როგორ აღზევდნენ ირანში უნდილაძეები და ყველაზე მეტად რომელი ქართველი აქტიურობდა მათ დასჯაში
ალავერდი ხანი პირველი იყო უნდილაძეთა გვარიდან, რომელიც ირანის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა და დიდი გავლენა მოიპოვა შაჰ-აბას პირველის კარზე. თუ როგორ მოხვდა, აღზევდა, დამკვიდრდა და დაასრულა არსებობა უცხო დამპყრობლის კარზე ამ გვარმა, ამის შესახებ ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ.
შაჰ-აბასი კავკასიაში პირველობისთვის ემზადებოდა და ეს განახორციელა კიდეც იმის საშუალებით, რომ მან სახელმწიფო მოხელეების ყველა დონეზე ჩამოაშორა ყიზილბაშები და დააწინაურა კავკასიური ელემენტები, რომლებიც, ან მონები იყვნენ, ან – პირადად მისი მორჩილები. ამ პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი უნდილაძეებიც.
პირველი უნდილაძე, რომელიც ირანში გამოჩნდა, არის ალავერდი ხანი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ-აბასი სწერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. ამ წერილში იგი აღნიშნავს: ჯერ ერთი, მე ერთი მეუღლე ქართველი მყავსო, (გულისხმობს სიმონ ხანის ასულს – ელენეს) და, ამავე დროს, დაწინაურებული მყავს ქრისტიანი ალავერდი ხანიო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს; მეორე ვერსიით კი, საქართველოში ნელ-ნელა ხდებოდა უნდილაძეთა გვარის დამცრობა და ბოლოს იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ აღარაფერი აღარ დარჩენიათ და ალავერდი ხანი თვითონ წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.
ერთ-ერთი პირველი ბრძოლა, რომელშიც ალავერდი ხანი გამოჩნდა, იყო ვანის ტბასთან ბრძოლა 1605 წელს, სადაც, თურმე, ისეთი მძიმე შეტაკება გამართულა, რომ თვით შაჰ-აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აუღია ალავერდი ხანს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. ამის შემდეგ ალავერდი ხანიც დიდ ფიგურას წარმოადგენდა შაჰის კარზე. სხვათა შორის, ვერაგი შაჰის ცინიკური გამოთქმაცაა ცნობილი: მთელი ირანი მე მემორჩილება და მე ალავერდი ხანს ვემორჩილებიო. ამ გამარჯვების შემდეგ უნდილაძე გახდა შაჰ-აბასის რეფორმების ორგანიზატორი; ის ყველაფერში გვერდში ედგა შაჰს და ირანის დიდებას ემსახურებოდა.
თავდაპირველად უნდილაძეს საკმაოდ დაბალი თანამდებობა ეკავა, კერძოდ, იყო ოქრომჭედელთა უფროსი, ანუ ზარგარბაში. აქედან მოყოლებული, მისი კარიერა იმდენად განვითარდა, რომ ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი, მოგვიანებით კი – ყულის ჯარის უფროსი, ანუ ყულარ აღასი გახდა.
უნდილაძეთა წარმომადგენელთაგან, ალავერდი ხანის გარდა, ირანში ვხვდებით: იმამ ყული ხანს, მის ძმას – დაუდ ხანს, ალავერდი ხანის შვილიშვილს – სეფი ყული ხანს და იმამ ყული ხანის კიდევ ორ შვილს. ალავერდი ხანს, ისევე, როგორც იმამ ყული ხანს, ქართველი მეუღლე ჰყავდა და ეს ქალბატონებიც აქტიურ როლს ასრულებდნენ მათ მოღვაწეობაში. ყველა გამაჰმადიანებული იყო; სავარაუდოდ, მათი გამაჰმადიანება ზემოთ ნახსენები შაჰის წერილის შემდგომ პერიოდში მოხდა.
უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. დღესაც კი შესანიშნავად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ალავერდი ხან უნდილაძის მიერ ისპაჰანში აგებული, ამჟამადაც მოქმედი ჯულფას ხიდი, ანუ – ჩაჰარ ბაღი. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ ეს გზები. არსებობს გადმოცემა, რომ უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა, მაგრამ შემდეგ, ალბათ, მოშალეს, ვინაიდან, ასეთი რამ ირანში მიუღებელი იყო.
საინტერესოა, რომ ბევრი მოგზაური თუ ისტორიკოსი ახსენებს თავის ჩანაწერებში ალავერდი ხანს, იმამ ყული ხანს, დაუდ ხანს, მაგრამ არცერთი არ ამბობს მათ გვარს, მხოლოდ ქართული წყაროები იუწყებიან, რომ ალავერდი ხანიც, დაუდ ხანიც და იმამ ყული ხანიც უნდილაძეები არიან. ჩვენც ნამდვილად უნდა ვენდოთ მათ იმიტომ, რომ ამას ამბობს ვახუშტი ბაგრატიონიც, ბერი ეგნატაშვილიც, არჩილიც; თანაც, უნდა ითქვას, რომ ისინი დადებითად ახასიათებენ მათ, გარდა სპარსოფილი ფარსადან გორგიჯანიძისა. ის ქართველი ისტორიკოსია, სხვებისგან განსხვავებულ საინტერესო დეტალებსაც ხედავს, მაგრამ, შაჰის პოლიტიკის მომხრეა და, როდესაც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უნდილაძეები მთლად ბოლომდე შაჰის ერთგულები არ ყოფილან, ის მათ აკრიტიკებს.
