როგორ უნდა მოვიქცეთ ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებისას ზარალის თავიდან აცილების მიზნით და რატომ კლავს პანიკა ლარსაც
მწირი ეკონომიკური ცოდნის პატრონმაც კი იცის, რომ ქვეყნების ეკონომიკები დიდი ბუნებრიობით არ გამოირჩევა და ამით ვერც ქართული ეკონომიკა დაიკვეხნის. ის საკმაოდ ხელოვნური წარმონაქმნია და, შესაბამისად, ეკონომიკური პროცესების მართვაც საკმაოდ იოლია და არც ლარის კურსის რეგულირება მოითხოვს, მაინცდამაინც, დიდ ძალისხმევას. მაგრამ მოულოდნელად ლარმა ისეთი რყევები განიცადა, რომ საქართველოს ისედაც ჯიბეთხელ მოსახლეობას ჯიბეები კიდევ უფრო დაუთხელა. ვის აძლევდა ხელს ლარის კურსის რყევა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტებში, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიზარალოთ ინფლაციით? – ამ საკითხზე აფბას პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გვესაუბრება.
– ზედაპირული, დილეტანტური ანალიზითაც კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლარის კურსის შენარჩუნება არანაირი სირთულე არ იყო, ვცდები?
– გეთანხმებით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, გაცილებით დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებშიც კი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, არსებობს იმისთვის, რომ წინასწარ რაღაც გათვლები გაკეთდეს. ეს არ იქნება ზედმიწევნით ზუსტი, მაგრამ, როდესაც რაღაც სიგნალები მოდის ეკონომიკიდან, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომ თავიდან ავირიდოთ მკვეთრი ცვლილებები და არა მარტო ლარის კურსის. ყველაზე ცუდი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის არის მკვეთრი ცვლილება. თუ ცვლილება მოხდება ეტაპობრივად და თანდათან, ანუ თუ წინასწარ გვეცოდინება, რას უნდა ველოდოთ, იგეგემება ყველაფერი და მტკივნეულიც აღარ არის საზოგადოებისთვის. მაგრამ, როდესაც ერთ კვირასა თუ ერთ თვეში ხდება გარდამტეხი ცვლილება, ბუნებრივია, ეს, იწვევს გაუგებრობას, აჩენს ცუდ მოლოდინებს და ნეგატიურია ეკონომიკისთვის, შესაბამისად, საზოგადოებისთვის. ესაა მთავარი პრობლემა – როდესაც ცვლილებები არ არის მოზომილი და არ ხდება მისი პრევენცია.
– ეროვნულმა ბანკმა რატომ არ დაიჭირა თადარიგი? გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის მიზანია ფასების შენარჩუნება, მაგრამ ეს ხომ თითქმის ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას ნიშნავს? ფასებს სხვა, აბა, რასთან აქვს კავშირი?
– მე არ ვიცი, რატომ მოჰყავთ ეს არგუმენტი ეროვნულ ბანკს და, თუნდაც, ექსპერტებს. გასაგებია, კანონში წერია, რომ ფასების სტაბილურობა არის ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი, მაგრამ ეს არც გამორიცხავს და არც ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი და ვალუტის კურსი არაფერ შუაში არიან ერთმანეთთან. არადა, ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი კავშირია.
– ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს, რამდენ დოლარს გამოიტანს რეზერვებიდან ბაზარზე, რომ ლარს დაეხმაროს?
– თუნდაც, მხოლოდ ამიტომ... დავუშვათ, გავიზიარეთ არგუმენტი, რომ ეროვნულ ბანკს არ შეუძლია ზემოქმედება ვალუტის სტაბილურობაზე, მაგრამ არის თუ არა ეს მისი ინტერესი, ფასების სტაბილურობიდან გამომდინარე?! ამ კუთხით თუ მოჰყავთ ეს არგუმენტი, რადგან გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა ფასების სტაბილურობაზე. ეს იგივეა, ქირურგმა რომ სკალპელის გარეშე ჩაატაროს ოპერაცია. ეროვნული ბანკისთვის გაცვლითი კურსი არის ფასებზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმი. ამდენად, ამ კავშირის უგულებელყოფა არის ან არაპროფესიონალიზმი, ან არაკეთილსინდისიერება.
