რა სასწაულებრივი ისტორიები უკავშირდება სოფო გონგლიაშვილის სამკაულებს და რატომ არ გამოსდის მას კერძო შეკვეთებზე მუშაობა
დიზაინერმა სოფო გონგლიაშვილმა მინანქარზე მუშაობა დაახლოებით თოთხმეტი წლის წინ დაიწყო. მართალია, მის პირველ ნამუშევარს სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ, ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მოდური დიზაინერია და მის მიერ შექმნილ სამკაულებს არა მარტო ქართველები, მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც ატარებენ. მის კოლექციებს მნიშვნელოვანი გამოხმაურებები აქვს სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით და წლევანდელ „ლონდონის ფეშენ-ვიქზე” მეორე ადგილიც აიღო.
– როდის დაიწყეთ მინანქარზე მუშაობა?
– 2000 წლიდან. მე, სართოდ, სულ სხვანაირად დავიწყე კეთება. მაშინ უფრო ხატებს ამზადებდნენ. სხვათა შორის, ხატებისთვის იყო გამზადებული ის ფორმები, რომლითაც ჩემი პირველი ნამუშევარი – თვითმფრინავი გავაკეთე. გამოვფინე კიდეც ეს თვითმფრინავი, მაგრამ, ხალხმა კარგად არ მიიღო, ფაქტობრივად, გვერდი აუარა. როცა ხალხის მხრიდან სათანადო რეაქციას ვერ ხედავ, კიდევ უფრო გინდება, დაუმტკიცო, რომ ეს არ არის გვერდასავლელი რაღაც. ამიტომ, სტიმული არ დამიკარგავს და, ჩემი აზრით, დავამტკიცე კიდეც. ახლა სამკაულებს ვაკეთებ. ერთ გოგოს, რომელიც თბილისში გავიცანი, აღმოჩნდა, რომ, მოსკოვში, ძალიან კარგ მაღაზიაში ჰქონდა ჩემი ბეჭედი შეძენილი. პირადად მე არასდროს გამიყიდია სამკაული, გალერეაში იყიდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, აქ ყიდულობდნენ და შემდეგ იქ მიჰქონდათ გასაყიდად. მოკლედ, იმ გოგომ ვიღაცაზე დაინახა მსგავსი სამკაული, ხელწერა მიამსგავსა და ასე მომაგნო. გასაოცარი ამბავი მიამბო – ეს დაახლოებით 10-12 წლის წინ მომხდარა. თურმე, ეს ბეჭედი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – თვითონ ასე მიაჩნია. მითხრა, ეს ბეჭედი რომ გავიკეთე, იმ დღიდან ყველაფერი ფანტასტიკურად ამეწყოო – გათხოვდა, გახდა ძალიან დიდი კომპანიის კრეატიული დირექტორი. მერე, მოვიხსენი და ორი წელი აღარ გამიკეთებია – შემეშინდა არ გაფუჭებულიყოო. კარგა ხანს არ ვფეხმძიმდებოდი, უცებ, შენი ბეჭედი გამახსენდა, გავიკეთე და, ერთ კვირაში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავიო და ბიჭი შესძენია. ახლა ჩამოსული რომ იყო, რაღაც იყიდა – გოგო მინდა ძალიანო. ასე ვეღარ შეგპირდებით-მეთქი, გავეხუმრე (იცინის). 12 წლის შემდეგ რომ ასეთ ისტორიას გაიგებ შენს შექმნილ ნივთზე, ძალიან სასიამოვნოა, სასწაულივით არის. ამის შემდეგ ძალიან დავახლოვდით და სულ ვწერთ ერთმანეთს.
– ძირითადად გამოფენებისთვის ამზადებთ კოლექციებს თუ კერძო შეკვეთებისთვის?
