარების პროგრამაზე მინდოდა, გესაუბრა.

– მოხუცების დახმარების პროგრამას ძალიან მგრძნობიარედ აღვიქვამ. ფონდის რეგისტრაციიდან ორ თვეში, დავიწყეთ ეს პროექტი. ეს არის ყოველთვიურად მზარდი პროექტი. მუდმივად გვემატებიან ბენეფიციარები. ამჟამად 350 მოხუცს ვუვლით. 

– უვლით, ანუ მიდიხართ და მათ ყოველდღე პატრონობთ? 

– დიახ. ყოველდღე მიდის მათთან პროფესიონალი, სერტიფიცირებული ექთანი ან  სპეციალურად ჩვენს მიერ გადამზადებული მედდა, რომელიც უვლის, უგვარებს პრობლემებს, უცვლის პამპერსს, თუ ეს აუცილებელია და უტოვებს ყველა საჭირო მედიკამენტს. მომავალი წლის პირველ კვარტალში ამ მოხუცების რიცხვი 600-მდე გაიზრდება. ანუ, „შინმოვლის” პროგრამა გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოხუცების დახმარებას ამჟამად მხოლოდ თბილისში. სრულიად უსასყიდლოდ, ყოველდღიურად ემსახურებათ მათ მედდა,  უფასოდ ურიგდებათ ჰიგიენის ნივთები და მედიკამენტები. ახლა უკვე დავიწყეთ მათი უზრუნველყოფა პროდუქტებითაც. იმის მიხედვით თუ ვის როგორი საჭიროება აქვს.  ბოლო 5 თვეა, დავიწყეთ მათთვის საკვების მიწოდებაც. გვყავს მოხუცები, რომლებსაც ისეთი ადამიანიც კი არ ჰყავთ, ცუდად ყოფნისას დახმარება რომ გაუწიოს კი არა, დასარეკიც კი არავისთან აქვთ. ერთადერთი მათი კონტაქტი გარე სამყაროსთან, ჩვენი პროგრამის ექთანია. სწორედ  ეს პროექტია ერთ-ერთი მოტივატორი იმისა, რომ ფონდი გაფართოვდეს. ისეთი წერილები მოდიოდა და ისეთი ზარები იყო. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ გულგრილი ვერ დავრჩებოდი. მათთან ერთად გვტკიოდა ჩვენც... რა თქმა უნდა,  უგულო არავინაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებს არავინ ჰყავთ და ჩვენი ფონდის ექთნების იმედად არიან. სულ გვჭირდება კვალიფიციური კადრი. ნებისმიერ კვალიფიციურ, კეთილ ექთანს მივიღებ და დავასაქმებ.  საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და თავისი ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტის ხარჯის ანაზღაურებით. მანქანებიც ემსახურებათ. 

– ვიცი, რომ ძალიან გახსნილები ხართ იმ კომპანიების თუ ბიზნესმენების მიმართ, ვინც გამოთქვამს სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მართლა, ძალიან კეთილ საქმეში.

– დიდი ხნის განმავლობაში ფონდი ზედმეტი აფიშირების გარეშე საქმიანობდა. მაგრამ, ინფორმაციები მაინც გადიოდა და ზოგჯერ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამიტომ, გამოვედით და ვთქვით, რასაც ვაკეთებთ. დასამალი არაფერი გვაქვს. ფონდი ყველასთვის ღიაა – მოქალაქეებისთვის, ქველმოქმედების მსურველი ბიზნესისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის. მაგალითად, ჩვენს მოხუცებს ძალიან ეხმარება ფიზიკური პირი – ზურა ხელაშვილი, რომელიც თითქმის ყოველ თვე ეხმარება მათ სხვადასხვა საკვებით. წინა კვირას მან გადმოგვცა 400 კილოგრამი წიწიბურა, 300 – მაკარონი და 500 – სხვადასხვა ბურღულეული, რომელიც ჩვენს სოციალურად დაუცველ მოხუცებს დავურიგეთ სახლებში მთელი თბილისის მასშტაბით. ეს მათთვის უმნიშვენლოვანესი დახმარებაა. ეს ხალხი ამ ადამიანებისთვის ლოცულობს. 

– ჩვენი საზოგადოება იმდენად არის გადაჩვეული უანგარო ქველმოქმედებას, რომ მათ უჩნდებათ შეკითხვა, რატომ აკეთებს ეს კაცი ამას?