– ვერავინ დაადანაშაულებს ვერავის ცალსახად, რომ ხელოვნურად გამოიწვია ლარის კურსის რყევა უმოქმედობით თუ, პირიქით, გარკვეული მოქმედებებით, მაგრამ რა ეჭვები ჩნდება?
– ამაზე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომელსაც, ბუნებრივია, ვერ დავამტკიცებ. სამი თვის განმავლობაში, აგვისტოდან მოყოლებული, ეროვნული ბანკი საერთოდ არ ერეოდა აუქციონებში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არ ჰყიდიდა დოლარებს და ამ სამი თვის განმავლოაში ლარი გაუფასურდა უმნიშვნელოდ, 1,75-დან დაახლოებით 1,77-მდე, მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე დოლარი ძლიერდებოდა და მის მიმართ უფასურდებოდა ყველა ვალუტა, საქართველოში, პირიქით, როგორც გითხარით, ლარის უმნიშვნელო გაუფასურება იყო. შემდეგ უცებ, ერთ კვირაში, მოხდა ლარის მკვეთრი დევალვაცია. აი, ეს აჩენს კითხვებს: რატომ არ უფასურდებოდა ლარი იმ სამი თვის განმავლობაში, როდესაც მსოფლიოში იყო ასეთი ტენდენცია? თან, ლარი მყარად იყო ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე და უცებ დათვლილ დღეებში მკვეთრად დავარდა კურსი. ეკონომიკაში, ზოგადად, ამა თუ იმ ფაქტორის ზემოქმედება არ არის მყისიერი, აბსურდია, ერთ კვირაში რაღაც შეიცვალოს და კურსი უცებ გაუფასურდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ მექანიზმს, რომლითაც საქართველოში ვალუტის კურსი განისაზღვრება, ჩემი აზრით, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული პროცესი.
– ვის მიერ? ეროვნული ბანკის?
– ცოტა შორიდან დავიწყებ: ეროვნული ბანკისა თუ სხვა უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვალუტის კურსს განსაზღვრავს ეკონომიკა, ამიტომ მათ მე დავუსვამ კონტრკითხვას: ეკონომიკა და საბანკო სექტორი ერთი და იგივეა? მე მგონი, არა. არადა, დღეს საქართველოში ვალუტის კურსს განსაზღვრავს საბანკო სექტორი. ეროვნული ბანკი და რამდენიმე ბანკი ყოველდღე ატარებენ აუქციონებს და ელექტრონული საშუალებებით ერთმანეთთან თანხმდებიან, ვის რამდენი დოლარი სჭირდება, ვის რამდენის მიწოდება და ამის მიხედვით დგინდება რეალურად ლარის ფასი. ანუ ეროვნული ბანკი და რამდენიმე ბანკი წყვეტს, რა ღირს ლარი და ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ლარის ფასს განსაზღვრავს ეკონომიკა?! მეორე მხრივ, ეკონომიკაში არის უამრავი მოთამაშე: იმპორტიორი, ექსპორტიორი, კომპანიები, რომლებსაც უცხოურ ვალუტასთან აქვს შეხება თავისი ოპერაციების დროს, ანუ კომპანიებისა და სამეწარმეო სუბიექტების უზარმაზარი კოლონაა, რომლებიც განაპირობებს ეკონომიკას, მაგრამ ვალუტის კურსს ადგენს საბანკო სექტორი ეგრეთ წოდებული ბლუმბერგის ელექტრონული სისტემით. ამიტომ, ჩემი აზრით, მათ მიერ დადგენილი კურსი არ არის ის კურსი, რასაც ითხოვს ქართული ეკონომიკა და რაც შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს.
– ისიც ვიცით, რომ საიტზე ეროვნულ ბანკს კი აქვს გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსი, მაგრამ ეს კურსი არ ემთხვევა კომერციული ბანკების გაცვლით კურსს. ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის ისეთი სხვაობაა, გაკოტრდები. ზემოქმედების რა მექანიზმი აქვს ხელისუფლებას, რომ საბანკო სექტორის გარიგების მსხვერპლი არ იყოს ეკონომიკა?
– მე არ ვამბობ, რომ ეს მოქმედება კანონის მიღმააა. ეს მოდელი დაკანონებულია.
