კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა მსხვილი მაფიოზური დაჯგუფების საქმე ღამის მძარცველის მეშვეობით

ღამის ძარცვა

ანტონ ლარინი, მეტსახელად „ანტოშკა“, მოსკოველი მძარცველი იყო. მეორე პატიმრობიდან სულ რაღაც ორი კვირის წინ გათავისუფლებული ანტოშკა მალოარბატსკის მეორე ჩიხში იდგა და საკბილოს ელოდა. ციოდა. ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როდესაც ¹11 სახლის სადარბაზოდან „დუბლიონკიანი” მამაკაცი გამოვიდა და ეზოს გასასვლელისკენ გაემართა. სიბნელეში მდგარი ლარინი მოულოდნელად გამოუხტა ჩანთაგადაკიდებულ მამაკაცს, ალესილი ბებუთი მიუშვირა და საფულე, ძვირფასი ნივთები და ტყავის სპორტული ჩანთა მოსთხოვა. მამაკაცმა ანტოშკას მოულოდნელი ილეთით გააგდებინა ბებუთი ხელიდან და ძირს დასცა, მაგრამ ლარინმა მოასწრო და მამაკაცს ფეხებში გამოჰკრა ორივე ხელი. ის ყინულზე მოსრიალდა, კეფით დაეცა და აღარც განძრეულა. გაყინული თოვლი კი დაცემულის სისხლით შეიღება.

„შემომაკვდა“, – ჩაილაპარაკა ლარინმა, შემდეგ მამაკაცის ტყავის ჩანთას დასწვდა და სწრაფად გაეცალა შემთხვევის ადგილს. ხუთასიოდე მეტრი რომ გაიარა, მძარცველი „მურის“ მორიგე ჯგუფმა ერთ-ერთ ბნელ შესახვევში აიყვანა, სადაც ისინი მანქანით იყვნენ ჩასაფრებულები. მცდელობის მიუხედავად, ლარინმა გაქცევა ვერ მოახერხა და ის მილიციის უახლოეს განყოფილებაში მიიყვანეს, შემდეგ ტყავის ჩანთა გახსნეს და გაოცდნენ – ჩანთა საბანკო ზონრებით შეფუთული ასმანეთიანების დასტებით იყო სავსე. სულ ას ოცი ასეთი დასტა აღმოაჩინეს, რაც 1 მილიონ 200 ათას მანეთს შეადგენდა. ანტოშკამ აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს და აცხადებდა, რომ მამაკაცი მას სრულიად შემთხვევით შემოაკვდა. ღამის 2 საათსა და 40 წუთზე, ანუ, ძარცვიდან 100 წუთის შემდეგ, ოპერმუშაკები ლარინთან ერთად მალოარბატსკის შესახვევში, ¹11 სახლის ეზოში დაბრუნდნენ, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა, მხოლოდ გაყინულ თოვლზე შეყინული სისხლის კვალი ადასტურებდა ანტონ ლარინის სიტყვებს.

იმავე დღეს მოსკოვის სამოქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლით და 1977 წლის 23 იანვარს გამოძიება დაიწყო.

იდუმალი მდგმური

„მურის“ ოპერმუშაკებმა დაადგინეს, რომ გაძარცული მამაკაცი ¹11 სახლის მეოთხე სართულზე ¹7 ბინას ქირაობდა. ბინის პატრონი 71 წლის პენსიონერი მარფა ზიკოვა იყო. მოხუცმა, რომელიც გვერდით, ¹6 ბინაში ცხოვრობდა, გამომძიებელს უთხრა:

– მდგმურს ანზორი ჰქვია და უკვე სამი წელია, ჩემთან ჩერდება. პირველად ის ჩემმა შვილიშვილმა, ლუდმილამ მოიყვანა. ლუდმილა შარშან ავარიაში დაიღუპა და სულ მარტო დავრჩი. ანზორი ყოველთვე ჩამოდის და ერთ კვირაზე მეტს არ ჩერდება. თვეში ოცდაათ მანეთს მიხდის, უფრო სწორად, ყოველი წლის დასაწყისში მთელი წლისას მიხდის 360 მანეთს მაძლევს. მას საკუთარი გასაღები აქვს. არც ის მაწუხებს და არც მე ვაწუხებ.

