როგორ გახდა თინათინ წულაძე ბროდვეის ცეკვის აკადემიის პირველი ქართველი მოსწავლე და რა ოცნებას ისრულებს ის ნიუ-იორკში
„ბროდვეის ცეკვის აკადემიამ გამოაცხადა გამოცდა მოცეკვავეების მისაღებად ერთწლიან კურსზე. კურსში შედის ყველა სტილი, რაც კი ქორეოგრაფიაში არსებობს. პრაღიდან გავგზავნე ვიდეო, ჩემი პედაგოგი დამეხმარა ერთწუთიანი ცეკვის აწყობაში. არ მქონდა იმედი, რომ მიმიღებდნენ და, უცბად, მომივიდა პასუხი – მიგიღეთო. ბროდვეი სულ იყო ჩემი ოცნება და ვფიქრობდი, იქ ვერასდროს მოვხვდები-მეთქი. ბროდვეი შეცვლის ჩემს ცხოვრებას. სცენას რომ არ მოვშორდები – ეს ზუსტად ვიცი,“ – ამის შესახებ თინათინ წულაძე ჯერ კიდევ ზაფხულში მიყვებოდა. ახლა კი ის დაახლოებით სამი თვეა, ნიუ-იორკში ცხოვრობს, ბროდვეის ცეკვის აკადემიაში სწავლობს.
თინათინ წულაძე: ერთწლიან სასწავლო კურსს გავდივარ ბროდვეის ცეკვის აკადემიაში. პროგრამაში ცეკვის ყველა მიმდინარეობა შედის, რაც კი დღეს არსებობს და აქტუალურია. აკადემიის დევიზია: „მსოფლიოს შთავაგონებთ, რომ იცეკვონ“. ბევრ შეღავათს უწევენ მოსწავლეებსაც. გამონაკლისები დაშვებულია, მაგრამ მოცეკვავისთვის სტანდარტია – ცოტა საბალეტო განათლება მაინც. ანუ, არის რაღაც მოძრაობები, რომელიც უნდა გააკეთოს მოცეკვავემ, რომ მერე სხვა რაღაცეებიც შეძლოს. ამ ყველაფერს ითხოვენ იმ ვიდეოში, რომელსაც გამოცდისთვის აგზავნი. ამის მერე არჩევენ. ერთი შეხედვით, ყველაფერს ხვდებიან. პრაღაში ჩემი მასწავლებელი დამეხმარა ვიდეოს გაკეთებაში, თვითონაც სწავლობდა იქ და მითხრა: მცირე დროში ძალიან ბევრ რამეს ისწავლი და მოგეწონებაო. მომეწონა კი არა, გაგიჟებული ვარ. ამდენს ნამდვილად არ ველოდი. ასეთი საოცრებაც არ მეგონა, ისეთი მაგარი ადგილია...
– როგორ შეეგუე ამერიკულ ცხოვრებას?
– ამჟამად ვცხოვრობ ბრუკლინში, არაჩვეულებრივ ადამიანთან, ხათუნა დოგონაძესთან ერთად. ქართველი მეზობლები მყავს. ძალიან კარგად ვარ, ქართული გარემო მაქვს. ერთი კვირა მქონდა აკადემიაში გაცნობის პერიოდი, ყოველდღე ვიკრიბებოდით, გვიხსნიდნენ წესებს. ისე თბილად დაგხვდნენ, გვაგრძნობინეს: ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ისწავლოთო. თავისუფლად შეგიძლია, შენს პედაგოგთან ერთად საღამოს ყავაზე წახვიდე და ისაუბრო, რაღაცეები აგიხსნას, ან ჰკითხო ის, რაც გაინტერესებს. პირველად მეტროდან რომ ამოვედი თაიმ სქვერზე, მიტინგი იყო და მეგონა, დინოზავრი დაესხა ქალაქს. თან, ეს ხალხი ისე სწრაფად დადის, მეც სირბილი დავიწყე. მერე მივხვდი, რომ ასეთი რეჟიმია აქ და მე მშვიდად უნდა ვიარო. ხალხს რომ ეკითხები, აქ როგორ უნდა მოვხვდე, ჯერ კომპლიმენტებს მოგაყრიან და მერე თუ გაახსენდებათ, რა ჰკითხე, გეტყვიან: როგორ უნდა მიხვიდე.
– მომიყევი, როგორი რეჟიმი გაქვს, როგორ მიდის შენი სწავლა?
– პირველი გაკვეთილი ძალიან რთული იყო ჩემთვის. ეს მიმდინარეობა ანუ ჯაზი, მე მანამდე არ მიცეკვია. თამამი მოძრაობებიც არის, თან გახსნილი. ოსურის მერე გამიჭირდა გახსნილი, თამამი მოძრაობების გაკეთება. მაგრამ, ძალიან კარგი პედაგოგი შემხვდა, რომელიც ამ ყველაფერს ისე მარტავად ხსნის, სახალისოდ, რომ თავისუფლად გრძნობ თავს. თან, გაძლევს იმის საშუალებას, შენი სტილი არ დაკარგო. კონთემპორარი და ჯაზი – ორივე მაქვს აღებული და კიდევ ბალეტი. მრავალფეროვნებისთვისა და გამხიარულებისთვის „ჰიპ-ჰოპსაც” ვიღებ ხოლმე და კიდევ სხვა რაღაცეებს. ქართული ცეკვიდან გამომდინარე, უფრო მეტი აქცენტი მაქვს ხელებზე გადატანილი, ამიტომ კონთემპორარი უფრო კარგად გამომდის, ხელები მეხმარება. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით. თავიდან შებოჭილი ვიყავი, უკანა ხაზე ვდგებოდი, ახლა ვერ მომასწრებენ წინ დადგომას. მინდა, სარკეში ჩემი თავი უკეთესად დავამუშაო.
– როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი ხარ, ვინც მანდ სწავლობს.
– ჩვენი ჯგუფი აკადემიის ისტორიაში ყველაზე დიდია – 110 სტუდენტი ვართ, მაგრამ ყველას ინდივიდუალური განრიგი გვაქვს: ერთმანეთს ხან ვემთხვევით, ხან – არა. აკადემიის ისტორიაში პირველი ქართველი ვარ, ვინც პროგრამაშია. თუმცა, როგორც სხვები, ქართველებიც მოდიან ხოლმე აქ, ერთი გაკვეთილის ასაღებად, თუნდაც მოყვარულის დონეზე. პროგრამაში მე ვარ ჯერჯერობით პირველი.
– კონცერტები ან გამოსაშვები საღამოები ხომ არ გაქვთ?
– ყოველთვე გვაქვს კონცერტის მსგავსი საღამო, ოღონდ დახურული, ყველაზე დიდ სტუდიაში. ერთმანეთის დადგმულ ცეკვებში ვმონაწილეობთ. შემიძლია, მეც დავდგა ქართული ცეკვა და ვინმე ვაცეკვო. ახლა ვცეკვავ ინდურ ცეკვას, მანამდე ებრაული ვიცეკვე – ძალიან საინტერესოა.
– როგორია პედაგოგების დამოკიდებულება შენ მიმართ – შეფასებები?
– არ მოსწონთ და არ უყვართ, როცა გრცხვენია. პატივს კი არ გცემენ იმის გამო, რომ მორიდებული ხარ, პირიქით, ამაზე ღიზიანდებიან, რადგან ყველაფერს გაძლევენ იმისთვის, რომ თავისუფლად იყო. არ არსებობს, რამე გამოგივიდეს და ეს არ აღნიშნონ, ან არ გამოგივიდეს და ისიც არ გითხრან. პედაგოგების უმეტესობა ადრე ბროდვეიზე ცეკვავდა ან ახლაც ცეკვავს. მასტერკლასებიც გვაქვს, სადაც ცნობილი ქორეოგრაფები მოჰყავთ. ცოტა ხნის წინ იყო ჯასტინ ბიბერის ქორეოგრაფი, მასტარკლასი ჩაგვიტარა. ძალიან კარგი მოცეკვავეები მოჰყავთ, რომლებიც ახალ მიმდინარეობებს აკეთებენ, ისეთს, ჯერ ცნობილიც რომ არ არის და მათთან მუშაობა საინტერესოა. დიდ გამოცდილებას ვიღებთ, თანამონაწილეები ვართ. ახლა „სალსას” მასტერკლასი გვექნება. ყველაფერი შეგიძლია გამოსცადო, ნახო, არაფერში გზღუდავენ.
– ალბათ, დადიხარ ბროდვეიზე სპექტაკლების სანახავად.
– ვახერხებ და ასეთი შთაბეჭდილებების ქვეშ არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ სპექტაკლზე მარტო ვიყავი, სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა. მინდოდა, იმწუთას ვინმესთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილება. სანახავი სპექტაკლების სია მაქვს.
– დედა და მამა ხომ არ გირჩევენ საქართველოდან რომელი სპექტაკლი ნახო?
– ერთი კომპანია უყვარს მამას ძალიან და იქ ვაპირებ წასვლას. ჯერ არ ჰქონიათ სპექტაკლი. ბობ ფოსსი ჩემი საყვარელი ქორეოგრაფია, ვგიჟდები, ისე მიყვარს. ჩემი ოცნებაა მის სპექტაკლზე წავიდე. მისი დადგმულია „ჩიკაგო“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პირველია. დიდი ხანია, თამაშობენ. „ჩიკაგოსა“ და „კაბარეზე“ მინდა წასვლა, იგივე ქორეოგრაფიაა, რაც თავიდან იყო, უბრალოდ, მოცეკვავეები შეიცვალა. ახლა ემა სტოუნი იღებს მონაწილეობას, ყველა ბილეთი გაყიდულია, ვერაფრით მოვახერხე წასვლა. დედას და მამას ყოველთვის ყველაფერს ვუყვები, რეპეტიციების მერეც: ახლა ამაში პროგრესი მქონდა, ახლა ეს არ გამომივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეები არ არიან, ზუსტად ესმით, რას ვამბობ. ჩემი ბალეტის პედაგოგზე ვგიჟდები. მკაცრია, მაგრამ, თან, ჩუმი იუმორის გრძნობა აქვს. სულ ყურადღებას მაქცევს, მეხმარება და ძალიან მიყვარს. ამასაც ვუყვები მშობლებს.
– რა იყო ამ ხნის განმავლობაში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– თბილისში როცა ვარ და რაღაცას მივაღწევ, პატარა წარმატებასაც კი, 90 პროცენტი ჩემი დამსახურებაა ამაში, მაგრამ ხალხის რაღაც პროცენტი ამბობს: მშობლების გამოო... ეს ყოველთვის მაწუხებდა, თუმცა, არ მაინტერესებდა, რადგან ვიცი, რას ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმაც იციან, რას ვაკეთებ. ახლა აქ, ბოლო პერიოდში პედაგოგები რომ მეუბნებიან: „ყოჩაღ, როგორი კარგია” და უცებ წინა ხაზზე გაყენებენ (ანუ სხვები გიყურებენ, ესე იგი, სამაგალითო ხარ, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება), „წინასვლა გაქვს, ასე გააგრძელე, ” – ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ არავინ იცის, ვინ არიან ჩემი მშობლები, საერთოდ არ აინტერესებთ და აბსოლუტურად ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.