რატომ ეძახიან ანა ასათიანს ნიუ-იორკში „ბუბამარას“, რატომ უწოდა მას ხორვატიის პრეზიდენტმა „პირველი ქართველი მეგობარი“ და ვისთან დააბარა მოკითხვა და კოცნა სოფი ლორენმა
ჟურნალისტი ანა ასათიანი უკვე რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. ის წლების წინ, ჯერ „რუსთავი 2-ზე“ მუშაობდა გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“, შემდეგ კი ნიუ-იორკში – „იმედის“ კორესპონდენტად. ახლა კი მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ენერგიული და ხალისიანი ანა RTVi-შია და საკმაოდ საინტერესო სამსახური აქვს. ანა, ალბათ, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომლის რესპონდენტებს შორის არიან: ჯორჯ ქლუნი, რობერტ დე ნირო, სიუზან სარანდონი, სოფი ლორენი, ადრიან ბროუდი, ჟან პოლ გოტიე, რალფ ლოურენი და ასე შემდეგ.
ანა ასათიანი: ორი წელია RTVi-ზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, რაც ხდება ნიუ-იორკში, ყველაფერს ვაშუქებ, მათ შორის პოლიტიკას, კულტურას, თითქმის ყველაფერს. თავიდან, გადაღებაზე რომ მივდიოდი, სანამ გამიცნობდნენ, უკვირდათ: ქართველი ჟურნალისტი რატომ მუშაობ ამ არხზეო. მეც ყველას ვუხსნიდი და ზოგჯერ ახლაც მიწევს იმის ახსნა, რომ RTVi ამერიკული კომპანიაა, უბრალოდ, რუსულად მაუწყებლობს, რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. სათავო ოფისი გვაქვს ნიუ-იორკში და მე ვარ ნიუ-იორკის ნიუსების პროდიუსერი, თუმცა, ვითავსებ ჟურნალისტობასაც, რადგან ძალიან მიყვარს გადაღებები, აქტიური ცხოვრება. ამიტომ, თუ რამე ხდება ნიუ-იორკში, გადასაღებიდ მივდივარ. ძირითადად, ნიუ-იორკი მეხება, რადგან ყველგან ჩვენი კორესპონდენტები გვყავს. ძალიან მინდა, „ოსკარები“ გავაშუქო. თუ აკრედიტაციას ავიღებთ, ლოს-ანჯელესში აუცილებლად წავალ.
– როგორ დაიწყე მუშაობა?
– ერთ დღეს „ფესიბუქს“ ვათვალიერებდი და ჩემმა ყოფილმა პროდიუსერმა „იმედში“, ეკა ქარდავამ, რომელიც ჩემი მეგობარია, კატერინა კოტრიკაძეს დაუკომენტარა: რა ხდება ნიუ-იორკში, „არტივიაიზეო“. კატერინას არ ვიცნობდი, ვიცოდი, რომ „პიკის“ საინფორმაციოს უფროსი იყო: ლამაზი, ჭკვიანი გოგო. ეკას მივწერე: კატიას ნიუ-იორკში რა უნდა-მეთქი. მითხრა, „არტივიაიზე“ საინფორმაციოს უფროსად დანიშნეს, უნდა თავის გემოზე მოაწყოს და გეხვეწები, შენი სივი გამომიგზავნე, უნდა გადავუგზავნოო. მე და კატია შევხვდით ერთმანეთს, „სივიც“ მივუტანე. კატიამ მითხრა: ვიცი, ვინ ხარ. არ მინდა შენი სივი, ვიცი, რაც შეგიძლია და ძალიან მჭირდებიო. დავიწყე მუშაობა. მომეწონა გარემო, ჭკვიანი ხალხია. თან, ნიუ-იორკში ბევრი საინტერესო რამ ხდება. მე და კატია ვართ მხოლოდ ორი ქართველი „არტივიაიზე“ და ძალიან დაგვაფასეს – ავამუშავეთ ნიუსები, ახალი პროექტები, ახალი გადაცემები. ახლა დავიწყეთ ანალიტიკური გადაცემა „ტაიმ კოდი“ და მისი პროდიუსერიც ვარ.
