რატომ ითხოვს „პავლოვიჩი“ განათლების მინისტრთან შეხვედრას და რა სიურპრიზებით ანებივრებს ის გოგონებს
მას შემდეგ, რაც „პავლოვიჩი” „რუსთავი 2-ის“ სხვადასხვა შოუში გამოჩნდა, ის თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო. „პავლოვიჩს” საკმაოდ ბევრი გეგმა და მიზანი აქვს და განათლების მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვს.
პავლოვიჩი: შალვა მქვია, „პავლოვიჩი” სკოლის პერიოდში გავხდი, მამის სახელიდან გამომდინარე; მასწავლებელიც ასე მეძახდა და ძალიან მსიამოვნებდა.
– გურჯაანში ვცხოვრობ, მაგრამ, მთიული ვარო, მითხარი.
– დიახ, მამაჩემი ყაზბეგიდან იყო. მებრძოლი ადამიანი, 9 აპრილს მოიწამლა და შემდეგ დაავადდა. ონკოლოგიური ავადმყოფი იყო, სამი წლის წინ გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია – ბავშვობიდან მებრძოლი ადამიანი ვარ, ჩემით ვიკვლევ გზას. სხვათა შორის, 2008 წელს პრეზიდენტმა დამაჯილდოვა „პატრიოტის” დიპლომით – ანუ, „ბანაკის კოლორიტის” დიპლომი მაქვს. კოლორიტი ადამიანი ვარ, ყველაფერი შემიძლია და მეხერხება: ლექსები, შაირები. სამსახიობოზე დავდიოდი და საკმარისი ცოდნა მაქვს მიღებული.
– როგორ ცხოვრობდი, რას საქმიანობდი შოუში გამოჩენამდე?
– ძალიან კარგად ვსწავლობდი. მოწესრიგებული ადამიანი ვარ. დღეს მასწავლებლები რომ მხედავენ, უკვირთ, რადგან, სკოლის შემდეგ შევიცვალე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდისკენ შევიცვალე. სკოლაში უფრო მოკრძალებული ვიყავი, მერე კი უფრო „ჟილკიანი” გავხდი – მეტად მოვინდომე, რომ საკუთარ თავს დავეხმარო და გავიკვლიო გზა. როგორც ყველას, მეც შემიძლია საკუთარი თავის დაცვა, თუმცა, სხვას არ ვეტყვი: წინ ზიხარ, უკან დაჯექი-მეთქი, თუ რამეს არ დამიშავებს. უკონფლიქტო ადამიანი ვარ. გოგონებს, ქალბატონებს ყოველთვის ვანებივრებ – ლექსებს ვუძღვნი, სიურპრიზებს ვუკეთებ. მამაკაცებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ვაჟკაცური.
– ია ფარულავას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენ.
– ია ფარულავა ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი. გული მწყდება, რომ ია ფარულავას არ აქვს თავისი შოუ, გადაცემა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მეც არ ვიტყოდი უარს სატელევიზო შოუს წამყვანობაზე და საკმაოდ კარგადაც გავაკეთებდი. ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა მიყვარს. მე ია ფარულავა ქართველ სექს-სიმბოლოდ მიმაჩნია. სხვა სიურპრიზებიც მაქვს მის მიმართ, მაგრამ, საიდუმლოდ დავტოვებ. ჩემში ნება და ვნება არ ილევა.
– ამჟამად რითი ხარ დაკავებული, რა არის შენი შემოსავლის წყარო?
– ბავშვობიდან არაფერზე მითქვამს უარი, შრომაც არ მეზარება – ვშრომობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ჯიბის ფული მქონდეს და ოჯახს დავეხმარო. როდესაც „ნიჭიერი“ დაიწყო, ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი და მივიღე მონაწილეობის გადაწყვეტილება. ადამიანები ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ და ყველაფერი საუკეთესო უნდა გავაკეთოთ, რომ ვისიამოვნოთ ჩვენც და ვასიამოვნოთ მაყურებელსაც. საკმაოდ დიდი გეგმები მაქვს, განსაკუთრებით – პოლიტიკის მხრივ.
– ხომ არ აპირებ პოლიტიკაში მოსვლას?
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა პოლიტიკა და აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა, ხალხს და ქვეყანას გამოვადგე; მინდა, წინ წავიდეს ქვეყანა. დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, გული მწყდება და, მინდა, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. როდესაც ხალხი ჩემთან ერთად სიამოვნებას იღებს, მინდა, ეს სხვა მხრივაც გავრცელდეს, ჩემი ცხოვრებაც წინ წავიდეს და ხალხსაც გამოვადგე. ასჯერ რომ წავაგო, ასმეერთეჯერ მაინც წავალ მოგებისკენ. მუდმივად მიზნისკენ მივდივარ, მოტივირებული ადამიანი ვარ. საკუთარი თავის პირადი ექიმი ვარ, იმ გაგებით, რომ, მიყვარს ყველაფრის კარგად გაანალიზება, დიაგნოზის დასმა და სწორი მიმართულებით წაყვანა.
