კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-49(728) 

– იმ ძმაკაცს არ შეხმიანებიხარ? – ჰკითხა ნათიამ.

– ერთხელ შევუთვალე, შენი ნახვა მინდა-მეთქი, მაგრამ, ჯერ დამემალა, მერე კი დამემუქრა – თავი დამანებე, თორემ, ისევ იქ დაგაბრუნებ საიდანაც გამოხვედიო.

– რანაირად უნდა დაებრუნებინე?

– ორგანოებში დააწყებინა მამამისმა მუშაობა და არ გაუჭირდებოდა. ჯერ ვიფიქრე, ჭკუას ვასწავლი-მეთქი, მაგრამ, მერე დედაჩემი შემეცოდა და დავანებე თავი.

– არ გაუგია, რომ ქურდობდი? ხომ შეეძლო, ეს გამოეყენებინა შენს დასაჭერად? – დაინტერესდა ქეთა.

– ვერ გაიგებდა. მარტო ვმუშაობდი, თანაც, სხვა უბნებში და აბსოლუტურად არავინ არ იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, რომ ძალიან იშვიათად გავდიოდი საქმეზე – მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა ფული. მოკლედ, ერთხელაც არ ჩავვარდნილვარ. ბინა არასდროს გამიქურდავს, არც დაწესებულებები... სიმართლე გითხრათ, ეს ყველფერი ძალიან ამომივიდა ყელში, მაგრამ, არ ვიცოდი, სხვა რა გზას დავდგომოდი. უცხოეთში ვერ წავედი –  ნასამართლეობის და, კიდევ იმის გამო, რომ დედას ვერ დავტოვებდი უპატრონოდ.

– რომელი ფაკულტეტი დაამთავრე?

– არქიტექტურის და, სხვათა შორის, საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ, ვერ დავამთავრე – სწორედ დიპლომის დაცვამდე ორი კვირით ადრე დამიჭირეს და ჩემი პროფესიული კარიერაც მაშინ დამთავრდა.

– ახლა რით აპირებ ცხოვრებას? – გამომცდელად შეეკითხა ლიკა, – როგორც ვიცი, არც ახლა ყრია ქუჩაში სამსახურები.

– ჯერ ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, ისევ არქიტექტურასა და დიზაინს მოვკიდო ხელი – ახლა ყველა რაღაცას აშენებს და... ვნახოთ, რა გამოვა. რაც მთავარია, ახლა მიზანი გამიჩნდა ცხოვრებაში, – ბოლო წინადადება გიორგიმ ძალიან თბილად წარმოთქვა და ღიმილით გახედა სოფოს, – ოღონდ, რაღაც პერიოდი მცხეთაში მომიწევს გადასვლა – იქ კარგი პირობები მექნება სამუშაოდ, თან, პატარა მეურნეობის გაკეთებაც მინდა.

გოგოებმა კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს გიორგის და მალე წამოიშალნენ.

– ჩვენი წასვლის დროა, – თქვა მიამ და გიორგის ხელი ჩამოართვა, – გულწრფელად გეტყვი: მოგვეწონე და, შეიძლება ითქვას, მიგიღეთ „სასტავში“, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან გაწყენინებთ, თუკი ოდესმე სოფოს აწყენინებ. ეს მუქარა არ გეგონოს, გაფრთხილებაა.

– მეც მომეწონეთ, – ალალად თქვა გიორგიმ, – ასე მგონია, ბავშვობიდან გიცნობთ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. აბა, დროებით გემშვიდობებით. იმედია, მალე გნახავთ, – გოგოებმა სათითაოდ გადაკოცნეს გიორგი და სოფო და ჟივილ-ხივილით გავიდნენ ბინიდან.

– აი, ასეთი მეგობრები მყავს, – თქვა ბედნიერებისგან სახეგაცისკროვნებულმა სოფომ და კარი ჩაკეტა.

– ძალიან მაგარი გოგოები არიან, – თქვა გიორგიმ და უცებ ხმამაღლა გაეცინა.