– პირველი ქართველი ჟურნალისტი ხარ, ვისაც ამდენი ცნობილი ადამიანისგან აქვს ინტერვიუ აღებული.
– სამსახურში ბიჭები ხუმრობენ: შენ რომ გაუღიმებ, გაძლევენ ინტერვიუსო. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყოველთვის ხომ არ მაძლევენ ინტერვიუს... უბრალოდ, ძალიან ბევრს ვცდილობ, არ მეზარება. ბევრთან მივდივარ, შემართება მაქვს, ხან მიმართლებს ხან – არა. როცა მივდივარ, ვუხსნი, რომ „არტივიაიდან“ ვარ, რომელსაც 50 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. თუმცა, არ არის მარტივი, რადგან ზოგს არ აინტერესებს რუსულენოვანი მაყურებელი. პოლიტიკა და კულტურა ძალიან მიყვარს, ყველა სხვა სფეროს მირჩევნია. ჩოგბურთში ახლა გავერკვიე, როცა ცოტა ხნის წინ, US OPEN გავაშუქე. აკრედიტაციების აღება საკმაოდ რთული იყო. რომ მივედი, მითხრეს: არც ჩოგბურთის მატჩის გადაღება არ შეიძლება და არც ჩოგბურთელების ჩაწერა, მაშინ ფული უნდა გადაგვიხადო – ჩვენი სპონსორი, პარტნიორი უნდა იყოო. მოკლედ, ძალიან დავიბენი, პირველად ვაშუქებდი ჩემპიონატს. ამხელა გზაზე წავედი და იქიდან ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებოდი. წლებია, ძალიან ბევრი სერბი და ხორვატი მეგობარი მყავს ძალიან საყვარლები არიან ბალკანელები ურთიერთობაში – საინტერესოები, გულიანები და მეგობრულები. პარასკევობით, როცა სერბულ რესტორანში მივდივარ, იციან, რომ მიყვარს სერბები და სერბული სიმღერები. ამიტომ, მინდა თუ არა, გამოაცხადებენ ხოლმე: ჩვენი მეგობარი ანა იმღერებს სერბულადო. ყველამ იცის, რომ მე ვარ ქართველი გოგონა, რომელსაც სერბები ძალიან უყვარს. მაისურიც მაქვს, რომელსაც აწერია: „მე მიყვარს სერბი”. ხორვატიაში, რომ ჩავედი და იქაც რაღაცეები ვიმღერე, მოეწონთ: რა კარგად მღერიო. ხორვატიიდან უკვე ახალი მაისურით დავბრუნდი, რომელსაც ეწერა: „მე მიყვარს ხორვატი“. მოკლედ, US OPEN-ზე ნადალი არ თამაშობდა, პირველი ნომერი იყო ჯოკოვიჩი. ისე მინდოდა მისი ჩაწერა, ვერ გეტყვი. არადა, უმკაცრესი წესები იყო, არსად არ შეიძლებოდა შესვლა, სადაც კი ისინი იყვნენ. მხოლოდ პრესკონფერენციაზე შემეძლო დასწრება და ისიც არ ვიცოდი, მომცემდნენ თუ არა კითხვის დასმის უფლებას. ჯოკოვიჩის პრესკონფერენციაზე ჩავიცვი მაისური, რომელსაც ეწერა: „მე მიყვარს სერბი“. წელში გამართული ვზივარ, რომ იქნებ, დამინახოს. ხან ავდექი, ხან დავჯექი და ბოლოს, როგორც იქნა, მივიქციე ყურადღება – თქვა, ამ გოგომ დასვას კითხვაო. ავიღე მიკროფონი და მასთან მივიჭერი. მოკლედ, ჩემს მიკროფონში ჩემივე კითხვებს სულ ღიმილით უპასუხა. შარაპოვას ჩაწერა ბევრად უფრო მარტივი იყო. ფედერერმა წააგო ხორვატ მარიო ჩილიჩთან და ხორვატიაში საოცარი ამბები ხდებოდა. მეც, რა თქმა უნდა, წავედი ინტერივიუს ჩასაწერად. გახსნაზე მივედი ერთი მაისურით და დახურვაზე მეორეთი: „მე მიყვარს ხორვატი“. პირველ რიგში დავჯექი და ბევრად უფრო მარტივი იყო შევემჩნიე. შევძელი პირველი კითხვა დამესვა, თან ხორვატიულად ვუთხარი: ცოტა ხნის წინ ხორვატიაში დავისვენე, მეგობრები მყავს იქ და იქიდან მწერენ, რომ გმირი ხართ, ქვეყანა ფეხზე დგას-მეთქი.
რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეას, ის ნამდვილი „ჟურნალისტური სამოთხეა“, ყველა იქ არის, შენს თვალწინ. მთელი კვირის განმავლობაში აგროვებ ექსკლუზივებს. ერთ დღეს ჩავწერეთ ბულგარეთის, სერბეთისა და ლიტვის პრეზიდენტები. ჩემი ჟურნალისტი და ოპერატორი წავიდნენ მასალის გადასაგორებლად. მე დავრჩი, ჩემთვის ვისვენებდი და ვნატრობდი: ნეტავ, არავინ ჩაიაროს-მეთქი, რადგან არც კამერა მქონდა, არც ოპერატორი მყავდა. ამ დროს მოვიდა ძალიან სიმპათიური ხალხი და უცებ ვიღაც გოგონა მომვარდა, „ბუბამარა, ბუბამარას“ ძახილით. სერბულ რესტორანში ბრეგოვიჩის სიმღერებს ვასრულებ და ერთ-ერთია ძალიან ცნობილი სიმღერა „ბუბამარა,“ ფილმიდან „თეთრი კატა, შავი კატა.“ ამიტომ, მეც „ბუბამარა“ შემარქვეს. გამახსენდა ის გოგონა, რომელმაც მითხრა: ახლა ხორვატიის პრეზიდენტი უნდა გაგაცნო და მოვუყვე, როგორ გიყვარს ჩვენი ქვეყანაო. მოკლედ, მივედი, გამაცნო, რამდენიმე სიტყვით ვისაუბრეთ. პრეზიდენტმა მითხრა: ჩემი პირველი ქართველი მეგობარი ხარო. შარშან გენერალურ ასამბლეაზე ვიყავით მე და ლიკა ხურციძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ჩემი მეგობარია. როცა რამე ხდება, ამერიკაში ჩამოდის გასაშუქებლად. იმ დღესაც ერთად ვიდექით, გავიხედეთ და ჩვენს წინ დგას კალ ბილდტი, რომელიც პოლიტიკოსებს ელაპარაკება. ახლოს ვერ მიხვალ, დაცვა არ გვიშვებს, არადა ისე მინდა მისი ჩაწერა... ვუყურებთ, ვუყურებთ, ვუღიმით, მიკროფონს ზემოთ ვწევთ, რას არ ვაკეთებთ და ბოლოს თვითონ მოვიდა: ხომ მშვიდობა გაქვთო. ლიკამ უთხრა ქართული არხიდან ვარო და რომ შემოგხვედა, გაოცდა: საქართველო და რუსეთი ერთად, ახლავე მოგცემთ კომენტარსო. მერე ავუხსენით რაში იყო საქმე და ვრცელი კომენტარი მოგვცა. ერთ საღამოს ლიკას ვუთხარი: მოდი, სერბულ რესტორანში წავიდეთ-მეთქი. შევედით რესტორანში, დავსხედით და რას ვხედავთ: გვერდით კალ ბილდტი არ ზის ცოლთან ერთად. რომ დაგვინახა, ცოლს უთხრა: იცი, რა შემემთხვა, ეს ქართველი და რუსი ჟურნალისტი მეგობრები არიან – ქართული და რუსული ტელევიზია ერთად მეხვეწებოდა კომენტარსო. მერე დაგველაპარაკა, ავუხსენით ყველაფერი, გვერდით დაგვისვა და ბოლოს ქლიავისგან დამზადებული სერბული სასმლით საქართველოს სადღეგრძელოები ვსვით კალ ბილდტან ერთად.
– სოფი ლორენის ჩაწერა, ალბათ, ყველა ჟურნალისტის ოცნებაა.
