მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-49(728)
ხელფეხგაკოჭილი გივი ჯაფარიძე ფოლადის კაუჭზე ხელებით იყო ჩამოკიდებული. ჩოჩიანმა მძლავრი პროჟექტორი აანთო. ტყვეს ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა და უთხრა:
– გაები, ნაბოზარო?
– რას მერჩი, რუზგენ, რა დაგიშავე? – მშვიდად თქვა ჯაფარიძემ.
– ჩვენი დაღუპვა გინდოდათ ხომ, შენ და მორფინას?
– რა დაღუპვა. საიდან მოიტანე. გაგიჟდი?
– კიდევ მე გავგიჟდი? – იღრიალა ჩოჩიანმა და ბეისბოლის ჯოხი ისეთი ძალით სთხლიშა წვივებში, ორივე ძვალი გაუბზარა.
ჯაფარიძემ ამოიკვნესა და მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ტკივილს გრძნობდა, ჩოჩიანს უთხრა:
– ძუკნა ხარ და ნაბოზარი.
ჩოჩიანი გამწარდა. ბეისბოლის ჯოხი ჰაერში აღმართა, რომ ჯაფარიძისთვის ტვინი გაესხმევინებინა, მაგრამ კალმარმა შეაჩერა. შემდეგ ჯაფარიძეს მწველი მზერა ესროლა და ჰკითხა:
– შენ ამბობ, რომ ძუკნა არ ხარ?
– არ ვარ.
– ვაჟა ზვიადაურს არ იცნობ?
– არა.
– აი, ის კი გიცნობს და სწორედ მან გაგვიყვანა შენზე.
– მოიყვანეთ და პირზე დამაყენეთ ეგ ვაჟა ზვიადაური.
– არ სურს. ასე ამბობს, – თვალებში ვერ შევხედავო.
– რატომ, – ჩაეცინა გივი ჯაფარიძეს, – დავწვავ?
– ის ჩვენზე მუშაობს. ფულს ვუხდით და ეტყობა, რცხვენია, რომ ჩაგიშვა.
– ბოდვაა.
– იქნებ არც გენერალ პავლე ლიადოვს იცნობ?
– ეგ ვინღაა?
– ეგეც ჩვენი კაცია. ფულის სანაცვლოდ შენს ოჯახზე ინფორმაციის გამხელას შეგვპირდა, – უთხრა კალმარმა ჯაფარიძეს.
გივი ჯაფარიძე წამით შეცბა, მაგრამ დამშვიდდა. ის დარწმუნებული იყო ზვიადაურსა და ლიადოვში. თუმცა, ვერ ხვდებოდა, საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას მის წინ მდგომი უცხო კაცი.
კალმარი ვარაუდებით ლაპარაკობდა და ჯაფარიძის გამოტეხვას ცდილობდა. თან, ბეისბოლის ჯოხს ატრიალებდა, რომელიც ჩოჩიანს გამოართვა.
– ბოდავთ რაღაცას. რატომ, არ ვიცი. მე პატიოსანი კაცი ვარ და ტყუილად მდებთ ბრალს, – თქვა ჯაფარიძემ.
– მე არასდროს ვბოდავ და ყოველთვის ზუსტად ვმოქმედებ. რამე რომ შემშლოდა, ახლა აქ არ ვიდგებოდი.
– გეშლება, – მტკიცედ თქვა ჯაფარიძემ.
– მეშლება? – ჩაეცინა კალმარს, – თუ იცი, ვინ ვარ?
– ვიცი.
– ვინ ვარ.
– ფანტომი! – ზიზღით წარმოთქვა გივი ჯაფარიძემ.
– ეგ გამრეკელმა შემარქვა. მე კი კალმარი ვარ! – იღრიალა კალმარმა. შემდეგ არაადამიანური ძალით მოიქნია ბეისბოლის ჯოხი. გივი ჯაფარიძეს ტვინი გაასხმევინა და ადგილზევე მოკლა. შემდეგ მკვლელობის იარაღი ცხვირსახოცით გაწმინდა. იატაკზე დააგდო და ჩოჩიანს უთხრა:
– შენებს უბრძანე, წაიღონ და უკვალოდ გააქრონ. მე შუაღამეს მოვალ და ახალ ამბავს მოვიტან. იმედია, ამ დროისთვის მორფინაც მოშორებული იქნება. დროებით ფსკერზე უნდა დავწვეთ და ფრთხილად იყავი.
– რას აპირებ?
– მაგას ღამით გეტყვი. ახლა კი ეს ნაბოზარი გააქრეთ.
– კარგი. ახლავე მიხედავენ.
კალმარი საიდუმლო კიბისკენ გაემართა. შემდეგ შეჩერდა და ჩოჩიანს უთხრა:
– კინაღამ დამავიწყდა. შილბანი ჩამოათრიე და უთხარი, კნუტი გაასაღონ.
– კნუტს რას ერჩი?
– მაგ ნაბოზარმა შემოგვიგდო ჯაფარიძე.
– კნუტიც ძაღლებზე მუშაობს?