– რა გაცინებს? – დაინტერესდა სოფო.

– ამხელა კაცი ვარ და რა არ გადამხდენია, მაგრამ, ამდენ ქალს ერთდროულად არასდროს უკოცნია, – გიორგიმ ლოყაზე ჩამოისვა ხელი, – მგონი, ცხრა პირი კანი გამაძრეს, თან, ყველამ რომ მარცხენა ლოყაზე მაკოცა...

– არ მოკვდები, ნუ გეშინია, – უთხრა სოფომ და ოდნავ შეწითლებულ ლოყაზე ნაზად მიადო ტუჩები. თვითონვე გაუკვირდა თავისი სითამამის, მაგრამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ გიორგის ძალიან დიდი ხანია, იცნობდა და უყვარდა. კაცი ლამის დაადნო ამ ნაზმა და უშუალო კოცნამ, სოფო გულში ჩაიხუტა, თვალები დახუჭა და ჩურჩულით უთხრა:

– ღმერთო ჩემო... სად იყავი აქამდე, ამდენი რატომ მალოდინე?..

***

მიას მთელი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ შვილები თავის გვარზე გადაეყვანა. ტომასი ყველგან დაჰყვებოდა და, რაც შეეძლო, ეხმარებოდა. ისიც კი შესთავაზა, ჩემს გვარს მივცემ და ოფიციალურად ვიშველებო, მაგრამ მიამ არ ქნა – ჩემს შვილებს ქართული გვარი უნდა ჰქონდეთო, ბავშვების შვილად აყვანა კი მხოლოდ ოფიციალურად ხელის მოწერის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

ამასობაში ტომასის ამერიკაში გამგზავრების დროც დადგა – აუცილებლად უნდა წასულიყო, რადგან, ფირმის საქმეებისთვისაც უნდა მიეხედა და ცოლის შერთვასთან დაკავშირებული საბუთებიც უნდა მოეწესრიგებინა. მიას შეჰპირდა, მაქსიმუმ ერთ თვეში ჩამოვალო და გაფრინდა.

– კი მაგრამ, ხელს როდისღა მოაწერთ? – დაეჭვებით ჰკითხა მიას ქეთამ, აეროპორტიდან რომ ბრუნდებოდნენ.

– როცა ჩამოვა. განცხადება გუშინ შევიტანეთ.

– რა ვიცი, მაინც ვნერვიულობ...

– რა განერვიულებს? – გაეცინა მიას.

– ისევ არ გიმტყუნოს შენმა „შეუმცდარმა“ ალღომ, ანუ, ისევ შეცდომა არ დაუშვა.

– იმაზე მეტი შეცდომა, რაც უკვე ორჯერ დავუშვი, აღარ არსებობს. ასე რომ, უკეთესის იმედი ვიქონიოთ.

– გეხვეწები, გულწრფელად მითხარი, – თქვა ნათიამ და მიას თვალებში ჩახედა, – ნამდვილად გიყვარს?

მია დააბნია ამ შეკითხვამ, დააბნია და ჩააფიქრა. კარგა ხანს არ ამოუღია ხმა, მერე კი, ისე, რომ გოგოებისთვის არ შეუხედავს, ჩაილაპარაკა: – მგონი, კი; ზუსტად არ ვიცი...

– მერე... – წამოიწყო ქეთამ.

– მერე ის, რომ, – სიტყვა ჩამოართვა მიამ, – ისევ მცდარი რომ აღმოჩნდეს ჩემი ეს ნაბიჯი, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი მაინც ექნება – ჩემი შვილები იცხოვრებენ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ პირობებში და ნორმალურ გარემოში. მერე კი, როცა მყარად დადგებიან ფეხზე, ჩამოვიდნენ თავიანთ სამშობლოში და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეეძლებათ. იმას მაინც არ წამოაძახებენ მეზობლები, დედათქვენმა სხვადასხვა კაცისგან გაგაჩინათ, თვითონ კი ახლაც გულაობსო... – მიას უცბად აეშალა ნერვები და თვალები ცრემლით აევსო.