მოხუცმა გამომძიებელს 36 ცალი ათმანეთიანი უჩვენა და უთხრა:

– აი, ეს ფულიც ანზორმა მომცა – ოცში ჩამოვიდა და იმავე დღეს გადამიხადა.

მოხუცმა თქვა, რომ ანზორი საქართველოდან იყო, მაგრამ, რომელ ქალაქში ცხოვრობდა, არ იცოდა. ქალისავე თქმით, მისი მდგმური მოსკოვში მივლინებით ჩამოდიოდა, მაგრამ, არც მისი პროფესია იცოდა და არც მისი სამსახური. პროკურატურამ და „მურმა“ ქალისა და ლარინის მეშვეობით მდგმურის ფოტორობოტი შეადგინეს და, თოვლზე აღებული სისხლის ანალიზთან და ნაქირავებ ბინაში აღმოჩენილ თითების ანაბეჭდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადმოგზავნეს საიდენტიფიკაციოდ. სიტყვიერი აღწერილობისა და ფოტორობოტის მიხედვით, იდუმალი მდგმური იყო საშუალო სიმაღლის 35-40 წლის მამაკაცი, შავი ფერის ხშირი თმით, რომელიც გემოვნებით და მდიდრულად იცვამდა. სისხლის კვალის ანალიზით კი დადგინდა, რომ ვინმე ანზორი დიაბეტით იყო დაავადებული და, სავარაუდოდ, მკურნალობდა.

საიდუმლო შეკრება

მალოარბატსკის შესახვევში გაძარცული მამაკაცი სინამდვილეში 38 წლის ნოდარ მურია იყო. ის თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. უცოლშვილო მურია მოსკოვში მართლაც ყოველთვიურად ჩადიოდა, სადაც ეშელონით ჩაჰქონდა თავისი ფაბრიკის „ლევი“ (გაუფორმებელი) პროდუქცია, უკან კი ფულით ბრუნდებოდა, რომელსაც დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი იყოფდა. ამ ჯგუფში მურიას გარდა შედიოდნენ: ფაბრიკის დირექტორი, მოადგილე, მთავარი ბუღალტერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს „ობეხეესის“ (დატაცებისა და ბანდიტიზმის განყოფილება) ორი თანამშრომელი. მოსკოვში მათ თანამზრახველები ჰყავდათ და ისინიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდნენ. ეს ჯგუფი ამ დანაშაულებრივი სქემით 1974 წლიდან მოქმედებდა და ათეულ მილიონობით მანეთს იჯიბავდა. 23 იანვარს ნოდარ მურია მოსკოვური ვოიაჟიდან თბილისში  უნდა დაბრუნებულიყო; ის ღამის მატარებლით აპირებდა გამგზავრებას, როდესაც მას ანტოშკა დაესხა თავს და გაძარცვა... გონზე მოსული მურია სწრაფად წამოდგა. აეროპორტში გაემგზავრა და რამდენიმე საათში უკვე თბილისში იყო. ნანერვიულებმა და ძალებგამოცლილმა მთავარმა ინჟინერმა ძლივს მიაღწია ლოგინამდე და ტანსაცმლიანად ჩაეძინა. საღამოს 10 საათზე კი გაეღვიძა, თავი მოიწესრიგა, წამალი დალია და პირდაპირ ფაბრიკაში გაემგზავრა დირექტორთან, რადგან ის შუაღამემდე ჩერდებოდა სამსახურში.

– ზეგ არ უნდა ჩამოსულიყავი? – ჰკითხა მურიას გაოცებულმა დირექტორმა, – მოხდა რამე?

ნოდარ მურიამ დაწვრილებით მოუყვა უფროსს ყველაფერი და ბოლოს დაამატა:

– თანხას მე დავფარავ. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ გამძარცვეს და მილიციას არ გადავაწყდი.

– კიდევ კარგი...  წადი და დაისვენე, – შვებით ამოისუნთქა ფაბრიკის დირექტორმა და ხელქვეითი კაბინეტიდან გამოისტუმრა.

