რატომ დაიკლო მტკვარში წყლის რაოდენობამ და როგორ აპირებს თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე მტკვრის წყლის ჭოროხში გადაგდებას
მტკვარი, ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავეს თურქეთში იღებს, გადაკვეთს ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას და კასპიის ზღვაში ჩაედინება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მას საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის აქვს. მაგალითად, საქართველოში მტკვარი და მისი შენაკადები 315 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს რწყავს, აზერბაიჯანში ამაზე სამჯერ მეტს – თითქმის 1 მილიონ ჰექტარს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვარზე რამდენიმე ჰესიცაა. იმას გარდა, მის სანაპიროზე რამდენიმე ქალაქია განეშენებული, დედაქალაქის თამადობით და საკანალიზაციო პრობლემების მოგვარებაშიც გვეხმარება. თუმცა შესაძლოა, ეს ფუნქციები მტკვარმა ვეღარ შეასრულოს, თუკი თურქეთის ხელისუფლებამ ჩანაფიქრი განახორციელა, კაშხალი ააგო და მტკვრის წყალი საკუთარ ტერიტორიაზე დაიტოვა. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში, თუმცა თავად საქართველოს შეექმნება წყლის დეფიციტი, ის ვალდებული იქნება, აზერბაიჯანს მაინც იმდენი წყალი მიაწოდოს მტკვარში, რასაც თურქეთის მიერ მდინარის გადაკეტვამდე აწვდიდა.
სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტკვარში წყლის დონემ დაიწია, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ თურქეთმა ჩანაფიქრის განხორციელება დაიწყო, თუმცა საქმე აქამდე ჯერჯერობით არ მისულა და მტკვარში წყალი სხვა მიზეზით შეგვიჩერდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტკვრის გადაკეტვის საშიშროება მოიხსნა. მტკვრის ქართულ-აზერბაიჯანულ პერსპექტივაზე პარლამენტის წევრ გიორგი გაჩეჩილაძესთან ვისაუბრებთ.
– რა სტადიაშია ის პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება თურქეთის ტერიტორიაზე და რამდენად არის ისევ საშიშროება, რომ მტკვარი აღარ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან?
– ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, რომელიც 2010 წლიდან იწყება. სწორედ 2010 წელს გახდა ცნობილი, რომ თურქეთში ეგრეთ წოდებული ბეშიქ ჰაიას კასკადის მშენებლობა იყო დაგეგმილი მტკვარზე. მაგრამ მაშინ ეს პროექტი ჩაიშალა, იმიტომ რომ, თურქეთის არდაგანის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არდაგანის მოსახლეობასთან ერთად, ატეხა ხმაური და თურქეთის პარლამენტში ლამის ცემა-ტყეპამდე მივიდა საქმე. ამ პროტესტის გამო ეს პროექტი შეჩერდა.
– არდაგანის მოსახლეობა რატომ იყო კასკადის აშენების წინააღმდეგი?