– კარგი, დაწყნარდი, მაგიტომ არ გვიკითხავს... – შეწუხდნენ გოგოები, – ისე კი, მგონი, მართლაც არ ჩანს ტომასი ცუდი ტიპი.

– მეც ასე მგონია, – ჩუმად თქვა მიამ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა.

***

მია ყოველ საღამოს სკაიპით ელაპარაკებოდა ტომასს. საქმროს ჩამოსვლამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩებოდა, ამერიკაში წასვლამდე კი – დაახლოებით ორი თვე. ტომასმა უთხრა, ქორწილის საორგანიზაციო საკითხები უკვე მოვაგვარე, ბილეთებიც შევუკვეთე და შენ ნურაფერზე ნუღარ ინერვიულებო. მიას არც აქ უნდოდა ქორწილის გადახდა და არც ამერიკაში, მაგრამ ტომასი არ დაეთანხმა: თბილისში შენი ნებაა, აქ კი აუცილებელია წვეულების მოწყობა და ამას წინასწარ შეეგუეო.

რეალურად რომ დადგა ფაქტის წინაშე, მია მხოლოდ ამის შემდეგ აფორიაქდა: უკვე აშკარად წარმოიდგინა, რომ უნდა მიეტოვებინა მშობლები და მეგობრები, რომელთა გარეშეც ერთ დღესაც ვერ ძლებდა; უნდა მიეტოვებინა თავისი მყუდრო ბინა, სადაც თავს ძალიან მშვიდად, კომფორტულად და დაცულად გრძნობდა; მოაკლდებოდა უამრავი რამ, რასაც ასე შეჩვეული იყო წლების განმავლობაში, რაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და, უცებ, წინასწარ იგრძნო, როგორ მოენატრებოდა საღამოობით თბილისის ქუჩებში სეირნობა; თავის გოგოებთან „სხოდკებზე“ მისვლა და ქაქანი; მამის თბილი, მზრუნველი მზერა და დედის დატუქსვა და ჭკუის სწავლება; სამსახური და საქმე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა... ყველა და ყველაფერი გაიხსენა და წარმოიდგინა და, უნებურად, ძალიან გულწრფელად იგრძნო, რომ შინაბერა მეზობელი ლამარაც კი მოენატრებოდა თავისი კატებიან-ძაღლებიანად და ცრემლებიც კი წამოუვიდა.

– რაღაც, ძალიან ამიჩვილდა გული. ისე ვეთხოვები ყველაფერს, თითქოს უკან ვეღარასდროს დავბრუნდები! – ცოტა არ იყოს, გაბრაზებულმა უთხრა საკუთარ თავს ხმამაღლა და მერე ისევ თავიდან „გადაქექა“ ყველაფერი, რომ, რაც შეიძლება მეტი ნათელი წერტილი, ანუ, ის ძაფები აღმოეჩინა, რომლებიც არასდროს გაწყდებოდა და, რომელთა სათავისოდ დაგულება წასვლასაც შეუმსუბუქებდა და დაბრუნების იმედსაც შეუნარჩუნებდა. მშობლებისა და მეგობრების შემდეგ, ასეთი „ძაფი“ სამსახური იყო და, უზომოდ გაუხარდა, ორიოდე დღის წინ უფროსმა რომ უთხრა, ჩვენს შტატიან თანამშრომლად დარჩები, ოღონდ, საინტერესო სიუჟეტები უნდა გამოგვიგზავნო, მე შენნაირ ჟურნალისტს ასე ადვილად ვერ დავთმობო. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო; სტიმულიც და პროფესიული სიამაყით გამოწვეული სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებაც. წასვლამდე კი, ალბათ, ამ წელიწადში ბოლო სერიოზული სიუჟეტი უნდა დაესრულებინა და დაეტოვებინა; მეორე სერიოზული საქმე კი, შეეძლო, ამერიკაშიც დაემთავრებინა და თავისი გოგოებისთვის საშობაო სიურპრიზი მოეწყო. გადაწყვეტილი ჰქონდა, სიუჟეტის მასალა ყველასთვის ერთად ეჩვენებინა როგორც ოპონენტებისთვის, რადგან, მათი აზრებისა და საქმიანი შენიშვნების გათვალისწინება მხოლოდ დახვეწდა და უფრო საინტერესოს გახდიდა, როგორც თვითონ უწოდებდა გულში, თავის „საკანდიდატო ნაშრომს“; აი, სიურპრიზის გამხელას კი არ აპირებდა – ეს მისი პირველი მცდელობა იყო რომანის დაწერისა და, უნდოდა, მხოლოდ „თავისი“ ყოფილიყო. 