– პირდაპირ არა მგონია, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს. მაგის გამო შეგვექმნა პრობლემები და უნდა დაისაჯოს.
– გასაგებია. დღესვე დავუკავშირდები.
– მხოლოდ ფრთხილად იმოქმედოს.
– კარგი.
კალმარი რომ წავიდა, რუზგენ ჩოჩიანმა ორი ხელქვეითი იხმო და უთხრა:
– ეს ტრუპი წაიღეთ და ისე გააქრეთ, ვერავინ იპოვოს. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგეს რუზგენ ჩოჩიანს ხელქვეითებმა. შემდეგ გივი ჯაფარიძის ცხედარი ბრეზენტში გაახვიეს. მანქანის საბარგულში ჩადეს და როგორც კი ჩამობნელდა, ქალაქში გავიდნენ. საღამოს ათი საათი სრულდებოდა, როდესაც გირებგამობმული, ბრეზენტში გახვეული გივი ჯაფარიძის ცხედარი, რუზგენ ჩოჩიანის „გალავარეზებმა“ დიღმის მასივთან მტკვრის პირას ჩაიტანეს და წყალში გადააგდეს.
***
ვაჟა ზვიადაური ტანსაცმლიანად იყო წამოწოლილი ლოგინზე და გივი ჯაფარიძის ზარს მოუთმენლად ელოდა. პოდპოლკოვნიკი უზომოდ დაღლილი იყო. მიუხედავად ამისა, ძილი არ ეკარებოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ჩვეულებისამებრ მშვიდი ზვიადაური ძალიან ღელავდა. რატომ, თავადაც ვერ გაეგო, მაგრამ მთელ მის სხეულს რაღაც უცხო ძრწოლვა იპყრობდა და სულს უშფოთავდა. ღამის ორ საათს რომ გადასცდა, ტელეფონმა დარეკა. „როგორც იქნა, გივიც გამოვიდა კავშირზე“, – გაიფიქრა ზვიადაურმა და შვება იგრძნო. შემდეგ ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ.
– ვაჟა, მორფინა ვარ, – გაისმა ტელეფონში ზაურ ხრიკულის ხმა და ზვიადაურს საშინელი გრძნობა დაეუფლა. მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა. რის ვაივაგლახით მოთოკა თავი და მიუგო.
– გისმენ.
– ღიად იმიტომ გელაპარაკები, რომ დრო არ ითმენს. გავიშიფრე და სიკვდილს ძლივს დავაღწიე თავი. შენი რჩევა მჭირდება.
„გავიშიფრეზე“ ზვიადაურს ძალა წაერთვა და თვალწინ გივი ჯაფარიძე დაუდგა. თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები და ჰკითხა:
– რა მოხდა?
– ჩოჩიანის ხალხი მოსაკლავად დამადგა სახლში და ძლივს გამოვასწარი. ერთ-ერთი მათგანი დავჭერი. იმან მიშველა, რომ არ მეძინა და ამ ბოლო დროს ძალიან ვფრთხილობდი.
– რა იცი, რომ ჩოჩიანის ხალხი იყო?
– ერთ-ერთი მათგანი ვიცანი. ადრე რომ დამადგა და ჩემი გამოტეხა უნდოდა.
– ახლა სად ხარ?
– ადლერის ფოსტაში.
ვაჟა ზვიადაურმა მორფინას გულბათ მარგიანის მისამართი უკარნახა და უთხრა:
– მასთან უნდა ჩააღწიო გაგრაში და ჩემი სახელით უთხარი, დაგმალოს, თან მინისტრს დაუკავშირდეს.
– კარგი. მადლობა.
– ნახვამდის, – თქვა ზვიადაურმა და ხელის კანკალით გათიშა ტელეფონი. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მერაბ გამრეკელის ბინის ნომერი აკრიფა და დაელოდა.
– გისმენთ, – მალევე უპასუხა მინისტრმა.
– ბატონო მერაბ, ზვიადაური ვარ.
– მოხდა რამე? – აღელდა გამრეკელი.
– მორფინა გაიშიფრა. ამწუთას დამირეკა ადლერიდან. ჩოჩიანის ხალხი მოსაკლავად დაადგა და გაქცევა მოასწრო, თან ერთი კაცი დაჭრა. მე მას გულბათ მარგიანის მისამართი მივეცი და გაგრაში გავუშვი.
– სწორად მოქცეულხარ. გივი?
– გივი არ გამოვიდა კავშირზე და მე მგონი, რაღაც მოხდა.
– ვაჟა, სასწრაფოდ სამინისტროში მოდი. თხუთმეტ წუთში ადგილზე ვიქნები, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და ტელეფონი გათიშა.
ზვიადაურმა ყურმილი დადო. წამოდგა და ტაბელური იარაღი წელზე შემოირტყა. შემდეგ სწრაფად გავიდა სახლიდან. კიბეებზე შლეგიანივით დაეშვა და „ვოლგით“ „გაფრინდა“ სამსახურისკენ.
