თითმოკაკვული უილიამი
ანუ „ნაციონალური“ ტრაგედიები
და თუმცა ჩვენს მეხსიერებას ცოცხლად შემორჩა კადრები, როგორ გამოასახლეს რამდენიმე წლის წინათ დევნილები ბათუმში სპეცრაზმის გამოყენებით – ლამის ზღვის სანაპიროზე კენჭებსაც კი ცრემლი სდიოდა – ან როგორ გაამწესეს სატვირთო ავტომანქანებით თბილისიდან წალენჯიხის რაიონში, როგორც აღმოჩნდა, უახლესი ისტორიის ეს ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის მეხსიერებაში სილამიყრილია.
კერძოდ, გასულ კვირას ხსენებული ბ-ნი ორთაჭალაში ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიიდან დევნილების გასახლების წინააღმდეგ გამართულ აქციას შეუერთდა და მინისტრის მოადგილეს (ბ-ნ რეხვიაშვილს) სიტყვიერადაც შეება, ვითარცა თავზეხელაღებული უფლებადამცველი.
ხოლო, რაკი აწ თავზეხელაღებული უფლებადამცველია, ხელისუფლების წარმომადგენელი შემდეგნაირად დაამუნათა: „შუა ზამთარში ხალხს ყრით გარეთ (ვადასტურებ, ზემოხსენებული შემთხვევები ზაფხულში მოხდა), რომელ ფუნდამენტურ უფლებებზე ლაპარაკობთ! თქვენი უფროსი გამოდის და ამბობს, შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდესო, არადა, შენობას აწერია, რომ იყიდება.“
აქვე შეგახსენებთ, რომ ბ-ნი რეხვიაშვილი „ნაციონალური“ ხელისუფლებისას ქვემო ქართლის პროკურორი გახლდათ და მისი ბიოგრაფიის სწორედ ეს ადგილი გაუხსენა ამჟამადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და თანამოაზრემ, მაშინ კი გამგებელმა, ბ-ნმა მელიამ: „ადამიანის უფლებებზე წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის” დროს, ქვემო ქართლის პროკურორი არ უნდა ლაპარაკობდეს.“
ბუნებრივია, იბადება ლოგიკური კითხვა: თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი წარმომადგენელი ლაპარაკობს ადამიანის უფლებებზე, იმავე თემაზე იმავე მოძრაობის ყოფილი წარმომადგენელი რატომ ვერ ილაპარაკებს?!
ხოლო, რაკი ბ-ნი მელია წარბშეუხრელად ამტკიცებს საპირისპიროს, აშკარაა, რომ უილიამ შექსპირი ბეჭებზეა დადებული, რადგან, ასეთი უტიფარი პასაჟები კლასიკოსმა თვით რიჩარდსაც კი ვერ მოუფიქრა.
ერთი სიტყვით, მართალია, ბ-ნი მელია ვერ გახდა თბილისი მერი, მაგრამ, სამაგიეროდ, თვით უილიამ შექსპირს მოაკაკვინა თითი! –