– ვინც ბატონ ლეონიდს იცნობს,  იმას ეს შეკითხვა არ უჩნდება. მოსწონს, როცა ის სხვას ეხმარება და იმიტომ. მას ნამდვილად საიმოვნებას ანიჭებს სხვისი პრობლემების მოგვარება. ამით ცოცხლობს. ეს მისი ცხოვრების, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს მას აბედნიერებს. ძალიან ბევრი ჩვენი მოხუცებულის ამბავი იცის და თითოეული ბავშვის წინსვლას, პროგრესს სიხარულით  აკვირდება.  ყველაფრის საქმის კურსშია.  ძალიან ცოტა ვიცი ასეთი მორწმუნე ადამიანი. ძალიან მორწმუნეა. ქობულეთში განსაკუთრებულად უყვარს სოფელ ცხემლანვაში ეკლესია, რომელსაც სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა და მონაზვნებისთვის სპეციალური საცხოვრებელი ადგილები მოაწყო. სულ სხვანაირად დავინახე მის გვერდით, რას ნიშნავს რელიგიურობა. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიისგან შორს არც მე ვყოფილვარ. 

– ბატონი ლეონიდი, ასევე, ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს...

– მათ ისეთი მძიმე მდგომარეობა აქვთ, რომ შეუძლებელი იყო, არ დავხმარებოდით. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ბავშვისთვის უკეთესია, თუ ის ოჯახში დარჩება. გვყავს ოჯახები, რომლებმაც ჩვენი დახმარებით ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს.  საერთოდ, ჩვენი მიზანია, ადამიანებისა და ოჯახების, შეძლებისდაგვარად ფეხზე დაყენება. უკეთესია, თუ შეუქმნი პირობებს თავად ირჩინონ თავი.  თუმცა, ზოგჯერ ისეთ სერიოზულ  პრობლემებს ვაწყდებოდით, რომ გადავწყვიტეთ, ქობულეთში აგვეშენებინა პანსიონი. ძალიან თანამედროვე ტიპის, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება, როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები. ყოველდღე ჰქონდათ საკვების პრობლემა, ვერ დადიოდნენ სკოლაში. აბსოლუტურად მოწყვეტილი იყვნენ თანატოლებისგან. დღეს კი, უკვე რაღაც შედეგი გვაქვს და რაც დრო გავა, ამ ბავშვების თაობა ამ ქვეყნის ჯანსაღი თაობა იქნება – შრომისუნარიანი და დასაქმებული კარგ, პრესტიჟულ სამუშაო ადგილებზე.

– გისმენთ და ვხვდები, როგორი რთულია ფონდის ყოველი სამუშაო დღე და რამხელა საქმეს ხართ შეჭიდებულები. 

– ჩვენ არავისგან არაფერს ვითხოვთ, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი გვაქვს ბევრი. (იღიმის) სირთულეებს ვერ ვამჩნევთ უკვე.  ვისწავლეთ იმის კარგად გარჩევაც, რა არის ნამდვილი პრობლემა და გაჭირვება.. თუ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ, შეიძლება შეცდომები დაუშვა. პანსიონი, რომელიც 23 ნოემბერს, გიორგობას გავხსენით, მართლა ძალიან მაღალი დონისაა. წარმოიდგინეთ, შვეიცარიის პანსიონების სტანდარტია. ჯერჯერობით შევიყვანეთ 10 ბავშვი. დამიჯერებთ, რომ გითხრათ, რამდენიმე დღე მათ ჭამას ვასწავლიდით? პურის მეტს არაფერს ჭამდნენ.  სხვა საკვების გემო არ იციან და იმიტომ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გავუკეთეთ ყველა საჭირო ანალიზი და გაიარეს ექიმის კონსულტაცია. მართლა ვერ წარმოიდგენთ, როგორი პირობებიდან წამოვიყვანეთ. მინდა, აუცილებლად ისიც ვთქვა, რომ ყველაფერი, რასაც  ფონდი აკეთებს, მთლიანად ჯდება  სტანდარტის და კანონის ფარგლებში.  არასოდეს არაფერს გავაკეთებთ საეჭვოს და არცი მას, რაც შედეგს ვერ გამოიღებს. ამის მაგალითია ის საბავშვო სახლი, რომელიც უკვე გვაქვს თბილისში. მაგრამ, მეორე აღარ გაგვახსნევინეს, აღარ გვჭირდებაო.  

– მაშინ, როცა უამრავი ბავშვია ქუჩაში...