– გეტყვით… ამის შემდეგ ხმა არავის ამოუღია და აი, წელს ისევ გაიხსენეს ეს საკითხი და ჩემთან ჩამოვიდა არდაგანის მოსახლეობის დელეგაცია. საქმე ის გახლავთ, რომ არდაგანის ოლქის მოსახლეობა, ძირითადად, მისდევს მემცენარეობა-მეცხოველეობას და თურქეთის ტერიტორიაზე კასკადის აშენება აშინებთ იმდენად, რამდენადაც წყლის გარეშე დარჩებიან. ბეშიქ ჰაიას კაშხალის აშენება ნიშნავს შემდეგს: პრობლემა ის კი არ არის, რომ კაშხალი შენდება მტკვარზე, არამედ ის, რომ გამომუშავებული წყალი აღარ დაბრუნდება მტკვარში. თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრისა და ჭოროხის სათავეები ახლოსაა ერთმანეთთან, ერთი ქედი ჰყოფთ. თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე ჭოროხის აუზში, ასევე, შენდება უზარმაზარი კასკადი. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დამთავრდა და ამის გამო არის პრობლემები აჭარაში, შავი ზღვა რომ იტაცებს მიწას. ახლა ჭოროხზე ორი საშუალო ზომის წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური შენდება: კილიჩი და ისპირი. მტკვრის წყალი, რომელსაც მოიხმარს მტკვარზე აგებული ბეშიქ ჰაიას კასკადი, გვირაბით გადაისროლება ჭოროხის აუზში აი, ამ ორი წყალსაცავის შესავსებად. ანუ წყალი მტკვარში აღარ დაბრუნდება. მაგალითად, ჟინვალჰესში არაგვის წყალია დაგუბებული, ის გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, მაგრამ ის წყალი შემდეგ ისევ არაგვში ბრუნდება. ამ შემთხვევაში კი ასე არ მოხდება – გამომუშავებული წყალი გაივლის გვირაბს და მოხვდება სულ სხვა აუზში, მდინარე ჭოროხის აუზში და მეორეჯერ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ესე იგი, ორმაგ მოგებას ნახავს თურქეთის მხარე, ჩვენ კი გვრჩება რეალობა, რომ თურქეთიდან მტკვარი აღარ შემოვა.
– და რას ნიშნავს ეს სამწუხარო რეალობა?
– ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს საქართველოში. თურქეთის საზღვრიდან 5-6 კილომეტრის მანძილზე წყალი საერთოდ არ იქნება და მტკვრის კალაპოტი იქცევა მშრალ ხევად.
– საქართველოს ტერიტორიაზე ხომ უერთდება მტკვარს შენაკადები, ისინი არ ეყოფა?
– მაგალითად, ბორჯომთან მტკვარს დააკლდება წყლის საერთო რაოდენობის, დაახალოებით, 40 პროცენტი; თბილისში, საშუალოდ, 16 პროცენტი, აზერბაიჯანის საზღვარზე – 9-10 პროცენტი. ანუ მინგეჩაურის წყალსაცავს, რომელსაც ძირითადად მტკვარი კვებავს, დააკლდება იმავე რაოდენობის წყალი, ანუ 9-10 პროცენტი. რაც პრობლემატური იქნება აზერაბაიჯანისთვის, იმიტომ რომ, მინგეჩაურის შევსება ისედაც პრობლემა გახდა, რადგან აზერბაიჯანი წყლით დეფიციტური ქვეყანაა და მინგეჩაური მათთვის წყლის ძირითადი წყაროა.
– კონკრეტულად, რას ნიშნავს ამ პროცენტულობით მტკვარში წყლის რაოდენობის დაკლება?
– წარმოიდგინეთ ზაფხული, თბილისსა და რუსთავში მტკვარში კანალიზაციის უზარმაზარი ნაკადები ჩაედინება, მთელი აღმოსავლეთ საქართველოს კანალიზაციაც ხომ მტკვარში ხვდება?! რაოდენობის დაკლების გამო წყლის თვითგასუფთავების უნარი იქნება დაქვეითებული და თბილისის მიდამოებში მტკვარი შესაძლოა, წარმოვიდგინოთ საკანალიზაციო არხად. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ინფექციურ დაავადებებს. ამასთან, გინახავთ, რომ ადამიანები მტკვარში თევზაობენ, თუმცა არ მგონია, იმ თევზს შემდეგ თავად მიირთმევდნენ, რადგან იმის ჭამა არ შეიძლება. საინტერესოა, რომ, მაინცდამაინც, საკანალიზაციო მილებთან თევზაობენ, იმიტომ რომ, თევზი ასეთ ადგილებს ეტანება. ანუ ეკოლოგიური და სანიტარული თვალსაზრისით, წყლის დონის დაკლება მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება.