– მეოთხე წელია, Tribeca ფილმების ფესტივალს ვაშუქებ. რაც უფრო დიდხანს თანამშრომლობ მათთან, მით უფრო უკეთესი ხდება შენი აკრედიტაცია. წელს თვითონ მიმიწვიეს. რომ გავიგე, სოფი ლორენი იქნებოდა ფესტივალზე, რა თქმა უნდა, ეს გახდა ჩემი პრიორიტეტი. პარალელურად, უნდა გამართულიყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა, რომელიც მისმა შვილმა გადაიღო. ვკითხე: ძნელი ხომ არ არის, დედის გადაღება ფილმში-მეთქი. მიპასუხა: არა, რადგან დედა სოფი ლორენია და როცა ის თამაშობს, ვერც ხვდები, რომ დედაა გადასაღებ მოედანზეო. სოფი ლორენიც ჩავწერე. რომ გაიგო, რუსულენოვანი ტელევიზიიდან ვიყავი, მითხრა: ყველანი ძალიან მიყვარხართ და ბევრ კოცნასა და მოკითხვას ვუგზავნი საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებსო. შემდეგ სტინგიც ჩავწერე და მან რომ გაიგო, ქართველი ჟურნალისტი ვიყავი, საქართველოში ჩატარებული ყველა კონცერტი გაიხსენა. რაც შეეხება ადრიან ბროუდს, ფესტივალზე მოვიდა და წითელ ხალიჩაზე რომ ჩაიარა, დავუძახეთ ჟურნალისტებმა და ჩავწერე ინტერვიუ.
– სექტემბერში „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქსაც” აშუქებდი.
– ნიუ-იორკში „ფეშენ-ვიქი” ტარდება წელიწადში ორჯერ. ყველა სეზონზე ვმუშაობ. „ფეშენ-ვიქზე” რალფ ლოურენმა ორი ჩვენება გამართა, ორივე არჩვეულებრივი იყო. ეს კაცი არის გენიოსი – ბოლო ჩვენებაზე ემოციებისგან ცრემლები მომდიოდა. თან, ჩემს დაბადების დღეზე იყო ლოურენის შოუ და ყველაზე მაგარი საჩუქარი გამოვიდა: ჩემი დაბადების დღის დილა რალფ ლოურენის შოუთი დაიწყო. ჩავწერე ინტერვიუ – ინტელექტუალური რესპონდენტია, ძალიან თბილი... ყველა მუზეუმიდან მომდის ინფორმაცია: სად რა ტარდება და მერე მე გადავახარისხებ ხოლმე. ერთ დღესაც მომივიდა წერილი, რომ ჟან პოლ გოტიე აკეთებდა გამოფენას, სადაც ყველაფერი იქნებოდა გამოფენილი, მათ შორის ცნობილი ადამიანებისთვის შექმნილი სამოსი. მანეკენები საუბრობენ, გვიყვებოდნენ კაბის ისტორიას. საოცარი სანახაობა იყო. ჟან პოლ გოტიეც ჩავწერე, გამოვკითხე ყველაფერი, კოსტიუმების ისტორიებიც მიამბო. არაჩვეულებრივი რესპონდენტია. ცოტა ხნის წინ კი, ახალი გადაცემისთვის ჩავწერე პუტინის რისხვა – ანდრეი მაკარევიჩი „მაშინნა ვრემენიდან“. ნახევარსაათიანი ინტერვიუ გვქონდა – ექსკლუზივი „არტივიაისთვის“. ძალიან საინტერესო ადამიანია.
– ერთ-ერთ სერბულ გაზეთში შენი ფოტო დაიბეჭდა.
– ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ერთ დღეს, სერბეთის ეროვნული გუნდი თამაშობდა იამაიკასთან. ყველა ჩემი სერბი მეგობარი მიდიოდა და მეც წავედი. მანამდე, სერბული დროშა შევუკვეთე და ვიყიდე. მეგობარმა კი შემიკერა სარაფანა. ფეხბურთისთვის იქ არავის უყურებია, მე ვიყავი ყურადღების ცენტრში. ბოლოს გაზეთის პირველ გვერდზეც აღმოვჩნდი ჩემი სერბული სარაფნით.