სატელევიზიო სიუჟეტი, პრაქტიკულად, დასრულებული ჰქონდა: ტექსტი – დადებული და მონტაჟი – გაკეთებული. „რა სტკივა თბილისს“ – ასე დაარქვა თავიდან პირობითად. მართალია, სათაური ორიგინალური ნამდვილად არ იყო და საკმაოდ სევდიანადაც ჟღერდა, მაგრამ, იმდენად ზუსტად გამოხატავდა სიუჟეტის შინაარსს, რომ აღარ შეცვალა. გადაწყვიტა, გოგოებთან „პრეზენტაცია“ ორი დღის შემდეგ, შაბათს მოეწყო, რადგან, ჯერ ერთი, შეიძლება, მერე ვეღარც მოეცალა და, თანაც, ტომასის ჩამოსვლამდე აუცილებლად უნდა მიეტანა ტელევიზიაში – უნდოდა, მანამდე გაეშვათ, სანამ ამერიკაში გაფრინდებოდა. რაც შეეხება რომანს, ბოლო თავიღა ჰქონდა დასაწერი და, თუ დროზე დაასრულებდა, შეეძლო, სტამბაში დასაბეჭდად ჩაშვებაც მოესწრო. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეკეთებინა, რომ დაქალებისთვის საშობაო საჩუქარი არ დაეგვიანა... ამაზე როცა ფიქრობდა, ის დღეც გაახსენდა, ამ რომანის პირველი თავი რომ დაწერა – ქეთასთან იყვნენ „სხოდკაზე“ და გოგოებიდან რომელიღაცამ თქვა, ვინმემ ჩვენი ისტორიები ერთ რომანად რომ შეკრიბოს, რა კარგი იქნებოდაო. ჰოდა, იმ დღიდან წერდა მია ამ რომანს, რომელშიც მეტ-ნაკლებად ათივეს ცხოვრების ეპიზოდები შეიტანა და ახლა სულ რამდენიმე ფურცელიღა ჰქონდა დარჩენილი, ანუ – ფინალი.

მაშინვე ამოიღო უჯრიდან ფურცლებად აკინძული რომანი და გადაიკითხა. ზოგან პატარა შესწორება გააკეთა, ზოგან რაღაც წაშალა, ზოგან რაღაც ჩაუმატა და, პრინციპში, კმაყოფილი დარჩა, რადგან, ამ ფურცლებში საკუთარი და თავისი უახლოესი ადამიანების ტკივილი და სიხარული იყო თავმოყრილი, რაც ძალიან ახლობელი იყო მისთვის. მხოლოდ ბოლო თავზე მოუწია მეტხანს ფიქრი, რადგან, ვერ გადაწყვიტა, როგორ დაესრულებინა.

