როგორია ერის სტალინური განმარტება და ვის უკავშირებს ლევან ღვინჯილია „ნაციისა” და „ერის” შინაარსის გამიჯვნას
პროფესია: აბრაგი – აბრებზე წარწერების შემსწორებელი.
რეალურად: ფილოლოგ-კავკასიოლოგი, დაღესტნური ენების მკვლევარი.
სამუშაო ადგილი: უმუშევარი (შეიძლება სამუდამოდაც!)
ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი
ლევან ღვინჯილია: „ეროვნება – ქართველი“ ორსიტყვიანი მცნებაა... დავიწყოთ ეროვნებით – იგი ნაწარმოებია სიტყვისგან – „ერი”. როცა ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევდიოდით, როგორც ქვეყანა (შეიძლება, ვინმემ თქვას - როგორც კოლონია), გავრცელებული იყო ერის სტალინური განმარტება. ვნახოთ, რა წერია იმდროინდელ განმარტებით ლექსიკონში: „ერი არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა“. თურმე, იმისთვის, რომ ერი ჩამოყალიბდეს, აუცილებელი ყოფილა ენისა და კულტურის ერთობა. დღეს ეს ტერმინი (ერი) მარტოდენ საქართველოში არ იხმარება. მაგალითად, ამბობენ – ევროპელი ერებიო... ან ფრანგი ერი... ამერიკელი ერი...
– ამერიკელი ერი, ბატონო ლევან?
– საქმეც მაგაშია, რომ ამ ცნების აღსანიშნავად, უცხო ენებზე სხვა ტერმინი გამოიყენება – „ნაცია”, რომელიც ქართულშიც არის შემოსული. ნაციონალობა, იგივე - ეროვნებაა. ახლა ისევ განმარტებით ლექსიკონში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რას ნიშნავს სიტყვა – ეროვნება: „გამაერთიანებელი სახელი ერისა, ხალხისა და ტომისა; ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა, გვარ-ტომობა“. კიდევ ერთი სიტყვის – „ნაციის“ განმარტება ვნახოთ –– „ნაციო” ლათინურია, ქართულში შემოსულია რუსული ენის მეშვეობით, ძველებურია, წიგნურ მეტყველებაში გვხვდებაო და იგივეა, რაც – „ერიო”... იმ დროს, როცა ეს ლექსიკონი კეთდებოდა, სიტყვა „ნაცია” არ იხმარებოდა სხვა მნიშვნელობით, თუ არა, როგორც - „ერი”. თუმცა იყო ზოგი ტერმინი, რომლის შემადგენლობაშიც გამოყენებული იყო „ნაც” ფუძე და მას იქ „ერი“ ვერ ჩაანაცვლებდა. მაგალითად – ნაციონალიზაცია – ვიღაცის კერძო ქონების სახელმწიფოს, ანუ ნაციის საკუთრებაში გადასვლა და აქ ვერ იქნებოდა გამოყენებული სიტყვა „ერი”. იმის თქმა მინდა, რომ „ერი” და „ნაცია” ქართულ ენაში იყო სინონიმური სიტყვები და მათ არ ჰქონდათ განსხვავებული მნიშვნელობები მანამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობა არ გამოჩნდა. „წახვალთ-წამოხვალთ და ისევ ნაციონალურ მოძრაობას მიადგებითო” – იტყვის, ალბათ, მავანი, მაგრამ ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი განწყობა მექნება მე – ლევენ ღვინჯილიას „ნაცების“ მიმართ, ან მესიმპათიურებიან თუ არა ისინი. საკითხის არსზე ვბჭობ. ერთმანეთის გვერდი-გვერდ გააქტიურდა ორი ტერმინი – „ნაციონალური” და „ეროვნული”. იყო ადრე - ეროვნული მოძრაობა და კიდევ უფრო ადრე - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 80-90-იან წლებში, ანუ კოსტავა-გამსახურდიას პერიოდში იქამდე გაიშინაურეს ეს ტერმინი, რომ ერთმანეთს „ეროვნულებსაც” კი ეძახდნენ. „ეროვნული ადამიანიაო”, ასეც კი ამბობდნენ. ნაციონალურ მოძრაობას ტერმინი „ეროვნული” შემთხვევით არ შეუცვალია „ნაციონალურით“. ცხადია, მათ იმიტომაც დაირქვეს „ნაციონალური მოძრაობა”, რომ უპირველესად ამით ხაზი გაუსვეს თავიანთ დასავლურობას (პოლიტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით).
