კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთხრა თვითმკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე პაოლო იაშვილმა ირაკლი აბაშიძეს

„იაშვილი სტალინს მეტად მოსწონდა – ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა თავის სტიქიაში ის იმ შეხვედრაზე. სტალინმა გადაარქვა მაშინ სახელები ნატა ვაჩნაძეს და პაოლო იაშვილს და ქართულად უწოდა მათ – ნატო და პავლე. არსებობს იმ შეხვედრის ჯგუფური ფოტოსურათიც, პაოლოს დისწულის ვახტანგ მოდებაძის არქივში. თითქოს ყველაფერი „ბრწყინვალედ” იყო. შორს კი, შორს იძროდნენ შავი ღრუბლები, რომელთა მოახლოებამდე ერთი წელიც აღარ რჩებოდა. „მეტისმეტად ხმაურობ შვილო, მეტისმეტად...” მეტისმეტად გახმაურდა ვლადიმერ ჯიქიას სახელიც… საქართველოს თავკაცს ახელებდა და ნერვებს უშლიდა… ჯიქია მას თითქმის არ უწევდა ანაგრიშს. მას ცენტრთან ჰქონდა უმჭიდროესი კავშირი და უდიდესი ძველი ნაცნობობა, საქართველოს ადგილობრივი მთავრობა მას თითქმის არაფრად სჭირდებოდა…” 

„ზარები ოცდაათიანი წლებიდან” – ამ მოგონებების წერა ირაკლი აბაშიძემ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში დაასრულა. უკანასკნელი კორექტურა წაიკითხა, მაგრამ გამოქვეყნებას ვერ მოესწრო. მწერლის არქივში ინახება ამ მოგონებების რამდენიმე ვარიანტი, თუმცა მკითხველი რომ არ აეფორიაქებინა, მან ეს ვარიანტი არჩია. ემზადებოდა მის თვალწინ დატრიალებული ტრაგიკული ისტორიის გადმოსაცემად. მაშ ასე, პაოლო იაშვილის ცხოვრების ბოლო პერიოდი თვითმკვლელობამდე:  

„…ხმამაღალი ლაპარაკიც კი აღარ ისმოდა საქართველოს მწერალთა სასახლესა და ეზოში; იყო საიდუმლოებით მოცული ჩურჩული. ახლა ჩურჩულებდნენ უფრო ნიკო ლორთქიფანიძეზე, რომელიც იმ წინა დღეს ბათუმში სასამართლო პროცესზე თავის მეგობრად და თანამებრძოლად დაესახელებინა ბრალდებულ გრიგოლ ლაღიძეს, მენშევიკების დროინდელ ქართველ მოღვაწეს. ნიკო ლორთქიფანიძეც იქვე უსიტყვოდ იდგა. პაოლო იაშვილი შუადღისას მოვიდა მწერალთა კავშირში. ხელში გაზეთებში შეხვეული თავისი დაშლილი თოფი ეჭირა, მისი ცნობილი ძვირფასი „ლებო” (ერთ დღეს რომ, კინაღამ სერგეი ესენინს აჩუქა, ის რომ თავმდაბლად არ შეჰპირებოდა, მოსკოვში დაბრუნებისთანავე სწორედ ასეთ თოფს ვიყიდიო) – გასაყიდად წამოვიღე, მაგრამ მონადირეთა კავშირში კაპიკები მაძლიესო. მწერალთა კავშირის ბუფეტის გამგეს, რიფსიმეს, ვალი – 7 მანეთი გადაუხადა და წავიდა. არავის მიუქცევია ყურადღება, რომ წასვლისას მას თოფი ხელში უკვე აღარ ეჭირა. სადღაც დატოვა და მწერალთა სახლიდან უკან, უთოფოდ გაბრუნდა. 

ამ საიდუმლო ჩურჩულში გაისმოდა სახელი პაოლო იაშვილისაც, რომელიც როგორც ყველამ იცოდა, იმ დღეებში არაერთხელ იყო გამოძახებული უმაღლეს დაწესებულებაში. იქიდან კი ყოველთვის უსაზღვროდ აღელვებული ბრუნდებოდა. არავინ იცოდა, რაზე იყო იქ საუბარი რესპუბლიკის ხელმძღვანელთან. საუბარი კი, როგორც ჩანდა, იყო უკიდურესად მკაცრი და კატეგორიული. ასე იკითხება ეს პაოლო იაშვილის უკანსანკნელ, თვითმკვლელობის წინა დღით ცოლისა და შვილისთვის დატოვებულ წერილებშიც (ჩვენ მხოლოდ შვილის წერილს შემოგთავაზებთ, – ავტორი) უკვე ყველამ იცოდა, რომ ვლადიმერ ჯიქიასა და გიორგი ელიავას შემდეგ, ჯერი პაოლო იაშვილზეც მიდგა, მაგრამ არავის შეეძლო მისი დახმარება. ამას, როგორც ზემოთ ვთქვით, ვერც ვერავინ მოიწადინებდა. ის ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა რჩებოდა ამ უსაზღვრო ცისქვეშეთში. ამ ტერორს შეიძლება, საუკუნის ტერორიც ეწოდოს. ის ჯერ კიდევ 1905-იან წლებში დაიწყო და თავის ზენიტს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მიაღწია და შეიძლება ითქვას, მას შემდეგ არ შეწყვეტილა. 