გამრეკელი და ზვიადაური ერთდროულად მივიდნენ სამსახურში და ერთმანეთს შესასვლელთან შეხვდნენ. გენერალს სახეზე ფერი არ ედო და ასევე ფერწასულ ზვიადაურს უთხრა:
– უპირველესად, ვინმე გაგზავნე, რომ გივი შეამოწმონ ბინაში და ეგრევე ჩემთან ამოდი.
– არის, – მიუგო ზვიადაურმა და თავისი განყოფილებისკენ გაიქცა. ხუთი წუთის შემდეგ უკვე გამრეკელს ეახლა და მოახსენა:
– გავგზავნე, ბატონო მერაბ. მაქსიმუმ ნახევარ საათში პასუხი გვეცოდინება.
– დაჯექი და შენი მოსაზრება გამიზიარე. რას ფიქრობ?
– აშკარაა, რომ მორფინა გაიშიფრა და თუ ეს ასეა, მაშინ გივიც გაშიფრული უნდა იყოს. ამიტომ, მის სიცოცხლეს დიდი საფრთხე ემუქრება.
– მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ინფორმაციას საიდან უნდა გაეჟონა?
– არსაიდან, – თავი გააქნია ზვიადაურმა, – უფრო სწორად, ჩვენგან არა.
– მოსკოვიდან?
– გამორიცხულია, – მტკიცედ თქვა ზვიადაურმა.
– მეც დარწმუნებული ვარ ლიადოვში.
– აბა, რა უნდა მომხდარიყო?
– უნდა ვიფიქროთ. აქ სხვა რაღაცაშია საქმე.
– კი. მასეა.
– მაგრამ რაში?
– შეიძლება, მოვწიო?
– მოწიე.
ზვიადაურმა გააბოლა და ჩაფიქრდა. მინისტრმა კი რესპუბლიკის სამძებროს უფროსი გამოიძახა. შემდეგ მორიგე ოპერატიული ჯგუფის უფროსი დაიბარა და უთხრა:
– მოემზადეთ. როგორც კი დაგირეკავთ, რუზგენ ჩოჩიანის ასაყვანად უნდა წახვიდეთ.
მორიგე წავიდა. ზვიადაურმა კი მინისტრს უთხრა:
– ბატონო მერაბ, თუკი გავიშიფრეთ, გამოდის, რომ გვისმენენ.
– გვისმენენ? – გაოცდა გამრეკელი.
– დიახ. სხვაგვარად არ გავიშიფრებოდით.
– კი მაგრამ, ვინ? როგორ?
– თუ მასეა, ვიღაც შინაური, თანაც „ჟუკები“ ახალი დაყენებულია. გუშინ.
– „ჟუკები“, თანაც, გუშინ?
– დიახ. ჩვენ ყოველთვის ერთი-ერთზე ვლაპარაკობდით და მსგავსი არაფერი მომხდარა. ბოლოს გუშინ ვილაპარაკეთ თათბირის შემდეგ და სავარაუდოდ, ან თათბირის დროს დააყენა აქ ვიღაცამ „ჟუკები“, ან გუშინწინ ღამით. მე ვფიქრობ, ეს თათბირის დროს მოხდა.
გამრეკელი გაფითრდა. შემდეგ მოგრძო, სათათბირო მაგიდასთან მივიდა. ქვეშ შეძვრა და ნახევარიოდე წუთის შემდეგ ორი ცალი მოსასმენი მოწყობილობა გამოიღო, აკანკალებული ხელით ზვიადაურს უჩვენა და თქვა:
– აი... შენ მართალი ხარ.
– გუშინ მანდ ვახტანგ პატარიძე იჯდა.
მინისტრი წამით ჩაფიქრდა. შემდეგ თავში ხელი შემოირტყა და ზვიადაურს უთხრა:
– გუშინ დილით პატარიძე სახლში გავუშვი. როგორც კი შენ გაგისტუმრე, დამირეკა და მითხრა, – ტანში მამტვრევს და სახლში წავალო. როგორც ეტყობა, ჩანაწერი წაუღო ვიღაცას.
– კაბინეტი გავუჩხრიკოთ, – წამოიძახა ზვიადაურმა და თავში სისხლი მოაწვა.
– წავედით, – თქვა გამრეკელმა და წამოდგა. ამ დროს კაბინეტში ზვიადაურის ხელქვეითი შემოვიდა და თქვა:
– თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე არავინაა. ბინა ცარიელია.
– ღმერთო ჩემო, გივი! – ზვიადაურმა თავში შემოირტყა ხელი. მინისტრმა კი მორიგე ოპერჯგუფის უფროსს დაურეკა და უბრძანა:
– სასწრაფოდ რუზგენ ჩოჩიანთან წადით და ვისაც იქ ნახავთ, ყველა აქ მოათრიეთ. ერთი ჯგუფი ადგილზე დარჩეს და ყველაფერი გულდასმით გამოიკვლიოს.
– ნება მომეცით, მეც მათ გავყვე, – სთხოვა ზვიადაურმა მინისტრს.
