როდის არ მიაჩნია კაცს ცოლის პრეტენზია სამართლიანად და რისი მიღება სურს მას ქალისგან
მამაკაცების უმრავლესობა ბუნებით მბრძანებელია, სულერთია, რას წარმოადგენს ის პიროვნულად და აქვს თუ არა მბრძანებლობის რესურსი. მათ ხშირად უჩნდებათ გადამეტებული მოთხოვნები პარტნიორის მიმართ და მიაჩნიათ, რომ იმსახურებენ ყველა სიკეთეს და ცოლისგან სრულ მორჩილებას. როგორი ინტელექტუალიც არ უნდა იყოს მამაკაცი, ის უარს არ იტყვის მბრძანებლობაზე და არც არასდროს გამოტყდება იმაში, რომ რაღაც დააშავა. „კაცი ვარ და ჩემთვის შეიძლება!“ – დღესაც აქტუალურია. შეიძლება, სწორედ ამიტომ არ ესმის მამაკაცების უმრავლესობას იმ ქალების, რომლებსაც ქმრების ამჩატება არ მოსწონთ და ვერ ეგუებიან ამას.
დიანა (31 წლის): უკვე დავრწმუნდი, რომ ყველა მამაკაცი ტირანია. როგორი პიროვნული მონაცემები და ინტელექტუალური დონეც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ცდილობს, თავის ჭკუაზე გატაროს და ისეთი გაგხადოს, როგორიც თვითონ უნდა. არ აინტერესებს, შენ რა გინდა, რა გაწუხებს, რა გიხარია... მეეჭვება, რომელიმე ქალს გვერდით ჰყავდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც არ იქნება თავგამოდებული ეგოისტი და ზოგჯერ მაინც იფიქრებს ქალის ბედნიერებაზე.
– თუ უყვარს, მაინც არ აკეთებს ამას?
– ყველა კაცს ჯერ საკუთარი პერსონა უყვარს – რა ვქნა, ეს არის რეალობა. მამაკაცებს არ ესმით ჩვენი; მათთვის სასურველია მორჩილი, უენო და სრულიად უპრეტენზიო ქალი, რომელიც თავდახრილი შეასრულებს მის მითითებებს. ყველა არ აღიარებს ამას, მაგრამ, შინაგანად ყველა კაცი მოითხოვს, რომ მისი ცოლი სწორედ ასეთი იყოს. თუმცა, ყველა ერთნაირი არ არის თავის მოთხოვნებში.
– ანუ?
– ანუ, ზოგი ქმარი „პოზას იჭერს“, რომ ძალიან ცივილიზებული და თანამედროვეა და ცოლს არც მუშაობას უშლის, არც მოკლე კაბას და არც დეკოლტეს. ის თითქოს მშვიდია და წყნარი, მაგრამ, ახერხებს ცოლის დამორჩილებას რეპლიკებით, შენიშვნებით, მბრძანებლური ტონით; ან, სულაც, წუწუნით, უყურადღებობით, მისთვის არმოსმენით, იგნორირებით... როცა ქალი პიროვნებაა და რაღაცას წარმოადგენს, მისთვის ასეთი ზეწოლა შემაწუხებელია, ვერ ეგუება და იწყება კონფლიქტი და, საბოლოოდ, გარდაუვალია დაპირისპირება. სამწუხაროდ, მათ ჰყავთ „თანამოაზრეები“ დედების სახით.
– როცა დედამთილი უდგას მხარში შვილს და ცოლის წინააღმდეგ აქეზებს, ამას გულისხმობთ?
– თუნდაც არ აქეზებდეს, დედამთილი, თავისი ცხოვრების წესითა და უენო მორჩილებით, შვილს უყალიბებს ისეთი ქალის სტერეოტიპს, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ. ჩემმა ქმარმა ერთხელ მითხრა, შენ გონიერი არ ხარ. ვერ ახერხებ ისე მოქცევას, როგორც დედაჩემი იქცეოდა და ოჯახიც შეინარჩუნაო. მე ვერ ვხვდები, რატომ არის უმთავრესი ოჯახის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მით უმეტეს – საკუთარ თავში პიროვნების დამარცხებით.
– თუ ცოლი ქმარს უთმობს და ემორჩილება, ის საკუთარ თავში პიროვნებას ამარცხებს?