მეორე – მართალია, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ეს რესურსი არათანაბრადაა გადანაწილებული და, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია კონცენტრირებული. აღმოსავლეთ საქართველოში წყლის დეფიციტია. თან, აღმოსავლეთ საქართველოში აგრარული სექტორი მნიშვნელოვნადაა განვითარებული: კახეთის, ქვემო ქართლის სავარაგულებს წყალი სჭირდება, იმიტომ რომ, გვალვიანი რეგიონებია. ამდენად, წყლის დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს შექმნის, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილ პრობლემებს დემოგრაფიული მოჰყვება – მიგრაცია. ერთი სიტყვით, პრობლემა ძალიან სერიოზულია და ამას სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა უნდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მტკვარი საქართველოს დედა-მდინარეა და არც მის ეროვნულ-ზნეობრივ და ეთიკურ მნიშვნელობაზე.
– თუ თურქეთიდან ნაკლები წყალი შემოვა, ჩვენ მაინც იგივე რაოდენობა უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, რასაც თურქეთის მიერ მტკვრის გადაკეტვამდე ვაწვდიდითო. ეს სამართლიანია? თან, თურქეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე?
– აზერბაიჯანს წყლის პრობლემა აქვს და ისედაც სულ გვედავება, რომ საქართველოდან ნაკლები რაოდენობის წყალი შესდის, იმიტომ რომ, ჩვენ ზაფხულში საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალს ვიყენებთ სოფლის მეურნეობისთვის. ამაზე ასევე, იმოქმედა გლობალურმა დათბობამაც. ამიტომ შესაძლოა, აზერბაიჯანს გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდეს, მაგრამ არ უნდა გაუჩნდეს ჩვენ მიმართ. როდესაც პირველი განცხადება გავაკეთე მტკვართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოგვეხმაურა საკმაოდ შერბილებული ტონით თურქეთისადმი. მაგრამ, როდესაც რეალობის წინაშე დადგებიან, არ მგონია, რბილი პოზიცია ჰქონდეთ. არც აზერბაიჯანსა და საქართველოს, არც თურქეთს არ უნდა აძლევდეს ხელს რეგიონში დაძაბულობა. თვითონ თურქეთს დიდი პრობლემა ჰქონდა თავის დროზე სირიასთან, როდესაც ევფრატზე წყალსაცავები ააშენეს. კინაღამ ომი დაიწყო ამ ორ ქვეყანას შორის. საერთოდ, მსოფლიოში ცნობილია წყლის კონფლიქტები, იმიტომ რომ, წყლის გარეშე არსებობა შეუძლებელია.
– რამდენადაც ვიცი, თურქეთი არ არის მიერთებული იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც წყლის საკითხს არეგულირებს?
– არც საქართველო და არც თურქეთი არ არის მიერთებული გაეროს შესაბამის კონვენციას, ტრანსსასაზღვრო მდინარეების შესახებ. თურქეთი არ უერთდება იმიტომ, რომ პრობლემები აქვს სხვა ქვეყნებთან, საქართველოსაც უჭირს მიერთება, იმიტომ რომ, ვალდებულებების აღება მოუწევს. კონვენცია ვალდებულებას განიჭებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებთანაც საერთო მდინარეები გაქვს.
– სომხეთი რატომაა ჩუმად, მას არ შეექმნება წყლის პრობლემა?
– სამხრეთ კავკასია არის მტკვრის აუზი. ბუნებრივია, სომხეთის მდინარეებიც მტკვრის აუზის შემადგენელია და ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ასე რომ, ეს ძალიან რთული პოლიტიკური საკითხია.
– აბა, რის საფუძველზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი სამართლებრივად?
– ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა და ამბობს უცნაურ რამეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც ხელშეკრულებები, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებს. გულისხმობენ საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას წყლის შესახებ. სხვათა შორის, როდესაც არდაგანის ოლქის დელეგაცია ჩამოვიდა ჩემთან, მათაც მითხრეს, რომ გამოგვეყენებინა ეს ხელშეკრულება ამ საკითხის მოსაგვარებლად, რადგან იქ განსაზღვრულია, როგორ უნდა განაწილდეს ქვეყნებს შორს წყლის რესურსი. მე ვნახე ეს ხელშეკრულება და, სამწუხაროდ, ის არ ეხება ამ საკითხს. ის ეხება იმ მდინარეებს, რომელიც გაუყვება საზღვრებს.
