როგორ გამოიწვია ამერიკაში ბუმი ქართველი ბიჭების შექმნილმა ახალმა სოციალურმა ქსელმა და რა არის „დიჰაბსი“
თუ ვირტუალურ სამყაროში არსებული სოციალური ურთიერთობები აღარ არის საკმარისი და გინდათ, თქვენი კონტაქტები გაცილებით მასშტაბური და სახალხო გახდეს, უბრალოდ, შეასრულეთ ძალიან მარტივი მოქმედება. ინტერნეტ-საძიებო სისტემაში, მიუთითეთ – Deehubs, შედით საიტზე და გააგზავნეთ სასურველი შეტყობინების ტექსტი ან ფოტოსურათი. სულ ცოტა ხანში, თქვენი ემოციები თუ აზრები, პროექციისა და ელექტრონული ბილბორდების საშუალებით, ამერიკის ქუჩებში გავა და უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცევა ყოველგვარი საფასურის გარეშე. ეს „დიჰაბსია“, ახალი სოციალური პლატფორმა, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა – გიორგი გურგენიძემ და ბაქარ მარუაშვილმა შექმნეს, სლოგანით say public (თქვი სახალხოდ). მათ გარდა, პროექტზე კიდვე ორი ადამიანი მუშაობს. ბაქარ მარუაშვილის მეუღლე, ქეთი ქებულაძე და მესამე თანადამფუძნებელი აბინავ საქსენი.
გიორგი გურგენიძე: დიჰაბსი, ეს არის სახალხო სცენა, სადაც ხალხი თავის აზრს გამოხატავს. ის არ შემოიფარგლება მობილურის და კომპიუტერის ეკრანით. მისი საშუალებით, საკუთარი აზრების საჯაროდ დაფიქსირება, აბსოლუტურად და მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. „დიჰაბსი“ სოციალური პლატფორმაა. ის არის სოციალური ქსელივით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი მესიჯი თუ ფოტო, ვირტუალური და ონლაინსივრცის გარდა, გაიტანოს ფიზიკურ სივრცეში – ქუჩაში, პროექციის ან ელექტრონული ბილბორდების საშუალებით. რეალურად, მესამე კვირაა, რაც პროექცია დავიწყეთ. ჯერჯერობით ისეთი შედეგია, როგორსაც ნამდვილად არ ველოდით. უამრავი გამოხმაურება და მესიჯი გვაქვს. დაახლოებით შვიდი ათასამდე მესიჯი გავუშვით უკვე. როდესაც შენთვის არ არის საკმარისი „ფეისბუქის“ თუ სხვა სოციალური ქსელის ურთიერთობები და გინდა, შენი ხმა გაცილებით მეტ ადამიანს მიაწვდინო რეალურ სივრცეში, „დიჰაბსი“ საამისოდ საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი რამ არც არსებობს და სწორედ ამიტომ შეიქმნა ის.
– სახელწოდება – „დიჰაბსი“ როგორ შეიქმნა?
– გვინდოდა, სახელწოდებაში ყოფილიყო სიტყვა Hub, რომელიც ერთგვარ თავმოყრის ადგილს, ცენტრს ნიშნავს. Thehub.com დომეინი უკვე აღებული იყო და უცებ წარმოვთქვით „დიჰაბსი“ (Deehubs), რომელიც საკმაოდ მარტივად და კარგად ჟღერდა. ამიტომ, დავტოვეთ ეს სახელი.
– როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ საიტით?
– შედიხართ ამ საიტზე და გზავნით სასურველ მესიჯს ან ფოტოს. იქვე უთითებთ საკუთარ მაილს. შემდეგ, ეს მესიჯი გადის ღია სივრცეში – ქუჩაში და უამრავი ადამიანი ხედავს მას. ამის დამადასტურებლად, მაილზე იღებთ მის ფოტოს. ეს საცდელი ვერსიაა. გვინდოდა გაგვეგო, დაინტერესდებოდა თუ არა ხალხი „დიჰაბსის” გამოყენებით. როგორც ჩანს, ინტერესი ნამდვილად არის და ეს გლობალური და მზარდია. მომხმარებელთა სიას ყოველდღიურად ემატება ახალი ქვეყანა, აქტიურად მოდის მესიჯები. მოკლედ, მომხმარებლის მხრიდან დიდი მოთხოვნილებაა.
– ეს ყველაფერი, როგორც ვიცი, ბიზნესგეგმად აქციეთ?!
