როგორ „მოიგო“ შეყვარებული გიორგი მახარაშვილმა და რატომ უმღეროდა ის სასიდედროს სერენადებს
გიორგი მახარაშვილი და ლეკა მიქაძე რამდენიმე თვეა, შეყვარებულები არიან. „ორ ვარსკვლავში“ გიორგიმ ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღო: ლეკა, რომელიც „იმედში“ მუშაობს და მათ ერთმანეთი სწორედ შოუს მიმდინარეობისას გაიცნეს.
– გიორგი, „ორი ვარსკვლავი“ კი მოიგე, მაგრამ არაფერი შეგხვდა. სამაგიეროდ, ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღე – ლეკას სახით.
ლეკა: მე მომიგო.
გიორგი: ხალხი მეკითხებოდა: რა მოიგე, რა მოიგეო და მერე სტატუსიც დავწერე „ფეისბუქზე”: ყველაზე კარგი პრიზი მოვიგე-მეთქი. იმ პერიოდში მანქანაც გამოვცვალე და ყველას ეგონა, მანქანა შოუში მოვიგე ან ირინამ მიყიდა. არა, მხოლოდ ლეკა მოვიგე იმ პროექტში-მეთქი.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
ლეკა: ძალიან ჩვეულებრივად. მანამდე არც ვიცნობდი გიორგის, „ორ ვარსკვლავში“ გავიცანი.
გიორგი: ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. ერთადერთი „ვოისზე“ ჩემი ნამღერი – Moon river ჰქონდა „ფეისბუქზე“ გაზიარებული.
ლეკა: ეს სიმღერა მიყვარს მთელი ცხოვრება. მომეწონა ამის ნამღერი და დავდე.
გიორგი: ოღონდ, არ იცოდა, ვინ მღეროდა, ვინ იყო ეს გიორგი მახარაშვილი. „ორ ვარსკვლავში“ ხშირად მთელი დღე ერთად გვიწევდა ყოფნა, ან სადმე მივდიოდით. მაშინაც და მერეც, სულ ერთად ვართ.
ლეკა: ისე დაემთხვა, რომ მე რუსთაველზე ვცხოვრობ, გიორგი – სოლოლაკში. ხან სახლში დამტოვებდა, ხან გამომივლიდა, ხან ვჭამდით, ხან ვსამდით.
გიორგი: თავიდან მაგრად ვეჩალიჩებოდი: „მაკდონალდსში“ ვპატიჟებდი.
ლეკა: მესიჯები კი მქონდა: „დილა მშვიდობისა“.
გიორგი: პირველი, რაც საერთო აღმოგვაჩნდა: ორივეს გვიყვარს ჭამა. ასე, ნელ-ნელა შევყევით. რეპეტიციებზე მასწავლებლები იყვნენ და კიდევ ეს და ერთი გოგო, რომლებიც მირეკავდნენ: ამ დროს მოდი რეპეტიციაზე და ასე შემდეგ. მეორე რომ მირეკავდა, არ მინდოდა, მინდოდა ლეკას დაერეკა. ამიტომ, მე ვურეკავდი: რომელ საათზე გვაქვს რეპეტიცია-მეთქი. ბოლოს ვიარეთ, ვიარეთ და ასე, ეტაპობრივად, განვითარდა ყველაფერი. ლეკა ის ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს. რაც მთავარია, არასდროს უთხოვია: იმღერეო.
ლეკა: ერთი წამით მოიცადე. ლაშას ქორწილში არ გთხოვე, იმღერე-მეთქი?
