კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი სული

ემილია კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა, რაც უნდოდა – საჩუქარი თავისი შეყვარებულისთვის. არტური კმაყოფილი დარჩებაო, – გაიფიქრა ბედნიერმა და შეფუთულ კოლოფს ქაღალდი შემოხსნა. ხის ყუთში უცნაური თოჯინა იდო, საზიზღარი და შემაშინებელი გარეგნობის: ოცი სანტიმეტრი სიგრძის ჩონჩხ სხეულზე უზარმაზარი, არაპროპორციული თავი იყო დამაგრებული. მოწითალო, უცნაური სუნის ხისგან გამოთლილს, ბოროტად დაჭყეტილი თვალები და წვეტიანი, დაკრეჭილი კბილები ჰქონდა. თოჯინას ხელში მინიატურული, წვერწამახული შუბი ეჭირა. ყუთის ფსკერზე კი დაკრული იყო თხელი ლითონის ფირფიტა, რომელზეც ეწერა: „ის ვარ, ვინც კლავს“. ერთი შეხედვით, თოჯინა მხოლოდ უარყოფით ემოციებს აღძრავდა და ამ განწყობას ვერც მის სხეულზე შემოხვეული ოქროს წვრილი ჯაჭვი შველოდა. ამ სიმახინჯეში ემილიამ თავისი ერთი თვის ხელფასის ნახევარი გადაიხადა, მაგრამ, მაინც ძალიან უხაროდა, რადგან, არტურ ბრისბეინი ჭკუას კარგავდა სიძველეებზე. ანტიკვარულ მაღაზიაში, რომელიც მესამე ავენიუზე მდებარეობდა, უთხრეს, რომ ეს ორიგინალი თოჯინა-ფეტიში იყო ზულუს ტომიდან და ამ ფეტიშში ბუდობდა ბოროტი მონადირის სული. თოჯინას სხეულზე შემოხვეული ოქროს ჯაჭვი სულს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა... გამყიდველმა ემილია გააფრთხილა, ყურადღებით ყოფილიყო და, ყოველი შემთხვევისთვის, თოჯინისთვის ჯაჭვი არ შემოეხსნა. ემილიამ გაიცინა – მას ამ სისულელეების არ სჯეროდა, განსხვავებით არტურისგან, რომელიც შეშლილი იყო ეთნოგრაფიაზე. დღეს მისი დაბადების დღე იყო. საღამოს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ემილია 31 წლის გახდა, არტური კი ოცდაცამეტის ხდებოდა. ემილიას პირველად ჰქონდა ასეთი სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან... 

აბაზანაში აპირებდა შესვლას, როცა ტელეფონმა დარეკა... 

– გისმენ, დედა!.. ჰო, ვიცი, რომ დღეს პარასკევია და ამ დღეს ერთად ვვახშმობთ ხოლმე... არა, არ გამოვსულვარ ჯერ სახლიდან და, საერთოდაც... მომისმინე, დედა, ძალიან გთხოვ... ხვალ რომ მოვიდე, რა დაშავდება?.. რატომ აღარ მიყვარხარ და არაფერში მჭირდები, ეს რა ლაპარაკია... მერე რა, რომ ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად? უკვე დიდი ვარ, დედა, დამოუკიდებელი და ამაში ტრაგედიას რატომ ხედავ? დედა... – ემილიამ ამოიოხრა. ეს ქალი მთელი ცხოვრება მბრძანებლობდა მასზე. გაახსენდა, როგორ არჩევდნენ ამ ბინისთვის ინტერიერსა და ავეჯს... ემილიას თანამედროვე სტილი და დიზაინი უნდოდა, მსუბუქი, კომფორტული ავეჯით, მაგრამ, დედამისმა ისეთი ისტერიკა მოაწყო,  ბოლოს მაინც ისე გააკეთეს ყველაფერი, როგორც მას უნდოდა...

– დედა, მომისმინე... ერთი კაცი გავიცანი, კოლეჯში ასწავლის, კარგი ადამიანია, წესიერი, არტურ ბრისბეინი ჰქვია. დღეს მისი დაბადების დღეა და, გვინდა, საღამო ერთად გავატაროთ. რატომ არ გესმის ჩემი, კვირაში ორ დღეს ხომ შენთან ვატარებ? რატომ გინდა სიკვდილი, მე მიყვარხარ... ჩემთანაც შეგიძლია, დარჩე. შენ აქ ოთახიც გაქვს. ბავშვი ხომ აღარ ვარ, ოცდათერთმეტი წლის ვარ, მინდა, ოჯახი მქონდეს, შვილიც გავაჩინო... რამდენი ხანია, ვხვდები არტურს? თვეზე მეტია და აუცილებლად მოგიყვებოდი ყველაფერს, ტყუილუბრალოდ მსაყვედურობ... ნუ მეუბნები ასეთ რამეებს, დამინდე, – ემილიას ბურთი მოაწვა ყელში და თვალები აუცრემლდა. ლოყებზე უკვე გრძნობდა მათ სითბოს...

