„საქართველოს ბანკმა“ არაპროფილური აქტივები გამიჯნა და ჯგუფის სტრუქტურა განაახლა
„საქართველოს ბანკმა“ სტრუქტურის განახლებისა და არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ აცნობა საზოგადოებას სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის განახლებული სტრუქტურის თანახმად, განხორციელდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია, რაც გულისხმობს, რომ მოხდება საბანკოსაფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. „საქართველოს ბანკი“ ფოკუსირდება საბანკო საქმიანობაზე, არასაბანკო ბიზნესი კი გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად – შევა „საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგის დაქვემდებარებაში და განაგრძობს საქმიანობას საქართველოს ბანკისგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება ცვლილებას მმართველობაში, 2015 წლის ზაფხულში „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის (არააღმასრულებელი) პოსტზე. ირაკლი გილაური, ასევე, განაგრძობს მოღვაწეობას „საქართველოს ბანკის“ ჰოლდინგის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2015 წლის ივნისიდან, მურთაზ კიკორია დაიკავებს.
ირაკლი გილაური („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის განახლებული სტრუქტურა შესაბამისობაშია „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მოთხოვნებთან, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო ბიზნესის ფლობის აკრძალვას ეხება. რაც შეეხება გამიჯვნის პროცესს, 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ბანკისთვის და ისიც, რომ მმართველობაში შეგვაქვს ცვლილებები. ჩემს პოსტზე თამამად შემიძლია, წარვადგინო ღირსეული კანდიდატურა მურთაზ კიკორიას სახით. პირველი, რაც შემიძლია, ამ ადამიანის დასახასიათებლად ვთქვა, არის ის, რომ იგი ბანკირად არის დაბადებული. მურთაზი ნამუშევარია სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე საბანკო სექტორში, სიღრმისეულად იცნობს მის სტრუქტურას და აქვს სერიოზული გამოცდილება ამ კუთხით. ჩვენ გვჯერა, ის ღირსეული კადრია და მისი პროფესიონალიზმი აისახება სამომავლოდ „საქართველოს ბანკის“ საქმიანობაზე, რაშიც წარმატებებს ვუსურვებ მას.
მურთაზ კიკორია: მინდა, მადლობა გადავუხადო ნდობისთვის „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას. ჯგუფში ვარ 2008 წლიდან და მინდა გითხრათ, რომ საბანკო სექტორთან ერთად ვარ აღზრდილი და ეს სექტორი არ არის უცხო. ჩემი საქმიანობა მოიცავდა კომერციულ და საბანკო საქმიანობას და ურთიერთობებს საფინანსო ინსტიტუტებთან. მიხარია, რომ კვლავ ამ სექტორში განვაგრძობ საქმიანობას. ჩემს გამოცდილებას მთლიანად მოვახმარ ბანკის სამომავლო სტრატეგიას და განვითარებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამომავლო წარმატებებში.