– რა ჯობია: „ჰეფი ენდი“, ტრაგიკული ფინალი თუ პესიმისტური გაურკვევლობა? – ისევ ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ თავს და მაშინვე გასცა პასუხი: – რა თქმა უნდა, „ჰეფი ენდი“! ბედნიერი დასასრული, როგორი არარეალური და არაბუნებრივიც უნდა იყოს, არც მკითხველს „დაგრუზავს“ და პერსონაჟების პროტოტიპებსაც ბედნიერი მომავლის იმედს ჩაუნერგავს, ეს კი აუცილებელია ჩემი გოგოებისთვისაც და, ყველა იმ ქალისთვისაც, ვინც საკუთარ ცხოვრებას დაინახავს ამ რომანში, – თქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე იგრძნო, როგორ მოუნდა წერა – უკვე ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ბოლო თავი. სასწრაფოდ მიუჯდა კომპიუტერს და ტექსტის აკრეფა დაიწყო:

„მიას პატარა ქორწილისა და მისი გაცილების შემდეგ გოგოებმა მოიწყინეს. მართალია, ისევ იკრიბებოდნენ; ისევ ჭორაობდნენ; ისევ ებუტებოდნენ და ურიგდებოდნენ ქმრებსა თუ შეყვარებულებს; ისევ უკმაყოფილოები იყვნენ კაცებით და მაინც ისევ ეძებდნენ ნამდვილ მამაკაცს; ისევ ოცნებობდნენ, ანუ, ყველაფერი ისევ ისე ხდებოდა, როგორც მანამდე, მაგრამ, ყველაფერ ამას აკლდა ეშხი, მუღამი, მთავარი ძარღვი, მამოძრავებელი ძალა და სიხალისე – მია, რომელიც იმით უვსებდა გოგოებს ამ დანაკლისს, რომ, როგორი მოუცლელიც არ უნდა ყოფილიყო, „სხოდკის“ დღე მისთვის „წმიდათაწმიდა“ იყო და სკაიპით უერთდებოდა ამ შეკრებას.

მიას წასვლიდან ძალიან მალე სოფომ და გიორგიმაც იქორწინეს და მცხეთაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ცხადია, გიორგის დედასთან ერთად, იქ პატარა მეურნეობაც წამოიწყეს და ნელ-ნელა გიორგიმაც გაითქვა სახელი, როგორც ძალიან მაგარმა არქიტექტორმა და დიზაინერმა. გოგოებს უხაროდათ, რომ სოფო ძალიან ბედნიერი იყო ქმართან და, ამის გამო, ცდილობდნენ ხაზგასმული ყურადღებითა და პატივისცემით გამოეხატათ სიძისთვის მადლობა. ერთ-ერთ „სხოდკაზე“ კი, რომელსაც, ცხადია, მიაც ესწრებოდა სკაიპით, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ, თუ არ ჩათვლიდნენ კატოს გარდაცვლილ ქმარს, რომელსაც ცხოვრებაში „დადებითი ანომალია“ შეარქვეს, გიორგი მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო.

– კატოს გარდა ცხრა ქალი ვართ აქ და როგორ წრეში და როგორ „სასტავში“ არ გაგვიცნია კაცები, მაგრამ, სოფო ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა; იმ დონეზე იღბლიანი, რომ, მგონი, მთელ საქართველოში არსებული ერთადერთი ნამდვილი მამაკაცი შეხვდა. ამაზეა ნათქვამი, ეძიებდე და ჰპოვებდეო, – თქვა სიძით კმაყოფილმა ქეთამ. 

– ჩვენი აღზრდიდან, მენტალიტეტიდან და კიდევ რაღაც-რაღაცეებიდან გამომდინარე, ეტყობა, იქ არ ვეძებდით, სადაც საჭიროა; უფრო სწორად, ვეძებდით იქ, სადაც ნამდვილი მამაკაცი რეალურად არ არსებობს... – დაასკვნა ელისომ.

– ან, არსებობს, მაგრამ, იმდენად მცირე რაოდენობით, რომ, ამდენი წელია, ვერ მივაგენით, – შედარებით ოპტიმისტურად განაცხადა რუსამ.

– სოფომ კი, ხომ ხედავთ, სულ სხვა მხარეს გაიხედა, თანაც, ერთადერთხელ და... – თვალი ჩაუკრა ელისომ სოფოს.

– სოფო არაფერ შუაშია, მას არავინ უძებნია. აქ მთავარ როლშია „მისი უდიდებულესობა შემთხვევა“, – აღნიშნა ლიკამ.