– ეჭვი გეპარებათ ამაში? სწორედ ასეა. ვის უნდა მონობა? ერთი ქალი მაინც არსებობს ასეთი?
– მონობა რატომ არის საყვარელი მამაკაცის აზრისა და თხოვნის გათვალისწინება?
– იმიტომ, რომ ეს მუდმივად ხდება შენი აზრისა და მოთხოვნების დათრგუნვის ხარჯზე. ერთ მაგალითს გეტყვით ამის დასამტკიცებლად: თქვენ გეგულებათ ისეთი ქალი, რომელიც მშვიდად, ყოველგვარი შინაგანი ბრძოლების გარეშე აპატიებს ქმარს ღალატს? ეს ხომ აბსურდია?! მაშინ, ამ ქალს საერთოდ არ უყვარს და არ აინტერესებს ქმარი და „დამამშვიდებლად“ სხვა მამაკაცი ჰყავს. საერთოდ, ქალები ძალიან ცუდ დღეში ვართ, განსაკუთრებით კი პატიოსანი ცოლები დავიჩაგრეთ – ჩვენ სერიოზულად არ აღგვიქვამენ.
– ვინ, ქმრები?
– სამწუხაროდ, ქმრებიც და სხვა ქალებიც. საერთოდაც, ქალების უმრავლესობა იმიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა არ გაგვაჩნია. გულსატკენია ეს ყველაფერი და კიდევ დიდხანს არაფერი გვეშველება, კაცები კიდევ გააგრძელებენ ჩვენს დაჩაგვრას. ვისაც მარტო ცემა ჰგონია ქალის დაჩაგვრა, ძალიან ცდება. ღალატი და მერე ამ ღალატის გამართლება დაჩაგვრა არ არის? ცემაზე ნაკლებად სტრესული გგონიათ თუ ნაკლებად საშინელი? იმ ქალების მდგომარეობაც უნდა წარმოიდგინოთ, რომლებსაც ქმრები მუდმივად ღალატობენ, თან, იციან და ითმენენ ამას ჩუმად, იმიტომ რომ, ხმა რომ ამოიღონ, უარესი იქნება. მათი ქმრები არ აღიარებენ იმას, რომ ცუდად იქცევიან, პირიქით, საკმაოდ თავმომწონენი დაიარებიან და მიაჩნიათ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ამ ტიპის კაცები ჩემნაირ ქალებს ბრძენ არსებებად არ მოიაზრებენ, ცოლებისგან კი უსიტყვო მორჩილების მიღება სურთ და, ასევე, სრული „სამომსახურეო პაკეტი“.
– ეგ რას ნიშნავს?
– გეტყვით: სრული „სამომსახურეო“ პაკეტი „მოიცავს:“ უთქმელობას, სიჩუმესა და მის ჭკუაზე სიარულს თუ არა, საკუთარი აზრის არგამოთქმას მაინც; მზარეულად, მოსამსახურედ და დამლაგებლად ყოფნას; წვრილმანზე თუ მსხვილმანზე თვალის დახუჭვას... ჩემს ქმარს ძალიან ხშირად უთქვამს: წარმოდგენა არ გაქვს, როგორი ცოლი იყო დედაჩემი; შენ რა, გგონია, მამაჩემი ერთგულების განსახიერება იყო და თვალებში შესციცინებდა? სულაც არა, მაგრამ, დედაჩემს ეყო ჭკუა და ოჯახი შეინარჩუნაო. რაც ერთად არიან, თითქმის სულ ჰყავდა მამაჩემს ვიღაც, მაგრამ, დედაჩემმა საოცარი გონიერება და გამჭრიახობა გამოიჩინა, შენსავით ამბიციები არ ახრჩობდა და პრეტენზიებს არ ასხივებდაო – ზუსტად ამ სიტყვებით მითხრა. ამის შემდეგ რა უნდა ველაპარაკო, ან, საერთოდ, რა აზრი აქვს მასთან რამეზე ლაპარაკს? ღიზიანდება, როგორც კი ვეუბნები, რომ უპასუხისმგებლოა, ნერვები ეშლება და ღრიალს იწყებს. მართალი კაცია და შეურაცხყოფას ვერ იტანს ბიჭი! შენ ხარ ავადმყოფურად ეჭვიანი და ფსიქოპათიური გადახრებიც გაქვსო. კაცი ვარ და მიყვარს ახალგაზრდა, სიფრიფანა გოგოებით თვალის გახარება, რა ისტერიკებს იმართებ ამხელა ქალი, ჭკუა არ გაქვსო?! დამაწყვიტა ნერვები. მე, მისი აზრით, სულელი და გიჟი ვარ; მაწუხებს პერიოდული ბიოლოგიური აფეთქებები და არასტაბილური განწყობა მის მიმართ, ანუ, ვცხოვრობ ჭორების ზეგავლენით და რეალობის დანახვა არ მსურს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მამაკაცები დარწმუნებულები არიან საკუთარ განუმეორებლობაში: მათთვის ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი ეპატიებათ... ეგენი არ ბერდებიან, არც ნაოჭები უჩნდებათ... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
– ეს ქალების ბრალია?