– ანუ, სახელწოდებაში „ჩაიდო“ შინაარსი.
– დიახ! თანაც არ უნდოდათ მოწყვეტოდნენ ქართულ, ეროვნულ მოძრაობას. ამიტომაც სინონიმი სიტყვა გამოიყენეს. თითქოს ეს არის თანამედროვე ეროვნული მოძრაობა.
ანუ, ვინმეს რომ არ ეფიქრა, ქართველების ეროვნულ მოძრაობაში რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა სომეხმა ან აზერბაიჯანელმაო, ტერმინი „ეროვნული“, შეიცვალა ტერმინით – „ნაციონალური“.
ქართველი ერის ეროვნული მენტალიტეტი და ფრანგი ერის ეროვნული მენტალიტეტი ტერმინოლოგიურ დონეზე სხვადასხვა რამეა. იმიტომ, რომ ცნება „ფრანგ ერში” სხვა შემადგენელი „კომპონენტები“ მოიაზრება, „ქართველ ერში” კი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები მოიაზრებიან – ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქართულ ენაში; ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ფრანგებში ეთნიკური ნიშანი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. მაშინ, როცა ქართველ ერში მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მონაწილეობს. მაგალითად, ეთნიკურად სომეხი შარლ აზნავური მღეროდა მხოლოდ ფრანგულად და ფრანგ მომღერალს ეძახდა საკუთარ თავს; ასევე, ზინედინ ზიდანი ეგვიპტური წარმოშობისაა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი, ისიც ფრანგს ეძახის თავის თავს, ანუ, ენობრივი ფაქტორი ორსავ შემთხვევაში უმთავრესია. თუმცა, როცა ჩვენ ვამბობთ – „ქართველი ერი” – მასში არ ვგულისხმობთ, მაგალითად, თბილისელ სომხებს, ან ქურთებს, რომლებიც ლაპარაკობენ ქართულად.
– ჰო, მაგრამ ისინიც არ მიიჩნევენ თავს ქართველებად.
– ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ერი და ეროვნება ქართული და ევროპული გაგებით სხვადასხვა რამეა. ხომ არ აზიანებს ეს ჩვენს ქვეყანასო – მკითხავთ, ალბათ, თქვენ. საფრანგეთში მცხოვრებ ქართული ემიგრაციის შთამომავალთა აბსოლუტური უმრავლესობა – ხომერიკები, ჭავჭავაძეები, გორდელაძეები, ფაღავები, ჟორდანიები... თავს უწოდებს - ფრანგს. იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ ფრანგული ენა.
ჩვენშიც ამ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდეთ, ამისთვის აუცილებელია - საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქეები (ერთი საბავშვო „ჟარგონი“ უნდა გამოვიყენო, ძალიან მომწონს!) „გადმოცხოვრდნენ” ქართულ ენაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საკუთარ სახლზე უნდა თქვან უარი. არა! ექნებათ თავისიც და უფრო „დიდ საერთო სახლშიც მიიღებენ ბინებს. ჰაიდეგერი ამბობს, ენა არის „ყოფიერების სახლიო”. ერთ ჰოლანდიელ მწერალს ჰკითხეს, თქვენი სამშობლო რომელიაო და მან უპასუხა: „ჩემი სამშობლო არის ჰოლანდიური ენაო”. მერე ფრანგებმა აიტაცეს ეს გამონათქვამი და, როცა ფრანგულ ღირებულებებს იცავენ, გამოაქვთ ლოზუნგი: „ჩემი სამშობლო – ეს არის ფრანგული ენა“. მაშასადამე, ვინც თავის თავს ფრანგს უწოდებს, ის აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ფრანგულ ენაში.
სანამ საქართველოს ყველა მოქალაქე ქართულ ენაში არ „გადმოცხოვრდება”, მანამდე ისინი ვერ უწოდებენ თავიანთ თავს – ქართველს.
კრილოვები, გოგოლები, სიმონგულოვები, სოკოლოვი ვოლსკი, ტრიპოლსკი... დიდი ხანია, „გადმოცხოვრებულები” არიან ქართულ ენაში და ამიტომაც თავის თავს უწოდებენ - ქართველს; მიუხედავად იმისა, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობა ქართული არ არის, მაინც ქართველები არიან!
