არის თუ არა ჩვენი ცხოვრება წინასწარ გაწერილი და როგორ გავიგოთ მომავალი
თითოეული ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, საკუთარი მისწრაფებები, ფიქრები და მიზნები ამოძრავებს. ყველა ინდივიდია და დედამიწაზეც თავისი მისია აკისრია. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გია ამბობს, ჩვენ, ყველას, დაბადების მომენტშივე, საკუთარი წერტილები გვიჩნდება დედამიწაზე, იქ მოხვედრისას კი აზრებიც, ფიქრებიც და მისწრაფებებიც აშკარად გვეცვლება და სულ სხვა ადამიანად წარმოვჩნდებით. ეს, რასაკვირველია, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, თუ ბატონი გიას ნათქვამს დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ სამყაროში ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ანუ, ამქვეყნად ყველას ცხოვრება გაწერილია.
გია: ნებისმიერ ადამიანს, დაბადების მომენტშივე, დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ეს თემა ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წრეებში საკმაოდ აქტუალურია. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნებისმიერ ჩვენგანს დედამიწაზე აქვს ეგრეთ წოდებული საკუთარი წერტილები და ასეთ ადგილებში მოხვედრისას აურა და ბიოველი საგრძნობლად გვეცვლება.
– გამიგია, რომ დედამიწაზე არსებობს ეგრეთ წოდებული დადებითი და უარყოფითი წერტილები, ამაზე ვსაუბრობთ?
– დიახ, დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და, ასევე, ნულოვანი წერტილებიც. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. ასეთ ადგილებში დიდხანს ყოფნისას კი, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. ასეთი ენერგეტიკული ადგილები დედამიწაზე ძალიან ბევრია. დადებით წერტილზე მოხვედრისას ადამიანს ბედიც ეხსნება, წარმატებულიც ხდება და სასიკეთოდაც იცვლება მისი იღბალი. ამ ადგილებში თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ. იმუხტებით დადებითი ენერგეტიკით და დაცული ხართ; უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ერღვევა ფსიქიკა, ეფანტება ყურადღება და, არ არის გამორიცხული, საკუთარი შვილის სახელიც კი დაავიწყდეს. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში არ შეიძლება დიდხანს დარჩენა, რადგან, თქვენი სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ზიანი მიადგეს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ, დააკვირდით, სახლში ყოფნისას, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს, სად შფოთავთ და განიცდით რაღაცას – ეს ძალიან მარტივია.
– იმასაც ხომ ამბობენ, თუ კონკრეტულ ადგილას მოხვედრისას თვალი გიშტერდება და კიდურები გიბუჟდება, ესე იგი, უარყოფით ზონაში აღმოჩნდიო?
– სწორედ ასეა. ამიტომ, დააკვირდით სახლში რომელ ადგილას ყოფნისას გიბუჟდებათ კიდურები ან გიშტერდებათ თვალი. ეს თქვენთვის საშიში ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ. შესაძლოა, ასეთი საშიში ზონა ბინაში არაერთი იყოს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, ასეთ ადგილებში ადამიანს უეცრად დაეწყოს შიშები, თავში მოუვიდეს უაზრო ფიქრები, დაეწყოს თავის ტკივილი, შფოთვა და აღგზნება. ეს თქვენთვის ანომალიური ზონაა, რაც ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი – აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც უარყოფითი ზონისგან აკრეფილი ენერგიის ჩამორეცხვა ხდება. ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა და უარყოფითის საუკეთესო „ჩამომრეცხავია” წვიმის წყალი. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები წვიმის დროს წყალს აგროვებდნენ ჭურჭელში და შემდეგ ამ წყლით ბანაობდნენ. ეს ტრადიცია სოფლებში დღესაც შემორჩენილია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ წვიმის წყლით ბანაობის დროს ბედს უკეთესობისკენ აბრუნებს, წარმატებებსაც იბევებს და ჯანმრთელობასაც სასიცოცხლო ტონუსით აძლიერებს.
– ამბობენ, როდესაც ადამიანი აფორიაქებულია, მისი ქვეცნობიერი წინასწარ გრძნობს მომავალი საფრთხის შესახებო. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?
– დააკვირდით, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. დამეთანხმებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს, იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური ცხოვრება თუ კარიერა, გახდეს სასიამოვნო კომპანიონი, იდილია შეიქმნას გარშემო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ბევრს ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრი კი საწადელს აღწევს. საწადელის მიღწევა, რასაკვირველია, ადვილია თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა გააკეთოთ, რა თქვათ და გაიაზროთ. მფარველი ანგელოზი ადამიანს ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები, იყოს სასურველი და წარმატებული. ხშირად მეკითხებიან – იქნებ, გაგვანდოთ, როგორ აღმოვჩნდეთ სასურველ დროს სასურველ ადგილასო. ამისთვის დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. მიაქციეთ ყურადღება, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება – ასეთი მინიშნებები ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია. მაგალითად, თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ, აუცილებლად ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებას ბედში; თუ ქუჩაში ქუდი მოგძვრათ და დავარდა მიწაზე, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით: არ აგცდებათ უსიამოვნო შეხვედრა ან საუბარი უფროსობასთან, ამიტომ, ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად განვლეთ – მოერიდეთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან საუბარს, კომპანიონებთან ან კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობას; თუ საათი უეცრად გაჩერდა, ცუდი ამბის გაგების მოლოდინში უნდა იყოთ, ხოლო, თუ საათზე დრო ჩამორჩა, არ გირჩევთ ამ დღეს ფულის სესხებას ან გასესხებას; თუ ხელიდან გიცვივდებათ ნივთები, ეს დიდი ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ ჩაი ან ყავა გადაგესხათ ტანსაცმელზე, ფრთხილად იყავით – შესაძლოა, რამე დაკარგოთ ან ახლობელ ადამიანთან უსიამოვნება მოგიხდეთ; თუ ხელიდან ჩანთა დაგივარდათ, მოერიდეთ ამ დღეს სტუმრად წასვლას ან სახლში სტუმრების დაპატიჟებას. ეს მინიშნებები შემთხვევითი არ არის და თუ მათი ახსნაც გეცოდინებათ, მაშინ ადვილად გაართმევთ თავს შესაძლო პრობლემებს. ძველად, ეგვიპტეში, ქურუმები ყოველ დილას ატარებდნენ რიტუალს ბრინჯით და იგებდნენ, როგორი დღე ელოდათ. მოკლედ, თუ გსურთ, გაიგოთ თქვენი მომავალი დღის პროგნოზი, ამ მეთოდს გასწავლით: დილით, გაღვიძებისას, არავის გასცეთ ხმა, ონკანიდან აიღეთ გამდინარე წყალი და ჩაასხით გამჭვირვალე ჯამში, დაამატეთ ერთი მუჭა მარილი, კარგად მოურიეთ და დადგით მისაღები ოთახის ცენტრში. წყალი რომ „დაწყნარდება“, ანუ დადგება, მასში თვალდახუჭულმა ჩაყარეთ ერთი მუჭა ბრინჯი. გაახილეთ თვალი და დააკვირდით: თუ ბრინჯი ძირზე მიმოიფანტა, ესე იგი, კარგი დღე გელით, მაგრამ, თუ ბრინჯი შუაგულში შეგროვდა, მოერიდეთ ამ დღეს კამათს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, საქმიან მიმოწერებს და განვლეთ დღე მშვიდად და მეტი სიფრთხილით.