– არა. აქ დარჩი. ადგილზე მჭირდები, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს და ასე იმიტომ მოიქცა, რომ თუკი ჩოჩიანის სასახლეში გივი ჯაფარიძის გვამს აღმოაჩენდნენ, იმის დიდი შანსი იყო, ზვიადაურს ჩოჩიანი და მისი ხელქვეითები დაეხოცა.
– ამხანაგო გენერალო, გთხოვთ, – თქვა ზვიადაურმა.
– არა. წამოდი, პატარიძის კაბინეტი გავჩხრიკოთ.
გაფითრებული პოდპოლკოვნიკი მძიმედ გაჰყვა უკან გენერალს. მათ სამი მორიგეც თან გაიყოლეს და პატარიძის კაბინეტში შევიდნენ. ოთახის ჩხრეკამ შედეგი ვერ მოიტანა. ცეცხლგამძლე სეიფი კი საიმედოდ იყო ჩაკეტილი და ვერ გააღეს.
– უნდა გავჭრათ, – თქვა მინისტრმა.
– ამხანაგო გენერალო, ერთი იდეა მაქვს, – უთხრა გამრეკელს ერთ-ერთმა მორიგემ.
– რა იდეა?
– გაჭრას დიდი დრო უნდა. ჩვენთან „მედვეჟატნიკი“ ზის მეტსახელად „კოდალა“ და იქნებ მან გახსნას?
– ვცადოთ. ამოიყვანეთ კოდალა.
კოდალა ათ წუთში ამოიყვანეს საკნიდან. შემდეგ, ნივთმტკიცებულებად ამოღებული „ატმიჩკები“ მისცეს და სეიფების გამხსნელი საქმიანობას შეუდგა. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული რომ სამმაგსაკეტიანი, „ოტო და გრილის“ სეიფი სუფთად გააღო და თქვა:
– მზადაა, „ჩიჩმეთ“.
კოდალას ერთი ბლოკი სიგარეტი აჩუქეს. თან, არაყი და მშრალი საჭმელიც გაატანეს და საკანში დააბრუნეს. სეიფი კი გაჩხრიკეს და იქიდან მოსასმენ-ჩამწერი მოწყობილობა, რვა ათასი დოლარი და თოთხმეტი ათასი მანეთი ამოიღეს.
– ახლავე აქ მოათრიეთ პატარიძე! – თქვა განრისხებულმა გენერალმა და პირადად შეადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელზეც ზვიადაურმა და კიდევ ორმა ოფიცერმა მოაწერეს ხელი. საგანგებოდ გამოძახებულმა გამომძიებელმა კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მოკვლევას შეუდგა.
გამრეკელი და ზვიადაური რომ მინისტრის კაბინეტში დაბრუნდნენ, დილის ექვსი საათი სრულდებოდა. გაფითრებული ზვიადაური სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ორივე ახალ ცნობებს ელოდა და ტელეფონებისკენ ეჭირათ თვალი. პირველი ზარი რომ გაისმა, გამრეკელმა ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ.
– მერაბ, გულბათ მარგიანი ვარ.
– გამარჯობა, გულბათ.
– დილა მშვიდობისა, მერაბ. ზაურ ხრიკული ჩემთანაა. თქვენი სახელით მოვიდა და მითხრა, დამმალეო. „მაკაროვი“ ჰქონდა და ჩამაბარა. რა ვქნა?
– ახლავე წამოიყვანე, მაგრამ ძალიან ფრთხილად. „მაკაროვიც“ წამოაყოლე. კუდზე მკვლელები აზიან და შარში არ გაეხვიოთ. შენები გააფრთხილე, რომ მობილიზებულები იყვნენ.
– გასაგებია. ათ წუთში გამოვალთ.
მეორე ზარი ათი წუთის შემდეგ გაისმა.
– გისმენთ, – უპასუხა გამრეკელმა.
– ამხანაგო გენერალო, პატარიძის ბინიდან გირეკავთ.
– რა ხდება?
– პოლკოვნიკი მოკლულია. მაყუჩიანი იარაღი აქვე, მაგიდაზე აღმოვაჩინეთ.
– გამოძიება დაიწყეთ, – მიუგო გამრეკელმა და ყურმილი დადო. შემდეგ ზვიადაურს მიუბრუნდა:
– პატარიძე საკუთარ ბინაში მოკლეს.
– როგორც ეტყობა, თავიდან მოიშორეს.
– ალბათ, – თქვა გამრეკელმა, – ნეტავ, კიდევ რა სიურპრიზები გველოდება...
დილის შვიდ საათზე სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ეახლა მინისტრს და მოახსენა:
– ამხანაგო გენერალო, რუზგენ ჩოჩიანის სახლი ცარიელი დაგვხვდა. იქ ახლა ჩვენი ბიჭები მუშაობენ და ყველაფერს იკვლევენ.
– აღმოაჩინეთ რამე?
– სარდაფში „პრეს-ხატა“ აღმოვაჩინეთ, მაგრამ ძალადობის კვალი არ იყო. კიდევ ერთი საიდუმლო კიბე და საიდუმლო გვირაბი. სახლში კი საიდუმლო ოთახი, რომელშიც გამჭვირვალე სარკეა ჩამონტაჟებული.
– მეტი არაფერი?