გიორგი: კი და კიდევ – რაჭაში. მოკლედ, რაჭაში ვართ, ჩვენი ძმაკაცის შეყვარებულს ჩავაკითხეთ. ისე მოგვეწონა, ერთი კვირა დავრჩით. მგონი, მაშინ პირველად მითხრა: დაუკარი, უნდა ვიცეკვოო. წარმოიდგინე, მთაში ვართ, ძალიან ცივა, ვსვამთ მეგობრები, მეზობლები. ეს კი მეუბნება: დამიკარი, უნდა ვიცეკვოო, თან, გიტარა მიჭირავს ხელში, გაყინული მაქვს თითები. აჭარული დავუკარი, მეტი რა უნდა დამეკრა. არა, გაჩერდი, უსიტყვო და ჩქარები დამიკარიო. მივხვდი, რომ ჩემი სიმღერა კი არ უნდოდა, ვერ აერთებდა დინამიკში. ლაშას ქორწილი (ღუღუნიშვილი – ავტორი) სულ სხვა ფენომენი იყო. ისე გავერთეთ, ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც მეორე დღეს არ მახსოვდა.
ლეკა: მაგალითად, მანქანა ხეზე გააჩერა.
გიორგი: რომ ვაყენებდი „ზადნით“, თურმე ორი ბორბლით ხეზე ავსულვარ. მეორე დღეს, რომ მივედი, ისე შემეშინდა დაძვრის, კარი რომ გამოვაღე ჩამოვარდა. ვერ მივხვდი, რა სჭირდა – უკნიდან რომ შემოვუარე, მერე დავინახე.
– რაში ემთხვევა თქვენი გემოვნება?
ლეკა: მუსიკაში, გართობაში – ვერა. ანუ, თან ემთხვევა, თან – ვერა. კლუბებში სიარული არ უყვარს, თუმცა არც მე დავდივარ ხშირად. მაგრამ, თუ მიდის, კარგად ერთობა.
გიორგი: კლუბებში რომ გევლო, მე არ მომეწონებოდი. „კამანდა“ თუ ვართ სადმე, მაშინ, რატომაც არა, შეიძლება.
ლეკა: მეზიზღება კლუბებიო და ჩემზე კარგად კი ერთობა ხოლმე. ძირითადად, სულ ერთად ვართ. სამსახურში, თათბირზეც ხშირად მიზის.
გიორგი: „იმედში“ ყველა „შაფიორს“ მეძახის, ყველა მეღადავება.
ლეკა: ახლაც, რომ მოვდიოდით, მკითხეს: სად არის მძღოლიო. ქვემოთ არის-მეთქი. დაუძახე, თათბირს ვიწყებთო.
– როგორია შეყვარებული გიორგი?
– კარგი, კომფორტული. ძალიან კარგი ადამიანია. ჩემთვის შეყვარებული კი არა, მეგობარი, მამა, ყველაფერია. ზღვაზეც რომ ვიყავით, თბილი რაღაცეები ჩამოჰქონდა: არ გაცივდეო. ყურადღებიანია და არასდროს არაფერი ავიწყდება. ასეთი რამ გაგიგია: ცხვირში ხელის შეყოფამდე მიყვარხარო – გიორგი ამბობს.
– ლეკა ლამაზი გოგონაა. მაგრამ, რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მოგეწონა მასში და რამაც მომღერალ კაცს „შაფიორობა“ დაგაწყებინა?
გიორგი: ზოგადად, საქმიანი გოგონები არ მსიამოვნებს – სულ საქმეში და სხვაგან რომ არიან. მაგრამ, ლეკა მათ შორის ყველაზე „დასტოინი” ტიპი იყო და არის. პირველი ეს იყო რითაც მომეწონა, გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ. ისიც, რომ ჩვენი ყველა აზრი არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამას უფრო მეტი მუღამი ჰქონდა. ერთი აზრი რომ გვქონოდა ყველაფერზე, ალბათ, ერთ თვეში მოგვბეზრდებოდა ერთმანეთი.
ლეკა: ხშირად ვკამათობთ, მაგრამ ორწუთიანია ხოლმე.
გიორგი: მთავარია, ვჭამოთ და ეგრევე, გადაგვივლის.
ლეკა: მე ვიყავი „ფსიხი” – რომ გავბრაზდებოდი, შემეძლო, ერთი კვირა გავბუტულიყავი, დედაჩემთანაც კი. მაგრამ, ამასთან ეს მხოლოდ ორ წუთს გრძელდება. რაღაცნაირად ახერხებს ჩემს შემორიგებას.
გიორგი: რომ გაბრაზდება, დილით, სანამ გაიღვიძებს, ავალ და ჰამბურგერებს დავაყრი. ესეც მირიგებდა.
– ალბათ, ყველა გეკითხებათ: როდის აპირებთ დაქორწინებასო.
ლეკა: სამსახურშიც იმდენჯერ მკითხეს, ვუთხარი: 13-ში-მეთქი.
გიორგი: აღარ აპირებთ? – უკვე ასე გვეკითხებიან. სულ ერთად რომ გვხედავენ, ჰგონიათ, 10 წელია, ერთად ვართ. ჯერ ფეხზე უნდა დავდგეთ, თორემ დაქორწინებას არაფერი უშლის ხელს – ერთი დღე უნდა. ლეკას ოჯახთან ახლოს ვარ, ლეკაც იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს. ის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში შეყვარებულს შევხვდე – ასეთი რაღაცეები არ მჭირს, არაფერს ვმალავ. „ფეისუქზეც,“ მე თვითონ მიხარია ფოტოს დადება.
ლეკა: გიორგის დედაზე ვგიჟდები. როცა საჩუქრებს აკეთებს გიორგი – ხან მე ვეუბნები, რა აქვს ნაყიდი, ხან ის მეუბნება. ერთხელ გიორგიმ სიურპრიზი გამიკეთა: ეზოში მიმღერა და აღმოჩნდა, რომ დედაჩემს უმღერა.
გიორგი: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ დაგვემართა. რაღაცაზე გაბრაზდა, ნასვამი ვიყავი და სრულიად ყრუ ორ ძმაკაცთან ერთად, მივედი ლეკასთან. იტალიურ ეზოში ცხოვრობს, კიბეზე განვლაგდით და დავიწყეთ სიმღერა. ბოლო სართულზე ცხოვრობს, კონტრაჟური იყო და ვერ ვიცანი, თვითონ იყო თუ დედამისი. ყველაფერი ვიმღერეთ, მეზობლები უკვე ტაშს გვიკრავდნენ და ამ დროს დედამისმა: მოიცა, ლეკას დავუძახებო.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მომავალ სიდედრთან?
– სასიდედროსთან ამაზე კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენი შეთქმულება ძირითადად დედამისს უკავშირდება, მე და ლეკა რაღაცეების გაკეთებას ვაძალებთ.
ლეკა: ადრე ხომ იყო: მიყიდე, მიყიდე, ახლა არის: უყიდე, უყიდე.
– ჭამა რომ გიყვართ ასე ძალიან, ლეკა, იცი რამის მომზადება?
– კარტოფილს ვწვავ ძალიან გემრიელს, მოსწონს. ესეც კარგ საჭმელებს აკეთებს. უცნაური გემოვნება მაქვს, ყველაფერს ერთად ვჭამ.
გიორგი: სუფრასთან რომ ვზივართ, შეიძლება, გული გაგისკდეს: ყველაფერს ერთად ასხამს: მაიონეზს, ტყემალს, არაჟანს, კეტჩუპს, მდოგვს, ყველაფერს და ისე გემრიელად ჭამს... მარილს აყრის უამრავს და ვუმალავ: კენჭი გაგიჩნდება-მეთქი. ვიცი, რა საშინელება, ერთი გაუჩნდეს, იქნებ, დამიჯეროს.
– არის რამე, რაშიც გიორგი არ გიჯერებს?
ლეკა: მანქანას ატარებს ძალიან ჩქარა. რაც უნდა ვიყვირო და ვიკივლო, არ ესმის.
გიორგი: რაღაცაზე, ან ვინმე მძღოლზე რომ ნერვები მომეშლება, უნდა დავეწიო იმ მანქანას, შევაგინო, დავახტე თავზე. ამ დროს ეს უკვე ღვედს იჭერს, ქუდს ჩამოიფარებს და ზის ჩუმად.