– მე კი დავამატებდი, რომ მთავარ როლში მარტო შემთხვევა კი არა, ბედი და იღბალიცაა, – სიტყვაში გამოვიდა ნათია, – არ გაგიგიათ, ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდებაო?

– გაგვიგია, მაგრამ, მთავარი ის კი არ არის, შემთხვევის ბრალია გიორგის პოვნა, ბედის თუ იღბლის; მთავარი ის არის, რომ მისმა აღმოჩენამ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში დაგვარწმუნა: ამ ჩვენს ყოველმხრივ დაჩაგრულ საქართველოში, თურმე, არსებულა ნამდვილი მამაკაცი, ოღონდ, შესაძლოა, გინესების, ან, სულაც, „წითელ წიგნში“ გაგვიხდეს შესატანი...

– შესაყვანი, – ღიმილით შეაწყვეტინა სიტყვა სალომემ.

– ჰო, წითელ წიგნში შესაყვანი რაოდენობით, მაგრამ, თუნდაც ჯერჯერობით ამ მინიმალურმა რაოდენობამაც კი, გააცოცხლა ჩვენი გარდაცვლილი იმედი ნამდვილი მამაკაცების არსებობის შესახებ – საზეიმო ხმით დაასრულა რუსამ გამოსვლა.

– ისე, ძალიანაც ნუ ავჭყლოპინდებით, თვალი არ ეცეს, – დაეჭვებით თქვა მირანდამ.

... ამ „სხოდკიდან“ ორი-სამი კვირის შემდეგ გოგოებმა კიდევ სამი ახალი ამბით გაახარეს მია: ლიკა, მართალია, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მაგრამ, მაინც შეურიგდა ქმარს; რუსას ყოფილმა შეყვარებულმა სთხოვა ხელი და, ალბათ, დათანხმდება ცოლად გაყოლაზე; სალომე კი სამსახურში დააწინაურეს – ძალიან დიდი და სერიოზული განყოფილების უფროსად დანიშნეს, რაც, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვნადაც დაგვირგვინდეს, რადგან, მას შემდეგ, რაც „დიდი ქალი“ გახდა, სერიოზულ თაყვანისმცემელთა რაოდენობაც გაათმაგდა და, დაქალებსაც და ოჯახის წევრებსაც იმედი გაუჩნდათ, რომ, ბოლოს და ბოლოს, სალომეც იპოვის თავის ბედს“... – მიამ წერა შეწყვიტა, სიგარეტს მოუკიდა და ნაწერი ორჯერ წაიკითხა.

– ცოტათი კი წააგავს ზღაპრის დასასრულს, თუმცა, არც ისე არარეალურია, – ისევ ხმამაღლა მიმართა საკუთარ თავს, – მაგრამ, ელისო და კატო, მგონი, გაურკვევლობაში რჩებიან...

მია ჩაფიქრდა. გონებაში რაღაც-რაღაცეები გადაალაგ-გადმოალაგა, რაღაცეები აწონ-დაწონა და გოგოების სახელები გაიმეორა.

– ელისო და კატო... მათი ასე დატოვება რომანში დაუშვებელია...  კარგი, ელისოს რაღაც გზაზე დავაყენებ; ბოლოს და ბოლოს, ამასაც გავათხოვებ რამენაირად, მაგრამ, კატოს რა ვუყო? მისი სახელის გვერდით თუნდაც ხუმრობით რომ ვახსენო ვინმე კაცი, სამუდამოდ დამკარგავს... – მია საგონებელში ჩავარდა. კარგა ხანს იჯდა და ისე ფიქრობდა, მერე კი წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. უცბად მექანიკურად გახედა ჩართულ და ხმაჩაწეულ ტელევიზორს, რომლის ეკრანზეც რომელიღაცა მომგებიანი ლატარიის სარეკლამო რგოლს უჩვენებდნენ და უცებ გონება გაუნათდა.

– ევრიკა! – იყვირა გახარებულმა, მაშინვე მიუჯდა კომპიუტერს და წერა განაგრძო:

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3