– რა თქმა უნდა! ჯერ ერთი, მცირეწლოვანი გოგონები არ უნდა ეტორღიალებოდნენ მამის ტოლ კაცებს და ამაში მეტი კეთილგონიერება ჰმართებთ; მეორეც – კაცს არ უნდა აპატიო ის, რაც საპატიებელი არ არის. დაუსჯელობის სინდრომი სჭირთ და ამიტომაც „ურევენ“. მორჩილი და უპრეტენზიო ცოლები აფუჭებენ მამაკაცებს, გულგრილად რომ „უტარებენ“ ცუღლუტობებს. მე საერთოდ არ მესმის ასეთი ქალების – მართლა ვერ ვიგებ, რატომ პატიობენ მამაკაცებს ყველაფერს.
– მიზეზი ბევრია: არ უნდათ სკანდალში ცხოვრება, არ უნდათ მარტო დარჩენა, არ უნდათ მუდმივად კონფლიქტურ სიტუაციებში ყოფნა და, ურჩევნიათ, ზოგჯერ თვალიც დახუჭონ.
– ჰოდა, გვრჩება თვალები დახუჭული. ბევრი ქალისგან მომისმენია: მერე რა, ვინ არ არის მექალთანე, მაინც ყველა ერთნაირია და, ღირს ამისთვის სკანდალის ატეხა და ცხოვრების დანგრევაო?
– რაღაც რაციონალური მარცვალი არის ამაში...
– არა, არ არის. ცხოვრება იმად არ ღირს, რომ უსიხარულოდ გაატარო დღეები, არ იყო ბედნიერი და მხოლოდ იარსებო. მე ჩემი ქმარი ფაქტზე არ გამომიჭერია და, შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მონდომებითაც არ ვეძებდი, თუმცა, სულ ვეუბნები, რომ წავალ მისგან, მივატოვებ და ბავშვებთან ერთად დედაჩემთან გადავალ საცხოვრებლად.
– არ არის ეს შანტაჟი?
– შეიძლება, არის კიდეც, მაგრამ, ასე მიმაჩნია სწორად. ჩემმა ქმარმა იცის, რომ, თუ მივატოვებ და სრულიად თავისუფალი იქნება, ეს მას დიდ ბედნიერებას არ მოუტანს. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და, თუ მოვინდომებ, უკეთეს მამაკაცზე გავთხოვდები, ეგ კი რაში სჭირდებათ ოცი-ოცდაორი წლის გოგოებს? ოცდაჩვიდმეტის არის... მალე ოჯახი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება. შეძლებს ბარებში წანწალსა და დილამდე ცეკვა-ხტუნვას? ასეთი ადვილი არ არის კაცისთვის სტაბილურობაზე უარის თქმა. მექალთანე კაცებიც კი ცდილობენ, არ გაეყარონ ცოლებს – არ უნდათ რადგან, ეგოისტები არიან და ზუსტად იციან, ბევრი სიკეთე მოაკლდებათ; რომ მერე გამოჩნდება ახალგაზრდა ქალი, რომელიც მას თავის ადგილს მიუჩენს და პირდაპირ ეტყვის, ახალგაზრდა აღარ ხარო... მე, შეიძლება, ჩემი ქმრის თვალში სულელი ვარ, მაგრამ, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოვუგრიხო კისერი, თავი სულ მართალი რომ ჰგონია. მეცინება, ისეთი თავდაჯერებულია და თავგამოდებული...