– შენი სასცენო სამოსი ვინ შეარჩია?
– დიზაინერმა, ოღონდ, ჩემთან ერთად. ის საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. მიყვარს ასეთი რაღაცეები. სამსახიობო გამოსვლები არ მესწავლება – საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ მხრივ. თამამად ჩაცმაც მიყვარს. ქალმაც, გოგონამაც უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს, ოღონდ, ეს ლამაზად უნდა მოხდეს. ღმერთმა რისთვის მოგცა სილამაზე, თუ არ გამოაჩენ? ოღონდ, ეს უნდა იყოს ლამაზად, მისაღებად და არა ამაზრზენად.
– და როგორი გოგონები მოგწონს?
– ტანწერწეტა გოგონები და ქალბატონები მომწონს, გრძელფეხება, ლამაზი, გრძელი ქერა თმით, სახეზეც ნორმალურად ყველაფერი. სლავური გარეგნობის გოგონები მიზიდავს. გოგო კაბაშია ლამაზი, შარვალში იმალება მისი სილამაზე. კოლგოტი ამშვენებს ქალს ფეხზე, განსაკუთრებით კი შავ კოლგოტშია ქალის ფეხი ლამაზი, თან, პლუს მინი ჯინსის კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი. როდესაც ვინმე მომწონს, ვცდილობ, მასთან შევიდე კონტაქტში, ნორმალური ურთიერთობა ავაწყო, კომპლიმენტები ვუთხრა, სიურპრიზებით ავავსო – მთავარი ურთიერთგაგებაა.
– სად იშოვე ის მოცეკვავე გოგონები?
– ვიქირავე, საკმაოდ სერიოზული თანხა აიღეს. ამ ყველაფერში საკმაოდ დიდი თანხები მიდის და, მინდა, დამიფასდეს, თან, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, ამხანაგი მეხმარება და გვინდა, ეს თანხები ამოვიღოთ. მოტივაციაც მაქვს და გულშემატკივრების იმედიც, რომლებიც ძალიან მიყვარს. ქუჩაშიც საოცარ სითბოს ვგრძნობ და ტელეფონის ზარებიც არ ჩერდება. მე მათთვის ვაკეთებ ყველაფერს, მიყვარს პუბლიკა და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ძალიან მინდა, ერთი რაღაც ვთქვა და, იქნებ, დაწეროთ: წლებია, განათლების მინისტრთან შეხვედრას ვითხოვ – განათლებასთან დაკავშირებით მინდა საუბარი. დღეს, თუ რეპეტიტორებთან არ მოემზადები, ისე ვერ ჩააბარებ ეროვნულ გამოცდებს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ, თავს ზევით ძალა არ იყო, არ გვქონდა იმის საშუალება, რომ რეპეტიტორებთან წავსულიყავი და მოვმზადებულიყავი. დღეს სკოლის ცოდნას არანაირი ფასი არ აქვს – ამაზე არაერთხელ მისაუბრია, უბრალოდ, ამას არავინ აღიარებს. მე ვამბობ, რომ სკოლის ცოდნას დაედოს ფასი, უმაღლესში ბარდებოდეს ის, რაც სკოლაში ისწავლება. აბა, რიღასთვის ახეხინებენ 12 კლასს მოსწავლეებს, თუ მერე რეპეტიტორებთან მიდიან?! ყველას არ აქვს ამის საშუალება. განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს მივმართავ: ამდენი ხანია, ვცდილობ თქვენთან შეხვედრას და მიკადრეთ. სწავლის გაგრძელება მინდა და, ვითხოვ, რომ უმაღლეში ჩაბარება ატესტატის ნიშნებითა და სკოლაში მიღებული ცოდნით მოხდეს. რომ ამბობენ, ეროვნულზე ის ბარდება, რასაც სკოლაში ასწავლიანო, ორჯერ გავედი გამოცდაზე და ორჯერვე ისეთი რაღაცეები შემხვდა, რაც სკოლაში არ მისწავლია; რეპეტიტორი რომ მყოლოდა, ჩავაბარებდი. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩაბარება და არ ვყრი ფარ-ხმალს. საკმაოდ ნაკითხი, ნასწავლი ადამიანი ვარ და, მინდა, უფრო გავიღრმავო ცოდნა, შევძლო ჩაბარება უმაღლესში. თუ არაფერი გამოვა, მაშინ წავალ საქართველოდან, რომელიმე ქვეყანას ლტოლვილად ჩავბარდები და იმ ქვეყანას გამოვადგები, რომელიც გვერდში დამიდგება.