საქმე ისაა, რომ შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ, დაუდ ხანი და იმამ ყული ხანი გადაუდგენენ ახალი შაჰის – სეფის პოლიტიკას.
არის ცნობები, რომ 1614 წელს ალავერდი ხანს შაჰი უხმობდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად (გიორგი სააკაძის მსგავსად), მაგრამ ალავერდი ხანმა როგორღაც მოახერხა და უარი თქვა საქართველოში ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებაზე (ჩვეულებრივ, ასეთ დროს ავადმყოფობას იმიზეზებდნენ ხოლმე); შემდეგ მისი შვილი, იმამ ყული ხანიც ასე მოიქცა. ამის შემდეგ, ალავერდი ხანი ძალიან მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ შაჰმა ალავერდი ხანი სწორედ ამ უარის გამო მოაკვლევინა, თუმცა, ამის შესახებ არ გვაქვს ზუსტი ცნობები. ამის შემდეგ, გარკვეული ხნით, ირანში მოღვაწეობას განაგრძობენ მისი ვაჟები. იმამ ყული ხანი გახდა ფარსის ბეგლარბეგი, ანუ, უპირველესი მმართველი; ხოლო დაუდ ხანი ჯერ ფარსის ხანი იყო, მოგვიანებით კი განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგობას მიაღწია; ალავერდი ხანის შვილიშვილი, სეფი ყული ხანი ლარის პროვინციის ბეგლარბეგი გახდა.
იმამ ყული ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი ის, რაც იმხანად ირანში ხდებოდა და სწორედ ამ ქრონიკაში, ამ ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი, 1623 წელს წერს, იმამ ყული ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ის აღარ იყო ამ დროს ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო იმამ ყული ხანის მეუღლე; რაც შეეხება, მისი ძმის – დაუდ ხანის მეუღლეს, ის გახლდათ თეიმურაზ პირველის და – ელენე; ასე რომ, უნდილაძეებს კავშირები მაინც ჰქონდათ საქართველოსთან.
როდესაც იმამ ყული ხანი შირაზის ბეგლარბეგი იყო, იმ პერიოდში მოხდა ქეთევან დედოფლის წამება. არსებობს საინტერესო ცნობა, რომ შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული ხანისთვის: თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, მაშინ, დაანებე თავი და, თუ არა – უნდა მოვკლათო. მას გაუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: ეს ბერი დედაკაცია, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებეო. წესით, მისი კარიერის ძალიან ცუდ მომენტად უნდა ჩათვლილიყო ის, რომ მისი ბეგლარბეგობის დროს ეწამა შირაზში ქეთევან დედოფალი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორც ჩანს, მან მართლაც ყველაფერი გააკეთა ქართველი დედოფლის გადასარჩენად, დანარჩენი კი მასზე აღარ იყო დამოკიდებული; ამას იმიტომ ვვარაუდობთ, რომ, თეიმურაზ პირველი, ქეთევანის ვაჟი, აქებს იმამ ყული ხან უნდილაძეს თავის ისტორიულ პოემაში და ამბობს, იმამ ყული ხანის ქებას ენა ვერ იტყვისო.
1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.
რაც შეეხება დაუდ ხანს, ის მრავალ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. მისი აშენებულია ირანში რამდენიმე ბაზარი, ორასოთახიანი ქარვასლა, ციხესიმააგრეები და ასე შემდეგ. დაუდ ხანიც 1633 წლამდე დარჩა ყარაბაღის ბეგლარბეგად. იმამ ყული ხანის დასჯის შედეგ მასზე მიდგა ჯერი. როგორც ჩანს, დაუდ ხანს ძალიან შეეშინდა, ოჯახი მიატოვა და გაიქცა, შაჰმა კი ირანში დატოვებულ მის ცოლ-შვილზე იძია შური და, ასევე, სიკვდილით დასაჯა იმამ ყული ხანის სამი ვაჟიც. საინტერესოა, რომ უნდილაძეთა გვარის დასჯაში არა მარტო შაჰი აქტიურობდა, არამედ, სხვა ქართველიც, კერძოდ, ხოსრო მირზა, შემდეგში საქართველოს მეფე – როსტომ ხანი. მათ თავიდანვე კონფლიქტი ჰქონდათ – როგორც ჩანს, პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს.
ასე დამთავრდა უნდილაძეთა უძლიერესი და უდიდესი ოჯახის ისტორია ირანში.