„ყველგან დაგნებდები, ხირხალ!“
ანუ ყველა სეპარატისტს რფ უნდა!
გული მეტად ჩასწყდათ დასწყდათ, რაკი მხოლოდამღიარებელმა რფ-მ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმება მეგობარ სეპარატისტ აფხაზებს გაუფორმა და ეს ჩვენი სამხრეთელი ოსები ხახამშრალი დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელებს იხტიბარი არ გაუტეხავთ და შეთანხმების წერას თავად შეუდგნენ (პრინციპით, რადგან, თუკი რფ არ მიდის ცხინვალელ სეპარატისტთან, ცხინვალელი სეპარატისტი მივა რფ-სთან).
ჰოდა, რადგან იხტიბარგაუტეხავები არიან, „პრ.“ თიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს (ისე აქტიურად, ვშიშობ, ბეჭი არ ამოიგდონ!).
თუმცა თავი უკვე დაუკარგავთ, მომყავს ციტატა ზემოხსენებული „პრ.“-ის განცხადებიდან: „გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული (ანუ დაგვარტყით ალყაო).“
იმედოვნებენ, რომ უახლოეს დროში მიიღებენ პასუხს დანებების შეთავაზებაზე. ჩვენ არ ვიცით, წაჰგვრის თუ არა უმწიკვლობას, ანუ „დამოუკიდებლობას“ მხოლოდამღიარებელი ჩვენებურ სეპარატისტებს, მაგრამ ფაქტია, რომ პიონერებივით მზად არიან, ანუ, „ყველგან დაგნებდები, ხირხალ“! –