– მესმის.
– ჩემი აზრით, ეს მოდელი, რაც გვაქვს, არ ასახავს რეალობას. ამიტომ, თუ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, ისევ ამ მეთოდით გაგრძელდება თუ არა კურსის დადგენა, თუ სავალუტო აუქციონში მეტი ეკონომიკური აგენტი ჩაერთვება, ვალუტის კურსი იქნება უფრო ადეკვატური იმ პროცესების, რაც ეკონომიკაში ხდება. მე და თქვენ რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ამდენი დოლარი მჭირდება, თქვენ ამდენის მოწოდება შეგიძლიათ და ამის მიხედვით დავადგინოთ კურსი, ის იქნება ეკონომიკის ადეკვატური?! მე არ მიმაჩნია, რომ ეს მოდელი მართებულია. ამ მოდელით განსაზღვრული კურსი ვერასდროს იქნება ეკონომიკური რეალობის ამსახველი.
– ბანკებმა იხეირეს ამ რყევით? კიდევ?
– ასე ვიტყვი: ბანკებს არ უზარალიათ, იმიტომ რომ ლარის ფასს განსაზღვრავენ თავად. ერთმანეთთან იმ ფასით აწარმოებენ ანგარიშსწორებას, რაც მათთვისაა ხელსაყრელი, სხვა აგენტების მიმართ კი მათ მიერ შეთანხმებული კურსი მოქმედებს.
– მარტივად ვიტყვი: ერთმანეთში იაფად გაინაწილებენ დოლარებს, ჩვენნაირებისთვის კი ძვირ ფასს ადებენ.
– ბუნებრივია, ჩვენ რომ ვწყვეტდეთ, ჩვენ საწინააღმდეგოდ ხომ არ მივიღებდით გადაწყვეტილებას?! ჩვენ დავადგენთ ისეთ კურსს, როგორიც გვაძლევს ხელს. მით უმუტეს, რომ ბანკებს კერძო ინტერესი აქვთ და არ მგონია, იმაზე ფიქრობდნენ, რა სჭირდება საზოგადოებას. კომერციული ბანკების მოგებას ვერ დავითვლი, არ ვიცი, ვინ რამდენი დოლარი იყიდა და გაყიდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა, გნებავთ, შარშან და, გნებავთ, წელს ძალიან დიდი ფული იშოვა ამ ინტერვენციებით და გეტყვით რატომ.
მან შარშან წლის განმავლობაში შეისყიდა 575 მილიონი დოლარი 1,65-ად და შემდგომ, როდესაც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, ის დოლარები 1,75-ად გაყიდა და ამ სხვაობიდან მიიღო 44 მილიონი ლარის შემოსავალი. ახლა ვნახოთ, რა მოხდა წელს: ერთი კვირის განმავლობაში 1,75-ად ნაყიდი დოლარები გაყიდა 1,84-ად და ამით, დაახლოებით, 6 მილიონი ლარი იშოვა. ანუ ერთთვიან პერიოდში დოლარის ყიდვა-გაყიდვით სუფთად 50 მილიონი ლარის შემოსავალი ნახა ეროვნულმა ბანკმა. ეს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებაა და სუფთა ფინანსური ოპერაციაა, რომელიც კანონის ფარგლებში განახორციელა.
– კერძო ბანკებმა რა თანხა მოიგეს ლარის კურსის ამ უეცარი რყევით?
– თუ გავითვალისწინებთ, რომ კერძო ბანკებს გაყიდვის კურსი, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მარჟა მაღალი აქვთ, არ მგონია, ეროვნულ ბანკზე ნაკლები თანხა ეშოვათ მათაც.
– კურსის ასეთი მცირეხნიანი რყევა გრძელვადიანად არ დააზარალებს ბაზრის მოთამაშეებს, მაგრამ ვის ჯიბეს დაარტყა ყველაზე მეტად, ვისაც ავბედით დღეებში სესხები ჰქონდა გასასტუმრებელი?