– შეკვეთებს თითქმის არასდროს არ ვაკეთებ. თუმცა, ახლახან ვიყავი წასული პარიზში. პრინციპში, იმიტომ მიდიხარ, რომ რაღაც შეკვეთა მოგცენ. მაგრამ, შეკვეთა რომც მომცენ – „აი, მე ასეთი მინდა“ – არ გამომდის ასე. ვაკეთებ იმას, რაც ჩემშია.
– ძირითადად ძლიერი და დადებითი მუხტის მქონე ქალბატონების თემაზე აკეთებთ კოლექციებს.
– შეძლება, ეს ვინმესთვის ძალიან ბანალურია, მაგრამ, მე მიყვარს რაღაც მარტივი. იგივე, გურჯი ხათუნის თემა შემთხვევით აღმოვაჩინე, როდესაც დათო ტურაშვილის წიგნს წავაწყდი. მაგრამ, ეს არ არის სრული და დამთავრებული ისტორია, ისევე, როგორც თამარ მეფეზე არ ვიცით, სად არის დაკრძალული, ანუ, ამ ისტორიას არ აქვს წერტილი დასმული. კიდევ უფრო დაუსრულებელია გურჯი ხათუნის – თამარის შვილიშვილის ისტორია, რომელსაც ასევე თამარი ერქვა. მე ვიღებ ხოლმე ახალ ინფორმაციას მის შესახებ. გურჯი ხათუნი, პრინციპში, ჩვენი დედოფალია და, სულ მინდა, რომ პერიოდულად მასზე ვაკეთო კოლექციები. წელს „ლონდონის ფეშენ-ვიქზე” (ლონდონ ფეშენ ვიქ-ქეისი” – ასე ჰქვია და იმართება „ლონდონის ფეშენ-ვიქის” ფარგლებში) ავიღე მეორე ადგილი სწორედ გურჯი ხათუნის თემით. ქალბატონი სარა მუველი, რომელმაც გადმომცა ეს პრიზი, არის მოდის ელჩი მთელ მსოფლიოში და, აგრეთვე, „ვოგის“ ერთ-ერთი რედაქტორი. ძალიან გავლენიანი ქალია, რომელიც ტყუილად არაფერს გააკეთებს. ყველას უკვირს – „როგორ, შენ სარა მუველი გწერს?“ – დაინტერესებულია ჩემით და, ვნახოთ. ძალიან ბევრი დიზაინერი იღებდა მონაწილეობას. მე წასვლასაც არ ვაპირებდი, რას ვიფიქრებდი, თუ ამდენ დიზაინერს შორის მე შემამჩნევდნენ და, რომ გამომაცხადეს, მაინც ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი. ბოლოს კი აღმოვჩნდი სცენაზე და ეს ყველაფერი დაუვიწყარი ემოცია იყო ჩემთვის.
– მანამდე იყო ბევრი და საკმაოდ წარმატებული გამოფენა, მათ შორის – პარიზის „არტ-ჯორჯია”...
– ეს დაიწყო, ფაქტობრივად, შარშანწინ, როდესაც სოფო ჭყონიამ გააკეთა „არტ-ჯორჯია“ და ჩემი სამკაულები პირველად წაიღო პარიზში – მიხვდა, რომ ისინი უფრო ფეშენისკენ არის. სხვაც ბევრი აკეთებს, მაგრამ, მათ უფრო სხვა ხასიათი აქვს – ზოგი უფრო ფერწერულია და ასე შემდეგ. ჩემს ნამუშევარს, რატომღაც „მოდური სამკაულის” სტატუსი მიანიჭეს. თუმცა, ბოლო დროს, რამდენიმე ძალიან ცნობილმა ადამიანმა მითხრა, რომ ეს არის არტ-ობიექტები, რომლებიც უნდა ინახებოდეს არტ-მუზეუმებში და სხვაგან არსად.
– ახლახან პარიზსა და მილანში გქონდათ გამოფენა. როგორ ჩაიარა?
