„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პოლიგრაფიული საწარმო „სეზანი“ გაფართოვდება
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, პოლიგრაფიული საწარმო „სეზანის“ გადაიარაღება-გაფართოება მოხდება. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ და შპს „სეზანმა“ თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი.
„ეს კიდევ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საწარმო შეიქმნას, გაფართოვდეს უკვე არსებული საწარმოები, განვითარდეს ეკონომიკა და ხალხი დასაქმდეს. კომპანია „სეზანისთვის“ 1 300 000 ამერიკული დოლარის ოდენობის სესხის გაცემა „თიბისი ბანკმა,” უზრუნველყო. პირველი ორი წლის განმავლობაში სააგენტო სესხის მთლიანი, 10-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთიდან სრულ თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში კომპანიას საპროცენტო განაკვეთის გადახდა არ მოუწევს“, – აცხადებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია.
კომპანია „სეზანის” მენეჯმენტში განმარტავენ, რომ აღებული სესხით ახალი დანადგარების ყიდვას, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებას გეგმავენ.
„სააგენტოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, შესაფუთი მასალის, კრაფტის ქაღალდის ჩანთების, ქაღალდის ჭიქების, პლასტმასის თავსახურების და სწრაფი კვების ინდუსტრიაში გამოსაყენებელი სხვა მასალების წარმოებას ვგეგმავთ. დღემდე ეს პროდუქცია საქართველოში სრული სპექტრით არ იწარმოება და თითქმის მთლიანად იმპორტირებულია”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი თამაზ ჩიხრაძე.
ამის გარდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია ახალი, 16,000 კვადრატული მეტრი საწარმოო ფართის მშენებლობა. ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანიაში ამჟამად 95 ადამიანია დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დამატებით 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული 16 პროექტის ფარგლებში, არსებული საწარმოები საერთო ჯამში დაახლოებით 47 000 000 ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.