რა შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს რკინადეფიციტური ანემიისადმი უყურადღებობამ და შესაძლებელია თუ არა მისგან სრულად განკურნება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, რკინადეფიციტურ ანემიას დაავადებათა შორის პირველი ადგილი უჭირავს. საქართველოშიც, რეპროდუქციულ ასაკში, ყოველ მესამე ქალს ეს პრობლემა აწუხებს. ხშირ შემთხვევაში, მის ჩამოყალიბებას, ადამიანი ვერ ამჩნევს, რადგან მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სხვა მიზეზითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული. შესაბამისად, არ მიმართავს მკურნალობას, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს. ამ თემაზე სასაუბროდ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანა ლოლაშვილს მივმართეთ.
– ქალბატონო ნანა, რა არის რკინადეფიციტური ანემია?
– ანემია არის სისხლნაკლებობა, დაავადებათა დიდი ჯგუფი. მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანი არის დაავადებული. მათგან 80 პროცენტს შეადგენს რკინადეფიციტური ანემია. ის ვითარდება მაშინ, როცა დარღვეულია ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის. მიზეზი შეიძლება, იყოს მრავალი. ყველაზე ხშირია სისხლის დანაკარგი – მენო და მეტრო-რაგია, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირად იჩენს თავს. მამაკაცებისთვის ის, ძირითადად, 50 წლის შემდეგ არის დამახასიათებელი. მიზეზია კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, კუჭის წყლული და სხვა. გარდა სისხლდენისა, მიზეზი შეიძლება, იყოს არასაკმარისი რაოდენობით რკინის მიღება, კუჭის რეზექცია (როცა ოპერაციაა გაკეთებული კუჭზე), წვრილი ნაწლავის რეზექცია, კუჭის დაბალი სიმჟავე. კიდევ ერთი მიზეზია რკინაზე ჭარბი მოთხოვნილება. ეს, ძირითადად, ორსულობის დროს ხდება და მას მეორე ადგილი უკავია დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის, მენო-მეტრორაგიების შემდეგ, რადგან, ორსულებს მესამე ტრიმესტრში სამჯერ უფრო მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ ორგანიზმში საკმარისი მარაგი არ არსებობს, ვითარდება რკინადეფიციტური ანემია. დაავადებას იწვევს, ასევე, სწრაფი ზრდაც, ფიზიკური და წარმოიდგინეთ, გონებრივი დატვირთვაც კი. დაავადების გამომწვევი შეიძლება, იყოს რამდენიმე მიზეზი. დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ყველა მათგანის დადგენა. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, რომელიც შეიძლება იყოს ფარული. ამ ბოლო წლებში, ძალიან მოიმატა წყლულისა და ეროზიის შემთხვევებმა ახალგაზრდა გოგონებში, რაც ადრე არ იყო. ეს დაკავშირებულია სტრესთან, თამბაქოს მოხმარებასთან, არასწორ და არასრულფასოვან კვების რეჟიმთან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვებს, სწორედ მისი საშუალებით ხდება დანაკლისის შევსება. განსაკუთრებით კი – ქალბატონებისთვის. თუ მამაკაცს სჭირდება 1 მილიგრამი რკინა, ქალს ორჯერ მეტი ესაჭიროება რეპროდუქციულ ასაკში. ეს არის 14-დან 50 წლამდე. ამ პერიოდში ქალს ყოველთვიურად აქვს სისხლის დანაკარგი და მის შესავსებად ორჯერ მეტი რკინაა საჭირო. ორსულობის მესამე ტრიმესტრში კი, სამჯერ მეტია საჭირო.
– ეს დაავადება ფეხმძიმობისთვის სერიოზული საფრთხეა?
– კი, საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის და ხელს უშლის ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას.
– რა ჩივილებია რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელი?
– იმის გამო, რომ დაავადება ვითარდება ნელ-ნელა და ხშირ შემთხვევაში, მას ორგანიზმი ეგუება, წლების განმავლობაში დადიან ამ დაავადებით და არ იციან ამის შესახებ. ეს ასაკის მატების ან სხვა მიზეზის ბრალი ჰგონიათ. არის ზოგადი ჩივილები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, მალე დაღლა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, რაც ხშირად სხვა პათოლოგიებს ეწერება ხოლმე. იგივე ფრჩხილის მტვრევა, კალციუმის ნაკლებობაზე ხშირად, მისი გამომწვევი სწორედ, რკინადეფიციტური ანემიაა. თუმცა, დამახასიათებელია ძალიან თავისებური ჩივილიც – პიკახლოროტიკა ანუ, გაუკუღმართებული გემოვნება. ასეთი ადამიანები ჭამენ მიწას, ცარცს, ყინულს, ყავის მარცვლებს, ქაღალდის ხელსახოცებს, უმ ხორცს, ფარშს, ბურღულეულს და აქვთ ამის ძალიან ძლიერი მოთხოვნილება. თითოეული მათგანი გამოწვეულია რკინადეფიციტით. სხვა არაფრის ნაკლებიბა არ იძლევა ასეთ ჩივილს.
– ეს ჩივილები თავიდანვე ჩნდება თუ, როცა უკვე, სერიოზულად არის საქმე?
– ცოტა ხანში შეიძლება, განვითარდეს. ეს უფრო ხშირად ქალებსა და ბავშვებში ვლინდება ხოლმე. როგორც კი რკინის დეფიციტი გასწორდება, მსგავსი მოთხოვნილებებიც მაშინვე იხსნება.