– საღამოს სასიამოვნოდ გატარებას გისურვებ, ჩემ შესახებ კი, შეგიძლია, დაივიწყო, – უთხრა დედამ და ყურმილი დაუკიდა. ემილიამ ზუსტად იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას. ეს ქალი მას ხელს უშლიდა – ნორმალური ცხოვრების, ბედნიერების საშუალებას არ აძლევდა... გამწარდა. პატარა მაგიდაზე დასკუპებულ თოჯინა-ფეტიშს ხელი წამოჰკრა და ძირს გადმოაგდო. მექანიკურად დაიხარა, აიღო, ისევ ყუთში ჩადო და არცკი შეუნიშნავს, როგორ მოსძვრა საჩუქარს ოქროს ჯაჭვი... სააბაზანოში გავიდა და წყალი მოუშვა. მერე ტანსაცმელი გაიხადა, შიშველ ტანზე პირსახოცის ხალათი შემოიცვა და ისევ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. დივანის კიდეზე ჩამომჯდარი ცოტა ხანს ფიქრობდა, მერე ტელეფონი აიღო და დარეკა.

– არტურ, საყვარელო... – ემილიას ხმა უკანკალებდა. ძლივს ახერხებდა საუბრის გაგრძელებას, – დედაჩემი... ყოველ პარასკევ  საღამოს... 

– ემილია, შენ უკვე მელაპარაკე ამის შესახებ, მაგრამ, დღეს ჩემი დაბადების დღეა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის. ვიცი, რომ არ გინდა, დედაშენს აწყენინო, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობაც ხომ მნიშვნელოვანია – ამაზე თუ იფიქრე? ემილია, მე მარტო ერთ რამეს ვხედავ – დედაშენი მბრძანებლობს შენზე. ჩვენ ეს საღამო დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ.  მერე რას იზამს, როცა საერთოდ ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად? ამის წარმოდგენა გიჭირს? მაშინ, საერთოდ რა აზრი აქვს ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას? შენ მარტო დედაშენის გრძნობებზე ლაპარაკობ, ემილია, ჩემი არ გაინტერესებს. კარგი...

ემილიამ თვალები დახუჭა და ტუჩები მოიკვნიტა.

– არტურ, მეც ისე ველოდებოდი ამ დღეს...

– რაღაც, არ გეტყობა. ძალიან ვწუხვარ... – და არტური გაჩუმდა, მერე კი ტელეფონი გათიშა.

ემილია მეხდაცემულივით იჯდა. ყველაფერი დამთავრდა. ხვალ წავა და თოჯინას უკან დაუბრუნებს ანტიკვარს – ის უკვე აღარაფერში სჭირდება. დედამისმა ისევ მოახერხა, მისთვის ბედნიერება წაერთმია.

აბაზანიდან წყლის ხმაური ისმოდა. ემილია წამოდგა და იქით გაეშურა. აბაზანა უკვე სავსე იყო წყლით. ონკანი დაკეტა და დიდხანს იყო წყალს ჩაშტერებული. უცებ კოჭთან რაღაცამ მწარედ უჩხვლიტა. ტკივილისგან და მოულოდნელობისგან შეჰკივლა. ფეხზე პატარა ჭრილობა გაუჩნდა, საიდანაც სისხლმა გამოჟონა. ემილიამ შიშით მოათვალიერა იატაკი და უცებ ფეტიში-თოჯინა დაინახა, რომელმაც თვალები ბოროტად დაატრიალა და შუბმომარჯვებულმა ისევ გაიწია მისთვის დარტყმის მისაყენებლად. ემილიამ შეჰყვირა და გაიქცა. თოჯინა უკან გამოუდგა, დაეწია და შუბი რამდენჯერმე შეურჭო ქუსლში. ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო. ემილიამ დივანიდან ბალიში აიღო, თოჯინას დააფარა და ზემოდან დააჯდა. მძიმედ სუნთქავდა. გული გამალებით უცემდა. მის თავში საშინელი აზრები ცვლიდა ერთმანეთს. როცა მიხვდა, რომ თოჯინა აღარ მოძრაობდა, ადგა, ჩაიცვა, ტუალეტის მაგიდის უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და სახლიდან გავიდა...

***

... გამომძიებელმა უიმედოდ შეხედა სკამზე მჯდარ, ხელებზე ბორკილდადებულ ქალს და ექსპერტს მიუბრუნდა:

– აბა, რას იტყვით, სრულ ჭკუაზეა?

– როგორ გითხრათ. ერთი შეხედვით – კი, მაგრამ დაუსრულებლად იმეორებს, რომ მკვლელობა მის ქვეცნობიერში თოჯინამ ჩადო – იმან, ვინც კლავს; რომ მკვლელი სული ოქროს ჯაჭვისგან გათავისუფლდა და მასში გადმოვიდა...

– ანუ, ბოდავს!

ექიმმა თავი გადააქნია:

– აქ უფრო სერიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ჰალუცინაცია ნერვული აშლილობის ფონზე. ეტყობა, დედამისმა ძალიან გაამწარა, რომ მაკრატლით მოკლა. დარტყმა პირდაპირ კისერში აქვს მიყენებული – მთავარი არტერია დაუზიანებია და სისხლიც ამიტომ არის ბევრი.

– საცოდავი, – ჩაილაპარაკა გამომძიებელმა.

– თქვენ დედა გეცოდებათ, სტივ, მაგრამ, შეიბრალეთ ქალიშვილიც – ის ახლა თავისი ცნობიერების მიღმაა. საინტერესოა, რამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე... – ექსპერტი ემილიასთან ახლოს მივიდა, შუშასავით გამჭვირვალე თვალებში ჩააშტერდა და სინანულით გადააქნია თავი...

 

 

скачать dle 11.3