– ჯერჯერობით – არა. თუ რამე ახალი გამოჩნდა, შემატყობინებენ და მოგახსენებთ.
– კარგი. თავისუფალი ხარ. მზად იყავით. შეიძლება, ყოველ წამს დამჭირდეთ და არ მოდუნდეთ.
– გასაგებია.
– ჰო. კინაღამ დამავიწყდა – რუზგენ ჩოჩიანზე ძებნა გამოაცხადეთ.
– გასაგებია, – მიუგო მინისტრს სამძებროს უფროსმა და წავიდა.
დილის ცხრა საათისთვის კონსპირაციულ ბინაში მოკლული ნონა ბუთბას ცხედარი აღმოაჩინეს და მინისტრს რომ მოახსენეს, გამრეკელმა ზვიადაურს უთხრა:
– ვიღაც თავიდან იშორებს მოწმეებს:
ზვიადაურს დანა პირს არ უხსნიდა და გამრეკელს ენის ბორძიკით მიუგო:
– ნეტავ, გივი სად არის?
გენერალს არაფერი უთქვამს და უხმოდ გააბოლა. ჩაფიქრდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ ზვიადაურს უთხრა:
– ლიადოვს შეგიძლია, დაშიფრულად შეატყობინო რაღაც?
– შემიძლია.
– მაშინ ახლა დავურეკავ და უთხარი, რომ ჯაფარიძის ცოლ-შვილი საიმედოდ გადამალოს. რა იცი, რა ხდება?
– დაურეკეთ.
მინისტრმა კოდით დარეკა მოსკოვში და ლიადოვმა რომ ყურმილი აიღო, ზვიადაურს მიაწოდა.
– დილა მშვიდობისა, მეგობარო, – უთხრა ზვიადაურმა გენერალ პავლე ლიადოვს.
– სად ხარ, მიშა, რატომ დამეკარგე?
– ავად ვიყავი და ვიწექი. შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანე.
– „გუმში“ იუგოსლავური დუბლიონკები მიიღეს და იქნებ როგორმე მომიხერხო და შემაძენინო?
– რამდენს დაამატებ?
– ძალიან ბევრს ვერა.
– თითოზე ას-ასი მანეთი გაწყობს?
– კი.
– მაშინ, ჩათვალე, რომ ორივე უკვე შენია.
– კარგი. ფულს დღესვე გამოგიგზავნი.
– შეხვედრამდე.
– დიდი მადლობა! შეხვედრამდე, – თქვა ზვიადაურმა. ყურმილი დაკიდა და გამრეკელს მიუბრუნდა:
– დღესვე საიმედოდ გადამალავს ორივეს.
– მადლობა ღმერთს. რა იცი, რა ხდება.
ზვიადაურმა გააბოლა და ბოლთის ცემა დაიწყო. თან, გივი ჯაფარიძეზე ფიქრობდა. ამასობაში შუადღეც შესრულდა და მინისტრმა ზვიადაურს უთხრა:
– წადი, ცოტა დაისვენე.
– რას ბრძანებთ. რა დამაძინებს.
ტელეფონმა დარეკა და მინისტრმა უპასუხა:
– გისმენთ.
– ბატონო მერაბ, მაიორი გიგაური ვარ. ამ წუთას შემატყობინეს, რომ ორთაჭალჰესთან მეთევზეებმა უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
– მერე? – წამოიძახა მინისტრმა და ცუდი ამბის მოლოდინში სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
– გვამი ბრეზენტში იყო გახვეული და აღწერილობით თქვენ მიერ მოცემული ძებნილის სიტყვიერ პორტრეტში ჯდება.
გიგაურის სიტყვებზე მერაბ გამრეკელს წელში გააცია, მაგრამ ნებისყოფა მოიკრიბა და მაიორს ჰკითხა:
– აღწერილობა გამიმეორეთ.
– მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ოცდაათი, ოცდათხუთმეტი წლის სიმპათიური მამაკაცი.
„გივი ჯაფარიძე“... – გაიფიქრა მინისტრმა. გიგაურს კი ჰკითხა:
– მიყენებული დაზიანების ხარისხი?
– პირველადი მოკვლევის შედეგად, ექსპერტს უთქვამს, თავში მძიმე დარტყმა აქვს მიყენებულიო. ტვინი აქვს გასხმული, ამხანაგო გენერალო. ექსპერტის თქმით მოკლული ჰაერში ხელებით იყო დაკიდებული და წვივები აქვს გაბზარული. სავარაუდოდ, ბეისბოლის ჯოხითაა ნაცემი, – მიუგო გიგაურმა.
– შემთხვევის ადგილზე არის ჩვენგან ვინმე?
– კიროვის რაიონის მილიციის უფროსი, ბატონო მერაბ. მასაც ჰქონდა გადაცემული „ორიენტიროვკა“. სწორედ მან დამირეკა და შემატყობინა ეს ამბავი.
– კარგი. გასაგებია. კიდევ რამე სიახლე თუ იქნა, დაუყოვნებლივ შემატყობინე, – უთხრა მინისტრმა რესპუბლიკის მთავარ მორიგეს და ყურმილი დადო.