– თუ არ არის ასე მკვეთრად გამოხატული ჩივილები, როგორ უნდა გავარჩიოთ რკინადეფიციტური ანემია სხვა დაავადებისგან?
– საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, მეხსიერების დაქვეითება, იმუნიტეტის, წნევის დაქვეითება, კუნთების ტკივილი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს წინამორბედი ჩივილი. ეს დაავადება არის ძალიან ადვილი სადიაგნოსტიკო პათოლოგია. მხოლოდ სისხლის საერთო ანალიაზია საჭირო და თუ რკინადეფიციტზე იქნა ეჭვი მიტანილი, შრატის რკინაც უნდა განისაზღვროს, რაც ასევე ძალიან მარტივი პროცედურაა. დაავადება აბსოლუტურად განკურნებადია. დასაწყისში გაცილებით ადვილი სამკურნალოა, ვიდრე მოგვიანებთ. ზოგჯერ სტაციონარში დაწვენა ხდება საჭირო. ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი. თუმცა დროის ხანგრძლივობა, მაინც, დაავადების სირთულეზეა დამოკიდებული. დასაწყისში ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს ტაბლეტიზებული მკურნალობა. ინიექციებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდივართ, თუ პაციენტი უარყოფითად არის ტაბლეტებისადმი განწყობილი, ან ძალიან სწრაფად გვინდა შედეგის მიღწევა.
– თუ შესაძლებელია სახლის პირობებში, ექიმის ჩარევის გარეშე მკურნალობა?
– მედიკამენტური მკურნალობის გარეშე მისგან განკურნება, თუ უკვე რკინადეფიციტური ანემია გვაქვს, გამორიცხულია. აქ მხოლოდ საკვები არ არის საკმარისი. თვითმკურნალობა არანაირად არ შეიძლება. აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მართალია, ანემიების 80-90 პროცენტს რკინადეფიციტური ანემია შედგენს, მაგრამ რჩება კიდევ 10-20 პროცენტი, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სახის მკურნალობას საჭიროებს, თუმცა, ჩივილები იგივეა. ამიტომ, ასეთი ავადმყოფი ვერ მორჩება, რამდენი რკინაც არ უნდა მისცე. შესაბამისად, სწორი დიაგნოსტიკა აუცილებელია. თვითმკურნალობა გამორიცხულია. თუ დაავადების განკურნების შემდეგ დარჩება მისი გამომწვევი მიზეზი, მაგალითად, მენორაგია (გაძლიერებული მენსტრუაცია), მაშინ ხელშემწყობი თერაპია ინიშნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მას მცირე ასაკის ბავშვებში. ბავშვს თუ სამ წლამდე არ გამოუსწორდა რკინადეფიციტური ანემია, ვითარდება მენტალური ჩამორჩენა. მოზრდილ ასაკში განვითარებულმა რკინადეფიციტურმა ანემიამ შეიძლება, გონების დაქვეითება გამოიწვიოს, თუმცა მკურნალობის შემდეგ, ეს საკითხი გამოსწორდება. მაგრამ, თუ დეფიციტი სამ წლამდე ვერ მოწესრიგდა, მისი გონებრივი შესაძლებლობები ისეთი ვერასდროს გახდება.
– რომელი საკვების მიღებაა ამ დროს რეკომენდებული?
– ცხოველური პროდუქტებიდან 20-30 პროცენტ რკინას ვიღებთ. მცენარეულიდან კი მხოლოდ – 3 პროცენტს. თუმცა, მხოლოდ საკვებით უკვე არსებული რკინადეფიციტური ანემიის გამოსწორება შეუძლებელია. ეს გამორიცხულია. საკვების საშუალებით მხოლოდ ერთი დღის ან ცოტა მეტისთვის საკმარისი რკინა შეიძლება, მივიღოთ. ზოგი პროდუქტი, პირიქით, ხელს უშლის რკინის შეწოვას. ესენია: ყავა, ჩაი, რძე, ცხიმიანი ხორცი. ამიტომ, ჯობია, ისინი კვებიდან ორი საათის შემდეგ მივიღოთ. თუმცა, ხორცი აუცილებელია. წითელი ხორცი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
– რა გართულება შეიძლება, მოჰყვეს რკინადეფიციტურ ანემიას, თუ არ ჩავიტარე მკურნალობა?
– ეს გამოიწვევს მნიშვნელოვან გართულებებს გულზე. შესაძლოა, სტენოკარდიისა და ინფარქტის სურათიც კი მოგვცეს. იმუნიტეტი ქვეითდება. კუჭ-ნაწლავი პათოლოგიურია. ნერვული სისტემის აღზნებადობას იწვევს. შეიძლება, მივიღოთ სუფებრილური ტემპერატურა, რაც ნიშნავს, ხანგრძლივი დროით – 37 გრადუს ტემპერატურას. შესაძლოა, ჰემოგლობინი ისე დაეცეს, რომ სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო. მოკლედ, საკმაოდ მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.
– როგორია მისი თავიდან არიდების გზები?
– ეს არის მეორადი დაავადება, ამიტომ, უპირველესად, უნდა დავადგინოთ დაავადების გამომწვევი მიზეზი. თუ ასეთი მიზეზი არ არსებობს და ადამიანი ნორმალურად იკვებება, მაშინ მას ნაკლები საფრთხე ემუქრება.