– რომლებიც ყოფს ქვეყნებს?
– დიახ, დიდი ხელშეკრულებაა საკმაოდ, დეტალურადაა განსაზღვრული ყველაფერი, რომელმა მხარემ წყლის რა პროცენტი უნდა გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ეხება მტკვარსა და ჭოროხს, რადგან ეს ორივე მდინარე კვეთს საზღვარს.
– რომ დაუბრუნონ მტკვარს ის გამოყენებული წყალი, რითაც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ეს არ გამოდგება კომპრომისული ვარიანტისთვის?
– ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაცია მიემგზავრება თურქეთში ამ საკითხის გამო. ადრე ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაცია იყო, მაგრამ არ ვიცით, რა მოილაპარკეს. სთავაზობდნენ ასეთ ალტერნატივას: რომ თურქეთსა და საქართველოს ტერიტორიაზე აეშენებინათ ჰიდროსადგური, გამომუშავებული ენერგია კი გაენაწილებინათ, ოღონდ წყალი არ გადაეგდოთ მტკვრიდან ჭოროხის აუზში. დელეგაციები კიდევ არაერთხელ წავლენ-წამოვლენ და, ალბათ, მოგვაწვდიან ინფორმაციას, რას გადაწყვეტენ, ეს არ დაიმალება.
– ახლა რატომ დაიკლო მტკვარში წყალმა?
– როდესაც მტკვარში წყალი შემცირდა, თურქეთის მხარემ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში. ჩვენი შეცდომაა, რომ არ გაგაფრთხილეთო. რაღაც წყალსაცავი ააშენეს, რომელიც ამ ახალ კასკადთან არ არის კავშირში და იმის შევსება დაიწყეს წყლით, ამიტომ დაიკლო მტკვარში წყლის რაოდენობამ, მაგრამ, საბოლოოდ, ის წყალი მაინც მტკვარში მოხვდება. დღეს ვიკითხე ზუსტად, ამჟამად რა რაოდენობის წყალი შემოდის თურქეთიდან მტკვარში და მითხრეს, რომ წამში 3-4 კუბმეტრი.
– რამდენი შემოდიოდა ჩვეულებისამებრ?
– ასეთი წყალმცირობის პერიოდებში მტკვარში იმ ადგილებში, სადაც ახლა ითქვა, საშუალოდ, 3-4 კუბმეტრიო, შემოდიოდა 6 კუბმეტრი, თუმცა კლიმატური ცვლილებების გამო, შესაძლოა, დაეკლო 4-მდე. ამიტომ, ამაზე პანიკის ატეხა არ ღირს, ის წყალი მაინც მტკვარში წამოვა, მაგრამ პრობლემა კასკადია და ის გვირაბი, რომელიც მტკვრის წყალს გადაისვრის ჭოროხში.
– ამჯერად რა ეტაპზეა იმ საბედისწერო კასკადის მშენებლობა?
– ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მხარეები მივლენ შეთანხმებამდე. იმიტომ გითხარით, რომ თურქული მხარის მობოდიშებამ ოპტიმიზმით განმაწყო. როგორც ჩანს, ისინიც ფიქრობენ, რომ ანგარიში უნდა გაგვიწიონ.
– აზერბაიჯანის ფაქტორის გამოყენება არ შეიძლება ამ მოლაპარაკებებში? თორემ რა გამოდის: ისინი ორივენი მოგებულები დარჩებიან და მხოლოდ ჩვენ ვზარალდებით?
– ეს სუფთა სახელისუფლო საკითხია, აზერბაიჯანის შესაბამისმა უწყებამ და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ერთად უნდა იმუშაონ თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან. აქ მეორე საკითხიცაა – საქართველოს ტერიტორიაზე შენდებოდა მტკვარი-ჰესი, რომელსაც 200 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, მაგრამ მშენებლობა გაჩერებულია. მიზეზი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, სწორედ იმის გამო, რომ თურქეთიდან მტკვარი აღარ შემოვა. ერთი სიტყვით, არაფერი დაიმალება. მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესია და ჩვენც გვაქვს ზემოქმედების ბერკეტები.