სამწუხაროდ, ქართველი ერი, იმ სახით, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩამოყალიბებული ყოფილიყო, დღეს საქართველოში არ არსებობს.
– მაგრამ ყველა, ვისაც პასპორტში მოქალაქეობა – ქართველი უწერია, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ არის ქართველი.
– დიახ! ასეთი აღქმა აქვთ მხოლოდ უცხოეთში. იმათთვის ნაციონალობა სხვა რამეს ნიშნავს და იმიტომ. ჩვენში დღეს „ქართველი” მხოლოდ ეთნიკური ტერმინია. როცა ვამბობ, განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო სახელმწიფო ენაზე-მეთქი, ზოგს ეს ისე ესმის, თითქოს მე მარტო მაღაზიაზე ან სასტუმროზე გაკეთებული ინგლისურენოვანი წარწერა მაწუხებდეს.
არა, ბატონო! ეს ერის ჩამოყალიბების გზაა. ის, რისთვისაც მე ვიბრძვი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მხოლოდ ენის სიწმინდის დაცვისა და სალიტერატურო ნორმების დამკვიდრებისთვის კი არ არის, არამედ ჩვენ ჯერ ქართველი ერი უნდა ჩამოვაყალიბოთ.
ჩვენ დევნილები მარტო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან კი არ გვყვანან. ლტოლვილები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ვერ „დავასახლეთ“ ქართულში. თუმცა, ეს „დევნილობაც” სპეციფიკური ხასიათისაა: ჩვენი სომხები და აზერბაიჯანელები განსაკუთრებით და დიდად არც ინდომებენ, რომ გადმოვიდნენ და დასახლდნენ ქართულ ენაში.
რვა მილიონი თურქი ცხოვრობს გერმანიაში, მაგრამ მათ ეროვნული უმცირესობა არ ჰქვიათ... და მათთვის გერმანიის სახელმწიფო, გერმანული ენის შესწავლის თვალსაზრისით არაფერს არ აკეთებს; თუმცა ყველა ჩინებულად ლაპარაკობს გერმანულად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერი საქართველოში ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული და ჩვენს სახელმწიფოს ეს, რატომღაც, მნიშვნელოვან საკითხად არ მიაჩნია.
2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტში დევს პროექტი კანონისა „სახელმწიფო ენის შესახებ”, რომელიც დღემდე არ არის განხილული და არ ვიცით, მომავალ წელს მაინც თუ მოხერხდება მისი განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ცალკე გამოყოფილ თავად ეწერა ეს დანაპირები, ჯერ არავის აქეთკენ არ გამოუხედავს; ნაბიჯი ვერ წადგეს წინ ამ მიმართულებით. კულუარებში ჩურჩულებენ, ეს კანონი რომ მივიღოთ, სომხები და აზერბაიჯანელები რას იტყვიანო. იმდენს იზამენ, მართლა ათქმევინებენ ამ ხალხს რაღაცას, ძალით... საქართველოს პარლამენტიდან ვიღაცამ კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ” გააგზავნა ჰააგაში, ხოლო მანამდე შინაურულად გაატანეს ვენეციის კომისიაში განსახილველად ბატონ ბუკიკიოს.
– რატომ?
– მაგაშია საქმეც. მაგ შეკითხვას ველოდი თქვენგან. ოფიციალური პასუხები მოუვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ორივე პასუხი ტყუპისცალებივით ჰგავს ერთმანეთს. ხელმეორედ რაღატომღა გააგზავნეს კანონი, როცა იცოდნენ, რომ პასუხი მაინც ჰააგაში დაიწერებოდა. იმიტომ ხომ არა, რომ მითქმა-მოთქმა ატყდეს?! რესპუბლიკელებიც თითიდან იწოვენ შენიშვნებს, რომ დასკვნაში ჩაწერონ. შესაბამის კომიტეტში კი ამას ეძახიან „შიდა და გარეშე წინააღმდეგობებს”. ერთხელ ვიხუმრე, – რატომ აგზავნიან ამ პროექტებს ევროპაში, როცა პასუხები ერევანში დაწერილს ჰგავს-მეთქი (იცინის).
– ანუ, ვინც ამ კანონის მიღებას უშლის ხელს, ის ხელს უშლის ქართველი ერის ჩამოყალიბებას? ჩვენს სახელმწიფოებრიობას?