– რა მოხდა, ბატონო მერაბ, – ჰკითხა მინისტრს ვაჟა ზვიადაურმა, რომელსაც სხეული უკანკალებდა.
– ორთაჭალჰესთან მეთევზეებმა უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, – მძიმედ თქვა გენერალმა, თან გააბოლა, რომ მღელვარება დაემალა.
– გივის ცხედარი? – ღრიალით გააწყვეტინა სიტყვა ზვიადაურმა მინისტრს.
– არ ვიცი, ვაჟა. პიროვნება ჯერჯერობით დაუდგენელია და პროზექტურაში მიჰყავთ ექსპერტიზაზე.
გაფითრებული ვაჟა ზვიადაური ფეხზე წამოდგა და მინისტრს უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, პროზექტურაში უნდა წავიდე.
– მოიცა, ვაჟა. მეც მოვდივარ... – თქვა მინისტრმა. მანქანა გამოიძახა და პოდპოლკოვნიკთან ერთად კაბინეტი დატოვა.
გზაში არც გენერალს და არც ზვიადაურს ხმა არ ამოუღიათ. პროზექტურაში რომ მივიდნენ, იქაურობა ფორმიანი მილიციელებით იყო სავსე. „ვოლგიდან“ პირველი ზვიადაური გადმოვიდა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა შენობისკენ, სადაც გვამებს ათავსებდნენ. ვაჟას თვალებში უბნელდებოდა და სხეული ყინულივით გაჰყინვოდა. სუნთქვა უჭირდა. ფეხები ეკვეთებოდა და ოთახის ზღურბლს რის ვაი-ვაგლახით გადააბიჯა. შიგნით რომ შევიდა, საპროექციო მაგიდას მოჰკრა თვალი. მაგიდაზე გივი ჯაფარიძის შიშველი სხეული იდო. ზვიადაური ჯერ შედგა და ცხედარს დააკვირდა. შემდეგ ღრიალით დავარდა. მეგობრის უსულო, შიშველ მკერდზე თავით დაემხო და დაჭრილი დათვივით აღრიალდა.
***
დაპირებისამებრ, კალმარი შუაღამეს ეწვია რუზგენ ჩოჩიანს. მან საიდუმლო გვირაბით შეაღწია სახლში, საიდუმლო კიბით ავიდა უფანჯრებო ოთახში და სავარძელში მოკალათდა. ფრანგული კონიაკი დაისხა, მოწრუპა და სურნელოვანი სიგარეტი გააბოლა. ორიოდე წუთის შემდეგ ჩოჩიანიც გამოჩნდა. რუზგენი მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშვა და უხმოდ გააბოლა.
– რა ჰქენით? – ჰკითხა კალმარმა ჩოჩიანს.
– ჩემმა ბიჭებმა იმ ნაბოზრის გვამი უკვე გააქრეს, – თქვა ჩოჩიანმა.
– სად?
– ბრეზენტში გაახვიეს და ფეხებზე გირებგამობმული დიღმის მასივთან, მტკვარში გადააგდეს.
– კრეტინები! – ზიზღით თქვა კალმარმა და კვამლი გამოუშვა.
– სიტყვები შეარჩიე... რას ერჩი ბიჭებს.
კალმარს სულ სამი ადამიანი იცნობდა და ორი უკვე მოშორებული ჰყავდა. ჩოჩიანთან კი იმიტომ მივიდა, რომ ისიც მოეკლა და მოწმე არ დაეტოვებინა. ამისთვის მაყუჩიანი პისტოლეტი ჰქონდა თან, რომელიც ქამარში გაერჭო. ამიტომ, ჩოჩიანის სიტყვები ჩაყლაპა. მომენტს ეძებდა, რომ მასპინძელი უხმაუროდ მოეკლა და კონფლიქტს ამიტომ მოერიდა. მან ჩოჩიანს გაუღიმა და უთხრა:
– ნუ ბრაზობ, რუზგენ. კაცის გაქრობა მე გასწავლო? ჯობდა, იმ ნაბოზრის გვამი ტყეში ღრმად ჩაემარხათ. ეს უფრო საიმედო იქნებოდა.
– რაც იყო, იყო. გვიანაა ახლა ამაზე ლაპარაკი, – არ დაუთმო ჩოჩიანმა კალმარს და თვალი თვალში გაუყარა.
– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ. მორფინაზე რა ჰქენით?
– მორფინას ხსენებაზე ჩოჩიანი შეიშმუშნა და კალმარს მიუგო:
– გაგვექცა ის ნაბოზარი, თანაც ერთი კაციც დამიჭრა. მაგრამ, ჩემი ბიჭები კუდზე აზიან და ოთხში ამოიღებენ.
– რაო? – წამოხტა კალმარი, – რას ჰქვია გაგექცათ? თქვენი დედაც.. თქვე კრეტინებო!
– ვის აგინებ, შე ბოზო! – ჩოჩიანი სავარძლიდან წამოხტა და კალმარზე გაიწია, მაგრამ კალმარი ხელიდან გაუსხლტა. ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი გააძრო, ჩოჩიანს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:
– დადგა შენი აღსასრულის დღე, შე ერთუჯრედიანო სირო!