…იმ საღამოს, მწერალთა კავშირისკენ კრებაზე მიმავალს, ის მოედანზე, კიროვის ქუჩის მოსახვევში შემხვდა… მე იქით, ის აქეთ; შევჩერდით, ერთმანეთს მივესალმეთ – ცოტა რუსთაველზე გავლა მინდოდა მომესწრო, მითხრა (მე მაშინ მეგონა, კრების დაწყებამდე მოსწრებაზე მეუბნებოდა), შემობრუნდა და წამოვიდა. სახე უსაზღვროდ ჰქონდა შეცვლილი. არ გამკვირვებია, რაც მას იმ დღეებში მღელვარება შეხვდა. ისიც ვიცოდი, რომ წინა დღითაც იყო „გამოძახებული”. მერე უცებ მკლავში ხელი ჩამჭიდა და თავის ბოხი ხმით, მოულოდნელად მკითხა: გეშინია, ჩემ გვერდით სიარული? მე გაკვირვებით შევხედე – არა, კი არ გეწყინოს, მაგრამ გუშინ ბაბოსთან რომ მიდიოდი, მე ფანჯარაში ვიყავი გადმომდგარი, შენ არ მომესალმეო (პაოლოს გვერდით, ჯაფარიძის ქუჩაზე ჩემი დაი, ბაბო ცხოვრობდა, პაოლო ¹7-ში, ბაბო – ¹5 სახლში. მე, უცოლშვილო კაცი, ჩემს დასთან ხშირად ვსადილობდი). პაოლო, გუშინ მე ბაბოსთან საერთოდ არ ვყოფილვარ, რას ამბობ, რა შიშზე მეუბნები. აგერ, ხომ გვერდით მოგყვები-მეთქი. არა, მე ყველას დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ, ყველას დავუმტკიცებ… იმათაც, იმათაც… და მე მაშინ კარგად ვერ მივხვდი ვის „იმათაც” – რესპუბლიკის თავკაცებს, რომლებსაც ის იმ დღეებში იძულებით, ხშირად ხვდებოდა, თუ რეპრესირებულ, უკვე დაღუპულ მის უახლოეს მეგობრებს.    

 იგი თითქმის ძაგძაგებდა და არეული ლაპარაკობდა, ამიტომაც ჩვენი საუბარი გზადაგზა ვერაფრით გაება. მეც ერთსა და იმავე ფრაზას ვიმეორებდი – პაოლო, შენს ვაჟკაცობას კიდევ მეტი მტკიცება რაღად უნდა-მეთქი. არა, მე დავუმტკიცებ ყველას და „იმათაცო”… მერე გზად სხვა მწერლებიც შემოგვხვდნენ. ჩვენ ერთად წავედით იმ საბედისწერო სხდომაზე. მწერალთა კავშირის კრებაზე ცოტა დაგვიანებით მივედით. სხდომის დარბაზი მაინცდამაინც გადატენილი არ იყო. კრებას მხოლოდ მწერლები ესწრებოდნენ… სამარისებური სიჩუმით უსმენდნენ მწერლები ხელისუფლების წარმომადგენელს ტრიბუნაზე. ერთხანს დარბაზში ნერვიულად იჯდა, მერე დარბაზიდან გავიდა. კრებაც დიდი ხნის დაწყებული არ იყო, რომ ამ სამარისებურ სიჩუმეში გაისმა ის ჯოჯოხეთური ქუხილი, ისეთი სიძლიერით, როგორიც შემდეგ მე დიდ მსოფლიო ომში, საჰაერო დაბომბვის დროს მსმენია და რომელიც მე, თავის მხრივ, იქ, ომში, ყოველთვის ამ გასროლას მაგონებდა. ეს იყო გასროლა მისი საამაყო „ლებოს” ორივე ლულიდან, ჩვენი სასახლის მეორე სართულზე, იმ მისი საყვარელი თოფისა, რომელმაც, სამწუხაროდ, ახლაც ისევე როგორც ყოველთვის, არ უღალატა. ყველანი თავგზააბნეული წამოვცვივდით, რა მოხდა? ვინ საით, ვინ საით. აფეთქება? მაგრამ სად? რისი? კედლებიც და ყველაფერიც თავის ადგილზეა. მაშ სად? და ამ დროს მეორე სართულიდან კიბეებზე ჩამორბის დამლაგებელი ქალი ანა, წივილ-კივილით – იაშვილი, იაშვილი! სულ ხუთიოდე წუთში გაჩნდნენ ადმინისტრაციული დაწესებულების წარმომადგენლები და სასახლის კარებიც დაიკეტა. ისევ სამარისებური სიჩუმე, ახლა უფრო მეტი. ახლა მართლა უფრო სამარისებური. მხოლოდ ერთხელ გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის დაგუბული ხმა: – ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, გეთაყვათ! და მხოლოდ ახლა მოვედი აზრზზე: რას ნიშნავდა მისი სიტყვები ნახევარი, სულ ნახევარი საათის წინ: მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარო!..

მე ჩემს მკითხველს ახლა კიდევ უფრო მძიმე სტრიქონები უნდა შევთავაზო: დღემდე არ გამოქვეყნებულა პაოლო იაშვილის უკანასკნელი წერილები ცოლ-შვილისადმი, დაწერილი იმ ტრაგიკული დღის წინა ღამეს, 22 ივლისს… „ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე, ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია. დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი ჯობდა. შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი. ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო. მედეა, მედეა, მშვიდობით. ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა” 22.7.37. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს მეტად გაუჭირდება კვლავაც გაჰყვეს ჩემს მოგონებებს. მეც აქ დავამთავრებ.“

скачать dle 11.3