– დიახ, ბატონო! და ამის ხმამაღლა თქმა, ცხადია, არ უნდათ. ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე: „ნაცების“ დროს უკეთესად ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ იმათ საჯაროდ ვაგინებდი, როცა გამაბრაზებდნენ. ახლა „ქოცებს“ ვერ ვკიცხავ, იმიტომ, რომ არ მინდა, „ნაცები“ გავახარო...
ამ ადამიანებს არა აქვთ გააზრებული, რა მნიშვნელობის მოვლენაა ენა ერის ცხოვრებაში. ცხონებულმა ოტია იოსელიანმა ბრძანა: ენა უდრის ერს და მათ შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვასო.
დიახ, ჩვენი სამშობლო არის ქართული ენა. ქართული ენა მოიაზრება იმ ადამიანების სამშობლოდაც, რომლებიც არ ცხოვრობენ გეოგრაფიულ საქართველოში. ვგულისხმობ ინგილოებს, ფერეიდნელებს, თურქეთის ქართველობას, ლაზებსაც, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გაბნეულ ქართველებსაც. ყველა ამათი სამშობლოა ქართული ენა და სანამ ისინი ქართულ ენაში ცხოვრობენ, მანამდე არიან ქართველები. ადექი მერე შენ და იძახე, ის წარმოშობით ქართველიაო.… ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ძმა – ოთარი რომ ჩამვიდა აქ, მის ისტორიულ სამშობლოში და მოასმენინეს „ჩაკრულო“ მას თვალებიდან ცრემლები არ გადმოსცვენია... და მე, კორსიკელები რომ ქართულ სიმღერას მღეროდნენ, ვტიროდი. არსებობს მხოლოდ ქართული სიტყვა, რომელიც თავიდანვე იყო ღმერთი! არავითარი ჯიში არ არსებობს. ადამიანს ჯიში არა აქვს. ერს აყალიბებს სიტყვა! ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის განსაკუთრებულ სახეობას, მხოლოდ მისი ენა გადაარჩენს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ის მარადიული, თუ გაუჩნდება იმისი თვითშეგნება, რომ ის არის ერი – კულტურის შემოქმედი. კულტურის შექმნა კი მხოლოდ ენის საშუალებითაა შესაძლებელი. ენაა სამყაროს ხედვის ფორმა და, იმის მიხედვით, თუ რომელი ენის წარმომადგენელი ვართ, ეს ხედვები განსხვავებული და თავისებურია.
ქართულ ენაში მცხოვრები ადამიანი დედამიწაზე კაცობრიობის განსხვავებულ და განსაკუთრებულ სახეობას ქმნის. განა ვინმე იტყვის, გადაშენდეს ჯიქი, არა უშავს, ვეფხვი და კატა ხომ გვყავს, ისიც ხომ კატისებრთა ოჯახს მიეკუთვნებაო. ჯიქისა კი არა, ჭიანჭველის რომელიღაცა სახეობის გადაშენების საფრთხე თუ დადგა, განგაშს ტეხენ და „წითელ წიგნში“ შეაქვთ. ფარნავაზის დროს მიღებული უნიკალური ანბანის მქონე ერი რატომ უნდა გაქრეს და გადაშენდეს. როგორც კი ჩემი მოდგმა გადავა სხვა ენაზე, მე, როგორც კაცობრიობის ქართულენოვანი სახეობა არსებობას შევწყვეტ.
შენი გვარისა და ტომის, სულაც ნათესავის, მაგრამ სულ სხვა ჯგუფის სისხლმა, თუკი მას გადაგისხამენ, შეიძლება, მოგკლას და ნიკარაგუელი ზანგისამ - გადაგარჩინოს. ამიტომაც ვთქვი, არავითარი „ქართული სისხლი“ და „ჯიში” არ არსებობს-მეთქი.
ენაა მთავარი! „ღვიძლი ძმა“ („ხიდისთავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლნი ძმანია”) რას ნიშნავს, ამას, მაგალითად, რუსი ვერ გაიგებს პირდაპირ რომ უთარგმნო; მისთვის ამ მნიშვნელობით იხმარება შესიტყვება „კროვნი ბრატ”. რატომ „ღვიძლი” და არა – „სისხლი”, ცხადია ეს შემთხვევითი არაა.