– თუ დღეს ქუჩაში, ბილბორდზე 24 საათის განმავლობაში ერთი და იმავე რეკლამას ხედავთ და ეს, ცოტა მოსაწყენია, ჩვენთან, მომხმარებლების მესიჯები მათთვის, ვინც რეკლამას აკეთებს, ბევრად უფრო საინტერესო გახდება. ის ბილბორდებზე განთავსდება. ბილბორდები იქნება იქ, სადაც ბევრი ადამიანი წაიკითხავს. ამით მოხდება გარე რეკლამის გაუმჯობესება. თუ დღეს ის სტატიკური სივრცეა, ჩვენ დინამიკურს გავხდით. ის გახდება სივრცე, სადაც ხალხი საუბრობს. „დიჰაბსის“ ეკრანები გახდება თავშეყრის ადგილი, სადაც იქნება რეკლამები, ახალი და კარგი მედია და სადაც ხალხი, უბრალოდ, თავის აზრებს გამოხატავს. ბილბორდებზე გადასვლა 2015 წლიდან მოხდება.
– როგორ წარმოიშვა დიჰაბსის შექმნის იდეა?
– მე და ბაქარი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. იდეა გაჩნდა თბილისში, დაახლოებით ორი წლის წინ. როგორც ზემოთ ვთქვი, მივხვდით, რომ რაღაც პერიოდში არ იყო საკმარისი არსებული სოციალური სივრცე და გვინდოდა, რამე ისეთი გაგვეკეთებინა, რაც მეტ ადამიანს მიაწვდენდა ხმას. დავიწყეთ ფიქრი ბიზნესგეგმასა და სხვა დეტალებზე. მუშაობის პროცესში, პროგრამისტისთვის თურქეთში გადავედით. იქ გავიცანით ჩვენი მესამე თანადამფუძნებელია აბინავ საქსენი და დავიწყეთ ამ იდეის ხორცშესხმა. 2013 წლის ბოლოს, დუბაიდან შეგვეხმიანენ. იქაურმა ბიზნესინკუპატორმა მიგვიწვია და დააფინანსა ჩვენი პროექტი. ამიტომ, გადავედით და 2014 წლიდან რეალურად იქ ვმუშაობდით. ყველა ტექნიკური დეტალისა თუ ბიზნესმიდგომის დახვეწა იქ მოხდა. ბევრი საჭირო კონტაქტი მოვიპოვეთ საკმაოდ დიდ სარეკლამო სააგენტოებთან. ერთ-ერთი ინვესტორი იყო დაინტერესებული, რომ პროექტი ამერიკაში წაგვეღო და ზაფხულის ბოლოს გადაწყდა ჩვენი აქ გადმოსვლა. მთელი სარეკლამო ბაზარი, ელექტრონული ბილბორდების იქნება ის, თუ ონლაინსივრცე – „ფეისბუქი“, „გუგლი“ და ასე შემდეგ, ყველა აქ არის. შესაბამისად, აქ უფრო საინტერესო და მომხიბვლელი იყო გადმოსვლა. თანამშრომლობით დაინტერესდნენ საკმაოდ სერიოზული სარეკლამო კომპანიები, რომლებიც დიდი ბრენდების რეკლამირებას ახდენენ. ხელშეკრულებები ბილბორდების დადგმის შემდეგ დაიდება. ქართული კომპანიებიდანაც გვაქვს შემოთავაზებები.
– ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკაში ხდება პროექცია?
ქეთი ქებულაძე: პროექცია ჯერჯერობით მხოლოდ სიეტლში ხდება, რადგან აქ ვართ და ამის გასაკეთებლად ფიზიკურადაა აქ ყოფნა საჭირო. თუმცა, ვგეგმავთ სხვა ქალაქებში გასვლასაც. საახალწლოდ, ნიუ-იორკში ვაპირებთ წასვლას და პროექციების იქ გაკეთებას. 2015 წლიდან, როგორც გიორგიმ გითხრათ, უკვე ელექტრონულ ბილბორდებს დავდგამთ და მასშტაბებსაც გავზრდით. სამომავლოდ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბებზე გავიდეთ.
– მომხმარებელს ნებისმიერ ენაზე შეუძლია შეტყობინების გაგზავნა?
– კი. წარწერის გაკეთება სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი და ამ მხრივ, ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. მაგალითად, გუშინ უამრავი მესიჯი შემოვიდა ბრაზილიიდან და ძალიან ბევრი იყო ესპანურ ენაზე. არის ქართულიც, უკრაინულიც და სხვა.
– ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან და რა შინაარსის შემცველი მესიჯები მოგდით?
– რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე ამერიკიდან შემოსული მესიჯებია. ბევრია დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან. პრესაშიც დიდი გამოხმაურება გვაქვს. ლონდონში, ესპანეთში, გერმანიაში დაიწერა ჩვენს შესახებ და მომხმარებლებიც ძირითადად იქიდანაა. ძირითადად, სიხარულის და სიყვარულის გამომხატველი მესიჯებია. ბევრი წყვილი აგზავნის საკუთარ სურათებს საქართველოდანაც და ეს ძალიან მიხარია. პოლიტიკური ხასიათის მესიჯებიც ბევრია, საქართველოდანაც, უკრაინიდანაც. როცა რაიმე თემა აქტუალურია, ესემესებშიც მასზეა საუბარი. როცა ზიზღის გამომხატველი მესიჯი მოდის, იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანი დადის – ბავშვი თუ სხვა, ასეთ მესიჯს არ ვუშვებთ. ასევე, იბლოკება გინება და რასისტული მესიჯები. პოლიტიკური ხასიათის მესიჯები არ იბლოკება, თუ არაკორექტულ სიტყვებს არ შეიცავს, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს და მათ პატივს ვცემთ.
– პროექცია ერთ ადგილას ხდება თუ რამდენიმე ადგილი გაქვთ შერჩეული?
– გვაქვს ექვსი ადგილი და პარალელურ რეჟიმში ყველაგან ხდება მესიჯების გაშვება. ბევრი გამვლელი ხედავს ამას და უმეტესობა მერე თვითონაც აგზავნის შეტყობინებას.
გიორგი: მუდმივად ერთ ადგილას ვართ. უკვე თითქმის ყველა გამვლელმა იცის, რომ ყოველ საღამოს იქ რაღაც ხდება. ისეთი ადგილები გვაქვს შერჩეული, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. შებინდებისას, სამუშაო დღის დასასრულს ვიწყებთ, როცა ბევრი ხალხია ქუჩაში. თავიდან ყველა ჩერდებოდა და გვეკითხებოდა, რა ხდებაო. დიდი ინტერესი იყო და ძალიან ხშირად იღებდნენ სურათებს. ახლა უკვე ისინი გვცნობენ და კითხვებით აღარ მოდიან, უბრალოდ, ჩერდებიან, როცა მესიჯები გადის. თვითონაც მომხმარებლად იქცნენ.
ქეთი: როცა შეტყობინება მიდის ეკრანზე, იქვე მყოფი, ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება პროცესში. შეტყობინებებს აგზავნიან და საკმაოდ ემოციურია, როცა საკუთარ შეტყობინებას მომენტალურად ხედავენ კედელზე. ეს, ისეთ ემოციებს იწვევს, რომ არ არსებობს, კიდევ არ გამოაგზავნონ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან მრავალჯერადი მომხმარებლები ხდებიან.
– სულ რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
გიორგი: მე, ბაქარ მარუაშვილი, ქეთი ქებულაძე და აბინავ საქსენი, რომელიც ინდოეთშია. ის პროგრამულად უზრუნველგვყოფს. რეალურად, ამ პროექტზე ოთხი ადამიანი ვმუშაობთ. მე და ბაქარი კლასელები ვიყავით. სკოლის შემდეგ მე საფრანგეთში წავედი, სადაც სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ბაქარი ამერიკაში წავიდა და იქ დაამთავრა უნივერსიტეტი. დაბრუნების შემდეგ, ერთად დავიწყეთ ამ ყველაფერზე მუშაობა.
ქეთი: ბიჭებს თითქმის დასაწყისში, წელიწად-ნახევრის წინ შევუერთდი. საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო თავიდანვე. 12 საათამდე ვმუშობდით სამსახურში, სანამ დაცვა არ გამოგვაგდებდა და ასეთი რეჟიმით მივდივართ შედეგამდე.
გიორგი: პროდუქტის ტექნიკურ განვითარებას და დიზაინს მე ვხელმძღვანელობ. ბაქარი ბიზნესგანვითარებასა და კლიენტებთან ურთიერთობას. ქეთი სოციალურ ქსელში თუ სხვაგან – გავრცელებას. მარკეტინგსა და რეალურად, მომხმარებლების მოზიდვაზე, ის მუშაობს.