კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიცნო გიორგი კორკოტაშვილმა მამა გაბრიელი და როგორ იყენებს ის ცხოვრებაში ეკლესიიდან მიღებულ დარიგებებს

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იგივე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალური საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

– ვინ ხართ? გაგვეცანით.

– გიორგი ვაჟას ძე კორკოტაშვილი. 1959 წლის 16 ნოემბერს დაბადებული. ქართველი, პირველი დადებითი ჯგუფის სიხლით (იცინის).

– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან.

– მე ბებიამ გამზარდა. სკოლაში რომ მომიწია შესვლა, წამომიყვანეს სოფლიდან. მარტო რომ რჩებოდა ბებია, საშინელი გრძნობა დამეუფლა მაშინ. მახსოვს, დღესაც ეს განცდა.

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– საკუთარი თავის დახასიათება ძალიან რთულია. მხატვარი რომ ვიყო, ავტოპორტრეტს დავხატავდი და თითოეული მნახველი იფიქრებდა, თუ რა დევს ამ ავტოპორტრეტში. 

ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავის. ეგაა ჩემი კრედო.

– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ.

– მიშას ხელისუფლება მიგონებდა რაღაცეებს.

– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?

– ღვთის წყალობით, მე მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში.

– როგორი ჰგონიხართ და სინამდვილეში როგორი ხართ?

– როგორიც ვგონივარ, აი ისეთი ვარ სინამდვილეში (იცინის). 

– გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე?

– კი, როგორ არა. ეგ, მე მგონი, ყველა ადამიანს აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ მასზე.

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს.

– კოსმონავტი მინდოდა ვყოფილიყავი, თუმცა დღეს არა ვარ კოსმონავტი (იცინის).

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– ძალიან ემოციური ვარ – ეს თან მომწონს და თან – არა.

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?

– სულ სისულელეები ჩამიდენია მგონი, სამწუხაროდ (იცინის). ისე, ვერ იტყვი, სისულელე რა არის კონკრეტულად. ამიტომ, ცოტა რთულია... შეიძლება, ისეც შეაფასო, რომ მთლიანად ცხოვრებაა სისულელე.

–  ყველაზე მეტად მიყვარს...

– ყველაზე მეტად მიყვარს დედა და მამა (იცინის).

– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით  და რას გააკეთებდით?

– მე წინა ცხოვრებაში რა ვიყავი, არ ვიცი, არც მწამს და არც მჯერა – ბაყაყი თუ, სისულელე რაღაცა. იმ ცხოვრებაში ვცხოვრობ, რომლის უფლებაც მომანიჭა ღმერთმა.

– დღეს, იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?

– მინდა, რომ ცოტა წინ ვიყო, იმიტომ რომ, უფრო მეტად შემიძლია, დავიხარჯო შემოქმედებითად.

– საერთოდ, ფიცხი ხართ?

– ემოციური უფრო ვარ, ვიდრე ფიცხი. დედა გურული მყავს და ხანდახან ამ კახურ გუნებაში გურია იმარჯვებს ხოლმე.

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– აუ, საშინელი გაბრაზება ვიცი. მტერს და ავს, თუ ვინმე იმ რადიუსშია, რომელშიც მე ვარ გაბრაზებული, მაგრამ უცბად გამივლის ხოლმე.

– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?

– თუ დიდი გრძნობაა... თავს არ ვკარგავ, მაგრამ თავის დაკარგვამდე მიხარია, როცა ვხედავ, რომ ადამიანს სიყვარული შეუძლია.

– მეშინია...

– სიკვდიილის არა, ღმერთის მეშინია.

– მინდა...

– მინდა ბევრი ფულიკები (იცინის).

– მომწონს...

– მომწონს ყველაფერი, რაც მარტივი და ბუნებრივია.

– მაღელვებს...

– მაღელვებს არაბუნებრიობა.

– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...

– როცა ადამიანები ჩვეულებრივ, ნიღბის გარეშე ცხოვრობენ ჩემ ირგვლივ.

– ხშირად დამთვრალხართ? როგორი ხართ ამ დროს?

– სასწაულად კარგი ვარ სიმთვრალეში. ვცდილობ, ხშირად არ დავთვრე. თუ კარგი საზოგადოებაა, კარგი ბანოვანები არიან, მაშინ მინდა, რომ დავთვრე. როცა დავლევ, იწყება სიმღერა, ჩქარი ტაში და დივლიდალალე...

– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ, ანუ მაშინ, როცა არავის ელით?

– ჩვეულებრივ.

– პასუხზე გემჩნევათ, რომ თვითონ არ ალაგებთ...

– ჯარში ხომ არა ვარ, მილაგებენ (იცინის).

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ ჭკუით იყავიოო (იცინის).

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი.

– ეგეთი ხალხი ბევრია. ყველაზე დიდი დარიგება, რასაც გავეცანი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ეს ეკლესიაა. ვცდილობ იმ დარიგებებით ვიცხოვრო, რაც მეტ-ნაკლებად გამომდის. 

– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...

– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ადამიანმა სიმართლით უნდა იცხოვროს!

– რისთვის ღირდა ცხოვრება?

– ჯერ არ ვიცი, რისთვის ღირდა ცხოვრება. ჩემი ცოლი მკარნახობს, ჩემთვის ღირდა ცხოვრებაო (იცინის). მე რომ დავეთანხმო და მერე თქვენ ეს ჟურნალში დაწეროთ, დამთავრებულია, ვეღარ დავიჭერ ოჯახს! (იცინის)

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?

– ბევრი რამეა ასეთი... ფულის გამო რელიგიას არ შევიცვლი – „ეტა რაზ” და ორიენტაციას არ შევიცვლი – „ეტა დვა”, დანარჩენი არ ვიცი...

– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?

– სიტუაციისდა მიხედვით ყველაფერზე ვამბობ უარს, გააჩნია სიტუაციას.

–  რა მიგაჩნიათ საკუთარ მიღწევად?

– 4 შვილის მამა ვარ და 2 შვილიშვილი მყავს – ეს არის ღმერთის წყალობა და ჩემი მონაწილეობა.

– რელიგიური ადამიანი როგორია?

–  მამა გაბრიელს ვიცნობდი. მე ეგეთი ადამიანი პირველად ვნახე. დედათა მონასტერში გავიცანი. საოცარი ადამიანი იყო. მაგის შესახებ მოგონება მაქვს დაწერილი. ბოლო აბზაცს მოგიყვებით: საუბარი მოგვიწია და წირვაზე დაგვიანებული შევედით. მამა გაბრიელმა მეუფე დანიელს ჰკითხა: ქადაგება შეიძლებაო? რასაკვირველიაო, – მისცა უფლება და რომ დადგა ამბიონზე, იქიდან თქვა, რომ გიყვარდეთ ღმერთიო. უცებ წასკდა ტირილი და დაახლოებით ნახევარი წუთი გაგრძელდა ეს მომენტი.

– სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ შეგყვარებოდათ და მას არ მოენდომებინა რელიგიის შეცვლა, როგორ მოიქცეოდით?

– არაქრისტიანი ქალი თუ შემიყვარდებოდა... მაგათი წესებით ვიცხოვრებდი მრავალცოლიანობის პრინციპით... (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. 

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?

– მე მინდა სიბერეში სიმშვიდე, როგორც ყველა ადამიანს და  საკუთარი გარემო. ეს გარემო თუ ქვეყანაში არ იქნება შესაბამისი,  – მაშინ ვერც ჩემამდე მოაღწევს. მინდა, საქართველოში იყოს ჯერ სიმშვიდე, ნორმალური განვითარების საფუძველი, ქიშპობა, ერთმანეთის მტრობა და ბოღმით სავსე ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. მშენებლობას უნდა უყურებდე, უნდა ხედავდე, რომ მომავალი თაობა ჩართულია ქვეყნის აღმშენებლობაში. აი, მაშინ იქნებოდა ჩემი სიბერე ბედნიერი. ცალკე, ამდენი ხნის საქართველოში ცხოვრების შემდეგ, ვერ წარმომიდგენია, რომ მაიამი ბიჩზე დავამთავრო ჩემი ცხოვრება (იცინის). თუმცა, შეიძლება ძალიან კარგი იყოს იქ ცხოვრება. ჩემი ცხოვრება არის ჩემი მეგობრები, ახლობლები. თბილისში რომ გაივლი და – როგორა ხარ, კორკოტ, რას შვრები, ძმაო, – შემეკითხებიან. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი და მთელი ჩემი ცხოვრებაც ეგ არის.

– რას დაწერენ თქვენზე ოცდამეორე საუკუნეში?  

– ოცდამეორე საუკუნეში ჩემზე დაწერენ, რომ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე კარგი ტიპი იყოო (იცინის).

скачать dle 11.3