– ძირითადად, მთავარი დაზარალებული ამ პროცესებიდან არის საზოგადოების ის ნაწილი, ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისაც სესხი აქვს უცხოურ ვალუტაში. სხვა არსებითად მკვეთრი ზარალი არავის განუცდია. კიდევ ერთი ლოგიკური ფაქტორი არის ის, რომ ლარის გაუფასურებით ძვირდება იმპორტი, მაგრამ არსებობს არაერთი კვლევა, ადგილობრივიც და საერთაშორისოც, თუ როგორ აისახება ლარის ერთი პროცენტით გაუფასურება ფასებზე, ანუ ერთ მოქალაქეს რამდენად დააზარალებს და საკმაოდ მწირი ზემოქმედება აქვს: მაგალითად, ფინეთის ბანკის კვლევით, ლარის ერთი პროცენტით გაუფასურება 0,2 პროცენტით ზრდის ფასებს, ანუ ათი პროცენტით გაუფასურების შემთხვევაში ფასნამატი 2-პროცენტიანია. ამდენად, რაღაც მკვეთრ გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ. თუ, ერით მხრივ, დაზარალდნენ ისინი, ვისაც სესხები აქვს უცხოურ ვალუტაში და ასეთია მსესხებელთა 60 პროცენტი, მეორე მხრივ, საპირისპიროდ, სარგებელს ნახავს ის, ვისაც დეპოზიტები აქვს უცხოურ ვალუტაში, ასეთიც დეპოზიტთა საერთო რაოდენობაში 60 პროცენტია. ასევე, სარგებელს ნახავენ ის ოჯახები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე უცხოეთიდან. თითოეულ გამოგზავნილ დოლარზე ისინი უფრო მეტ ლარს მიიღებენ. შესაბამისად, ვისაც შეხება აქვს უცხოურ ვალუტასთან, ყველა გაიყოფა ორ ნაწილად: ვინც იხეირა და ვინც იზარალა.
– რა უნდა ვურჩიოთ ვალუტის ასეთი მოულოდნელი რყევებისას მოსახლეობას, რომ მინიმალურად ვიზარალოთ?
– ამჟამად ლარი გამყარებისკენაა წასული, რაც კარგი სიგნალია მოლოდინების ფორმირების კუთხით, იმიტომ რომ, მაგალითად, თუ მაქვს ლარი და მინდოდა დოლარის ყიდვა, როდესაც შევატყვე, რომ გაუფასურებაა, მაგრამ ოდნავ ქვემოთ წამოვიდა კურსი, ჯობია, დაველოდო, კიდევ როდის გამყარდება ლარი. ამგვარი მოლოდინის ფორმირება უფრო წაახალისებს ლარის გამყარების პროცესს. ან, თუ დოლარი მაქვს და დროზე მინდოდა გადახურდავება ლარზე, მაგრამ ვატყობ, რომ ლარი იწყებს გამყარებას, რაც შეიძლება, მალე მოვიშორებ და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება მოლოდინების გამო ლარის გამყარებას წაახალისებს. ეს უმნიშვნელო, მაგრამ დადებითი ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც ლარის გამყარებაზე კარგ ზეგავლენას მოახდენს.
– ანუ მოქალაქეებს, რომლებსაც, მაინცდამაინც, ლარის არც ყიდვა უნდათ და არც გაყიდვა, დაატიონ ჯიბეებში ვალუტა იმ მდგომარეობაში, რაშიც აქვთ?
– მე პირადად რომ მქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება და გავლენა, აუცილებლად ვურჩევდი მოსახლეობას სიმშვიდეს ამგვარ ვითარებაში, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოატყუო. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე საპირისპირო მოხდა და ამაში ბევრმა მხარემ მიიღო მონაწილეობა: განსაკუთრებით, მედიამ. ოპოზიციამაც ისარგებლა მომენტით და გაცილებით მძიმე სურათი დახატეს, ვიდრე იყო. ხალხის ფსიქოლოგიაზე ამ ბოროტმა თამაშმა გამოიწვია პანიკა. პანიკის პირობებში კი გაუფასურება გამძაფრდა, აი, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ლარის კურსს არ განსაზღვრავს ერთი და ორი ფაქტორი, მის კურსს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი და ამ ფაქტორების ანალიზით, ჩემი აზრით, არ იყო იმის წინაპირობა, რომ ლარი ამ დონემდე გაუფასურებულიყო. ეს რომ კარგად აეხსნათ საზოგადოებისთვის, მეტი სიმშვიდე იქნებოდა და ლარიც უფრო გამყარდებოდა.