28 იანვარს, „ობეხეესის“ პოდპოლკოვნიკმა მალხაზ ზარიამ, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდა, ფაბრიკის დირექტორი შეხვედრაზე დაიბარა, მოსკოვიდან გამოგზავნილი ფოტორობოტი უჩვენა და უთხრა:

– შენი კრეტინი ხელქვეითი ჯერ ვიღაც ბასიაკმა გაძარცვა, შემდეგ ის კრეტინი ბასიაკი მილიციამ დაიჭირა და, აი, შედეგი – სამინისტროში დღეს ეს ფოტორობოტი მოვიდა და, თუ დაიჭირეს, ყველას დედას გვიტირებენ. 

იმავე საღამოს, ნოდარ მურიას გარდა, მთელი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიკრიბა ფაბრიკის დირექტორის აგარაკზე, წყნეთში და მთავარი ინჟინრის თავიდან მოშორება ერთხმად გადაწყვიტეს.

– ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ, – თქვა ზარიამ, – წინააღმდეგ შემთხვევაში, მურიას დაიჭერენ, ის კი ყველას ჩაგვიშვებს. შემსრულებელს მე ვიპოვი, ოღონდ, ამ საქმეში სამასი ათასი მანეთი მჭირდება.

მალხაზ ზარიას იქვე მისცეს 300 ათასი მანეთი და შეთქმულები დაიშალნენ. პოდპოლკოვნიკმა გუნებაში თანამზრახველებს დასცინა, 290 ათასი მანეთი სამალავში შეინახა, 10 ათასი მანეთი კი თავის ხელქვეითს, ლეიტენანტ გივი ლუაშვილს მისცა და ნოდარ მურიას მოკვლა დაავალა.

მირსკის საქმე

მოისეი მირსკი მოსკოვის ¹19 სასაქონლო ბაზის დირექტორი იყო და მისი საქმიანობით „კაგებე“ მას მერე დაინტერესდა, რაც უშიშროებამ შეიტყო, რომ ის სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული. მასზე თვალთვალი „კაგებემ“ 1976 წლის მიწურულს დააწესა. სწორედ მირსკი უხდიდა ფულს მურიას თბილისიდან ჩამოტანილ საქონელში, მას ორმაგ ფასად ასაღებდა და მოგებული თანხით ამერიკულ დოლარებს ყიდულობდა. მირსკი 23 იანვარს აიყვანეს და მან გამომძიებლები მურიაზე გაიყვანა. იმავე დღეს მურიას მოხელთება ვერ მოხერხდა, რადგან ფულის გადაცემა ძალიან ეშმაკურად მოხდა – ფული შემნახველ საკანში იყო შენახული და ხელიდან ხელში გადაუციათ, რის გამოც, უშიშროების კინოკამერაში ეს ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა, უკვე გაშიფრულ მურიას „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფი 3 თებერვალს თბილისში „დააჯდა კუდზე” და თვალთვალი და გადაღება დაუწყეს. 5 თებერვალს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მურიას სახლში მოსაკლავად გივი ლუაშვილი დაადგა, რომელმაც პოდპოლკოვნიკ ზარიას მიერ შეკვეთილ მკვლელობაში 10 ათასი მანეთი აიღო. მოსკოველმა მოთვალთვალეებმა უკვე იცოდნენ მურიას შემთხვევითი გაძარცვის ამბავიც და ანალიზის შედეგად ისიც ივარაუდეს, რომ მას მკვლელს მიუგზავნიდნენ. ამიტომ, ლუაშვილის ვიზიტს მომზადებულები შეხვდნენ და მილიციის ლეიტენანტი ფაქტით აიყვანეს – მას „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. ლუაშვილმა ჩვენებაში ყველაფერი აღიარა და თავისი უფროსი მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. 6 თებერვლის ღამეს, „კაგებეს“ მოსკოველმა ოპერმუშაკებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, თბილისში აიყვანეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი და, ამის პარალელურად, ანალოგიური ოპერაცია მოსკოვშიც ჩატარდა.

მოისეი მირსკისა და მძარცველ ანტოშკას მეშვეობით, პროკურატურამ, „კაგებესა“ და „მურთან“ ერთად, მსხვილი საქმე გახსნა და 25 ადამიანი საბრალდებო სკამზე დასვა. უმეტეს მათგანს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის იყო ნოდარ მურიაც, რომელიც დღეს ურალში ერთ-ერთი მსხვილი ფირმის პრეზიდენტია.

скачать dle 11.3