ჩოჩიანი არ განძრეულა. გაეცინა და კალმარს მიუგო:
– „გლუშიწელიანი“ რკინით მაშინებ? ჩემს მოსაკლავად მოიტანე, ხომ?
– როგორც იქნა, ტვინი აგიმოძრავდა... – ჩვეული ირონიით უთხრა კალმარმა.
– ტვინი მე უფრო ადრე ამიმუშავდა და არც ისეთი სულელი ვარ, როგორც შენ ფიქრობ. თმიდან რომ ბეწვიც ჩამომივარდეს, ჩემი კაცი იმ წუთშივე გაგშიფრავს და თავს წაგაცლიან.
კალმარი ასეთ პასუხს არ მოელოდა. ამიტომ, წამით დაიბნა. თუმცა, იარაღი არ დაუშვია და ჩოჩიანს უთხრა.:
– რაო, რა თქვი?
– შენ რა, დაყრუვდი?
– ჩამიშვი, რუზგენ?
– ჩაგიშვი კი არა, თავი დავიზღვიე. შენისთანა ტრაკისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ჩემი მოკვლაც მოგინდებოდა.
კალმარმა იარაღი შეინახა და მასპინძელს უთხრა:
– გაგიჟდი? რა შენი მოკვლა. საიდან მოიტანე. უბრალოდ, გავცხარდი და ეგაა სულ. რას ვდგავართ, ავახვიოთ აქედან. მორფინა ძაღლებზე მუშაობს და სულ მალე მილიცია მოვა.
– მოვიდეს მერე. გივი ჯაფარიძე მკვდარია და ვერაფერს იტყვის. მორფინა კი პირადად არ მიცნობს და ჩემ წინააღმდეგ მოწმედ არ გამოდგება. ტყუილად კი, ხელს ვერავინ მახლებს. სხვა დროა ახლა და დამცველებიც მყავს.
– ვინ დამცველები? რას ბოდავ, რუზგენ... თუ ჩაგავლეს, თავს ვერ დაიხსნი. შეკრიბე შენები და უთხარი, დაიფანტონ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. ჩქარა ავახვიოთ აქედან!
– შენ აახვიე. მე კი დავრჩები, – თავისას არ იშლიდა ჩოჩიანი.
„კრეტინი“, – გაიფიქრა კალმარმა. ჩოჩიანს კი ჰკითხა:
– მაინც, რისი და ვისი იმედი გაქვს?
– ჩემი პატრიოტი ხალხის.
– ვინ ხალხის? – ვერ მიხვდა კალმარი.
– ვისი და არაფორმალების. ვერ ხედავ, რა ხდება? ერმა გამოიღვიძა. თვალები გაახილეს და მთავრობას უტევენ. მიტინგი მიტინგზე იმართება და არავის იჭერენ.
– მერე, შენ რა?
– რა და ის, რომ ძმები მყავს იქ და თუ რამე გამიჭირდა, მხარში დამიდგებიან ისევე, როგორც მე ვეხმარები მათ. ამიტომ, არსად არ წამოვალ. შენ კი წადი. წადი და კარგად დაიმახსოვრე, რომ ფეხებსაც ვერავინ მომჭამს.
კალმარს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა, რუზგენ ჩოჩიანის დასარწმუნებლად და ბოლოს მაინც დაითანხმა. რუზგენს უთხრა:
– დროებით მაინც უნდა დაწვე ფსკერზე. ძაღლებს ამხელა ოპერაცია ჩაუშალე და რა იცი, რას მოიმოქმედებენ ცხელ გულზე. ბოლო-ბოლო, მოგკლავენ და იტყვიან, წინააღმდეგობა გაგვიწიაო. მკვდარს კი შენი არაფორმალი ძმებიც კი ვერ გაგაცოცხლებენ.
– კონკრეტულად, რას მთავაზობ?
– საიმედო ადგილზე დაგმალავ. ცოტა დრო გავიდეს და ისევ გამოჩნდები. ახლა კი ფსკერზე დაწექი.
– კარგი. მაგრამ კარგად დაიმახსოვრე: რომ მომკლა, არც შენ გაცოცხლებენ.
– სისულელეს ამბობ. შენი მოკვლა არც მიფიქრია. მოსაკლავის მეტი რა გვყავს?
– ვის გულისხმობ?
– გამრეკელს, ზვიადაურს, ლიადოვსა და თუ ჰყავს, იმ ნაბოზარს, გივი ჯაფარიძის ცოლ-შვილს.
– ცოლ-შვილს რაღას ერჩი?
– ვერ ხვდები, რუზგენ?
– ვერა.
– შური რომ არ იძიონ, – თქვა კალმარმა, – დამტკიცებით შეიძლება, ვერაფერი დაგიმტკიცონ და ციხეს გადაურჩე, მაგრამ, შეიძლება ბოღმა გულში ჩაიდონ და ადრე თუ გვიან, შურისსაძიებლად მოგაკითხონ.
