ექიმის რჩევები
კითხვა: ძალიან გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ახალშობილის პრენატალური ჰიპოტროფია და მორფო-ფუნქციური უმწიფრობა?
პასუხი: ჰიპოტროფია (hypotrophy) – კვების ქრონიკული მოშლა, რომელიც ვლინდება სხეულის მასის სხვადასხვა ხარისხის შემცირებით. თანდაყოლილი ჰიპოტროფია ხშირად განპირობებულია დედის დაავადებებით, ან უკავშირდება მუცელშიგა ჰიპოქსიას, ნაყოფის ინფექციას, გენურ და ქრომოსომულ მუტაციებს. მორფოფუნქციური უმწიფრობა აღენიშნებათ როგორც დიდ ბავშვებს, ისე მცირეწონიანებსაც, როდესაც ზოგიერთი ორგანო ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ახალშობილის რეფლექსებიც სუსტია.
კითხვა: ჩემი შვილი 4 წლის და 8 თვისაა, აწუხებს შეკრულობა. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მირჩიეს, რომ დავალევინო ბაობაბ ლაიფი. თქვენ რას მირჩევთ და ამ ასაკში თუ შეიძლება მისი მიღება?
პასუხი: გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც გაგვაჩნია ამ პრეპარატის შესახებ: არსებული ანოტაციის თანახმად, Baobab Life არის კვებითი პროდუქტი, რომლის ძირითადი შემადგენლობა ბაობაბის ნაყოფია. ხის ნაყოფი და ფოთლები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ინულინს, C ვიტამინს, Ca-ს, Mg-ს და სხვას. ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა პრობლემებს, დიაბეტს და ამცირებს ზოგიერთი სიმსივნური დაავადების წარმოქმნას. კერძოდ: სწორ ნაწლავში ინულინის ხარჯზე ხდება ნაწლავური ფლორის აღდგენა და გაჯანსაღება, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და საკვების მონელების გაუმჯობესება. დეტოქსიკაცია – ნაწლავების მთლიანი გაწმენდა, რის ხარჯზედაც ხდება მთელი ორგანიზმის ფილტრაცია, უმჯობესდება ორგანიზმში შეწოვა იმ აუცილებელი ელემენტებისა, როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები – Ca, Mg და სხვა. შედეგად მცირდება ოსტეოპოროზის რისკიც. ბაობაბის ნაყოფის რბილობის ბოჭკოები არეგულირებენ ნაწლავების მოქმედებას. ხდება იმუნიტეტის ინტენსიური გაძლიერება. იზრდება ორგანიზმის ტონუსი. პროდუქტი დღეს წარმოდგენილია ფხვნილის სახით და ეწოდება „Baobab Life” (ბაობაბის სიცოცხლე). ის ვრცელდება ქსელური მარკეტინგის კომპანიის მიერ. სამეცნიერო შრომები და სერიოზული კვლევები პრეპარატის ეფექტურობის თაობაზე არ მოიპოვება, ამიტომ, არ შეგვიძლია, გირჩიოთ მისი გამოყენება. რაც შეეხება ყაბზობას, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, გააკეთოთ განავლის საერთო ანალიზი, განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (დისბაქტერიოზზე) და განავალი ჰელმინთებზე. ბავშვის კვების რაციონში უნდა შედიოდეს ხილი და ბოსტნეული (ყაბაყი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო). ყოველდღიურად მიაღებინეთ მაწონი და იოგურტი, შავი ქლიავის, გარგარის ჩირის კომპოტი, მწვანილი (ოხრახუში – ცოცხლად), წვნიანი საკვები, დაღერღილი ხორბლის ფაფა. არ არის რეკომენდებული ცხიმიანი საკვები, ცხიმიანი ხორცის ნახარშები, მანის ფაფა, მაკარონი, კისელი, კომში, ხურმა. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესიც ხელს უწყობს ამ პრობლემის მოუგვარებლობას.