– კი, ბატონო, ასეა. არც ქობულეთში სჭირდებათ პანსიონი და ეს კიდევ უფრო მტკივნეული საკითხია. აჭარა ძალიან სპეციფიკური და რთული რეგიონია და ვინც ამაში ცოტა ჩახედულია, ეს ყველამ იცის. ვინც ვერ ხვდება, ის ან სპეციალურად არ იგებს, ან ქვეყნის მტერია. არავის ვურჩევ, ჰქონდეს ილუზია, რომ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი დაიხურება,  რა თქმა უნდა, არ დაიხურება.  აჭარაში გახსნილია, უამრავი გაუგებარი პანსიონი, გაუგებარი დანიშნულების და გაუგებარი მიზნების.  ქართველ ბავშვებს, რომლებიც იქ გაჭირვებულ ოჯახებს მიჰყავთ, რა ბედი ელით, ვინ იქნებიან რამდენიმე წლის შემდეგ, ან რა იდეოლოგია ექნებათ,  არავინ აკონტროლებს, რაც დაუშვებელია. მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ვფიქრობ, არც იმათ აქვთ, ვისაც უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა ქვეყნისთვის. ყველა რელიგიას აქვს არსებობის უფლება, ამაზე არ არის ლაპარაკი. მაგრამ ამ ტიპის პანსიონებში რელიგიური მიდრეკილებების გამო კი არა, გაჭირვების გამო მიჰყავთ შვილები ქართველ მშობლებს. არის იმის საშიშროება, რომ თაობები დავკარგოთ. გაუგებარი მენტალიტეტით გაზრდიან ბავშვებს. არავინ ამოწმებს და ერთხელაც არ შესულა მათთან მონიტორინგის სამსახური. ჩვენს პანსიონს არა აქვს რელიგიური მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ მართვაში საპატრიარქო შემოვიყვანეთ და ესეც გარკვეული მოსაზრებით.  

არ მოსულან, არ უნახავთ, რა ტიპის პანსიონია, საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, რას და როგორ ვაკეთებთ. ვთავაზობთ ოცდაოთხსაათიან მონიტორინგს, ყველაფერი გამჭვირვალე გვაქვს. გაფრთხილების გარეშე  შეუძლიათ, მოსვლა და შემოწმება. თუ საჭირო იქნება, ვიდეოკამერებსაც დავაყენებთ, მაგრამ სხედან თბილისში, აქედან მიფასებენ პროექტს და მეუბნებიან, რომ დასახურია. 

– ვინ გეუბნებათ ამას, გიორგი?

– არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ საკმაოდ მკვახე განცხადებებს. მათ ერთხელაც კი არ უნახავთ არცერთი ბავშვის ოჯახი და მათი საცხოვრებელი პირობები, არ დაინტერესებულან, მართლა ასე უჭირთ ამ ბავშვებს, თუ არა. ქობულეთშიც კი არ შემოუდგამთ ფეხი. ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავენ და სხვა რეალობაში ცხოვრობენ. ყველა ადამიანს და ორგანიზაციას შეუძლია, იცხოვროს, როგორც მას უნდა, მაგრამ ჩვენ – ვგულისხმობ  ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს, ნუ შეგვიშლიან ხელს იმის კეთებაში, რაც ძალიან სჭირდება, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას  და  ჩვენს ქვეყანას. მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და ეს მათ არ ადარდებთ. სხვათა შორის, არც სახალხო დამცველის ოფისს. მაგრამ,  ჩვენ ვერ ვიქნებით მშვიდად და გულხელდაკრეფილები, როცა ბავშვს შია, როცა ზამთარში შეიძლება, გაიყინოს და ქუჩაში იყოს, როცა იმის საშუალებაც კი არა აქვს, წერა-კითხვა ისწავლოს. ჩვენ ასეთ ბავშვებს ვეხმარებით, მომავალშიც დავეხმარებით და ნურავინ წარმოიდგენს, ყველაზე კარგ სიზმარშიც კი, რომ ჩვენ მოგვწყვეტენ საქმეს და ფურცლებისა და რეპორტინგების კომპანიად გვაქცევენ. არაფერი შეიცვლბა, ფონდი გაძლიერდება – ხუთჯერ, ათჯერ უფრო დიდი გახდება და ნამდვილად საამაყო ქართული ფონდი იქნება ჩვენი ყველა თანამოქალაქისთვის. აუცილებლად გაიხსნება კიდევ 2 მსგავსი ტიპის პანსიონი აჭარის მაღალმთიან რეგიონში, სადაც მოსახლეობას ეს ძალიან სჭირდება. ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ თუნდაც ის პრობლემა, რაც არის შიმშილი ბავშვებში. ეს ფონდი საქართველოს ეკუთვნის და არასდროს მოექცევა არცერთი ორგანიზაციის იდეოლოგიის ქვეშ.  

скачать dle 11.3