– ძალიან კარგად ჩაიარა, თან, იქიდან რომ ჩამოდიხარ, უფრო მეტის გაკეთების სურვილი გაქვს. თუმცა, ეს დიდ ემოციებსაც უკავშირდება, მით უმეტეს, რომ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ეს ყველაფერი მღლის. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან, ამ ყველაფერს გაგრძელება უნდა მოჰყვეს. კონკრეტული შემოთავაზებები არის, თუმცა, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, ესაა მთავარი.
– ვიცი, რომ თქვენს სამკაულებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც ატარებენ.
– დიახ, ჩემი სამკაულები აქვთ მილა იოვოვიჩს, ქეთი მელუას, დაიან პერნეს, რომელიც მართლა ძალიან მაგარი და მნიშვნელოვანი ქალია მოდის სფეროში. ჩემმა მეგობარმა ლევან გაბრიაძემ, მილა იოვოვიჩი გადაიღო თავის ფილმში. ფილმის ჩვენების შემდეგ მისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდათ, თუ არ ვცდები, ფილმის მთავარ მხატვარ გოგონას ჰქონდა ჩემი სამკაულები და მილას ბეჭედი აჩუქეს. იმ დროს იქ დედამისიც იყო და, თურმე, პატარა კამათიც მოუვიდათ – არა, მე გავიკეთებ, არა – მეო. მერე ვამბობდი, ნუ ნერვიულობენ, მე თვითონ გავუკეთებ და ვაჩუქებ ორივეს-მეთქი.
– ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ ატარებს თქვენს სამკაულებს?
– ნანი ბრეგვაძეს ძალიან ბევრი სამკაული აქვს ჩემი. ყოველთვის უკეთია ერთი დიდი მედალიონი, რომელზეც მოცეკვავე ქალია გამოსახული. ეკასაც და ნატალიასაც ბევრი რაღაცეები აქვთ.
– მასშტაბების გაზრდასა და სხვა ადამაინების ჩართვასაც აპირებდით ამ პროცესში. რა ხდება ამ მხრივ?
– ძალიან მიწყობს ხელს ჩემი სახლი. ქვემოთ მაქვს ჩემი სახელოსნო. ეს არის ჩემი ოჯახი, რომელიც შედგება პირადად ჩემი ოჯახის წევრებისგან (იცინის) და, პლუს, ოთხი პიროვნება – ორი ბიჭი და ორი გოგო, რომლებიც მართლა ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. კიდევ ერთი ბიჭის შემოტყუებას ვაპირებთ ამ ჩვენს ოჯახში. წინ გეგმები გვაქვს, რომლებიც გვინდა, რომ გავაკეთოთ. თუმცა, საქართველოს ბაზარი არაა ამისთვის შესაფერისი. ეს არის ძვირად ღირებული სამკაული, რომლის დამზადებაც ძვირი ჯდება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს – ამაზე მაღალი ხარისხი, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს. თითოეულ კოლექციას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს, რამდენჯერაც რაღაც წამომცდა, მერე ის აღარ გამომდის ან მე თვითონაც აღარ მინდება იმის გაკეთება. ბევრი გეგმა, იდეა და შემოთავაზება მაქვს და, ვნახოთ, რა იქნება.
– როგორც ვიცი, ავეჯის დიზაინსაც აკეთებდით...
– სხვათა შორის, ძალიან ბევრი მთხოვს გაკეთებას. ბევრი რამ ისეთ ფასად მაქვს გაყიდული, რომ ხელოსნებში გადახდილი ფასიც არ ამომიღია; უბრალოდ, ბევრი დამიგროვდა და გავყიდე. მაგრამ, ეს პროცესი არის ძალიან მძიმე, შრომატევადი და პრობლემური. თუ იქნება მოთხოვნა და ისე გადამიხდიან, რომ მიღირდეს, ნამდვილად გავაკეთებ. მაინტერესებს კიდეც და, სულ იდეებში ვარ, თუმცა, ყველაფრის განხორციელება ასე მარტივი არ არის.