– და, მერე ამას ვინ იზამს?
– ჩვენ, ყველა ერთად. ერთ „სვიაზკაში“ ვართ და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები.
– შენ რა, ათას წელს აპირებ სიცოცხლეს? – ირონიულად ჩაეცინა ჩოჩიანს, – თუ იმ ნაბოზარს ცოლ-შვილი ჰყავს, შვილები პატარები ეყოლება და სანამ ისინი გაიზრდებიან და რამეს დააპირებენ, ალბათ, არც ჩვენ ვიქნებით ცოცხლები.
– არ უნდა გაიზარდონ! – მტკიცედ თქვა კალმარმა, – ეს ერთი. თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ ბობოლა ძაღლები გადავიკიდეთ მტრად და სანამ აზრზე მოვლენ და დევნას დაგვიწყებენ, პირველებმა უნდა დავარტყათ და გავანადგუროთ. წავედით, წავედით. ახლა მთავარია, ფსკერზე დავწვეთ და ყველაფერი კარგად მოვიფიქროთ, რომ იაღლიში აღარ მოგვივიდეს. წადი და შენები გაუშვი. მე აქ დაგელოდები და ერთად წავიდეთ.
– ნონას დავურეკავ და თან, წავიყვანოთ.
– ნონა ვერ წამოვა.
– რატომ? – ვერ მიხვდა ჩოჩიანი. შემდეგ შეცბა. კალმარს ზიზღნარევი მზერა ესროლა და უთხრა, – მოკალი ხომ?
– ყველა ადამიანი თვითონ იკლავს თავს, – ცინიკურად მიუგო კალმარმა, – სადაცაა ძაღლები მოვლენ... წავედით!
***
გივი ჯაფარიძე მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოდპოლკოვნიკი ნათესავებმა გააპატიოსნეს და დაიტირეს. მეუღლე თეა კი მხოლოდ დასაფლავებას დაესწრო და ქმრის სიკვდილით შეძრწუნებული ახალგაზრდა ქალი მალევე მოარიდეს იქაურობას. ლიადოვის ორმა უერთგულესმა თანამშრომელმა თეა მოსკოვში წაიყვანა და ისევ კონსპირაციულ ბინაში დააბრუნეს.
იმ წუთიდან, როდესაც ძმაკაცის დაღუპვის ამბავი შეიტყო, ვაჟა ზვიადაური საკუთარ თავს არ ჰგავდა. გივის სიკვდილს საკუთარ თავს აბრალებდა და ამ მრავალხიფათგამოვლილ ვაჟკაცს ცრემლი არ შეშრობია.
ჯაფარიძის დაკრძალვაზე გენერალი პავლე ლიადოვი ჩამოვიდა მოსკოვიდან. იქ იყო მერაბ გამრეკელიც. ქელეხი რომ დასრულდა და ხალხი დაიშალა, ლიადოვმა გამრეკელს უთხრა:
– შენთან საქმე მაქვს, მერაბ. წამოიყვანე ზვიადაური და ერთად გავემგზავროთ. სადმე უსაფრთხო ადგილი გექნება, სადაც არ მოგვისმენენ.
– ჩემთან, სახლში წავიდეთ, – მოკლედ მიუგო გამრეკელმა ლიადოვს.
მინისტრის სახლში რომ მივიდნენ, შუაღამე სრულდებოდა. თამარი და ბავშვები გაგრაში იმყოფებოდნენ და ახლმოსულების გარდა, ბინაში არავინ იყო. მინისტრმა სახელდახელო სუფრა გაშალა. წითელი ღვინო გამოიტანა და მილიციელები სუფრას მიუსხდნენ. ჯერ გივი ჯაფარიძის ხსოვნის შესვეს, შემდეგ კი პავლე ლიადოვმა თქვა:
– არცთუ ისე მარტივი სიტუაციაა შექმნილი და ასე კონფიდენციალურად იმიტომ შეგკრიბეთ, რომ გაგაფრთხილოთ.
– რა ხდება, პავლე? – ჰკითხა გამრეკელმა.
– ჩემი განყოფილების ანალიტიკოსებმა რომ გააანალიზეს ეს წარუმატებელი ოპერაცია, საკმაოდ საგულისხმო დასკვნამდე მივიდნენ. უფრო სწორად, მე მოვედი ასეთ დასკვნამდე.
– რა დასკვნამდე.
– ჯერ მოკლედ გეტყვით. შემდეგ კი უფრო დაწვრილებით მოგიყვებით ყველაფერს.
– თქვი, გისმენთ.
– დასკვნა ისაა, რომ მე, შენ, ვაჟას და რაც მთავარია, თეას და ჯაბას დიდი საფრთხე გვიახლოვდება. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ვერაგი, საშიში და რაც მთავარია, უხილავი ძალა მოქმედებს, რომელსაც ფართო შესაძლებლობები აქვს. ეს თუნდაც იქიდანაა ნათელი, რომ ოპერაცია ჩაიშალა. მეთანხმებით?
– გეთანხმები. შემდეგ... – თქვა გამრეკელმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში